საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რატომღაც გაკვირვებით კითხულობს: საზოგადოების ერთ ნაწილში ხელისუფლების მიმართ რაღაც უკმაყოფილების მიზეზი რომ გაჩნდება, ეგრევე ბიძინა ივანიშვილს რატომ მიახტებიან ხოლმეო!
საგანელიძის ეს განცხადება საყდრისის ვანდალური აფეთქებით გამოწვეულ საზოგადოების ვნებათაღელვას მოჰყვა, რომელმაც თითი სავსებით კანონიერად სწორედ ივანიშვილისკენ გაიშვირა!
ღრმადპატივცემულ უმრავლესობის ლიდერს ეტყობა ავიწყდება (ალბათ უფრო ივიწყებს), რომ საყდრისის საბადოს უძრავი ძეგლის (კულტურული მემკვიდრეობის) სტატუსი სწორედ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, ივანიშვილისვე ხელდასხმით მოეხსნა და მეორეც, მერე რა, თუ ბატონი ბიძინა დღეს ხელისუფლებაში არ არის – წასვლისას ხომ დაგვიბარა: მე კი მივდივარ, მაგრამ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს მიერ შერჩეული და დატოვებული მთავრობის ქმედებაზეო. მერე რა, თუ ბატონი გიორგაძე – ახალგამოჩეკილი კულტურის მინისტრია, რომელმაც საკუთარი ბრძანებით კომპანიას ამ ვანდალური აქტის ჩატარების უფლება დაუკანონა, ივანიშვილის დანიშნული არ არის?! ღარიბაშვილი ხომ მისი ფავორიტია, რომელმაც მინისტრად სწორედ გიორგაძე შეარჩია!
რაც არ უნდა მიმტკიცონ ივანიშვილის მონებმა, რომ ყოფილი პრემიერი სახელმწიფოს მართვაში კულუარულად არ ერევა, შუშის სასახლის მეპატრონე ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავს – მეტიც, შეიძლება ამ ერთი შეხედვით „უმნიშვნელო“, მაგრამ ბარბაროსულმა აქტმა ქართველი მილიარდერის ნამდვილი სახე გამოაქანდაკოს!
ჩვენი უბედურება იმაშია, რომ დღეს ბიზნესმენის ფსიქოლოგიით იმართება ქვეყანა, სადაც ყველაფერი დასაშვებია, რაც მოგების მიღებას უკავშირდება!..
თუმცა, ისიც გასარკვევია, რას იღებს აღნიშნულის – კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ- საქართველო?!
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ამ ბარბაროსული აქტით მითიირაკლი ღარიბაშვილის კარგ ქართველობაზეც გაქარწყლდა – საზოგადოებას ვერავინ დააჯერებს, რომ კულტურის მინისტრმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – ასეთი პრაქტიკა ქართულ რეალობაში უბრალოდ არ არსებობს!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მთავრობამ, თუ ვულგარულად ვიტყვით, ფეხებზე დაიკიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოების შეჩერების თაობაზე და არ დაელოდა მის მიერვე შეტანილი სააპელაციო სარჩელის განხილვას და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც დაამტკიცა, რომ მისთვის არანაირი კანონი და მითუმეტეს, კანონისადმი მორჩილება არ არსებობს!
აქედან გამომდინარე, უცხოური კომპანიის ბიზნეს-ინტერესებს (თუმცა, ისიც გასარკვევია, რა ინტერესები აქვთ ამ კონკრეტულ საქმეში ცალკეულ ქართველ ჩინოვნიკებს და მათ მხარდამჭერებს) და მათ გაძლიერებულ მადას ეწირება საქართველოს არა მარტო უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, არამედ, ზოგადად ერის ღირსება და მისი მრავალათასწლოვანი ისტორიისადმი დამოკიდებულებაც.
სრულიად ვეთანხმები პროფესორ მიხეილ ჯიბუტს, რომელიც თვლის, რომ ამის ჩამდენი ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში აუკანკალებლად მოაწერს ხელს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობაზეც. ვეთანხმები იმაშიც, რომ ეს იგივეა, თანამედროვე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე მოეკლა!
დიახ, როცა ერის ისტორიულ მემკვიდრეობაზეა საუბარი, მნიშვნელობა არა აქვს მატერიალურ თუ სულიერ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე – ისინი თანაბრად ქმნიან ერის ღირსეულ ისტორიას. მითუმეტეს, საყდრისის ოქროს საბადო ქართველი ერის მრავალათასწლოვან ისტორიულ სიმდიდრეზე მეტყველებს.
საკმაოდ ობიექტურ კითხვას სვამს „საქართველოს სახალხო პარტია“, როცა თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს: „როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას?! როგორ შევძლოთ მათთან თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი?!“
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ამ ვანდალური აქტით „ქართულმა ოცნებამ“, ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ, საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი თავადვე გამოუტანა – მან საზოგადოების ნდობის რესურსი ამოწურა!
არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, სინამდვილეში არის თუ არა საყდრისის ოქროს საბადო მეტერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (თუმცა, სპეციალისტთა კვლევები ამას ადასტურებენ!), მან ანგარიში არ გაუწია საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის განწყობას, რომელიც თვლის, რომ ეს საბადო ერის თვითმყოფადობის ნაწილია და უნდა შევინარჩუნოთ!
ერთი რამ უდავოა - ამ ბარბაროსული ნაბიჯით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოსინჯა ქართველი ერის სულიერი მზაობა (დარჩა თუ არა მასში ღირსების ნატამალი) და უფრო დიდი „ნახტომისთვის“ ემზადება. თუ ერმა ეს გადაყლაპა, არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ ახალი „სიურპრიზების“ მოწმენი გავხდეთ!..
ის, რომ საყდრისის ოქროს საბადო ქართული თვითმყოფადობის ნიმუშია და ამ ბარბაროსული ქმედებით ხელისუფლების დანაშაულთან გვაქვს საქმე, პატრიარქის საკვირაო ქადაგებაში და საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშიც იკითხება.
ერის სულიერი მწყემსმთავარი მისთვის ჩვეული მოკრძალებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოავლინოს ამ კონკრეტული ვანდალური ჩანაფიქრის მონაწილენი და დასაჯოს ისინი. მისგან განსხვავებით უფრო კატეგორიულია საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ ქმედებით ხელისუფლებამ ერის მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობაზე აღმართა ხელი და საზოგადოების ვნებათაღელვაც არაფრად ჩააგდო!
მეტი რა უნდა თქვას საპატრიარქომ?
ცალკე საუბრის თემაა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, რომლებიც ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ და დღევანდელ ხელისუფლებას ანტიქართულ ქმედებაში ადამაშაულებენ. ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, როცა მიხეილ სააკაშვილი საყდრისის საბადოს აფეთქებას თალიბების მიერ ბუდის ქანდაკების იავარქმნას ადარებს და დღევანდელ მთავრობას ხალხის ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებაში ადანაშაულებს. ცინიზმად და ანაქრონიზმად აღიქმება სააკაშვილის შნირების „გალაშქრებაც“ კულტურის დღევანდელი მინისტრის წინააღმდეგ, რომელმაც საყდრისის საბადოს უძრავი ძეგლის სტატუსი მოუხსნა.
საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს საიას ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის„აღშფოთება“, რომელიც ძალიან შეწუხებულა საყდრისის საბადოს აფეთქებით.
კიდევ უფრო უჩვეულოა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ბ-ნირაკლი ალასანიას „შეუბრალებელი“ კრიტიკაც, რომელმაც დრო იხელთა, რომ დღევანდელი მთავრობის „ნამდვილი სახე“ წარმოეჩინა. საინტერესოა, ასეთ მკვეთრ განცხადებებს თუ გააკეთებდა იგი, მთავრობაში რომ ყოფილიყო?!
ამით იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი მთავრობის ბარბაროსული ქმედება ზოგიერთი ანტიქართული ელემენტის საჯილდაო ქვად იქცა, რომლის მიღმა ყალბი რიტორიკა და ფარისევლობა იმალება!
მე არც ერთი ქართველი არ მემეტება „გადასაგდებად“, მაგრამ, ერის სასიცოცხლო ინტერესებით სპეკულირება ანტიქართული ელემენტებისგან ჩემთვის მიუღებელია!
რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, როგორც იტყვიან, ერი და ბერი უნდა შეკავშირდეს და ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ჯერ კიდევ „ვსუნთქავთ“ და საკუთარ ისტორიულ თვითმყოფადობაზე უარს არ ვამბობთ.
ეს შეკავშირება უნდა გამოხატოს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი აქციით – უნდა გავაშიშვლოთ ფარისეველთა და ერის ინტერესების ხარჯზე გამდიდრების მსურველთა ნამდვილი სახე. ხელისუფლებას კი პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს ღირსებაზე თამაში საკმაოდ ძვირად დაუჯდება და იგი როგორც ანტისახელმწიფოებრივი გაერთიანება, უნდა გაქრეს პოლიტიკური ავანსცენიდან!
P.S. საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა კახა ბენდუქიძის ისტორიული ფრაზა: „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა“. მაშინ არავის უთქვამს მისთვის: როცა ყველაფერი იყიდება, სინდისი უკვე გაყიდულია. ეს ფორმულა დღევანდელ მანქურთებსაც კარგად მოერგებათ!
აქვე დილით წაკითხული სოსო სიმონიშვილის ფეისბუქსტატუსი მახსენდება, სადაც იგი საყდრისის აფეთქებით გამოწვეულ ტკივილზე საუბრობს და ფეისბუქმეგობრებს მოუწოდებს დაასახელონ ახალი მთავრობის ოპტიმალური შემადგენლობა.
მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ამ მოწოდებას სერიოზულად ვერ მივიღებ. რომელ ოპტიმალურ მთავრობაზე საუბრობ ბატონო სოსო ამ მარგინალიზებული და „ტყისკენ“ მომზირალი პარლამენტის და პრეზიდენტის პირობებში? ჩვენ არა მთავრობის განახლებაზე, არამედ, ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ამათი ადგილი არ უნდა იყოს!
იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ივანიშვილის ვალებიდან, თორემ ბიზნესმენის ფსიქოლოგიით მართულ ქვეყანას რა პერსპექტივა ემუქრება, საყდრისის მაგალითზეც კარგად დავინახეთ!
ზაურ ნაჭყებია