რატომ დამკვიდრდა ცნება „საზოგადოების“ უპირატესობა ცნება „ერზე“

mamuka 333

მართალია, ჩვენ დასავლეთს ერთიან სივრცედ მოვიაზრებთ, მაგრამ უკრაინის ომმაც გამოკვეთა, რომ დასავლეთში, სულ მცირე, ორი ცენტრია, რომელთა ინტერესები ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ, არ ემთხვევა: ანგლოსაქსები (აშშ-დიდი ბრიტანეთი) და კონტინენტური ევროპა (გერმანიამ და საფრანგეთმა, ფაქტობრივად, დაკარგეს ევროკავშირში ლიდერის პოზიციები). მეორე მხრივ, უკრაინაში ომით, ანგლოსაქსური მიმართულება უფრო დამაჯერებლად გამოიყურება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ევროკავშირი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება აშშ-ზე და ახლა, ვფიქრობ, ყველაზე ნათელია, თუ რატომ დატოვა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი (რაც უნდა, ხალხის ნებით შეიფუთოს ეს აქტი). ანგლოსაქსებისა და კონტინენტური ევროპის ინტერესთა დაუმთხვევლობა სამხრეთ კავკასიაშიც ჩანს: საფრანგეთი აშკარად უჭერს მხარს სომხეთს, საქსები კი უფრო აზერბაიჯანისკენ იხრებიან. ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– თითქოს რუსეთი-ირანი-თურქეთი არ გვეყოფოდა, ამას დაემატა თვით დასავლეთის ორი განსხვავებული ინტერესიც. როგორია ამ ფონზე ჩვენი მდგომარეობა?

– საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების არ შეცვლილა და საერთოდ, მსოფლიოს პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების ცვლილებას სჭირდება საუკუნეები, დიდი კატაკლიზმები, კარდინალური ცვლილებები… ეს პროცესი ბუნებრივად მიდის და რამდენიმეშრიანია. არის ცივილიზაციებს შორის ურთიერთობის გარკვევა, დავუშვათ, კოლექტიურ დასავლეთსა, რომელშიც მოიაზრებიან ანგლოსაქსები, კონტინენტური ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, როგორც ამ სივრცის ნაწილი და კოლექტიური აღმოსავლეთს შორის, მაგრამ თითოეული ეს ცივილიზაციური სივრცე კიდევ ქვესივრცეებად იყოფა და ეს ბუნებრივია. რა შეღავათი იყო საქართველოსთვის, თუ თურქეთი და ირანი ერთმანეთს უპირისპირდებოდა, როდესაც ორივეს ჰქონდა პრეტენზია საქართველოსთან?! ამდენად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცივილიზაციის შიგნით მიმდინარე პროცესი სხვა არის, რეგიონებს შორის მიმდინარე პროცესი სხვა არის, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები კი – სხვა. ამის ნათელი მაგალითია ისრაელის გარშემო მიმდინარე პროცესები, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ისრაელი და მეორე მხარეს არის მთლიანი არაბული და ისლამური სამყარო.

– 500-მილიონიან მტრულ გარემოცვაშია და ჩვენ კიდევ რუსეთზე ვწუწუნებთ.

– დიახ, მაგრამ, ნახე, როგორაა?! გარკვეულ არაბულ ქვეყნებთან აბრაამის ხელშეკრულების ფარგლებში წარმატებით მუშაობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთშრიანი გარემო არ არსებობს. ისევე, როგორც ევროპაში აღმოსავლეთ ევროპის ინტერესი სხვა არის, ასევე, კონტინენტურ ევროპაში რამდენი საუკუნეა, საფრანგეთი და გერმანია კონკურენტები არიან; რამდენი საუკუნეა, ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის კონკურენტია ბევრ საკითხში. დღეს დომინანტის როლი აღარ არის, მაგრამ ერთ დროს პორტუგალია იყო ყველაზე დიდი იმპერია და ვხედავთ, რამდენი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს პორტუგალიურად?!

– ეს უკავშირდებოდა სხვადასხვა კონტინენტს იმდროინდელ წარმატებულ აღმოჩენებს.

– რა თქმა უნდა. ამდენად, ეს ყოველთვის იყო და, ბუნებრივია, იქნება. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ინტერესები, ჩვენ რა გვინდა. როდესაც ვამბობთ „ქართველი ერი“, რას ვგულისხმობთ?! შემოგვაპარეს ცნება საზოგადოების უპირატესობა ცნება ერზე. არადა, საზოგადოება არის დღეს მცხოვრები, დღეს კონკრეტული კერძო ინტერესით მოქმედი ადამიანები, მაშინ, როდესაც ერი გულისხმობს ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დღეს მივიღოთ ჩვენთვის, თუნდაც, კომფორტული გადაწყვეტილება და არ გავითვალისწინოთ წინაპრებისა და მომავლის ინტერესები. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? დღეს თითოეული ჩვენგანი ცდილობს, რომ თავის შვილს შეუქმნას კომფორტული გარემო, ამისთვის ვიდებთ ვალს და ძალიან უკიდურესი მდგომარეობა თუ არ შეიქმნა, სახლი შევუნარჩუნოთ. როგორ?! ჩვენ არ შეგვიძლია, გავყიდოთ ეს სახლი, დრო გავატაროთ და შვილმა თვითონ იზრუნის თავის ცხოვრებაზე?!

– ქართველი ქალბატონები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, ინახავენ ფუძეს, თავიანთ სახლებს და მეტიც, შვილებისთვის ახალ სახლებს ყიდულობენ აქ, საქართველოში.

– დიახ, რატომ წავიდნენ?! სახლებს ყიდულობენ აქ, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს ჰქონდეთ, ანუ მარადიულ ყოფაზე ფიქრობს ადამიანი. ადამიანი არ ფიქრობს წამიერ გატაცებაზე, მან მარადიულზე უნდა იფიქროს და, შესაბამისად, როდესაც ერზე ვლაპარაკობთ, ასევე უნდა მოვიქცეთ. ჩვენი სახლი საქარათველოა, ქართველებს სხვა სამშობლო არ გვაქვს და იმისთვის, რომ ეს სამშობლო ჩვენამდე მოღწეულიყო, ჩვენზე ღირსეული ადამიანების მთელი კოჰორტა, მილიონობით ადამიანი ჩაწვა მიწაში; იმისთვისაც, რომ მე და თქვენ ამაყად გვევლო ამ ქვეყანაში და გვქონოდა დაბადებითი უპირატესობა: დაბადებით ვარ საქართველოს მოქალაქე. კოტე აფხაზი და მისი თანამებრძოლები ამიტომ წავიდნენ ტყვიაზე. კოტე აფხაზს შეეჯლო, წასულიყო უცხოეთში, ეხვეწებოდნენ და იმდროინდელ ხელისუფლებასაც უნდოდა, რომ გაეშვა აქედან. მაგრამ არ წავიდა, სისხლი დაღვარა, რომ ჩვენთვის სამაგალითო ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მთა იქნება, ტყე თუ კულტურული მემკვიდრეობა გავყიდოთ და გავანიავოთ. შეიძლება, ეს კომფორტულია დღეს და დღევანდელმა ქართველებმა, თუ ამას გავაკეთებთ, კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ ეს არის შთამომავლობისთვის. ამდენად, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, დღევანდელ ქართველებს როგორი დამოკიდებულება გვაქვს იმ ღირებულებათა სისტემასთან, რასაც თავი შესწირა უამრავმა ჩვენმა წინაპარმა. ვახტანგ გორგასალმა, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ჩამოაყალიბა ღირებულებათა სისტემა, რომელიც განამტკიცა დავით აღმაშენებელმა. როგორ შეიძლება, იამაყო თამარით და არ გქონდეს კავშირი მის ღირებულებათა სისტემასთან?! როგორ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ ქრისტიანები ვართ და წმიდა ნინოსთან არ გვქონდეს კავშირი?! იმიტომ რომ ეს უწყვეტი ჯაჭვია. გასული საუკუნის 30-40-50-ანი წლების დისიდენტები ჩემთვის სამაგალითონი იყვნენ, 1977 წელს რომ ეს საქმიანობა დავიწყე, მაშინ სხვა ეპოქა იყო, ცოტა უფრო ლმობიერი იმასთან შედარებით, რაც ადრინდელებმა გამოიარეს. როდესაც ლიზიკო ქავთარაძეს, 28 წელი რომ ციხეში გაატარა, ჩვენ, პატარა ბიჭები, სადღეგრძელოში ვეტყოდით, რა მაგარი ხართო, დახრიდა თავს და გვეტყოდა, მე ვინ ვარ, ვერა ასათიანი გენახათ, როგორი იყოო. აი, ეს ბმა თუ არ გაქვს წარსულთან ვერც მომავალთან გექნება ბმა.

– ყოველთვის მახსოვს, რომ მაცვია ისე, როგორც მაცვია, რომ ვლაპარაკობ ისე, როგორც ვლაპარაკობ, რომ ვიქცევი ისე ლაღად, როგორც ვიქცევი, ეს ჩემი წინაპრების დამსახურებაა. მათ იბრძოლეს ამისთვის.

– თუნდაც, ის, რომ ჩვენ წმიდა ნინომ, ერთმა პატარა გოგონამ, გაგვაქრისტიანა, ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორ შეიძლება, საქართველოში რამე პრობლემა იყოს სქესთა შორის?! ვინც ამას არ გააკეთებს, მარტო დემოკრატიულ პრინციპებს კი არ ღალატობს, წმიდა ნინოს წინააღმდეგ მიდის, თამარის წინააღმდეგ მიდის!

– მე არ მახსენდება მსოფლიო ისტორიაში, ქალი ისე დაეგლიჯოთ, როგორც ქეთევან დედოფალი.

– რა თქმა უნდა. თუ ბმა არ გაქვს ქეთევანთან, შეგიძლია, ქალი სცემო, მაგრამ, თუ ბმა გაქვს, შენს თავს ვერ მისცემ უფლებას, ოდნავ მაინც უხეშად მოეპყრო ქალს. ნახე, რა მოწიწებაა?! ცხრა ძმა ხერხეულიძის დედამ, სანამ მისი ბიჭები ფეხზე იდგნენ, ვერ იკადრა და ისინი რომ დაეცნენ, მერე აიღო დროშა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნულ ღირებულებებზე, აი, ესაა ეროვნული ღირებულებები. ამიტომ ამ საკითხზე საუბრისას უნდა ჩამოვყალიბდეთ, ჩვენ, როგორც ერს, რა გვინდა. ის კი არა, რა არის ოპოზიციისა თუ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ვიწრო, კლანური ინტერესი, არამედ ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვუყურებთ პერსპექტივაში ჩვენს თავს, როგორ გვინდა, რომ გვიყურონ და ამისდა მიხედვით, როგორი სუბიექტი ხარ მოედანზე, ამით განსაზღვრავ შენს დამოკიდებულებას და შენდამი დამოკიდებულებასაც. თავის დროზე, როდესაც ბრიტანეთმა ჟორდანიას თანამშრომლობა შესთავაზა, იმპერიალისტური სახელმწიფოა და კავშირი არ გვინდაო, გერმანიასთან კი დაამყარეს ურთიერთობა, იმიტომ რომ რესპუბლიკააო. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ქართველი ხალხის სახელით, მაგრამ არ ვცდილობთ, ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის მიხედვით ერის დღევანდელი დღის ამოცანა დავსახოთ. რატომ? იმიტომ რომ თითოეულს ჩვენ-ჩვენი ინტერესი გვაქვს და თუ აშკარად გამოჩნდება, რა არის ერის ინტერესი, უკვე გაიშიფრება თითოეულის მოღალატური თუ არასწორი საქციელი. ამიტომაცაა, რომ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რა ხდება გარეთ და არა იმას, სად არის ქართველი ერის ინტერესი. ფარნავაზმა გადაწყვიტა ჩვენი ინტეგრირება იმ ცივილიზებულ სამყაროსთან, რასაც დასავლეთი ჰქვია.

– დიახ, მაშინ რომის იმპერია იყო ჩვენი დასავლეთი.

– დიახ, ანუ ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის, ჩვენ მივყვებით ფარნავაზის გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვტილებამ გაამართლა, მიუხედავად მსხვერპლისა და უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა ფასი ღირს. უფასოდ არ გამოვა და როგორც ყველაფერში, თუ იაფფასიანს იყიდი, ათმაგი დაგიჯდება. ამიტომ, სადაც გასაღებია, უნდა გავიღოთ ფასი და სადაც შესაძლებელია, მინიმუმამდე შევამციროთ მსხვერპლი. ეს მოხდება მაშინ, თუ მომზადებული შევხვდებით პრობლემას, ხოლო, თუ ასე ჰარი-ჰარალედ ვიმოქმედებთ და არაფერს გავაკეთებთ, მსხვერპლი უფრო დიდი იქნება და შეიძლება, დღეს, ამ წუთში არ იყოს, მაგრამ ხვალ უფრო ძვირი დაგიჯდება. იმის გამო, რომ გასული საუკუნის 70-ან წლებში ქართველები თბილისსა და სოხუმში ფულის შოვნაზე იყვნენ გადართულები, ათასობით ვაჟკაცი ბიჭი მიწაში ჩაავაწვინეთ 90-იანებში და დღემდე ამ დამღით დავდივართ. იმავე ცხინვალშიც იგივე მოხდა. რატომ მოხდა? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით მზად პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ ვამბობდით, მშვიდობა იყოსო, მაგრამ არ არის ასე. თუ მშვიდობა გინდა, უნდა ემზადო ამ მშვიდობის დასაცავად. შენთვის უნდა არსებობდეს დათმობების მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არავის აქვს. უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლო გამოწვევები, რაც იქნება, გადავლახოთ. ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ. შევარდნაძეს რომ ვეუბნებოდით, ესა და ეს არ გააკეთოო და მაინც აკეთებდა, მერე მოდიოდა პარლამენტში და ამბობდა, სხვა გზა არ გვაქვს, რა ვქნათ, უფსკრულის წინაშე ვდგავართო. უფსკრულის წინაშე რომ დადგები, ვეღარაფერს გააკეთებ, მაგრამ მანამდე რომ გეუბნებოდი, რა უნდა გაგეკეთებინა და არ აკეთებდი?! მაშინ შევარდნაძის მთავარი არგუმენტი იყო, მომატყუეს და დღესაც იმავე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.

ავტორი: ნინო ხაჩიძე  “თბილისელები”

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress