სახალხო პარტიის განცხადება ემზარ კვიციანის განაჩენის გამო

gerbebi_Page_6

ივერიონი 17.11.2014

სახალხო პარტიის პროტესტი

“დღეს, ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენი აზრით, ამ მოვლენის განხილვა შეუძლებელია კოდორის ხეობაში და, საერთოდ, ქვეყანაში 2008 წლიდან განვითარებული პროცესებიდან განყენებულად.
საზოგადოებისთვის ბევრის მთქმელია, ის, რომ
1. პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცა ნაციონალური მმართველების მიერ კოდორის ხეობის მოწინააღმდეგისთვის ჩაბარებას, ისევე როგორც ხელისუფლების ჩინოსანთა მიერ უკანონოდ გაცემულ ბრძანებებს, ოკუპანტ ძალებთან თანამშრომლობას, ქართველთა მკვლელობებს, წამებებს და უამრავ სხვა მსგავსს დანაშაულობებს.
2. დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილებით არაპირდაპირ გამართლებული იქნა ყოფილი მმართველების მიერ ჩადენილი შეცდომა თუ მიზანმიმართული დანაშაული. თუნდაც დანაშაული ჩადენილი სახელმწიფოსა, ხალხის თუ ქვეყნის წინააღმდეგ.
3. ამ ქმედებითვე ხდება საქართველოს მოქალაქეების მიზანმიმართული შეჩვევა იმ აზრთან, რომ ნებისმიერ არჩეულ თუ დანიშნულ ჩინოვნიკს, თუკი მმართველი ძალის ნება არ იქნება, ნებისმიერი დანაშაული შერჩება.
4. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ემზარ კვიციანისა და შენაერთი “მონადირის” მიერ ნახევრადლეგალური მმართველობის პირობებში ასევე ნახევრადლეგალურად შენარჩუნებული იქნა კოდორის ხეობა. Eე.ი. ტერიტორიული მთლიანობა კვლავ შიდასახელისუფლებო ბრძოლას ეწირება.
5. ჩვენ, ამომწურავად არ ვიცნობთ საქმის მასალებს და ვერ შევალთ ემზარ კვიციანის დანაშაულობისა თუ მისი უდანაშაულობის დეტალურ განხილვაში, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელისუფლება, პროკურატურა და სასამართლო დაინტერესებულ მხარედ ჩანს. კვიციანისთვის 12 წელს და მერაბიშვილისთვის 3-ს და ახალაიასთვის 7-ს სხვანაირად ვერ შევაფასებთ.
6. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პრობლემა არავითარ კავშირში არ არის თანხების უქონლობასთან, როგორც ახალი ხელისუფლება ამბობდა. თავისთავად, ნაციონალური მმართველობის პერიოდში, პოლიტიკური თუ სხვადასხვა მიზეზით რეპრესირებულ ადამიანთა იმედებს ოდესმე საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და შემდგომი რეაბილიტაციისა, ცივი წყალი გადაესხა.
7. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს ჩატარებული აქცია გარდა საკუთარი რიგების დათვალიერებისა, ატარებდა სხვა დატვირთვასაც: კოჰაბიტაციას ამოფარებული ჩინოვნიკები, მათ შორის პროკურორები და მოსამართლეები გამხნევდნენ და უფრო მეტი აგრესიით იძიებენ შურს საქართველოს მოსახლეობაზე საკუთარი დამარცხებისათვის.
დროში დამთხვეული პრეზიდენტის, თავისუფალი დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობის, სასამართლოს და პროკურატურის დემარშის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, სახელმწიფოს, როგორც სამართლიანობის გარანტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
სახალხო პარტია გამოთქვამს მტკიცე პროტესტს, როგორც, პიროვნების ბედით მანიპულირების მსგავსი პრაქტიკის გამო, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის შეფერხებისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებებსა და ქვეყანაში ელემენტარული სამართლიანობისა და დემოკრატიის დამკვიდრების უგულვებელყოფის გამო!

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress