ახალი თაობა 20.09.2006
გამორიცხულია ვითანამშრომლოთ არჩევნებში მონაწილესთან
შორენა კოკორაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, მართალია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობთ, მაგრამ ალბათ წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ადევნებთ თვალს. როგორ აფასებთ პოლიტიკოსების აღებულ რიტმს და რა შედარებას გააკეთებდით იმ პერიოდის არჩევნებთან, როდესაც არჩევნებში უშუალოდ ღებულობდით მონაწილეობას?
_ ეს არჩევნები წინა პერიოდის არჩევნებს ბევრი რამით ჰგავს და ბევრითაც განსხვავდება. სამწუხაროდ, განსხვავდება იმით, რომ დღეს პრაქტიკულად არ არსებობს თითქმის არც ერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებისგან რაიმეთი განსხვავდებოდეს.
_ რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ ძირითად იდეოლოგიურ და პრინციპულ მიდგომებს. ყველა პოლიტიკოსი აღიარებს ფსევდო-დემოკრატიულ და ფსევდო-ლიბერალურ პრინციპებს. ოპოზიცია მონაწილეობს ყველა იმ სპექტაკლის წარმართვაში, რასაც ხელისუფლება გეგმავს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის რაიმე განმასხვავებელი ნიშნები არ არსებობს.
_ ეს მათი პასიურობიდან ჩანს?
_ ამ შემთხვევაში ფასეულობებზე ვსაუბრობ…
_ ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ჯერ კიდევ რევოლუციიდან აქვთ საერთო სულისკვეთება გამოყოლილი?
_ სწორედ ვარდების რევოლუციიდან გამომდინარეობს ყოველივე. დღევანდელი აქტიური პოლიტიკოსების უმეტესობა აღიარებს ერთი და იგივე ღირებულებებს. ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე შეიძლება ზოგიერთი გესიმპათიურებოდეს, მაგრამ საერთო იდეისთვის ბრძოლა რომ აშკარაა, ამასაც ყველა ხედავს. 1999 წლის არჩევნებზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, ჩუმათელეთში გაჩერებული აღორძინების ავტობუსები ჩავიდოდნენ თუ არა თბილისში და მისცემდნენ თუ არა უფლებას, ამ ავტობუსებს თბილისში ემოძრავათ. დღესაც ანალოგიური სიტუაციაა, საუბარი მიდის იმაზე, გაიმარჯვებს თუ არა არჩევნებში უგულავა, მისცემენ თუ არა ხიდაშელს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ა.შ. მთელი დავიდარაბა მიდის იმაზე, ვინ უფრო კარგად ასრულებს ვარდების რევოლუციის ლოზუნგებს, რამდენად ვარგა ეს, ამას აღარავინ კითხულობს. მინდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავინახო განმასხვავებელი ნიშნები ისეთ საკითხებში, როგორიცაა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი, განათლების სისტემის პრობლემები ან თუნდაც რელიგიის მიმართ მათდამი დამოკიდებულება.
_ კი მაგრამ, საქართველოში განსხვავებული იდეების მატარებელი პოლიტიკოსები აღარ არიან?
_ როგორ არ არიან…
_ გამოდის, რომ იმალებიან?
_ კი არ იმალებიან, უბრალოდ, ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ღებულობენ.
_ ფიქრობთ, რომ მხოლოდ შორიდან ყურებით რამე გამოვა?
_ ბევრი ჩვენგანი მიხვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არანაირ შედეგს არ მოიტანს. ე.წ. ოპოზიციამ არჩევნებში მოანაწილეობის მიღებით უფრო საინტერესო გახადა წინასაარჩევნო პერიოდი.
_ და თქვენ თვლით, რომ კამპანია საინტერესოდ მიმდინარეობს?
_ ასე გამოდის…
_ ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი უინტერესო არჩევნები აქამდე ჯერ არ ყოფილა…
_ თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა, როცა არც ერთი ოპოზიციური ძალა არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. პარტიის არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხის აწევას უფრო ემსახურება, ვიდრე რაიმე შედეგს. დღეს არჩევნების შედეგები წინასწარვეა ცნობილი.
_ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ აქტიურ მონაწილეობას როგორ აფასებთ?
_ სააკაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად აწიოს ემოციები და არჩევნები დრამატული გახადოს. ჩვენდა საბედნიეროდ, ყველა ხვდება, რომ დაპირისპირება ფარსია და ოპოზიციონერების უმეტესობა ცალკე, სეპარატისტულ მოლაპარაკებას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით, იქნებ ერთი-ორი კანდიდატურა მაინც გაიყვანონ. ესენი ხომ ყველანი ბედკრული მოქალაქეთა კავშირის შვილები არიან. ისინი ხომ ერთი ყლორტიდან არიან აღმოცენებულნი.
_ ამ ბრალდებას ლეიბორისტული პარტია ნამდვილად არ მიიღებს.
_ ლეიბორისტები ნამდვილად გამონაკლისები არიან, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის. ხალხი აღშფოთებულია, თუმცა მათ ვერანაირი ორგანიზაციული ფორმა ვერ მოძებნეს.
_ გამოდის, რომ ეს იმ პოლიტიკოსების ბრალია, ვინც პასიურობს…
_ დიახ, ჩვენი ბრალია. ყველა ცალ-ცალკე გამოვთქვამთ პროტესტს და ის, რომ პროტესტი ერთიან ენერგიად ვაქციოთ, ამაზე აღარ ვფიქრობთ.
_ ორგანიზებას ხომ გარკვეული ფინანსებიც სჭირდება?
_ ამას უპირველეს ყოვლისა, ნება სჭირდება, ფინანსები თავისთავად მოვა. სწორედ ამაშია უბედურება, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია ჯერ ფინანსებს ეძებს, შემდეგ გზას. რეალურად პირიქით უნდა ხდებოდეს. ეროვნულ მოძრაობაში ვისაც აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ კარგად იციან, რომ არანაირი ფინანსები არ არსებობდა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩნდებოდა კიდეც. ვინც სწორ გზაზე დგას, მას შედეგი აუცილებლად დაუფასდება.
_ საზოგადოება აცხადებს, რომ ქუჩაში დგომით და მოტყუებით დაიღალა…
_ დავიღალეთ მოტყუებით, სიმართლით ხომ არ დავღლილვართ. ხალხი არ დაიღალა 1988 წლის ნოემბერში, როცა შიმშილობდა; არ დაღლილა მაშინ, როცა თვეობით უწევდა სამართლიანი ლოზუნგების ქვეშ დგომა და როცა თავისუფლების მოედნიდან ჭავჭავაძის გავლით ვაჟა-ფშაველაზე ვბრუნდებოდით. ის, ვინც სიმართლეს ემსახურება, არ დაიღლება. მაგრამ თუ მიტინგზე ისე მიდიხარ, როგორც სამსახურში და ამის სანაცვლოდ ჯამაგირს გიხდიან, ბუნებრივია დამღლელია. სხვის სამსახურში ყველა იღლება.
5 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები რეალურად ემსახურება იმას, რომ მოქალაქეებს ჩაუკლან იმედი, არჩევნების გზით რაიმეს გადაწყვეტა შესაძლებელია.
_ თქვენ მიდიხართ არჩევნებზე?
_ ალბათ არ წავალ…
_ პროტესტის ნიშნად?
_ არ მინდა შემოთავაზებული სპექტაკლის მონაწილე გავხდე რაიმე კუთხით. ჩემს არწასვლას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, შედეგები ისედაც წინასწარაა ცნობილი.
_ აპირებთ რაიმე პროტესტის ფორმას მიმართოთ?
_ მათთან, ვინც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, გამორიცხულია ვითანამშრომლოთ, მაგრამ იმ ადამიამებთან, რომლებმაც იციან, სად არის ჭეშმარიტება, მზად ვარ, დავდგე ქართული საქმის კეთილდღეობისთვის.