ახალი თაობა 7.11.2006
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რუსეთის მხრიდან გაზის საფასურის გაზრდაზე რას იტყვით, არის თუ არა 230 დოლარი პოლიტიკური ტარიფი?
_ ეს არის პოლიტიკური ტარიფი. მაგრამ რას ვდებთ ჩვენ ამ სიტყვაში? ეს ისეთი საკითხია, რომელიც ცოტა სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. არა იმიტომ, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა დაძაბული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ხელისუფლება გვყავს. ეს ტარიფი პრაქტიკულად ამ ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგია.
_ რა გაქვთ მხედველობაში?
_ ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, როცა გაზის მოსალოდნელ გაძვირებას მთავრობის სხდომაზე აცხადებდა, რომ ამ კმაყოფილებას ვერ მალავდა. მთელი უბედურება სწორედ ეს არის. ჩვენს ხელისუფლებას აწყობს, რომ `გაზპრომის~ მხრიდან ტარიფი გაიზარდა.
_ რატომ აწყობს საქართველოს ხელისუფლებას გაზის ტარიფის გაზრდა?
_ იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მათ პირად ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამით დაინტერესებულები არიან, რადგან აქედან მათ უფრო დიდი ფული რჩებათ. მთელი უბედურება სწორედ ეს არის და აქ არაფერ შუაშია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. ეს არის რუსეთ-საქართველოს ხელისუფლების გარიგება რუსი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
_ ანუ შეგნებულად არის გათამაშებული ის ფონი, რომელიც დღეს ამ ორ ქვეყანას შორის არის?
_ ეს შეგნებულად გაკეთდა. თუნდაც ტექნიკური მხარე ავიღოთ: გაზის მომწოდებელიც, მიმღებიც და ტრანსპორტიორიც რუსული ფირმაა. პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად თანამშრომლობენ რუსეთთან. საზოგადოებას ასეთი პიარ-კამპანიის ფონზე რატომღაც ავიწყდება, რომ არც ერთ პრინციპულ საკითხში არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთის ინტერესების შეუსაბამო. ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ დააფინანსა რუსეთმა ჟვანია-სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა. თუნდაც ნულოვანი ვარიანტი ავიღოთ, რომელიც დღეს საზოგადოებას რატომღაც დავიწყებული აქვს. სწორედ ნოღაიდელის და ამ ხელისუფლების აქტიური ქმედებების შედეგად საქართველომ უარი თქვა თავის წილზე საბჭოთა ქონებიდან, ე.ი. ჩვენ დავუთმეთ საქართველოს მოსახლეობის წილი (ჩვენი ბებია-ბაბუების შრომის შედეგად დაგროვილი ქონების ნაწილი) რუსეთს. არავის დაუსვამს საკითხი, რატომ მოხდა ეს, რატომ იაქტიურა ასე ნოღაიდელმა? თუ გახსოვთ, ამ დათმობის მოტივი იმდენად სასაცილო იყო, რომ თურმე რუსეთი არ გააკეთებდა ჩვენი ვალის რესტრუქტურიზაციას. შემდგომ პერიოდებშიც, როდესაც პრაქტიკულად რუსეთი გამოცხადებულია საქართველოს ნომერ პირველ მტრად, სინამდვილეში ძირითადი ენერგოობიექტები რუსეთს მივყიდეთ. პრაქტიკულად, საქართველოს გამგებლობაში არ არის არც ერთი ობიექტი, რომელსაც ის აკონტროლებს და რომელშიც არ არის რუსული კაპიტალი. არადა, რუსული კაპიტალი არ არის თავისუფალი კაპიტალი, ეს არის რუსეთის სახელმწიფო კაპიტალი, ვგულისხმობ `რაოესს~, `გაზპრომს~. ესენი ხომ სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ჩვენ პრაქტიკულად რუსეთის სახელმწიფოს მივეცით ეს ქონება და დღეს ვსაუბრობთ გაუგებარ თემებზე _ რუსეთი თავისუფლებისთვის გვსჯის და ა.შ. ასეთი შეურაცხყოფა სიტყვა `თავისუფლებისთვის~ და იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლებას შეეწირა, არავის მიუყენებია.
_ თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ რუსეთი დღეს იმას ითხოვს, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაპირდა…
_ ეს ხალხი არის რუსეთის მომსახურე ადამიანები. საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე რუსეთს ემსახურება. რუსეთის ინტერესების განხორციელება ხდება დღეს. უბრალოდ, ვსვამ კითხვას, რატომ გადაიხდიდა რუსეთის მთავრობა ფულს თუნდაც 1999 წელს ჟვანია-სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად? რატომ დარბოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი სააკაშვილის მიტინგებზე? რა გარანტია მისცეს რუსებმა თუნდაც 2 წლის წინ ბათუმში დატრიალებული მოვლენების დროს? თუ რუსეთი ჩვენი მტერია, რატომ მივყიდეთ რუსულ სახელმწიფო კაპიტალს ჩვენი ენერგოსისტემა? ვის ვატყუებთ?! ეს პრაქტიკულად არის რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება.
_ ანუ საქართველოს ხელისუფლება იტყუება, როცა რუსეთის მისამართით მკაცრ შეფასებებს და განცხადებებს აკეთებს?
_ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის გენოციდი მოაწყოს. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი. ელემენტარულად, ამ მხრივ წაგებაში არც რუსეთია და არც ის ფირმა, რომელიც გაზს გვაწვდის, არც საშუამავლო ფირმები და არც საქართველოს ხელისუფლება. წაგებაში არის მხოლოდ ქართველი ხალხი, ვინც გადარჩება, გადარჩება, ვინც არადა, გაწყვეტილან ერთ დღეს _ ეს უნდათ სწორედ ამათ. ეს ხელისუფლება ამიტომ არის მოყვანილი. თავი რომ დავანებოთ სულიერების, ცნობიერების აგრესიას, ოკუპაციას და იმ ანექსიას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქართული ცნობიერების წინააღმდეგ, ფიზიკურადაც კი შეუძლებელს ხდიან ჩვენს არსებობას.
_ ხელისუფლების ანტირუსული განცხადებები დსავლეთის თვალის ასახვევად კეთდება?
_ დასავლეთი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. გაეროს რეზოლუცია და ევროკავშირის განცხადება ამის ნატელი დადასტურებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რომ აქებდეს, ეს ყველაფერი ხომ გაიშიფრებოდა. ეს არის ბლეფი, აფიორა იმისათვის, რომ არ გაიშიფროს მათი პირადი ინტერესები. აბა, სხვანაირად როგორ შეეძლოთ შეეკავებინათ ის გაჭირვება, რომელიც დღეს არის საქართველოში. დღეს გეუბნებიან, როგორც კი ყურძნის ფასზე პროტესტს გამოთქვამ, რუსეთის აგენტი ხარ, გაზის გაძვირებაზე როგორც კი ქუჩაში გამოხვალ, რუსეთის აგენტი იქნები, რადგან თურმე ეს არის თავისუფლების ფასი. რომ არ იყოს ასეთი სიტუაცია შექმნილი და ასეთი ფსიქოზი, მაშინ ელემენტარულად კახელი გლეხი იტყვის: მე ვიშრომე, თუ გინდა, იყიდე იმ ფასად, რაც მე მიღირს. თუ გახსოვთ, სალარო-აპარატების გამო რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მათაც რუსეთის აგენტები უწოდეს. ხელისუფლების პოზიცია ასეთია: ასეთ გართულებულ სიტუაციაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა ქვეყნის ღალატია. შევარდნაძემ აფხაზეთში ომი იმიტომ დაიწყო, რომ ხელისუფლება გადაერჩინა. ეს ფსიქოზი შეგნებულად არის განხორციელებული. მე ვსვამ კითხვას, რა იზარალეს უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში? _ არაფერი. რა, თავი შეიწუხა რამეზე, იზრუნა ვინმეზე, დეპორტირებულს ფულადი კომპენსაცია გაუკეთა თუ რა? რითი დაიცვა ხელისუფლებამ ქართველი მოსახლეობა? დისკომფორტი შეექმნა მხოლოდ მოსახლეობას. დღეს ერთ მხარეს არიან იქიდან რაგოზინები და ტვინგახურებული პოლიტიკოსები, რომლებსაც ამაში ფულს უხდიან, მეორე მხარეს _ არანაკლები ტვინგახურებული ქართველი პოლიტიკოსები აჟიოტაჟს ქმნიან და პრაქტიკულად ერებს კიდებენ ერთმანეთს. ეს ხალხი მარტო ერთაშორის შუღლის გაღვივებისთვის არის დასაჭერი. დღეს ხელისუფლების მოქმედებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. თუ რუსეთი ჩვენი მტერია, მაშინ რა გვინდა დსთ-ში? ამიხსნას ვინმემ! თუ რუსეთი ჩვენი მტერია, რატომ მიდის სააკაშვილი მტერთან, რა, დემეტრე მყავს თავდადებული?!
_ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს……
_ რა ტრიბუნა. ეს არის ძალიან სუსტი დემეგოგია. რა, თბილისიდან ვერ გააგონებენ მთელ მსოფლიოს სათქმელს? ეს არგუმენრი ძალიან უსუსურია. სააკაშვილი რუსეთში უნდა ჩავიდეს და უნდა ჩავიდეს თუნდაც იმ ზოგიერთი უზრდელობის გამო, რომელიც მან პუტინის მიმართ იკადრა. ამაზე პრეზიდენტს ბოდიში აქვს მოსახდელი.
_ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი რუსეთში ბოდიშის მოსახდელად ჩადის?
_ აბა, რისთვის ჩადის. სააკაშვილი ბოდიშს მოიხდის თუ არა, ეს პოლიტიკაზე არ იმოქმედებს. რუსეთი საკმაოდ სერიოზული სახელმწიფოა. პუტინი გადაწყვეტილებას ემოციაზე არ მიიღებს. სააკაშვილი პუტინს მაინც ემსახურება და ამ კურსს ის მაინც გააგრძელებს. სააკაშვილი ხანდახან ვერ ზომავს ამ თამაშში და ისეთი რამ წამოსცდება ხოლმე, რასაც შემდგომ ნანობს. ბუნებრივია, ახლა პუტინთან შესახვედრად ესწრაფვის. ამიტომაც გააგზავნა ბეჟუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
_ როგორ ფიქრობთ, შეხვდება პუტინი სააკაშვილს?
_ ამას დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთს აქვს თავის პოლიტიკა საქართველოში და ამას სააკაშვილის ხელისუფლების ხელით წარმატებით აკეთებს.
_ ოფიციალური რუსეთი დაძაბული ურთიერთობის მიზეზად სააკაშვილს ასახელებს და მიაჩნია, რომ მან ხელისუფლება უნდა დატოვოს…
_ ბუნებრივია. რაგოზინი, ჟირინოვსკი და ზატულინი რომ სააკაშვილს აგინებენ და ამით სააკაშვილის რეიტინგი იზრდება საქართველოში, ამას ხომ ყველა ამჩნევს. როგორ გგონიათ, რუსეთში სულელები სხედან და ამას ვერ ხედავენ?! ერთი ქმედება მაინც დამისახელეთ რუსეთის მხრიდან, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ოდნავ მაინც შეარყია ადგილზე, ვერ დამისახელებთ. ეს განცხადებები პიარია, თამაშია და ყველამ კარგად ვიცით. ამ ურთიერთობით ყოველთვის ხალხი ზიანდება. საქართველოს ხელისუფლებას კი ეძლევა შანსი, რომ საკუთარი უკანონობები, კორუფციული გარიგებები და პირადი ინტერესები გადააბრალოს რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას და ქვეყნის წინაშე თავი გაიმართლოს.