თქვენი ცუღლუტობა შემჩნეულია

gogi
  • 02 მაისი 2014 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” ერთერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე ხელისუფლების მოქმედებაში, მათ მიერ აღებული ვალდებულებების ცხოვრებაში გატარების პრობლემებს ხედავს.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს არ მოსწონთ არც იმ მოქალაქეებს, რომელთა მეშვეობითაც მოხვდნენ ქვეყნის მმართველობის სათავეში „და არც იმათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფებს, ვინც დაეხმარა მათ ხელისუფლებაში მოსასვლელად“.

„ჩვენ მხოლოდ იმ ვალდებულებებს შევეხებით, რომლებიც როგორც ჩანს, სხვამ დააკისრა მათ, და არა საქართველოს მოქალაქეებმა. ეს ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის შემდგომ სახელმწიფოებრივ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ილუსტრაციისთვის მოვიყვანთ ორ მაგალითს: რეგიონალიზაცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ მხოლოდ ამ კანონების მიღების პროცესს აღვწერთ და შინაარსს არ შევეხებით.

პირველ ეტაპზე, შემოაქვთ აუცილებლად მისაღები, მიმზიდველი დასახელების (თვითმმართველობა, ანტიდისკრიმინაცია) კანონის ის ვარიანტი, რომელიც დასახელების საწინააღმდეგო მიზნებს ისახავს, რომელშიც აშკარად ჩანს სხვა დაინტერესბული მხარის ინტერესები და პირდაპირ იკვეთება ქვეყნის მდგრადი განვითარების საფრთხეები.

ჩვენს მცდელობას, არგუმენტირებულად დავუსაბუთოთ მათი პოზიციების არამართებულობა და მივუთითოთ ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელ მომენტებზე, არც ერთხელ არ მოჰყოლია შედეგი“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ქართული საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს, “და ამ საკითხებზე მხოლოდ მისი უწმიდესობის პოზიცია აიძულებს მას, უცებ “შეშფოთდეს” და შემოაქვს კანონის მეორე, ოდნავ სახეცვლილი ვარიანტი.  თუმცა, პატრიარქის პოზიციის გასაჯაროების შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს და ხელისუფლებაც იძულებული ხდება, შესთავაზოს საზოგადოებას მესამე, უკვე ძალუმად გამოშიგნული კანონის ვარიანტი.

მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას: თქვენი ცუღლუტობა შემჩნეულია! ფრთხილად, თქვენგან გაღვივებულმა აგრესიულმა მუხტმა თქვენზევე არ გადმოინაცვლოს!“,- აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress