„ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის მიზნით შეთითხნილი კანონია“

gerbebi_Page_6
  • 29 აპრილი 2014 NEWS.GE

“სახალხო პარტია” ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებით საქართველოში  ახალი პრივილეგირებული კასტის  უპირატესი მდგომარეობა დაკანონდება.

“სახალხო პარტიამ” ასევე მოუწოდა პარლამენტის წევრებს რომ გაითვალისწინონ პატრიარქის მოწოდება და გადაიდონ კანონპროექტის მოცემული სახით მიღება. news.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მრავალი კანონი, დებულება თუ მუხლი იწვევს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების  შეშფოთებას. ერთადერთი, რაზეც ყველა შეთანხმებულია, გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.  

დღეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვქვეშ  აყენებს ყველასგან აღიარებულ ამ ფაქტს და კონსტიტუციისა და საქართველოს ეკლესიასთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების (კონკორდატის) გვერდის ავლით ცდილობს ახალი იურიდიული ცნებების  (“სექსუალური ორიენტაცია”, “გენდერული იდენტობა”) დამკვიდრებას .

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის  არსებული რედაქცია ემსახურება არა მის სახელწოდებაში აღნიშნულ მიზნებს, არამედ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის საკანონმდებლო დომინირების დამკვიდრებას მოსახლეობის უმრავლესობაზე, ანუ, ის გახლავთ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის მიზნით შეთითხნილი კანონი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტარები  “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღებით  ახალი პრივილეგირებული  კასტის  უპირატეს მდგომარეობას აკანონებენ  საქართველოში. ამავდროულად, კანონპროექტის არსებული ვარიანტი გახლავთ ღიად ძალადობის პირდაპირი დაკანონება. მოსახლეობის უმრავლესობას აიძულებენ, უარი თქვას არა მარტო თავის აღმსარებლობაზე და ამ უკანასკნელის ღიად და საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ თვით თავის ფასეულობებზეც.

ასევე,   შემაშფოთებელია,  რომ ამ კანონის მიღების  მთავარ არგუმენტად ხელისუფალი, კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი, ასახელებს  ევროკავშირის უპირობო  მოთხოვნას, რომლის განცხადებითაც,   ამ კანონის მიღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობა და ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროოს ის დოკუმენტები, სადაც დადასტურებული იქნება ევროკავშირის მოთხოვნა ამ კანონის მოცემული სახით  მიღებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ  შემთხვევაში,  ვიტოვებთ უფლებას მისი ეს განცხადება ჩავთვალოთ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციის მორიგ გამოვლინებად,  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დისკრედიტაციისა და საქართველოში ანტიევროპული განწყობების პროვოცირების მცდელობად. მით უმეტეს, რომ  ევროკავშირის წარმომადგენლებს   არაერთხელ განუცხადებიათ საჯაროდ, რომ  საქართველოსთან მიმართებაში მზად არიან, გაითვალისწინონ და პატივი სცენ ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და  ფასეულობებს.

ბოლოს, გვინდა, კიდევ ერთხელ  მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტის საღად და ეროვნულად მოაზროვნე ნაწილს, რომ ყურად იღონ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა და თავისი ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რომ გადაიდოს კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოფილი იქნეს  ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მივაღწიოთ შეთანხმება. რომ ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს  საქართველოს სამოქალაქო ცხოვრების მდგრადი განვითარების მიმდინარეობასა და ისედაც მყიფე საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებაზე, ცალსახად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ, რეგიონებში არსებული დაძაბულობისა და საქართველოს წინაშე შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან ხისტი პოზიციის დაკავება, ანუ, საქართველოს შიგნით ახალი დაპირისპირების ფრონტის გახსნა, დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობად იქნება შეფასებული.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress