შორენა კოწოწაშვილი ”ახალი თაობა” 14.11.2011
რა მომენტს ელოდება სააკაშვილი, ელის თუ არა ის დახმარებას პუტინის რუსეთისგან და რა დროს იქნება სააკაშვილის გაყვანა ტაქტიკის საქმე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, ხელისუფლება ამტკიცებს, ალასანიამ, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, პუტინის რუსეთს სიგნალი გაუგზავნა: ნატო უახლოესი 30 წლის პერსპექტივააო. ბრძოლის რა ტაქტიკა აირჩია ხელისუფლებამ?
_ რა რესურსიც სააკაშვილს გააჩნია, იმას იყენებს. ივანიშვილის მხარეზეა მოსახლეობის დიდი ნაწლის კეთილგანწყობა. ეს ის ნაწილია, რომელსაც სააკაშვილმა იმედები გაუცრუა, რომელსაც ყელში აქვს ამოსული სააკაშვილის რეჟიმი და ცვლილებებისკენ მიისწრაფვის. ივანიშვილმა უნდა იმუშაოს მოსახლეობის ამ ძალიან დიდი ნაწილის დარაზმვისა და ერთიან ინტერესებში მოყვანის კუთხით. მას ბევრი შრომაც არც სჭირდება, რადგან მოსახლეობას 80% ისედაც მზად რეჟიმის შესაცვლელად. ივანიშვილს აშკარად აქვს ამის შესაძლებლობა და ხალხი მიესალმება მის გამოჩენას. სააკაშვილს რა რესურსიც აქვს, რა პიარზე უნდა გავიდეს, იმას იყენებს, უნდა, ბრძოლა ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქმე ეხება ე.წ. პროდასავლური კურსის შეცვლის მცდელობას. მას სხვა სათქმელი არაფერი აქვს. ის ხომ ვერცერთი მიმართულებით ვერ იტრაბახებს წარმატებული რეფორმებით. ამიტომ რჩება ერთადერთი: ვითომ ებრძვიან საქართველოს, საქართველოს პროდასავლურ კურსს და ამ კურსის რეალურად გამომხატველ სააკაშვილს, ანუ მას უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, არამედ საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ კურსის დამცველი, ფორპოსტი სააკაშვილია და ამიტომ ებრძვიან მას და რომ მისი პიროვნება, მისი განხორციელებული ნაბიჯები, აქ არაფერშუაშია. ასე უნდა სააკაშვილს წარმოაჩინოს თავისი დღევანდელი მდგომარეობა და ამიტომ აკეთებს აქცენტებს ამ მიმართულებით. 1996 წლიდან მოყოლებული `სახალხო პარტია~ ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მოქმედებების დიდი ნაწილი რუსეთის ინტერესების დაცვით განხორციელდა. Eელემენტარულად, ამ პიარს ამუშავებს და ასე აბითურებს ადამიანებს, ვითომ ის არის პროდასავლური კურისის გამტარებელი და დღესაც ამას აგრძელებს. ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც სხვადასხვა მოსაზრების გამო რაღაც მიუღებელია ან ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს საქართველოსთვის დასავლური ორიენტაცია, იმათთვის სააკაშვილის წინააღმდეგ და პროდასავლური ნაბიჯების წინააღმდეგ ბრძოლა, კიდევ დამატებითი ფაქტორია და თვითონაც უმტკიცებენ, რომ კი, სააკაშვილი არის ასეთი ორიენტაციის წარმომადგენელი, იოლად იჯერებენ სააკაშვილის ამ კურსს. სააკაშვილიც ამდენი წლის განმავლობაში ამას წარმატებით ახორციელებს. მას ამაში რუსეთიც მაქსიმალურად ხელს უწყობდა. ასე რომ, ტაქტიკის თვალსაზრისით სააკაშვილის რაიმე ახალი არ შემოუთავაზებია.
_ ოპოზიციის ნაწილში სააკაშვილის დუმილი ივანიშვილის გამოცენაზე იმაზე მიანიშნებს, რომ ის ძალიან მძიმე ნაბიჯებისთვის ემზადება.
_ სააკაშვილი იგნორირებას უკეთებს შექმნილ ვითარებას, რადგან დღეს სათქმელი არაფერი აქვს. მას რეალური მექანიზმი არ გააჩნია, რომელსაც ივანიშვილს დაუპირისპირებს და ამიტომ აკეთებს ასეთ პაუზას. ის ელოდება დროს, რომ მისთვის უკეთეს პირობებში განახორციელოს კონტრშეტევა ივანიშვილზე. სააკაშვილს ამ შემთხვევაში ის გარემოება ეხმარება, რომ ივანიშვილზე საუბრობენ, ჩაკეტილი კაციაო. თვითონ ხომ საერთოდ მიუწვდომელია. პრესით ივანიშვილს მხოლოდ იმ დოზით აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა დოზითაც თვითOგადაწყვიტავს. აქედან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლია, რომ კიდევ დიდხანს დაიჭიროს ეს პაუზა, და შემდეგ თუკი შეხედავს, რომ კარგი პოზიციები აქვს, მაშინ შეუტევს. არ არის გამორიცხული ის მომენტიც, რომ სააკაშვილი, თუკი დარწმუნდება იმაში, რომ ვერ შეძლებს რეალურად გაუმკლავდეს ივანიშვილის შემოტევას, არ არის გამორიცხული უკანაც დაიხიოს, სარეზერვო ვარიანტებზე იმუშაოს და ხელისუფლების გადაბარების რეჟიმშიც კი გადავიდეს. სააკაშვილისგან ესეც არ არის გასაკვირი. მან გარკვეულწილად სახელისუფლები ინტრიგა და ტექნოლოგიები იცის და თუ შეატყო, რომ მისი რესურსი ამოწურულია და, უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერა რუსეთიდან, ამ რეჟიმში გადავა, როგორც შევარდნაძე გადავიდა გადაბარების რეჟიმში. სააკაშვილი შეიძლება გარეგნული მოქმედებით გაუწონასწორებლად იქცევა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციაში აქვს იმის განჭვრეტის უნარი უკან დაიხიოს, როდესაც ეს აუცილებელია. ძალიან კარგად გახსოვთ, 2009 წლის აპრილის აქციები, როდესაც სააკაშვილს 2-3 თვე პრაქტიკულად ხელი არ გაუნძრევია და უკან დახევის რეჟიმში მოქმედებდა. ასე რომ, მას აქვს თავის არსენალში ასეთი მექანიზმებიც და, ბუნებრივია, ფიქრობს იმაზეც, რომ გარანტიების მიღების შემთხვევაში ჩანაცვლების რეჟიმზე გადავიდეს.
_ ანუ სააკაშვილ ამ ეტაპზე შეიძლება გარანტიების მიღება-შემუშავების რეჟიმშიც იყოს? ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად შეიარაღებულ კონფლიქტზე წავა.
_ გამორიცხული არაფერია. თუ რუსეთიდან შესაბამისი მხადაჭერა მიიღო, სააკაშვილი ამაზეც წავა. თუ ასეთი მხარდაჭერა არ ექნება, ის იმუშავებს იმაზეც, რომ გადაბარების რეჟიმში გადავიდეს.
_ აგვისტოს ომის შემდეგომ რუსეთს ისევ აწყობს შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის ხელისუფლების შესანარჩუნებლად? საერთაშორისო ორანიზაციების პოზიციები მისთვის უმნიშვნელოა?
_ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ სააკაშვილს შეუნარჩუნდეს ძალაუფლება. მას ძალაუფლებას იმიტომ უნარჩუნებდნენ, რომ საქართველოს ანგრევდა. რუსეთშიც და დასავლეთშიც ძალიან კარგად იციან, სააკაშვილი რას წარმოადგენს, მაგრამ, თუ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედები დასჭირდათ, მათ იციან, რომ სააკაშვილი ამისთვის მზად არის. თავისთავად სააკაშვილისნაირის ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნისთვის უაღრესად დიდი საფრთხეა. სააკაშვილს არ აქვს ზღვარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში. ამიტომ დღეს არა მხოლოდ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზეც, რომ სააკაშვილის წასვლა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ან ყველაზე ნაკლები დანაკარგებით განხორციელდეს. ჩვენ მარტო იმაზე კი უნდა ვსაუბრობდეთ, ვინ მოიპოვებს ხელისუფლებას, აქ ცალსახა უნდა იყოს დამოკიდებულება ყველა პატიოსანი, ნორმალური ადამიანის, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს. მე, უბრალოდ, არ მესმის იმ ვითომცდა ე.წ. ოპოზიციის, რომლებიც თავიანთი მოქმედებებით რეჟიმის გამყარებას უფრო უწყობენ ხელს და საზოგადოებაში ნიჰილიზმის თესვას აგრძელებენ. აქ ცალსახა დამოკიდებულება უნდა იყოს. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. როგორი საქართველო გვინდა, რაზეა რეჟიმი წამსვლელი, როგორ შეიძლება ნეიტრალიზება იმ საფრთხეების, რომელიც შესაძლოა რეჟიმის გაშვებას მოყვეს _ ამ თემებზე ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვსაუბრობთ. ზოგადად ვამბობთ, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს. მაგრამ არ ვსაუბრობთ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. თუUსაკითხი ასე დგახ, რომ ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა, ეს პოზიცია ნამდვილად მიუღებელია, მაგრამ, რა უნდა გადარჩეს და რა უნდა დაინგრეს, ეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად უნდა განხორციელდეს. დღეს უნდა მიდიოდეს ამ საკითხების შექმნა-დამუშავება, შექმნა იმ თეორიული პოლიტიკური პლატფორმისა, რომელიც შემდგომ იქნება რეალიზებული. თუ ამ მიმართულებით არ წავედით, შეიძლება ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ და კვლავ მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილება და არა საღი აზრით.
_ ამ ეტაპისთვის ივანიშვილს შეცდომა არ დაუშვიაო. სწორია ივანიშვილის ტაქტიკა პოლიტიკაში და კონკრეტულად, რა კითხებზე პასუხს არიდებს თავს?
_ თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიას და მოცემულობას, სუფთა ასეთი პრაგმატული ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორც შემოვიდა ივანიშვილის წორი შემოსვლა და სწორი გათვლა იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაფიქრი გათვლა იყო. რაიმე მნიშვნელოვანი შეცდომა ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის დაშვებული. ის ამ ეტაპზე აკეთებს მისი პოტენციური მხარდამჭერების მობილიზებას. ივანიშვილი ცალსახად აფიქსირებს ანტისააკაშვილისეულ პოზიციას და, შესაბამისად, კრებს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც სააკაშვილი მიუღებელია. მისი მხრიდან არ მოდის, მაგრამ გარკვეული წრეებისთვის ივანიშვილის ფინანსური მონაცემები დამატებითი ფაქტორიც არის ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ამას ივანიშვილი მაქსიმალურად და სწორად იყენებს. ტაქტიკური თვალსაზრისით ის ამ მიმართულებით ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს. ყველას აძლევს მასთან თანამშრომლობის იმედს, თითქმის არ კეტავს არავისთვის კარს და თუ ერთ-ორ პოლიტიკურ ჯგუფზე თქვა, რომ ეს არ ყოფილა იმისთვის, რომ ვინმესთვის კარი დაკეტოს. ამას ნამდვილად არ განახორციელებს. ამ თვენახევრის განმავლობაში, რაც ის პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, ტექნოლოგიურად სწორად იქცევა. მეორე ეტაპი იქნება მის გარშემო შემოკრებილი ძალების სტრუქტურირება. აი, აქ იქნება მთავარი საკითხი და თუ ეს სტრუქტურირება იქნა კარგად განხორციელებული, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატების და შედეგის 50% მიღწეულია.
_ ანუ ეს სტრუქტურირება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება?
_ რა თქმა უნდა. მასში გარკვეულმა ჯგუფებმა თავისი ადგილი უნდა მოძებნონ, ვიღაცეები გარეთ აღმოჩნდებიან, გარკვეული ჯგუფების მოლოდინი არ გამართლდება, ვიღაცეები ზედმეტს მოითხოვენ და ა.შ. ეს ყველაზე რთული სამუშაოა ამ ეტაპზე. სტრუქტურირების ეტაპი გამოაჩენს მის რესურსს. სააკაშვილი ამ ეტაპს ელოდება და ამის დაწყევის შემდგომ იქნება სააკაშვილის მხრიდან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა. ასევე ივანიშვილსაც დაუდგება ხვალ-ზეგ იმ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო, რომელზეც დღეს დუმს და არც მაინცდამაინც საზოგადოება ითხოვს მისგან ამ პასუხს. რამდენად სწორად გასცემს პასუხს და რამდენად მისაღები იქნება ეს პასუხები საზოგადოებისთვის, აქ უკვე გადაწყდება საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი. ამის შემდეგ, როგორც მოჭადრაკეები იტყყვიან, გამარჯვების მოპოვება უკვე ტექნიკის საქმეა.