თავხედმა ბურჯანაძემ გაბედა, ისე წარმოეჩინა, თითქოს ხსნა ჩამოიტანა რუსეთიდან
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან “ახალი თაობა” 06.11.2011
- ბატონო მამუკა, რამდენად მძიმე შედეგები დადო გასულ წელს ოპოზიციურ ფლანგზე წარმოებულმა ბრძოლამ და, საერთოდ, რა ვითარება შეიქმნა პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში?
- გასულმა წელმა პირდაპირ აჩვენა არსებული ვითარება ყოველგვარი შელამაზების გარეშე: რომ საქართველოს ხელისუფლება არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ხალხის და, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის აშკარა მტერი, რომლის მთელი შესაძლებლობები მიმართულია იქით, რომ ამ ქვეყანაში არ აშენდეს სახელმწიფო და რომ მისი მოქალაქეები სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს განიცდიდნენ და, საერთოდ, ფიზიკური არსებობის ზღვარზე იდგნენ. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური გენოციდის მომწყობი ქართველი ერისა. დადასტურდა აგრეთვე მეორე: სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე, პრაქტიკულად, იმ ჯგუფებში, რომელიც საზოგადოებაში ჩანან ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ტელევიზიის საშვალებით აპიარებენ მათ ქმედებებს, პრაქტიკულად, არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლებისაგან. ისინიც შორს არიან ქართველი ერის ინტერესების დაცვისგან. დადასტურდა, რომ ჯერჯერობით ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი სერიოზული ორგანიზებული ძალა პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი პოლიტიკურ ცხოვრებაში.
- როგორც ჩანს, ამაზე პრეტენზიას ის 8 პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომელიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე საუბრობს.
- ბევრი აცხადებს ასეთზე პრეტენზიას, მაგრამ ყველაფერი ხდება პრაქტიკულად ხელისუფლების ხელშეწყობით. ხელისუფლება ირჩევს იმ პიროვნებებსა და ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ასეთი დამაჯერებელი ტონით განუცხადონ ეს ქართველ ხალხს. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ბრმას არ უთხრათ, ცოლი რომ მოუკვდა, ღამე რომ არ მიუწვება, ხომ მიხვდებაო. ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. თუ რომელიმე ასეთი ძლიერი ძალა არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ეს უნდა აისახებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პრაქტიკულად, ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს პოლიტიკური ვითარების შეცვლაზე. და კიდევ უფრო მეტი: თავიანთი მოქმედებით ასრულებენ ამ ხელისუფლების სასწრაფო დახმარების ფუნქციას და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში პრაქტიკულად ხელს უწყობენ, რომ არ გამოჩნდეს ამ ხელისუფლებასთან რეალურად მებრძოლი ჯგუფი; რომ არ გამოჩნდეს ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებები და რომ ხელისუფლებას ჰქონდეს საშუალება მოსახლეობასთან აპელირებისა – შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ სხვა დანარჩენს ხომ ვჯობივარ. ამაში ხელისუფლებას აშკარად ემსახურება ეს ოპოზიციური სპექტრი და ზუსტად იმ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ვითარებაში უკეთებს იმ საქმეს, რომელიც ხელისუფლებას სჭირდება. სამაგიეროდ, ხელისუფლება დანარჩენ პერიოდში აძლევს საშუალებას ამ პოლიტიკურ ჯგუფებსა და პიროვნებებს, თავი წარმოაჩინონ, როგორც წარმატებულმა, ყოვლისშემძლე, ინტელექტუალურმა და სერიოზულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა. შემდგომ ამ დაგროვილ ხალხის ნდობას კვლავ ხელისუფლების სასარგებლოდ იყენებენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს ესეც ძნელი სათქმელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარება სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
- რას იტყვით კომპრომატების ომზე, რომელიც ბურჯანაძე-გაჩეჩილაძესთან მიმართებით აგორდა? რაზე მიანიშნებს 15 მილიონზე საუბარი, საადგილმამულო ბანკზე და ა.შ.?
- აი, ეს მოვლენა ზუსტად იძლევა შეფასებების გაკეთების საშუალებას. პრაქტიკულად, ყველა ის ჯგუფი, რომელიც დღეს წარმოდგენლია საზოგადოებაში, უფრო სწორად, რომელსაც სახელისუფლებო ტელევიზიები აპიარებენ, მხოლოდდამხოლოდ დაკავებულია პოლიტიკური ბიზნესით და არა პოლიტიკური ბრძოლით. ამ ხალხს პრაქტიკულად ატროფირებული აქვს ისეთი გრძნობები, როგორიც არის სამშობლო, პასუხისმგებლობა, მოვალეობა და ქვეყნისთვის თავდადება. მათთვის ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. უბედურება ის არის, რომ ზნეობა და ჯიგარი არ ჰყოფნით. ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ, ტვინიც არ ჰყოფნით, რომ ერთმანთეზე ყვებიან ისეთ ისტორიებს, რომლებშიც თვითონაც ძალიან უარყოფითი კუთხით გამოდიან. თვითონ ის ფაქტი, რაც, დაუშვათ, ბადრი ბიწაძემ ისაუბრა გაჩეჩილაძეზე, გაჩეჩილაძემ ბიწაძესა და ბურჯანაძეზე, ბურჯანაძემ ქართულ პარტიაზე და ქართულმა პარტიამ – სხვებზე, ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ თითოეული ეს ჯგუფი ჩართულია იმ სიბინძურეში, რითაც დღეს ცხოვრობს ე.წ. ქართული პოლიტიკური ბომონდი. პრაქტიკულად თვითონ ჩაუშვეს თავისი თავი. მიკვირს, რომ ტვინიც არ ჰყოფნით, აღარაფერს ვამბობ ზნეობასა და სხვა ღირსებებზე. საკუთარი თავი წარმოიდგინოს იგივე ბიწაძემ, როცა საუბრობს იმ თემაზე, რომ თვიონ იჯდა სადღაც მოფარებულში და ისმენდა ამ საუბარს, ან იმ დროს, როდესაც ამბობს, რომ პუტინისგან ბურჯანაძე ფულს იღებდა. ამაზე გაგიჟდნენ ქართული პარტიის წარმომადგენლებიო, ან იმ თემაზე, როცა აცხადებდნენ, რომ სახალხო კრება – ეს არის რაღაც ზეპარტიული ორგანიზაცია და ქვეყნის გადამრჩენი და თვითონ სადღაც სარდაფში ზის და ევაჭრება მეორე ადამიანს, ოღონდაც კრებაში შემოდი და შენ ამდენს მიიღებო. თუნდაც რომ არ ევაჭრებოდეს, როდესაც ასეთი საუბარი იმართება კრებაში შესვლასთან დაკავშირებით, ელემენტარულად, ეს ხომ ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ კრება, რომელიც ასე გააპიარეს, რომ ეს არის ქვეყნის გადამრჩენელი, რომ ეს სინამდვილეში არის კონკრეტული პიროვნებების მომსახურების საზოგადოებრივი ჯგუფი და მეტი არაფერი. მე, უბრალოდ, გამკვირვებია იმ ადამიანების, რომლებიც შემდეგ გაებუტნენ კრებას და თქვეს, რომ მე ვაჩერებ ჩემს წევრობას. არ იცოდით, სად შედიოდით?!
- ეროვნულ ფორუმს გულისხმობთ?
- ყველას ვგულისხმობ. ელემენტარულად, ასეთი მოქმედებებით ხომ თავის თავს შიფრავენ. რა გამოდის, ბურჯანაძეს გაჩეჩილაძესთან ომი აქვს ატეხილი და რა შუაშია კრებიდან გასვლა, თუ შენ თავიდანვე სხვა ინტერესებით არ იყავი კრებაში მისული. აიღეთ თუნდაც ოქრუაშვილის განცხადებები, ან თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ეს შეხვედრა დაადასტურა. ფული აიღო თუ არ აიღო, ეს მეასეხარისხოვანია. მთავარია, პოლიტიკურ ცხოვრებას როგორ უყურებენ და ქვეყნის ინტერესებს, როგორ უყურებენ ხალხს? გამოდის, მათთვის ხალხი არის ინსტრუმენტი.
- რადიკალურ ფლანგზე ლიდერობისთვის ატყდა ეს კომპრომატების ომიო. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- არა. ამის მიზეზი არის ის, თუ ვინ მოაწონებს თავს რუსეთს, რომ ხვალ, დღეს კი არა, როცა დაიწყება სააკაშვილის ჩანაცვლების სპექტაკლი, თითოეულმა ამ პიროვნებამ მიიღოს შესაბამისი მთავარი როლი ოფიციალური დაფინანსებით.
- ღიად ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების მაესტრო რუსეთია?
- ეს ყველაფერი გასულ წელს პრაქტიკულად დადასტურდა. დადასტურდა, რომ რუსეთის ფავორიტი არის სააკაშვილი. ის ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს სააკაშვილი იმ მხრივაც, რომ სააკაშვილის ოპოზიციას უკეთებს ორგანიზებას და ისეთ ნაბიჯებს ადგმევინებს, რომელიც სჭირდება რუსეთის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას საქრთველოში. ყველა იმ პარტიამ, რომელიც ბაქიბუქობს, მუშტებს უღერებს ხელისუფლებას და გვიმტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერია, კეთილი უნდა ინებოს და ან გააკეთოს საქმე, ანდა, უკაცრავად, თავი დაანებოს ამ ხალხის გაბიაბრუებას, შესაბამისად – თამაშის თამაშს. თუ არ გაქვს თავგანწირვის შინაგანი რესურსი, რომ ებრძოლო სისტემას და გადაარჩინო საქართველო, ნუ ატყუებ ხალხს, თუ არადა, ცოტა დაიჩუტე, რა! ნორმალურ პიროვნებას თუ ჯგუფს მიეცი საშუალება, საქმე გააკეთოს, რატომ უღობავ მას გზას?
- ბადრი ბიწაძის სკანდალურ განცხადებებში ხელისუფლების ინტერესები გამოიკვეთა?
- ხელისუფლების ინტერესები ამ შემთხვევაში არის რუსეთიდან მართული, რომელმაც თავის სატელიტებს ოპოზიციის ფლანგზე ასეთი მითითებები მისცა. შეიძლება, სრულებითაც არ იყვნენ სააკაშვილი, გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე და მერაბიშვილი ერთმანეთთან კავშირში, მაგრამ იქ არის კოორდინატორი, რომელიც ამ მარიონეტებს სხვადახვა მიმართულებით ამოძრავებს. შესაბამისად, ვინ ვის უკან დგას, ნაკლებ საინტერესოა. საინტერესოა მთლიანი პროცესი. სანამ ეროვნული და თავგანწირული პოლიტიკური ლიდერი არ გამოჩნდება, მანამდე აქვთ დასავლეთსა და რუსეთს საშუალება, ცვალონ აქ ხელისუფლება თავიანთი ინტერესებისამებრ. ჩამოაცილეთ ეს ოპოზიცია სააკაშვილს და ეს ხელისუფლება მეორე დღესვე დაემხობა.
- ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაში ორ დაჯგუფებას გამოკვეთს და მიანიშნებენ, რომ იგივე უგულავა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია. ასეთ ვითარებაში, როგორ ფიქრობთ, ვის გვერდით აღმოჩნდება სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემალი, ვანო მერაბიშვილი?
- ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არის რუსეთიდან მართული. ამ ხალხს დამოუკიდებლად ფუნქციონირებს შნო რომ ჰქონდეს, მაშინ ქვეყანა ასე დაქცეული ხომ არ იქნებოდა? მერაბიშვილს, სააკაშვილს, ბურჯანაძეს, გაჩეჩილაძესა და სხვებს თავისუფლების ხარისხი რომ ჰქონდეთ ისეთი, რომ შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ასეთ სავალალო მდგომარეობაში ქვეყანა არ იქნებოდა. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები მარიონეტები არიან. მათი ენერგია იხარჯება იმაზე, რომ მათ პატრონმა მთავარი როლი უბოძოს.
- ოპოზიციაში მიანიშნებენ, რომ კომპრომატების ომი გაგრძელდება. ეს ხელისუფლების ინიციატივით მოხდება თუ ოპოზიცია დაძირავს ერთმანეთს?
- ხელისუფლებაში შიდა კლანური დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ბუნებრივი პროცესია ამ სისტემაში. ამ პარტიებს არ შეუძლიათ, პოზიტივზე ააგონ თავიანთი მოქმედება. არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარების ის მოდელი, რომლის გამოც იბრძვიან. პრაქტიკულად, მათ არ აქვთ პროგრამა და არ იციან, რა უნდა გააკეთონ. უბრალოდ, მათ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის ცხოველური ჟინი. რაც შეეხება კომპრომატებს, ეს ზღვა მასალაა, იმიტომ რომ თუნდაც ბოლო ამ სამი წლის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა იმდენი არასწორი, შეგნებული თუ შეუგნებელი ნაბიჯი გადადგა, თავისუფლად არის შესაძლებელი ამის მათივე წინააღმდეგ გამოყენება. როგორ გგონიათ, ამ აქციების მოწყობის, პარტიების ოფისების, ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტებისთვის ფული საიდან მოდიოდა? ვინც ფულს იძლეოდა, ის, უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტსაც ხომ ინახავდა ამ ფულის მიმოქცევისა. ასე რომ, მარტივად შეიძლება ამის გამოყენება, რადგან დოკუმენტები არსებობს.
- ანუ როგორ ყიდულობდნენ ოპოზიციას, ამისი დოკუმენტები არსებობს?
- რა თქმა უნდა. თუნდაც სამი წლის მანძილზე ჩატარებულ აქციებზე დახარჯული ფულის რაოდენობა სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ თითოეულ პარტიაზე დაიდოს ძალიან დიდი მასალა, მით უმეტეს, რომ ამ დახარჯულ ფულს მოსახლეობისთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თეთრი, ამ პარტიებისთვის მიცემული, რომელმაც შედეგი არ მოიტანა, უკვე კომპრომატია. ამ თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი ხომ სადღაც დევს, ეს დოკუმენტები აუცილებლად წინა პლანზე წამოვა სწორედ იმის გამო, რომ თითოეული პარტია პოზიტივს ვერ სთავზობს. ვერც ერთმა პარტიამ ვერ შესთავაზა ხალხს, რომ მათი მოსვლა ხელისუფლებაში იქნება ქვეყნისთვის დადებითი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოცი წელია იმიტომ გვებრძვის რუსეთი, რომ კონფედერაციაზე წავიდეთ. თავის დროზე გრაჩოვი გამოვიდა და გვითხრა: ნებისმიერი ფორმა მოითათბირეთ, მე ვიქნები გარანტი, ფედერალიზმი ან კონფედერაცია. ოცი წელიწადია რუსეთის ეს გეგმა რომ არ განხორციელდეს, ამის გამო ღვრის სისხლს ქართველი კაცი და თავხედმა ბურჯანაძემ გაბედა, რომ ეს წარმოეჩინა ისე, თითქოს ხსნა ჩამოიტანა რუსეთიდან. სწორედ ამის გამო სჭირდება მას კომპრომატები. იცის, რომ ამ თემაზე თუ წავა საუბარი, თვითონ გაბითურდება. იცის, რომ ელემენტარულად აგენტის იარლიყიც კი არასაკმარისია მსგავსი თემების გამჟღერებლის მიმართ.
- რუსეთში ვიზიტები ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, ჩაკლავს?
- ის, რაც მან განაცხადა, ნორმალურ საზოგადოებაში სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მას პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი აღარ ჰქონდეს. უბედურება ის არის, რომ ბურჯანაძემ გაბედა და ეს ღიად თქვა. სხვათა შორის, თავის დროზე გაბედეს და ეს თქვეს რესპუბლიკელებმა. დანარჩენები ამას ვერ ბედავენ, მაგრამ იმავე თემებზე საუბრობენ რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურებთან. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს ქართული პოლიტიკური ვითარება რაც არის, ეს არ არის ჩვენი შიდა დუღილის პროდუქტი. ეს არის გარედან მართული პროცესი. ამიტომ, ჩვენი და ყველა ჯანსაღი პატრიოტი ქართველის ამოცანაა, გარედან მართული ქართული პოლიტიკა ვაქციოთ შიდა დუღილის პროდუქტად, თუნდაც შეცდომებით, თუნდაც არასწორი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უნდა ვაქციოთ დამოუკიდებელი შიდა დუღილის პროდუქტად, იმიტომ რომ, ის მთავარი თემა, რაც ბურჯანაძემ განაცხადა და უფრო ადრე რესპუბლიკელებმა თქვეს, არ გადაიფაროს ამ კომპრომატების ომით.
ავტორი: შორენა კოწოწაშვილი