„სახალხო პარტია“ აფხაზი და ოსი სეპარატისტი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების ამოქმედების ინიციატივით გამოდის

gerbebi_Page_6
  • 18 მარტი 2014    17:16  NEWS.GE

სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართოს მსოფლიოს თანამეგობრობას და მოითხოვოს სანქციების დაწესება აფხაზი და ოსი სეპარატისტი თანამდებობის პირების მიმართ.

„ევროკავშირმა იმ რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები დაუწესა. ესენი არიან რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები (სულ 21 ადამიანი), ვინც პასუხისმგებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სავიზო აკრძალვებსა და ანგარიშების გაყინვას. ანალოგიური სანქციები დააწესა აშშ-მ და კანადამ.

,,სახალხო პარტიას’’ მიაჩნია, რომ დღეს მსოფლიოში შექმნილი არაორდინარული პოლიტიკური სიტუაციიდან და საქართველოს მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი ფონიდან გამომდინარე, უპრიანი იქნება, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს მსოფლიოს თანამეგობრობას და მოითხოვოს ანალოგიური სანქციების დაწესება აფხაზი და ოსი სეპარატისტი ჩინოვნიკების მიმართ.

მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავჯდომარეს, რომ არ გაუშვან ხელიდან საქართველოსთვის ესოდენ ხელსაყრელი მომენტი და კიდევ ერთხელ შეახსენონ მსოფლიო თანამეგობრობას ის ფაქტი, რომ სწორედ, თავის დროზე აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” პრობლემისადმი არაადეკვატურმა მიდგომამ გააბედვინა რუსეთს ის, რაც მან ყირიმში ჩაიდინა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი პრობლემებიც ყირიმში მიმდინარე მოვლენების ფონზე განიხილებოდეს ყველა დონეზე.

გავითვალისწინოთ, რომ, ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენს ინტერესს, თუ მსოფლიო პროცესების კალაპოტში არ მოვაქცევთ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესს და არ ვიქნებით დროისა და ვითარების ადეკვატურები, შეუძლებელი გახდება ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“, – აცხადებენ პარტიაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress