სახალხო პარტიის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი

gerbebi_Page_6

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნები, რომელსაც, შეიძლება ითქვას, კლასიკურ არჩევნებთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონია. დარღვეული იყო ყველა წესი და კანონი, პროცედურა, რაც არჩევნებს უნდა ახასიათებდეს, დაწყებული ამომრჩეველთა სიიდან, დამთავრებული ხმების დათვლით: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან, უსამართლო სასამართლო, მედიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის უამრავი ფაქტი და სხვ.
არჩევნებადწოდებულ პროცესების დროს საზოგადოების წინაშე იდგა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანა. საქართველოს ხალხმა მიიღო ბრძოლის გადაწყვეტილება და წარმატებით გადაჭრა იგი.
სახალხო პარტია, რომელიც იმთავითვე კარგად აცნობიერებდა მდგომარეობის არსსა და მნიშვნელობას, ისევე როგორც თავის ადგილს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ულოცავს ამ პროცესების მთავარ შემოქმედს _ საქართველოს მოსახლეობას ამ  გამარჯვებას.
სწორედ ჩვენი ხალხის შინაგანი რწმენა, თავისუფლებისადმი, ჯანსაღი და ნორმალური ცხოვრებისადმი სწრაფვა გახდა ის საფუძველი, რომელზეც დაშენდა ეს წარმატება.
მოწიწებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკლესიის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის და მრავალი სასულიერო პირის ბრძნული, გაწონასწორებული ქმედებები და მათი მხრიდან ხალხის გვერდზე დგომა და იმედის შთაგონება.
საქართველოს ეკლესია, როგორც მას ოდითგან სჩვევია, ახლაც ფხიზლად იდგა ქვეყნის უზენაეს ინტერესთა სადარაჯოზე.
სახალხო პარტია   ულოცავს ამ გამარჯვების მთავარ ორგანიზატორს, კოალიცია “ქართული ოცნების” სულისჩამდგმელსა და ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ამ პროცესში უდაოდ გამორჩეული და განსაკუთრებულია. მან ქართველი ხალხის მისწრაფებების ხორცშესხმა რეალური გახადა.
ასევე, ვაცნობიერებთ რა, იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მან აიღო თავის თავზე, ვუსურვებთ წარმატებას  მომავალ საქმიანობაში.
აუცილებლად გამოვყოფთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განუცხადა ტირანიას, რომ არ დახუჭავდა თვალს ამ უკანასკნელის  კანონიერების გარკვეულ ფარგლებს გაცდენილ ქმედებებზე.
კამპანიის წარმატებაზე დიდი როლი ითამაშა ციხის სკანდალად წოდებულმა მოვლენებმა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდობის გააქტიურება. ეს და სხვა ბევრი მოვლენა მთლიანობაში ავსებდა პროცესებს, რომლებმაც მიგვიყვანეს მოცემულ შედეგამდე.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გამარჯვება ჯერ არ არის მიღწეული, უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიის წარუმატებელი ეპიზოდი დამთავრებულია:
ხალხს საკუთარი ძალებისადმი რწმენა დაუბრუნდა,
დასრულდა ერთპარტიული მონოპოლიის პერიოდი პოლიტიკაში,
დასრულდა სატელიტი პარტიების და პოლიტიკური კორუფციის ეპოქა.
გაჩნდა შანსი, რომ ასევე დავასრულოთ ფარული ჩანაწერებისა და პირად და საზოგადო ცხოვრებაში სხვაგვარი ჩარევის მახინჯი პრაქტიკა.
საქართველოს გაუჩნდა შანსი დაიწყოს ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სამართლიანი კანონების მიღებასა და სასამართლოს გათავისუფლებას.
ქვეყანაში დამოუკიდებელი არბიტრის არსებობა, რომლისადმიც ყველას ექნება ნდობა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმთავრესს – სამართლიანობის რწმენას აღადგენს.
გაჩნდა შანსი, რომ საქართველოში დადგეს პერიოდი საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა თუ საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე შეთანხმებისა და მიღწეულ იქნას საერთოეროვნული კონსენსუსი ქვეყნის მომავალი განვითარების გზის, საერთაშორისო თანამეგობრობაში, გლობალიზებულ სამყაროში თუ რეგიონში საქართველოს ადგილის თაობაზე.
თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, თითქოს ცარიელი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება.  ტირანიის  შეზღუდვის ამოცანა წარმატებით გადაიჭრა,    დღის  წესრიგში  ახლა სხვა ამოცანები დგას.
სახალხო პარტია კარგად ხედავს იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც ტირანიამ დაგვიტოვა, ისევე, როგორც იმას, რომ ურჩხული ჯერაც ცოცხალია და არ აპირებს ასპარეზიდან წასვლას.
აღმაშფოთებელია, სააკაშვილ-ბაქრაძე-ბოკერიას უტიფარი განცხადებები “ოპოზიციაში გადასვლასთან” დაკავშირებით, თან იმ ამბიციით, თითქოს, მთელი ცხოვრება დემოკრატიისთვის იბრძოდნენ.
სრულ გამარჯვებად შესაძლოა მივიჩნიოთ მხოლოდ ტირანიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების ყველა სფეროში, ნაცმოძრაობის ნარჩენებისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების, 21-ე საუკუნის რუდიმენტების, ჩამოშორება საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან.
სახალხო პარტია, როგორც ყოველთვის, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ ბრძოლში და მისთვის  დამახასიათებელი ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულებს თავის მოვალეობას ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის წინაშე.

მამუკა  გიორგაძე       სახალხო  პარტია
5.10.2012

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress