ელიზბარ ვაჩნაძის მოგონებანი

ელიზბარ ვაჩნაძე

ივერია #20 11 1978 პარიზი
ქვემოთ მოყვანილ მოგონებას თავისი პატარა ისტორია აქვს, რომელიც საჭიროა მკითხველმა იცოდეს. აქ მოყვანილი ტექსტი ელიზბარს არ დაუწერია, არამედ ჩემს მიერ არის ჩაწერილი მისი ნაამბობის მიხედვით. 1945 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ვაჩნაძე, მიტო სინჯიკაშვილი, ვინმე ქარდავა და მე, რადგან დაბომბვისა გამო მატარებლები არ მოძრაობდნენ, ზალცბურგიდან ფეხით მოკლე გზით გადავედით იტალიაში. უღელტეხილს, რომ უახლოვდებოდით, თომა ბექაური შემოგვხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი. თომა, რომ დაგვცილდა, ელიზბარს ვკითხე: ეს თითქმის უწიგნო კაცი როგორ ერკვევა ევროპის გეოგრაფიაში მეთქი. სიცილით მიპასუხა: თომასებრ ბუნების შვილები ალღოს საშუალებით, ორიენტაციას უფრო სწორად იღებენ, ვიდრე ჩვენ – ქარტებითა და კომპასებითაო და თავისი თავგადასავალი მოიგონა. მაშინ ვუთხარი: ელიზბარ ეს ამბები უნდა დავწერო მეთქი. რა დროს ეგეებია ვერა ხედავ ქვეყანა იქცევაო.
იტალიურად _ პასო დე კროჩე – ე. ი. ჯვრის უღელტეხილის გადაღმა ხეობას ფრიდონ წულუკიძის ესესები იცავდნენ. უახლოესი პოსტის უფროსი ნიკო ნაკაშიძე იყო, ჩვენც მასთან შევჩერდით ღამის გასათევად. მე და ელიზბარი ერთ ოთახში მოვხვდით. ძალიან დაჟინებით ვთხოვე, მიამბე შენი თავგადასავალი მეთქი. დიდი ხვეწნის შემდეგ ავალაპარაკე. (ერთი დიდი ძეხვი შევაჭამე ერთი ბოთლი არყით. ამანაც იმოქმედა).
თარიღებს, სოფლის სახელებს და დასახელებულ გვარებს უკლებლივ ვიწერდი, დანარჩენს შეძლებისდაგვარად კონსპექტის სახით ვინიშნავდი. ელიზბარს ზოგი თარიღი და სოფლის სახელი, თითონაც ერთი პატარა წიგნაკიდან ამოჰქონდა. ასე ვალაპარკე რამოდენიმე საათი. მამალმა რომ იყივლა, ახლა თავი დამანებეო, კედლისკენ მიბრუნდა და დაიძინა. მე ჩემს კონსპექტს დაუბრუნდი და გადავათეთრე. რიჟრაჟი ახლოვდებოდა როცა მეც დავიძინე.
მეორე დღეს რის ვაივაგლახით, ერთი საათის განმავლობაში დაჩქარებით მიამბო ამ ტექსტის ბოლო ნაწილი, დაახლოებით მთელის მეოთხედი. შუადღისას ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მე იმის იმედი მქონდა, რომ კიდევ შევხვდებოდი ელიზბარს, დანარჩენსაც ვაამბობინებდი და მთელ მოთხრობასაც უფრო დეტალურად შევავსებდი. საუბედუროდ ელიზბარი ისე გარდაიცვალა, რომ მას აღარსად შევხვედრივარ.
ასეთ პირობებში ჩაწერილი ნაამბობი ცხადია, უმთავრესად მოქმედების აღწერაში, შეიძლება მთლად ზუსტად არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ თარიღები და სოფლებისა და პირთა სახელები ზუსტად არის გამეორებული. როგორი მოკლეც არ იყოს ეს თხრობა, ამ დოკუმენტის მთავარი ღირსება ის არის, რომ ყველაზე უკედ ინფორმირებული კაცის ნაამბობია და თანაც ყოველგვარ გადაჭარბებას, ტენდენციურობას ან მოამბეს მიერ თავისი თავის პირველ ადგილზე გამოჩენის ცდას სრულებით მოკლებულია. იმისათვის ვინც ელიზბარს იცნობდა, მოთხრობის ასეთი ხასიათი არც გასაკვირია.
Mმ ქ.
ე ლ ი ზ ბ ა რ ი ს ნ ა ა მ ბ ო ბ ი.
მე და მიტო ხმალაძე ტფილისიდან ერთად წავედით ქაქუცასთან შესაერთებლად. ვიარეთ ღამით და ასოცი ვერსტის გავლის შემდეგ, სოფელ კოლაკს (სიღნაღის მაზრაშია) მივაღწიეთ. აქ გავიგეთ, რომ ქაქუცა თორმეტი კაცით უკვე ტყეში გასულა (თორმეტ მარტს, ოცდაორ წელს). როცა ჩვენ სოფელ კოლაკს მივაღწიეთ, თურმე იმ დღისით, ქაქუცა ჩვენგან ათი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და სწორედ იმ საღამოს თელავის მაზრისაკენ წასულა. მე და მიტომ გადავწყვიტეთ ქაქუცას კვალს გავყოლოდით, მაგრამ გურჯაანში ორივე დაგვატუსაღეს. ჩვენ გაქცევა მოვახერხეთ და ვაჩნაძიანში ჩავედით. სადაც კიდევ ერთი ოფიცერი შემოგვიერთდა და სამივენი თელავს ჩავედით. თელავში შევხვდით არჩილ ვაჩნაძეს, რომელიც ქაქუცას მიერ იყო გამოგზავნილი სხვა რაზმელების წამოსაყვანად. თელავიდან არჩილთან ერთად ოთხნივე ალავერდის ეკლესიისაკენ გავეშურენით. მაგრამ ქაქუცას აქაც ვერ ჩაუსწარით, იგი პანკისის ხეობაში (სოფ. დუისში თიანეთის მაზრა) გადასულიყო. მეორე დილით შევხვდით ქაქუცას მიერ გამოგზავნილ ორ რაზმელს: მალაქია მაისურაძეს და მარგალიტაშვილს, მათთან იყო ქაქუცას ,,კავშირი” წიკლაური. დაღამებისას ყველანი გზას გავუდექით ტყეში შევედით და შუაღამეს ქაქუცას სადგომს მივაღწიეთ. ვიდრე უშუალოდ ქაქუცასთან მივიდოდით ყარაულების ხაზი (რომელიც ამ არემარეს იცავდა) გავიარეთ.
ამ ადგილიდან ქაქუცამ მთელი რაზმი დაძრა და ქაქუცას სოფლის, მატანის მახლობლად დავბინავდით. აქ ხალხმა დაისვენა და ნახევარი დღე სოფელშიც კი გავატარეთ. აქედან ქაქუცამ განსაკუთრებული დავალებით ტფილისში გააგზავნა მანუჩარ ჯ. მეთაურ ოფიცრებთან და ერ. დემ. პარტიის ხალხთან შესახვედრად.
ამ ადგილებში ყოფნის დროს გვაცნობეს, რომ სოფ. ახმეტიდან თიანეთისაკენ ჩეკისტების რაზმი დაიძრაო. გაზაფხულის მიუხედავად, საშინელი ამინდი იყო. ტყეში უცეცხლოდ ვერ ვძლებდით. ალექსი ფეიქრიშვილმა ღამით სანოვაგე ამოგვიტანა. ისეთი ნიაღვარი მოვიდა, რომ გასანათებლად კვარების ანთება კი არა, წყალმა ხალხს ფეხსაცმელიც კი მოსტაცა. ამ დროს შეგვატყობინეს, რომ თიანეთს წასული ჩეკისტები უკან ბრუნდებიან და ჩვენს მახლობლად უნდა გამოიარონო. ქაქუცამ გადაწყვიტა მათი განადგურება. ჩეკისტებმა მართლაც გამოიარეს, მაგრამ გადარჩნენ, რადგან ჯგუფად არ გაუვლიათ და თითო ოროლა გამვლელებში მათი გამოცნობა ვერ შევძელით.
ამის შემდეგ გავანთავისუფლეთ ადრე დაჭერილი თხუთმეტი ოსი და რადგან ისინი ყველაფერს უამბობდნენ მთავრობას (და ასეც მოხდა), რაზმი იმ ადგილიდან აიყარა და სოფელ ახმეტასთან ტყეში მდგარ ეკლესიაში დაბინავდა. ამ ადგილიდან სანოვაგისათვის სოფელში გაგზავნილი კაცი არ დაბრუნდა (სოფელი სანოვაგეს უფასოდ და სრულიად ნებაყოდლობით გვაწვდიდა ხოლმე). სანოვაგე ძლიერ შემოგვაკლდა ხალხი დამშეული იყო. ორმა რაზმელმა სახიფათო საქმე ჩაიდინა, მოთმინება დაკარგულები, სანოვაგისათვის თავისი ნებით წავიდნენ. მაგრამ სოფლის მისასვლელთან ოთხმოცკაციან ჩეკისტების რაზმს წააწყდნენ და ტყვედ ჩავარდნენ.
ჩეკისტთა რაზმმა საყდრის მიდამოს ალყა შემოარტყა. დაუყოვნებლივ სროლაც დაიწყო. საბედნიეროდ დათიკო ფარეულიძის ტყვიამ ჩეკისტთა მეთაური მოკლა, რამაც მათში არევ დაეევა შეიტანა. ჩვენ ეს მდგომარეობა გამოვიყენეთ და ყოველგვარი ზარალის გარეშე, ალყიდან გავედით. ახლა ტყვედ ჩავარდნილი ორი რაზმელის შველას უნდა შევდგომოდით. მათი დახსნა გადაწყდა. მაგრამ ცნობა მოვიდა (არასწორი), ისინი თელავში წაიყვანესო. სინამდვილეში ერთი მათგანი დაუხვრეტიათ. მეორე კი, (ქარუმა ქისტი) დაბრუნდა. მისი დაბრუნება საეჭვო ჩანდა. ადვილადაც გამოირკვა, რომ ჯაშუში ყოფილა, რისთვისაც დაუყოვნებლივ დაიხვრიტა.
ამის შემდეგ რაზმმა ისევ ადგილი შეიცვალა. ალავერდის ჭალაში დავბინავდით. სამი დღის შემდეგ შუამთაში გადავედით. მონასტერს იმ დროს მივაღწიეთ, როცა ბერები ცისკრისას რეკდნენ. ბერებმა გულით და სიუხვით მიგვიღეს. აქ თელავიდან ვახვახიშვილი მოვიდა სანოვაგით. იქ ყოფნის დროს, რაზმმა დაატუსაღა და დახვრიტა კომუნისტი, რომელიც მავნე იყო მთელი გარემო მოსახლეობისათვის, ის თუმცა უბრალო ტყისმცველი იყო, მაგრამ თავისი წუწკი ავკაცობით ხალხს დიდ ზარალს აყენებდა.
შუამთიდან რაზმი სოფელ შულავერის მიდამოებში გადავიდა, თელავთან. იქ ვენახებში გვქონდა ბინა. კავშირად ციხისთავი იყო, რომელიც ოცდასამში მოკლეს შეტაკებისას.
აქედან სოფელ მუკუზანის თავში გადავედით, სადაც სურსათს გვაწვდიდა ,,დათა”. უფრო გვიან სოფელ ქოდალოში გადავედით. სადაც ორი კვირა დავრჩით. აქ ადგილობრივ ხალხს ვამზადებდით და ვწვრთნიდთ. იქმნებოდა სამეულები, რომელთაც თავის დროზე ხალხი უნდა გამოეყვანა და ხელმძღვანელობა გაეწია. აქ სურსათს ანდრონიკაშვილი გვაწვდიდა ქაქუცას სიძე.
ამ ადგილიდან კოლაკსა და ბაკურციხის მახლობლად ტყეში გადავედით. აქ გვინახულა მამაჩემმა გიორგი ვაჩნაძემ.
რაზმი ადგილს ხშირად იცვლიდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა იმ მიზნით, რომ ხალხი მოგვემზადებინა და მეთაურები შეგვერჩია. კარგა ხნის განმავლობაში ბოლშევიკებთან შეხლა არ მოგვსვლია.
ჩალაუბნის ტყეში ყოფნის დროს კავშირი გაიბა გარეკახეთთან. ვაშლოვანში ქაქუცამ მრავალი კავშირი მიიღო სხვადასხვა სოფლებიდან და მათ დირექტივები მისცა. იმ ხანებში ვანაანის ტყეში ყოფნისას, რაზმს ძლიერ შემოაკლდა სანოვაგე (მართალია მოსახლეობა უფასოდ და უყოყმანოდ გვაძლევდა საზრდოს, მაგრამ მისი მოწოდება ყოველთვის როდი იყო ადვილი. ქაქუცა ხუთი კაცის თანხლებით მაჩხაანს იყო წასული. დანარჩენები კი ბალახითა და მკუხე ტყემლით იკვებებოდნენ. მხოლოდ მეოთხე დღეს ამოვიდა ნაცვლიშვილი და ამოიტანა პური ყველი და ბატკანი. როცა ქაქუცა დაბრუნდა სთქვა: ქიზიყს ძლიერ ავიწროებს ხელისუფლება. რეპრესიული ზომები უნდა მივიღოთო. აქ შემოგვიერთდა ლადო ოზანელი.
რაზმი ყარაღაჯში (კალოების თავი) გადავიდა თამარის ციხესთან წითელწყაროს მახლობლად. გზად მიმავლები სოფლის ორ მილიციელს წავაწყდით. იარაღი ავყარეთ და გაუშვით. ცხადია მათ ყოველივე მთავრობას უამბეს და რაზმის წინააღმდეგ ოცდათხუთმეტი კაცისაგნ შემდგარი ჩეკისტების ჯგუფი წამოვიდა. იმ დროს ჩვენთან იმყოფებოდნენ ტფილისიდან ჩამოსული შალიკო ფავლენიშვილი და შალვა ამირაჯიბი. ფავლენიშვილი ქაქუცას თანაშემწედ იყო დანიშნული. ამირაჯიბმა ტფილისიდან ჩამოიტანა ცნობები და თათბირის შემდეგ გადაწყდა, ფავლენიშვილი ტფილისში უნდა დაბრუნებულიყო მასთან ერთად რაზმიდან არჩილ ვაჩნაძეც წავიდა. იგი ტფილისიდან დაბრუნებულ ფავლენიშვილსა და სხვა მოყვანილ ხალხს მელაანში უნდა დახვედროდა. მათი წასვლის შემდგომ მესამე დღეს ჩეისტები თავს დაესხნენ, ჩვენს მიერ უკვე მიტოვებულ საქონლის ბინას დასაშინებლად სცემეს ბინის პატრონი არსენა, რადგან მას ჩვენთვის სურსათის მოწოდებას აბრალებდნენ.
ყოველივე ეს შორიდან დაინახეს მზვერავებმა. ქაქუცამ დააპირა მათთვის გზის შეკვრა და განადგურება. მაგრამ ისინი უკან დაბრუნების ნაცვლად წინ წავიდნენ. ქაქუცამ სხვა ხერხი იხმარა, მათ რაზმელები მალულად დაადევნა, ნაწილმა კი გაუსწრო მათ. დილისათვის გზა შეკრული იყო. ეს ხდებოდა ოცდაორი წლის ორ მაისს. ჩასაფრების ცენტრში თვით ქაქუცა იყო შვიდი კაცით. თავში სამი იუნკერი (ჯამასპიშვილი და ორი სხვა). ბოლოში მე ვიყავი აგრეთვე შვიდი კაცით. მხოლოდ შუა დღეს ჩამოიარეს ჩეკისტებმა. პირველი თოფი ქაქუცას უნდა გაესროლა. ასე დაიწყო ეს პირველი შეტაკება მტერთან. სრული გამარჯვება გვხვდა წილად. მე კი უვნებლად გადავრჩი, მაგრამ გვერდით დამიჭრეს ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა ვანო ვაჩნაძე. არც ერთი რაზმელი არ მომკვდარა. Mმტრისა ჩვიდმეტი კაცი დაიხოცა თვრამეტი ტყვედ ჩავარდა. ერთი დაჭრილი მით გადარჩა, რომ ცხენმა გაიტაცა. ტყვეთაგან დავხვრიტეთ ოთხი ჩეკისტი, დანარჩენი მილიციელები გაუშვით. მალაქია მაისურაძეს ექვსი თოფი ეკიდა, გამოგვადგებაო. ტყეში სადაც უნდა დავბანაკებულიყავით, იქ წყაროსთან დაჭრილი ვაჩნაძე ჩავიყვანე. გზაში რაზმს დაუკარგავს მალაქია მაისურაძე და ჯამასპიშვილი. თურმე მალაქიას მაუზერი, გავარდნია და ჯამასპიშვილი ფეხში დაჭრილა. მალაქიას დაჭრილი ამხანაგი სოფელში ჩაუყვანია და მხოლოდ მეოთხე დღეს მოგვაგნო რის ვაი ვაგლახით. დაჭრილი ვაჩნაძე სოფელში გავაგზავნე სამკურნალოდ.
დაჭრილის წამყვანებმა დაბრუნებისას ამბავი ჩამოიტანეს, მთელი ტყე რუსთა ცხენოსან პოლკის მიერ არის გარშემორტყმულიო. ამგვარად მოწყვეტის გამო კვლავ შიმშილში ჩავარდით. როგორც იყო კავშირმა სიკამ მოახერხა და პური მოგვიტანა. ტყიდან სასწრაფოდ გასვლა იყო საჭირო. საღამოთი ალაზნის მიმართულებით დავიძარით. გაკრული ხაზის ფრთხილად და შეუმჩნევლად გადალახვა მოხერხდა და სოფელ ჯუგაანის მახლობლად ვენახში დავბანაკდით. აქ კი კავშირებმა ადვილად შეძლეს სურსათით ჩვენი მომარაგება. რუსები სულ ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ ჩვენ ტყეში ვეგულებოდით. ღამით მაჩხაანის მიმართულებით წავედით, სადაც ტფილისიდან დაბრუნებული ფავლენიშვილი უნდა მოსულიყო. ვიდრე სოფელში მივიდოდით გათენდა და იძულებული გავხდით, თავი შეგვეფარებინა, პატარა ტყისათვის. იმავ ღამეს ვაშლოვანში გადავედით ხოლო იქიდნ ჩალაუბნის ტყეს შევეხიზნეთ.
ეს ამბავი როცა ხდებოდა, დაჭრილ ვაჩნაძეს ადგილსამყოფელი გამოუცვლია და ნათესავთან გადასულა, სხვა სოფელში, სადაც წამლის ყიდვის დროს შეუმჩნევიათ, დაუტუსაღებიათ და უწამებიათ. დაჭრილ ახალგაზრდას ყველაფერი უთქვამს, რაც კი იცოდა. ამგვარად, ჩეკას გაუგია არა მარტო რამდენიმე კავშირის ვინაობა, არამედ, ფავლენიშვილისა და არჩილ ვაჩნაძის მომავალი შეხვედრის ადგილი და პირობებიც.
ჩეკამ ფავლენიშვილისა და ვაჩნაძის შესახვედრად, რაზმელების ყაიდაზე ჩაცმული ოცდაათი კაცი გაგზავნა. მათ ნაწამები ახალგაზრდისაგან, შეთქმული სიგნალიც იცოდნენ. არჩილი ცხენით მიდიოდა ფავლენიშვილთან შესახვედრად და ჩეკისტებს წააწყდა. მას ფავლენიშვილის კაცები ეგონა. ჩეკისტებმა ის დაატუსაღეს და სიღნაღში წაიყვანეს. პოლიციას ისიც ცოდნია, რომ ქაქუცა ჩალაუბნის ტყეში ელოდებოდა ფავლენიშვილს. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ არტყავდა ტყეს ჯარი ალყას. ქაქუცამ მაღლობისაკენ დაგვხია. მან უმჯობესად ჩათვალა, რომ მტრისათვის არ გვესროლა, რადგან ამას სოფლების აოხრება მოჰყვება და აჯობებს თუ მტერს თვალთაგან გავეცალოთო. ამ დროს მოვიდა კავშირი სიკა და ამბავი მოიტანა, არჩილ ვაჩნაძე და კოტე ჩოლოყაშვილი დაიჭირესო. ტუსაღები შველას ითხოვდნენ ვიდრე მათ ტფილისში გადაგზავნიდნენ. გადაწყდა, რომ ისინი დაგვეხსნა. ამისათვის საჩქაროდ სოფელ კოლაკისაკენ გავწიეთ, რომ მატარებელს დავხვედროდით. მაგრამ დავაგვიანეთ, რადგან მეთვალყურე კავშირმა ცნობა დროზე ვერ მოგვიტანა. არჩილ და ვანო ვაჩნაძეები, კოტე ანდრონიკაშვილი და რამოდენიმე ქიზიყელი კავშირი ტფილისში წაიყვანეს და იქ დახვრიტეს.
ფავლენიშვილი დანიშნულ დღეს ვერ წამოსულა და გადარჩა. რაზმი ერთი კვირის განმავლობაში კოპალოს ტყეში დარჩა. ჩვეულებრივად ხალხს ვრაზმავდით და ვამზადებდით. შემდეგ ტყე-ტყე სიარულით მუკუზანის თავში გადავედით. აქ სურსათის მოსატანად, თვითონ რაზმელები წავიდნენ და ჩამოიტანეს. აქ ყოფნის დროს ქაქუცა შეხვდა თავის მეუღლეს, რომელიც საგანგებოდ იყო ჩამოსული, რა თქმა უნდა მალულად. იმ ხანებშივე, მთელი შემადგენლობით ვესტუმრეთ დათას (ვაჩნაძეს) და კარგა მაგრა ვიქეიფეთ. მეორე დილით ვაჩნაძიანის ბოლოში გადავედით იქიდან კი წინანდლის ტყეში, სადაც გადავიტანეთ დიდი შიმშილი. ამ დროს აქ ჩამოვიდა ფავლენიშვილი, პარტიის კომიტეტისაგან გამოგზავნილი, დიდი ბარგით და საჭირო ნივთებით დატვირთული.
ამავე ხანებში, ტფილისში ცუდი საქმე მოხდა. დათა ვაჩნაძე და ანდრონიკაშვილი ქაქუცას მიერ ტფილისში გაიგზავნენ. იქ მათ შეუერთდა ალ. სუმბათაშვილი. პარტიის კომიტეტისაგან მათ მიიღეს ერთი ვაგონი საქონელი, რომელიც პურზე გადაცვლის საბაბით წინანდალში უნდა ჩამოსულიყო. სამწუხაროდ ორმა მათგანმა წამოროშა სიმთვრალეში საქონლის დანიშნულების შესახებ და ისიც, რომ ქაქუცას რაზმელები იყვნენ. სადგურზე სამივე დაუჭერიათ და რამოდენიმე ხნის შემდეგ დახვრიტეს.
წინანდლის ტყეში დგომის დროს ცნობა მოგვივიდა, რომ ორი თავიდან მოსაშორებელი მავნე კომუნისტი უნდა მოსულიყო ცივზე (თელავის თავში მეცხოველეობის ადგილია). ქაქუცამ მათი დაჭერა დაავალა კაპიტან მიხეილ ნაცვლიშვილს, თან ორი რაზმელი გააყოლა. კომუნისტები მართლაც მოვიდნენ დანიშნულ ადგილზე და უვნებლად უკანვე გაბრუნდნენ. მათ მოძრაობას ქაქუცა თვითონ ხედავდა შორიდან, მაგრამ გვიანღა იყო. ნაცვლიშვილმა დავალება ვერ შეასრულა, ხელმოცარულად დაბრუნებულმა ნაცვლიშვილმა დიდი წყრომა მიიღო ბელადისაგან.
ჩვენ კვლავ ადგილი შევინაცვლეთ. ახალი ბინიდან ლელო ჩიქოვანი თელავში გაიგზავნა, ფეხსაცმელებისა და სხვა საჭირო ნივთების სასყიდლად. ორი დღე გავიდა მაგრამ არ დაბრუნდა. ამ ხანებში გავიგეთ, რომ სოფლელები ძლიერ უკმაყოფილონი ყოფილანიმ ორი კომუნისტის გადარჩენისა გამო, ცოცხლები როგორ გაუშვითო და თვითონვე გადაუწყვეტიათ, მათთვის მახის დაგება.
შემოთვალეს: წინანდალში წარმოდგენას გავმართავთ კომუნისტები დაესწრებიან და ერთად შეკრებილები დაატუსაღეთო. ქაქუცამ საქმის აღსრულება ფავლენიშვილს დაავალა და თვრმეტი კაცი მისცა: მიტო ხმალაძე, ბაკურაძე, ბადურა, სტეპკო ჩითინაშვილი, ლადო ოზანელი, ვასო თამაზაშვილი, მიხ. ნაცვლიშვილი. სერგო მაისურაძე, კიდევ ორი კაცი და მე. გზაში ძალიან ცუდი ამინდი დაგვიდგა, სავსებით დავსველდით. თანაც მე და მაისურაძემ დანარჩენები დავკარგეთ. ბოლოს მაინც ვიპოვეთ ერთმანეთი.
პირველ დღეს ვერაფერი მოხერხდა, რადგან კომუნისტები ხალხში იყვნენ გაფანტულად არეული. მეორე დღეს წარმოდგენა უნდა მოწყობილიყო, რის შემდეგაც გაიმართებოდა ვახშამი, რომელზეც კომუნისტებიც იქნებოდენ. ასეც მოხდა. ვახშმის დროს, დარბაზის სამივე კარის შეკვრის შემდეგ დავატუსაღეთ რვა კომუნისტი. რვავე წაყვანილი და დახვრეტილი იყვნენ ტყეში. მხოლოდ მასში არ იყო ყველაზედ უფრო მავნე _ გვარად ურგება. იგი ვახშამს არ დასწრებია. მისი სახლიდან გამოტყუება მოხერხდა, მაგრამ ნასროლმა ტყვიამ, მჩატე ჭრილობა მიაყენა ხელში და ამგვარად სასჯელს გადაურჩა.
იმ ხანებში გვეწვია ქაქუცას ძმა სიკო, რომელმაც ძროხა და ყველი მოგვიტანა. აქედან რაზმი წინანდლის თავზე, ეკლესია თეთრაანში გადავიდა სადაც ერთი კვირა დავრჩით. იქ სანოვაგე ამოიტანა ბადურას მამამ, სამოცი წლის მოხუცმა ცხენდაცხენ მთები გადმოიარა ჩვენთან მოსასვლელად. უფრო გვიან იგი დახვრიტეს.
წინანდლის მიდამოდან ცივ გომბორზე გადავედით. იქ მეცხვარეები იმყოფებოდნენ და კარგი კვება გვქონდა. ერთი კვირის შემდეგ ცნობა მოვიდა, მდევარი მოდისო. რაზმის ადგილი და შემადგენლობაც იციანო. უნდა დავძრულიყავით. ასეც მოვიქეცით და მოშორებით დავბანაკდით, ახალ ადგილას. აქედან ბელადმა სამი კაცი გაგზავნა პურის ამოსატანად და უბრძანა: იმავე საღამოს დაბრუნებულიყვნენ, რადგან იქ არა ვრჩებოდით. დაღამდა, მაგრამ არ დაბრუნებულან. რაზმი დასაძინებლად მილაგდა. ათ საათზე ქაქუცამ გაიღვიძა და მომცა განკარგულება, ხალხი გააღვიძე აქედან უნდა გადავინაცვლოთო. ვთხოვე, ხალხი დაღლილია ამაღამ რა მოგვივა განთიადზე წავიდეთ მეთქი. განთიადამდე არა, მაგრამ თორმეტ საათამდე დავრჩეთ რაკი ასე მთხოვო. ნახევარი საათიღა იყო გასული, რომ ახლა კატეგორიულად მიბრძანა, დაუყოვნებლივ აჰყარე ხალხიო. ასეც მოვიქეცით და ორიოდე კილომეტრის დაშორებით დავბანაკდით. დილით რაზმელებმა ცეცხლი აანთეს და სოკოს წვას შეუდექით როცა, მეთვალყურედ მდგომ სიკო ჩოლოყაშვილს თოფის ხმა შემოესმა. დასათვალიერებლად და ამბის გასაგებად მაისურაძე სერგო და სულხანიშვილი გაგზავნეს. მათ მოიტანეს ამბავი ორი რაზმელის სიკვდილის და ერთის დატუსაღებისა.
პურისათვის გაგზავნილი სამი კაცი ღამით უკან ბრუნდებოდა. გაუვალი გზისა და ბურუსის გამო, მხოლოდ დილით მიუღწევიათ მიტოვებულ ადგილამდე. ეს ადგილი უკვე შეკრული ჰქონია მტერს და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილან, სამ კაცს ჩასაფრებულ ხალხთან მოუხდათ ბრძოლა. ხმალაძეს ჩაბარებისათვის სიკვდილი უმჯობინებია და თავი მოუკლავს, ყოფილ მილიციელ ბაკურაძეს იარაღი დაუყრია და ჩაბარებულა, მაგრამ მაინც მოუკლავთ. გადარჩა მხოლოდ ლადო ოზანელი. მით, რომ ხრამში გადახტა. ბედზე არაფერი მოიტეხა და ორი კვირის შემდეგ ისევ შემოგვიერთდა. ყოველივე ეს ცხადია ოზანელმა გვიამბო.
შუშუს (სულხანიშვილი) მიტანილი ამბავი, მდგომარეობას არ არკვევდა. ქაქუცამ მიბრძანა: ოთხი კაცი წაიყვანე და წადი მიდამო დაზვერე, ალყაში ხომ არა ვართო. მაღლობზე რომ ავედით ნისლი გადავიდა და დავინახე, რომ ჩვენგან მიტოვებული ადგილი ორასიოდე ცხენოსნით და ოთხმოცამდე ფეხოსანით იყო გარშემორტყმული. ტყვიამფრქვევიც ჰქონდათ.
ბელადმა წინაღამით ადგილის დატოვება ნანახი სიზმრის გამო გადაწყვიტა. ესიზმრა, რომ ლეჩაქიანი ქალი თავს დაადგა მხარზედ ხელი დაჰკრა და უთხრა: საჩქაროდ აქედან წადიო. ხოლო როცა მან ჩემი თხოვნის შედეგად, ადგილიდან აყრა გადასდო და კვლავ დაეძინა, იგივე ქალი ისევ მოევლინა და უფრო დაბეჯითებით უბრძანა საჩქაროდ გაეცალე აქაურობასაო. ამჯერად კი ქაქუცამ ქალს დაუჯერა და იქიდან აგვყარა.
ამ ადგილებში შეტაკება არ მომხდარა, რაზმი მიდამოს გაშორდა და ხევსურულ სოფელ პანტიანში გადავიდა. აქედან ქაქუცამ ნება დამრთო ხმალაძისა და ბაკურაძის ცხედრების დასასაფლავებლად წავსულიყავ. წავიყვანე თან ორი რაზმელი, ბადური და კანდელაკი, ამას მეტსახელად შულმანს ვეძახდით, რადგან ხალხს ადვილად ხვრეტდა. ეს განა სიავით მოსდიოდა ამას. შეგნებით შვრებოდა ისეთი ჯავრი ჰქონდა მტრისა. თორემ ძალიან საყვარელი ახალგაზრდა იყო.
რაზმიდან ამავე დროს, სოფელ მერში სურსათისათვის წავიდნენ სერგო და მალაქია მაისურაძეები. გზაში ბადური ავად გახდა და უკან დაბრუნდა. მე და შალიკომ კი გზა გავნაგრძეთ. დიდის გაჭირვებით მივაგენით ადგილს, მაგრამ ცხედრები უკვე გადაეტანა მთავრობას თელავში.
იქიდან დაბრუნებულები გზაში მეცხვარეებმა მოგვამარაგეს სურსათით. ამ დროს ჩვენ შეგვხვდა, ტფილისიდან ჩამოსული სამან ყანჩაველი და ამგვარად სანოვაგით დატვირთულნი, სამივე რაზმში დავბრუნდით. მაისურაძეებიც მშვიდობით დაბრუნდნენ უკან.
ამ ადგილებშიც შეუდექით, გლეხების დარაზმვას და მომზადებას. აქედან მთელი რაზმი სოფელ აშროშანში გადავიდა (ცივ გომბორის გაგრძელებაა). იქა ცხოვრობდა მიტო წიკლაური, რაზმის საუკეთესო აგენტი, რომელიც ქაქუცას დაუფასებელ სამსახურს უწევდა. აქედან ფავლენიშვილი და ერთი ხევსური ტფილისში წავიდნენ. პარტიულ კომიტეტთან საქმეებზე მოსალაპარაკებლად. ისინი სვიმონ ყიფიანთან ერთად ორი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ. ყიფიანი ერ. დემ. პარტიის მიერ იყო ქაქუცასთან მივლინებული.
წიკლაურმა გვაცნობა, რომ რუსთა ორი ესკადრონი მთაზე ამოვიდა და აქვე მახლობლად დაბანაკდნენო. გადაწყდა მათი განიარაღება. თვე იყო ივლისი ოცდაორი წლისა. იმ ხანებში რაზმში ოცდათხუთმეტ კაცამდე ითვლებოდა. პირველი ათეული მე მებარა. მეორე ათეული ებარა ნაცვლიშვილს. მესამე შტაბთან იყო. ქაქუცას პირველი თანაშემწე იყო ფავლენიშვილი. მეორე თანაშემწე იყო ილარიონ იაშვილი. შტაბშივე იყვნენ ყიფიანი და თამაზაშვილი.
რუსების განიარაღება მე დამავალეს. ამისათვის ცხრა კაცით (ამათში ქაქუცას ძმაც იყო), პანტიანში უნდა წავსულიყავ და იქაური ხევსურები წამომეყვანა მშველელად. სოფელში ცხრა ხევსური შემოგვემატა და ცხრამეტი კაცი მთა ცივზე წავედით, რუსების გასაიარაღებლად. ოპერაცია ღამით ხდებოდა. მთაზე ჯარის ბანაკს შეუმჩნევლად მიუახლოვდით, ჯარისკაცები კარვებში იწვნენ. გუშაგმა სამი მიპარული კაცის მიახლოება შეამჩნია და კარავში შევარდა. მაშინ როცა გუშაგის განიარაღება ხდებოდა ყვირილით ,,დაგვნებდით ალყაში ხართო”, გუშაგს თოფი გაუვარდა. ამის გამგონე უკან მყოფმა ხევსურებმა სროლა ასტეხეს და თანამებრძოლები კინაღამ არ დახოცეს. ბედად მაინც საქმე კარგად დასრულდა, რადგან რუსები დაფრთხნენ და საცვლების ამარა გარბოდნენ საითაც კი შეეძლოთ. დასტოვეს: იარაღი, ტანისამოსი, სურსათი და ცხენები. ყველაფერს ჩვენ დავეპატრონეთ და ხევსურეთში გადავაგზავნეთ. ცოტათი უფრო გვიან, დილის ორ საათზე შეტაკება მოგვიხდა ოცდაათკაციან რუსის რაზმთან. გავაქციეთ ისინიც და ნადავლი ცხენები მთაში შევრეკეთ. იმ დღით ქაქუცას ვერ შეუერთდით, რადგან მეორე შეტაკებამ გზა შეგვაცვლევია და თანაც იმ არეულობაში ხუთი კაცი აგვცდა და უნდა დაგვეცადა, ვიდრე ერთმანეთს ვიპოვიდით.
Eეს მოხდა ოცდარვა აგვისტოს ოცდაორ წელს.
მეორე დღეს, როცა რაზმს ისევ შეუერთდით, დუშეთის მაზრისაკენ გავწიეთ. აქ ცამეტი კაცით შემოგვიერთდა გვერდწითელი. შტაბმა გადაწყვიტა დუშეთის მაზრის კომუნისტებისაგან გაწმენდა. ამისათვის გზების შეკვრას შევუდექით. ამავე დროს, ყოველ სოფელში ვადგენდით სამეულებს, რომელთაც საჭირო დროს ხალხი უნდა გამოეყვანათ. ყოველივე ეს წინასწარი ზომები იყო, აჯანყების სამზადისისათვის. ბაზა ახატანის თავი იყო. ამ ადგილიდან ტინის ტყეში გადავედით. აქაც გზები შევკარით და ხელთ ჩაგვივარდა მილიციის უფროსი მილიციელებიანად, მაგრამ გაუშვით. ვეძებდით, მხოლოდ მავნე კომუნისტ ჯურჯულიას, რომელსაც ვერსად შევხვდით გადაგვირჩა.
ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ ძალები შეკრიბა და მდევარი დაგვადევნა. ამიტომ ისევ ახატანის თავში გადავედით. ამ მოძრაობის დროს ხელში ჩაგვივარდა გეპეუს წარმომადგენელი. დიდ უფლებამინიჭებული კომუნისტი (ხვრეტის განაჩენი გამოჰქონდა). იგი ადგილზე დაიხვრიტა. მისი მხლებელი ჯარისკაცი კი გავუშვით. იმავე მიდამოებში დატუსაღებულ იქნა მოხუცი არაკომუნისტი კომისარი და განთავისუფლებულ იქნა.
ეს ადგილებიც დავტოვეთ და ხევსურეთის მიმართულება ავიღეთ. ჟინვალის ახლოს დღისით გავიარეთ და კომისარს მაღლა უცნობებია: ქაქუცამ გაიარა სამოცი კაცითაო. რაზმი ჟინვალის მახლობლად დაბანაკდა. მეორე დღეს ხალხმა დაისვენა. გაიფანტნენ საბანაოდ, სათევზაოთ, ხილის საძებრად. ქაქუცა რესტორანში სადილობდა. ყარაულმა სროლა ატეხა, ქაქუცას ალყას არტყამენო. ალყა არ იყო, მაგრამ იყო სამი ცხენოსანი, რომელთა შორის ჭურღულიაც ყოფილა, მაგრამ კომუნისტები ჩამოქვეითდნენ და სადღაც გაქრნენ. ასე, რომ ჭურღულია მესამედ გადარჩა. დიდხანს არ გაუვლია და ტყვიამფქვრევის კაკანიც მოისმა, მაგრამ არავინ ჩანდა. ქაქუცამ დაზვერვა მე დამავალა. მთაზე ავედი და დავინახე, რომ საკმაოდ დიდი ძალები (შემდეგ გავიგეთ, ორას სამოცი ფეხოსანი და ცხენოსანი იყო გეგეჭკორის მეთაურობით) საალყოდ იშლებოდნენ. რაზმი აიყარა და ფშავში სოფელ მაღაროსკარში, გადავედით. მტერთან შეტაკება არ მომხდარა.
სოფელში არაგვი ჩამოდის. არის ერთი სკოლა ქვის გალავანშემოვლებული და იმ ეზოში შენობის უკან ერთი პატარა სამლოცველო. მეორე დღეს რაზმელები სათევზაოთ და ხილის საკრეფად დაიშალნენ, ხოლო როცა სადილისათვის კვლავ შეიკრიბნენ, მტერი სოფელს უახლოვდებოდა. მტრის ძალებმა სწორედ სკოლის გალავნის უკან ამოფარებულებმა დაიკავეს პოზიცია. დაიწყო ძლიერი სროლა. მტრის მხრიდან სამასოცი კაცი ხოლო ჩვენი მხრიდან სამოცი. ბელადმა თავისი ძალები სასწრაფოდ გაანაწილა. ხუთი კაცი გალავანში გადაძვრა და მის უკან ამოფარებული მტერს, ათ ნაბიჯზე მიუახლოვდა. რაზმის უმრავლესობა კი მტრის პირისპირ განლაგდა. მე და სერგო მაისურაძე, მტრის ზურგში მოსავლელად წავედით. მცირე ხევიდან ბილიკები ამოდიოდა, ამ გზაზე თორმეტ ჩეკისტს წავაწყდით. მათ მეთაურობდა ერთი სომეხი კომისარი. მას, ვიდრე ტფილისიდან წამოვიდოდა, თურმე ნათქვამი ჰქონია: ,,ქაქუცას თავს ჩამოვიტანო”. ქაქუცასი კი არა თავისიც ვერ ჩაიტანა. მისი რაზმიც დავამარცხეთ და თვითონაც მოკვდა. ამის შემდეგ მტერს ზურგიდან სროლა ავუტეხეთ. ვისროდით იმდენად ჩქარ ჩქარა რამდენადაც კი შეგვეძლო. თითოეულმა ორასამდე ტყვია გაისროლა. ეს ბრძოლა საერთოდ რვა საათამდე გაგრძელდა. მტერმა სასტიკი დამარცხება იგემა. დავხოცეთ ასამდე კაცი, დანარჩენებმა თავს უშველეს. ტყვედ ჩავიგდეთ ხუთმეტი ჩეკისტი, რომლებიც უკლებლივ დაიხვრიტნენ. ჩვენი მხრივ დაიჭრა ორი მებრშოლი.
ამ ბრძოლის დროს, ქაქუცა ტიფით იყო დაავადებული და ორმოცი გრადუსი სიცხე ჰქონდა, მაგრამ ბრძოლას დაწყებიდან მის ბოლომდე ტვითონ უხელმძღვანელა.
ბრძოლის შემდეგ ხევსურეთისაკენ დავიძარით. თეთრი და შავი არაგვის შესართავთან ერთი მთა არის, რომელსაც სახელად ორწყალი ეწოდება. ეს ადგილი არის ხევსურეთში შესასვლელი კარი და ხევსურეთში მიმავალი ვერც ერთი მგზავრი ამ გასასვლელს ვერ ასცდება. ვიდრე ჩვენ ხევსურეთისაკენ დავიძრებოდით, ცნობა მივიღეთ, რომ თიანეთის მხრიდან, ოთხმოცი კაცისაგან შემდგარი რაზმი წამოსულა, ჩვენი მიმართულებით. თუ მტერი ორწყალს ჩვენზე ადრე დაიჭერდა, ძნელ მდგომარეობაში ჩავარდებოდით. ამიტომ ბელადმა მიბრძანა; ხუთი კაცი წამეყვანა, მტრისათვის მიმესწრო და ორწყალი დამეჭირა. ეს დავალება შევასრულეთ და ოთხმოც კაციანი მტრის რაზმი ტყვედ ჩავარდა. ამის წყალობით ჩვენები უვნებლად გადავიდნენ ხევსურეთში, სადაც ქაქუცა დიდის ზეიმით მიღეს. შუა დღის შემდეგ მეც მათ შევუერთდი. რაზმი სოფელ ბარისახოში დაბინავდა.
იმ ხანებში, ფავლენიშვილი და ლოსაბერიძე გუდამაყარში გაიგზავნენ. ისინი იქიდან დუშეთში უნდა გადასულიყვნენ და როცა აჯანყება დაიწყებოდა, დუშეთში დაგროვებული ძალების მეშვეობით, ხევსურეთისაკენ შემტევი მტრის ჯარისათვის ზურგში უნდა დაერტყათ.
ავადმყოფი ქაქუცა ხევისბერის სახლში იწვა და იქიდან ხელმძღვანელობდა მომავალი ოპერაციების სამზადისს.
ა ქ -  წ ყ დ ე ბ ა -  ე ლ ი ზ ბ ა რ ი ს – ნ ა ა მ ბ ო ბ ი .

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress