ახალი თაობა 16.10.2006
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით გაეროს მიერ ორი დღის წინ მიღებულ რეზოლუციას და რაზე მიანიშნებს ეს გადაწყვეტილება?
_ უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ეჭვის თვალით უყურებს (და ეს ძალიან ლოგიკურიც არის) საქართველოს ხელისუფლების ამ უაზრო სპექტაკლებს, ამ გაუწონასწორებელ, არათანმიმდევრულ ნაბიჯებს. ამ რეზოლუციით, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებას ყური აუწიეს. სამწუხარო ყოველივე ამაში ის არის, რომ ამას ეწირება საქართველო, ქართველი ხალხი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
_ გაერომ დაგმო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა?
_ დაგმობას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ, როდესაც ათით ნული შენს სასარგებლოდ უნდა იყოს და ფრეს გაგიკეთებს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეს უკვე უდიდესი დამარცხებაა, მით უმეტეს, რომ ეს რეზოლუცია არ არის ქართული პოლიტიკის მხარდაჭერის გამომხატველი რეზოლუცია ანუ, შეიძლება ითქვას, უნდა მოგვეგო სუფთაზე და წავაგეთ დიპლომატიური ომი და ბრძოლა.
_ მაინც რა დროს შეცდა საქართველოს ხელისუფლება, რა ვერ გათვალა?
_ საქართველოს ხელისუფლება იმ კუთხით, რა კუთხითაც ის ფიქრობს, შეცდომებს არ უშვებს. მისი მთავარი ფიქრი ამ შემთხვევაში არის ის, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, როგორ მოუგოს ოპოზიციას, როგორ დაამარცხოს ქართველი ერი და როგორ გახადოს უაპელაციო საკუთარი მმართველობა. ამ კუთხით სააკაშვილის ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს. კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო კანონმდებლობა თუ სხვა ღონისძიებები ამ პროცესს ნამდვილად უწყობს ხელს, მაგრამ საქართველოს განვითარებას, საქართველოს მომავალი ადგილის განსაზღვრას მსოფლიო თანამეგობრობაში და ხვალინდელი საქართველოს განვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. ამიტომ, ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას, ეს შეცდომაა თუ არა, პიროვნულ პლანში და ხელისუფლების _ ძალაუფლების ძალაუფლების მოპოვების კუთხით _ ის შეცდომას არ უშვებს. ეს არის თანმიმდევრული ქმედებები, ხოლო სახელმწიფოებრივი კუთხით ეს არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია.
_ ბატონო მამუკა, გაეროს რეზოლუცია ნიშნავს თუ არა იმას, რომ კარგა ხნით უნდა დავემშვიდობოთ აფხაზეთის დაბრუნებაზე ფიქრს?
_ არა, ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს.. ასეთ სავალალო მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩავვარდნილვართ. გამოსწორება შესაძლებელია და სასურველია, რომ დროზე მოეგოს ქართველი გონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების ხელში აფხაზეთი კი არა, შეიძლება თბილისიც დავკარგოთ.
_ ხელისუფლება მუდმივად საერთაშორისო მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს. ამ რეზოლუციამ ცხადყო, რომ დასავლეთი და ევროპა არც ისე მოხიბლულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით…
_ გამოიკვეთა ის, რომ სისულელეს მხარს არავინ დაუჭერს. გამოიკვეთა კიდევ ერთხელ ის, რომ არათანმიმდევრულ, გაუწონასწორებელ პოლიტიკას მხარს არავინ დაუჭერს. ამ რეზოლუციამ დაადასტურა, რომ დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოს ხელისუფლების ეს უაზრო ხუშტურები. დიპლომატიურ ენაზე ეს ისე ჟღერს, როგორც რეზოლუციაშია. თუ ამას ქართული ტერმინოლოგიით გავშიფრავთ, ეს დედის გინებაზე უარესია.
_ როგორ ფიქრობთ, რა კუთხით შეიცვლება საქართველოს საგარეო პოლიტიკა იგივე რუსეთთან მიმართებაში?
_ სამწუხაროდ, არ შეიცვლება, იმიტომ რომ მმართველობის ამ სტილის შეცვლა ავტომატურად არის მიბმული ამ ხელისუფლების მმართველობაზე. განა იმიტომ აკეთებენ ამას, რომ სააკაშვილმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ სხვანაირად ის ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს და საკუთარი ხელისუფლებისთვის ყიდის საქართველოს. იმავეს აკეთებდა შევარდნაძე. როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა უაზრო გარიგებები, ოღონდ მართვის ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და საქართველოსთვის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას იღებდა, თუნდაც ის რად ღირს, როდესაც 1993 წლის სექტემბერში მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს სოხუმიდან. ასეთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდა იმიტომ, რომ საკუთარი სკამი შეენარჩუნებინა. დღესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილი.
_ როგორ ფიქრობთ, მაინც რა გახდა გაეროს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი, რომ რუსი სამშვიდობოები ისევ დაეტოვებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე?
_ ყელში ამოუვიდა სააკაშვილის ხუშტურები. არავინ მოგცემს იმის უფლებას, რომ იცხოვრო გარკვეულ თანამეგობრობაში და არ გაითვალისწინო ამ თანამეგობრობაში მიღებული წესები და კანონები. არავინ მოგვცემს ჩვენ იმის უფლებას, რომ აქ ოპოზიციას სალაპარაკო მოუსპოს, ამისთვის ამხელა სპექტაკლს აწყობს კოდორში. არავინ აპატიებს იმას, როდესაც ასეთ გაუთვლელ და გაუაზრებელ ქმედებებს აწყობს იგივე რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან მიმართებაში. თუ იჭერ _ დაიჭირე, გაასამართლე და პასუხი აგებინე. თუ უკან უბრუნებ, მაშინ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე რატომ აკეთებ ამ სპექტაკლებს?! თუ ვინმეს დაჭერა გინდა, წადი და პირდაპირ დაიჭირე. მაინც უკანონოდ იჭერ, ადექი და თავიდან ბოლომდე ღიად ჩაატარე ეს პროცესი.
_ ანუ კვიციანთან დაკავშირებით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ განაპირობა ეს რეზოლუცია?
_ არა მხოლოდ ამან. ეს არის ყველაფრის ჯამი, რაც საქართველოში ხდება. კვიციანს რად უნდოდა სპეცოპერაცია კოდორში, თბილისში იყო ჩამოსული და, თუ დაჭერა უნდოდათ, თბილისში დაეჭირათ. სრულებით არ იყო საჭირო კოდორში ჯარის მოძრაობები და ა.შ. მით უმეტეს, რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია.. არავის უსვრია. ხელისუფლებამ გაავრცელა კადრები ჯარის შეყვანის შესახებ და ა.შ.
_ თავდაცვის მინისტრის პირობა გავიხსენოთ 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვედრასთან დაკავშირებით…
_ აი, თუნდაც ეს. რომც აპირებდე და ამას გეგმავდე, არ უნდა თქვა. ხომ შეიძლება ჟურნალისტების გარეშე გადაწყვიტო რაღაც. ამას არავინ გაპატიებს. პრაქტიკულად ამ განცხადებამ ერთი წლის განმავლობაში კოკოითს საშუალება მისცა, ყოველდღე დაედანაშაულებინა საქართველო საომარი მოქმედებების განახლების მცდელობაში. სხვათა შორის, ოქრუაშვილის ამ განცხადებას ადგილზე მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კოკოითს საშუალება მიეცა, თავისივე მომხრეების მილიტარიზება განეხორციელებინა და იმის შედეგია, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა კონფლიქტის ზონაში ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით. რა საჭირო იყო ეს განცხადებები? თუ აპირებ ისე გააკეთე. ქართველი ერი ისედაც დაგიფასებს ამაგს. თუნდაც იგივე აჭარის საკითხთან დაკავშირებულ ნაბიჯებს შევეხოთ. რუსეთთან გარიგება და ზედმეტად პასუხისმგებლობის აღება საჭირო არ არის.. დანიშნე ჯანსაღი არჩევნები ბათუმში და დამთავრებულია ნებისმიერი დიქტატორის ხვალინდელი დღე, მაგრამ გაურიგდა რუსეთს და არ გაურიგდა ქართველ ხალხს, გაურიგდა ამერიკელებს და არ გაურიგდა ქართველ ხალხს. ამ ადამიანებსაც ყელში ამოუვიდათ. გადამგდები არავის მოსწონს, არც რუსს და არც ამერიკელს. ელემენტარულად ეს რეზოლუცია ამის გამოხატულებაა. ეს გაფრთხილებაა _ თუ ასე გააგრძელებ, ასეთი შედეგი იქნება. ეს არის გაფრთხილება ქართველი ხალხის: მიხედეთ თქვენს მთავრობას!
_ ბატონო მამუკა, რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა, თქვენი აზრით, საომარ პროცესებში ხომ არ გადაიზრდება?
_ არა. ამის საშუალებას სააკაშვილს დღეს არავინ მისცემს. გახსოვთ, 2 წლის წინ ცხინვალში შევიდა. მაგრამ ამერიკელების მოთხოვნით ჯარი ისევ უკან გამოიყვანა.. ასე რომ, ომის დაწყების უფლებას სააკაშვილს არავინ მისცემს, მაგრამ იმ დაძაბულ სიტუაციაში, რომელიც დღეს რუსეთთან არის, აქ დაზარალებული ქართველი ხალხი აღმოჩნდება. ყველაფერი პიარზე არ უნდა ააგო. ეს საქართველოსთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. სააკაშვილმა, ისევე, როგორც შევარდნაძემ, შეიძლება თავს უშველოს.
_ დაბოლოს, გაეროს რეზოლუცია ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებისთვის ყურის აწევის ტოლფასია. როგორ ფიქრობთ, შეიცვლის სააკაშვილის ხელისუფლება არჩეულ კურსს?
_ ეს არის ორი მიმართულებით. პირველი _ ყურის აწევა სააკაშვილისთვის, მეორე _ გაფრთხილება ქართველი ხალხისა _ ნორმალურად მოიქეცითო. თქვენი ხელისუფლების ხუშტურების შედეგები საკუთარ თავს დააბრალეთ.