ახალი თაობა 20.12.2006.
ნათია ხურცილავა
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც ოპოზიციამ ძალიან მკვეთრი შეფასებები გააკეთა. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებას ვგულისხმობ…
_ ეს ძალიან ნათელია. ხელისუფლებას აქვს ზუსტი ინფორმაცია. ერთი ინფორმაცია, რასაც საზოგადოებას ეუბნებიან, პრესით და ტელევიზიით უკეთებენ ტირაჟირებას და მეორე ზუსტი ინფორმაცია, მათ იციან, რომ მათი რეალური რეიტინგი არც ისე მაღალია საზოგადოებაში. მათ ნახეს ადგილობრივი არჩევნების შედეგები მაშინ, როდესაც რეალური კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყოლიათ. მიუხედავად ამისა, მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების დარწმუნება და პრაქტიკულად მიიღეს დაბალი შედეგები. თავისთავად ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, ასევე ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი თანხები დაჯდა ეს არჩევნები, ამაზე მეტყველებს. პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს რეიტინგი, ხელისუფლების არცერთ სხვა წარმომადგენელს არ აქვს მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა. პრეზიდენტს პირადად უწევდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ყველა სოფელსა და რაიონში. ხელისუფლებამ გააანალიზა ეს ვითარება და მიხვდა, რომ ორი არჩევნების ჩატარება ასეთ რეჟიმში მათ არ შეუძლიათ. მაინც სააკაშვილის ჩასატარებელი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაინც მან უნდა ირბინოს. უნდა დახარჯონ ძალიან დიდი თანხები, ორჯერ ჩაატარონ ეს სპექტაკლები, მაგრამ ხვდებიან, რომ ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე სპექტაკლის ჩატარებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს რიგით მეორე არჩევნების შედეგები. ეს მეორე არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებია. ამიტომ გადაწყვიტეს, სირცხვილ-ნამუსზე ისედაც აქვთ ხელი აღებული და ერთხელ გააკეთონ ყოველივე. ასევე რაიმე მოტივი ხომ უნდა ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნების გადატანისა, შესაბამისად, ამ ცვლილებით პარლამენტის ვადის გახანგრძლივება მოხდა. პრაქტიკულად ეს ცვლილებები მოირგეს საკუთარ თავზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ საკუთარი წარმატება.
_ თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თანაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთში 2008 წელს ჩასატარებელ არჩევნებს უკავშირებენ…
_ ძალიან რთულია, ასეთ სისულელეს კომენტარი გავუკეთო. იქნებ სადღაც არის კიდევ მარტში არჩევნები და კიდევ გადავიტანოთ. მსგავს სისულელეებზე საუბარი რთულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არანაირი არგუმენტი, არანაირი სერიოზული, ლოგიკური მსჯელობა ამ ადამიანებს არ შეუძლიათ. ისინი ხვდებიან, რომ მათი დღეები დათვლილია. უბრალოდ, აქ არის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს არ ჩანს კონკურენტი, ხვალ ეს კონკურენტი აუცილებლად გამოჩნდება. შესაბამისად, დამფრთხალები და დაშინებულები ხელისუფლების დაკარგვით, ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. არა მარტო ხელისუფლების დაკარგვაზეა საუბარი, საუბარია იმაზეც, რომ ის კანონები, რაც მათ შემოიტანეს სხვების წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგაც ამუშავდება. დაჭერები, ფულის წართმევები, კერძო ქონების ნებაყოფლობით ჩაბარებები ხომ მათაც მოუწევთ. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ და პრაქტიკულად შექმნილი მოვლენების გამო ედუარდ შევარდნაძემ დაუთმო ხელისუფლება, გრძნობენ, რომ ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომ შიში ალაპარაკებს მათ ასეთ სისულელეებს.
_ ბატონო მამუკა, როდესაც თქვენ ამბობთ, ხელისუფლება დამფრთხალია, შემცვლელი ძალა არ გამოჩნდესო, მართლაც შეიძლიება გამოჩნდეს რეალური ძალა, რომელმაც შესაძლოა იმ სკამებს შეუქმნას საფრთხე?
_ ბუნებრივია, ეს ძალა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოჩნდება. დღეს თუ საერთაშორისო თამანეგობრობა რაღაცეებზე თვალს ხუჭავს, ხვალ ვერ დახუჭავს. როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკა ლობირებს ჩვენს ნატოში მიღებას, მინდა ვთქვა, რომ არამყარი დემოკრატიის ქვეყანას ვერ მიიღებენ ნატოში. ამიტომ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თვითონ მათ დასჭირდებათ აქ მყარი დემოკრატია. ამ შემთხვევაში კი, იმ ადამიანების ადგილი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ნამდვილად არ არის. ასევე ქართველი ხალხი ჯერ ისე არ დაცემულა და გამოფიტულა, რომ შესაბამისი პასუხი არ გასცეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი უბედურება დატეხეს თავს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება მზად არის საიმისოდ, რომ მათ წინააღმდეგ გაილაშქროს. დღეს პრობლემა არის ის, თუ ვინ აიღებს თავის თავზე საზოგადოების მობილიზებას. ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიმდინარეობს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებსაც ძალუძთ ამ ამოცანის შესრულება. ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანები გამოჩნდებიან და ამიტომაც ეშინიათ. სხვანაირად ვერ აიხსნება ამათი მოქმედებები. რაც შეეხება იმ თამაშს, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუსეთთან, ვინც ჩახედულია, მათ ოდნავ მაინც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერით მოვიდა ქვეყნის სათავეში. შესაბამისად, ხდება იმ თამაშის მაქსიმალური გამოყენება, რომელიც ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს. ყურძნის ფასის აწევაში თურმე რუსეთია დამნაშავე. ასევე, თუ ვინმე პროტესტს გამოთქვამს, ის რუსეთის აგენტია. თუ გაზის ფასს გააპროტესტებ, რუსეთის კაცი ხარ.
_ ანუ რა ხდება, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია და მეტი არაფერი?
_ დიახ, სპექტაკლია და მეტი არაფერი. ძალიან კარგად თანამშრომლობენ რუსეთთან. პრაქტიკულად, ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ჩააბარეს. არანაირი დისკომფორტი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისთვის არ შეუქმნია და, თუ შექმნა, ეს არის მხოლოდ პიროვნული მომენტი. ეს თამაში, სააკაშვილის გაუწონასწორებელი ხასიათის გამო, ხანდახან უზრდელობაში გადადის. ამ უზრდელობას, ბუნებრივია, მას ვერავინ აპატიებს და, შესაბამისად, ისე გაიხადეს საქმე, რომ ლიფტთან პუტინმა ხელი რომ ჩამოართვა, ეს დიდ წარმატებად ჩათვალა სააკაშვილმა. მაგრამ, როგორც არ უნდა გაღიზიანდეს რუსეთის ხელისუფლების ესა თუ ის ხელმძღვანელი, თამაშის ეს ფორმა, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა, არ შეიცვლება. დღეს რუსეთს ჰყავს თავისი ყველაზე ერთგული მომხრეები საქართველოს ხელისუფლებაში. ანტირუსული ისტერიის ფონზე, ერთი მხრივ, ემსახურებიან რუსეთს და, მეორე მხრივ _ იმყარებენ საკუთარ მდგომარეობას. ისეთი ბედნიერი სახით აცხადებდნენ გაზის ფასის გაძვირების შესახებ, რომ კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
_ თუმცა ამბობდნენ, ეს თავისუფლების საფასურიაო…
_ ეს ცინიზმი, აგდებული დამოკიდებულება თავისუფლებისა და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებას შეეწირნენ, შეურაცხმყოფელია. რომელ თავისუფლების საფასურზეა საუბარი. ძალიან ამაყია ეს ხელისუფლება დაღუპული ქართველების ცხედრებთან. ხშირად აქვს ეს სიამაყე ბურჯანაძეს, მაგრამ რა გააკეთა მან იმისთვის, რომ ეს ადამიანები იქ არ დაღუპულიყვნენ?! იმ ადამიანების ტრაგედია ამ ხალხის კისერზეა. ან აქ ჩამოსულებს რა გაუკეთა, განსაკუთრებულად დაეხმარა?! ეს არის დასაფლავების, კომისიის შექმნის სპექტაკლები. ვინ დაუჯერებს ამათ, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნავენ, როდესაც თბილისში მცხოვრებ ქართველებს უკანასკნელ ლუკმას ართმევენ.