„რუსეთის საწინააღმდეგოდ თუ რამეს აპროტესტებ, რა გინდა ყვარელში? რუსთაველზე გამოდი და მე და ჩემნაირებს დაგვიმტკიცე, რომ რუსულ საქმეს არ აკეთებ“
„სალომე ზურაბიშვილი ხშირად კარგად ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ქმედებები არ გვინახავს“
მარიამ მჭედლიშვილი
31 მაისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. მისი გამოსვლის საკვანძო თემა იქნება საქართველოს ევროპული მომავალი. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე გამოვა. გამოუვა მას ევროპელების დარწმუნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მოლიდინში?
_ ღმერთმა ადამიანს მისცა შესაძლებლობა, რომ დაიცვას თავისი ინტერესები და ხედვები. პრეზიდენტს შუძლია გამოიყენოს ეს გამოსვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ყველა უნდა ეცადოს გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მაგალითად, მე შეიძლება ვერ ვახდენდე გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ გამოვთქვამ აზრს საჭირბოროტო საკითხებზე, თუნდაც, თქვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში. პრეზიდენტს გაცილებით მეტი შეუძლია, მას ბევრად მეტი რესურსი აქვს.
სალომე ზურაბიშვილს პიროვნულად არაფერს ვერჩი. ის ხშირად კარგად ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ქმედებები არ გვინახავს. მას არანაირი არსებითი დისკომფორტი არ შეუქმნია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიისთვის, რომლებიც სხვა პოზიციაზე დგანან.
_ დისკომფორტი, ალბათ, მაინც იგრძნეს „ქართულ ოცნებაში“ 26 მაისის შემდეგ. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მას მძაფრად აკრიტიკებენ მმართველი პარტიის ლიდერები, ტროლები კი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ..
_ ქმედებით არ უქმნის მათ დისკომფორტს, თორემ, მისი განცხადებები ნამდვილად არ ესიმოვნებოდათ. რაც უნდა შეკვეცილი უფლებები ჰქონდეს, პრეზიდენტს ბევრი რამ შეუძლია. თუნდაც, საქართველოს საზოგადოების შეკრება და არსებით საკითხებზე შეთანხმება.
_ ორიოდე წლის წინ პრეზიდენთან იმართებოდა შეხვედრები ეროვნული თანხმობის ეგიდით.
_ დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უფრო პიარული უშედეგო შეკრებები იყო. პიარზე გათვლილი შეხვრები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. ეროვნულ თანხმობას მკაფიო საფუძველი-ღირებულებათა სისტემა სჭირდება. შესაბამისი დოკუმენტის შექმნა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას არ უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია პიროვნებებისა და ჯგუფების გარედან მოწვევა. პრეზიდენტის ხელში ბევრი რესურსია იმისათვის, რომ ქვეყანას გამოადგეს.
გული მწყდება, რომ მეორდება მარგველაშვილის ისტორია-მარგველაშვილი ჯერ ამბობდა, პლასტილინი ვარო, შემდეგ კი „ქართულ ოცნებას“ ვითომ დაუპირისპირდა. სალომე ზურაბიშვილიც შეეჯახა „ქართულ ოცნებას“. პირადად პატივს ვცემ-თუნდაც, იმის გამო, მისი წინაპარი ედპ-ს (ჩემი მშობლიური პარტიის) წარმოამადგენელი იყო. იმედი მქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაამკვიდრებდა ურთიერთობის ევროპულ მოდელს. თუმცა, ის რატომღაც საბჭოურ მოდელში ჩაჯდა.
_ მისმა გამოსვლამ 26 მაისს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია..
_ სიტყვა კარგი ჰქონდა, რაც თქვა, ვეთანხმები, მაგრამ საამისოდ დღე არ იყო სწორად შერჩეული. 26 მაისი ჩვენი დაბადების დღეა, ჩვენი ზეიმია და ის სხვანაირი უნდა ყოფილიყო. მე და ჩემს თანაპარტიელებს არ გვინდოდა ამ დღის ხელისუფლებასთან ერთად აღნიშვნა და ამიტომაც ცალკე შევიკრიბეთ და ვიზეიმეთ. სალომე ზურაბიშვილს შეეძლო თავისი სწორი სათქმელი სხვა დღეს ეთქვა. მისი გამოსვლა არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკური კულტურის წესებს. ის უფრო პიარზე იყო გათვლილი. აქ მეორე მომენტიცაა-სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულებები ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ის რომ საკუთარი სახელითა და გვარით, საკუთარი ძალებით იყოს არჩეული, თავისუფლების მეტი ხარისხი ექნებოდა.
როცა პრეზიდენტს, მაჟორიტარს, ვისიმე ხათრით ირჩევენ და მინისტრებსაც ამ ნიშნით ნიშნავენ, ქვეყნის წინსვლაზე და ინსტუტუციონალურ განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა ხელისუფლებაში მოჰყავთ ადამიანები კერძო ბიზნესიდან, იქმნება კლანური სისტემა. ეს იგივეა, რომ საჭადრაკო დაფაზე შამათისთვის მოემზადო. ამ გზით შექმნილი სისტემა განწირულია.
_ რუსეთიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დავიდარაბა გრძელდება. პუტინი გაოცებულია იმით, რომ საქართველოში ამაზე პროტესტია. მისი განცხადებით, საქართველოს ხელმძღვანელობა მოუწოდებდა რუსეთს, აღედგინა ავიამიმოსვლა. „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა. თქვენი აზრით, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება?
_ ძალიან სამწუხაროა, რასაც ვამბობ, მაგრამ პუტინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალია. ის ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებებზე სიმართლეს ამბობს: ნაციონალებიც და „ოცნებაც“ ეხვეწებოდნენ რუსეთს, (უმეტესდ, დაფარულად) თანამშრომლობაზე დაგვთანხმდიო. აქ სხვადასხვა საკითხი იყო, მათ შორის, ფრენების აღდგენაც. ნაცმოძრაობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს წამოძახებენ ხოლმე რუსეთთან გარიგებებს. ამ შემთხვევაშიც ორივე მართალია.
თქვენ მკითხეთ, თუ რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება. რუსეთს ძალიან გაუჭირდა და მოუნდა, მისთვის ვინმეს მადლობა ეთქვა. დღევანდელ სიტუაციაში რუსეთს მადლობის მთქმელი არ მოეპოვება. ეს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. გარდა ამისა, აქაურ ნომენკლაურას მიეცა საშუალება იშოვოს ფული, აკეთოს ბიზნესი, „ქართულ ოცნებას“ კი მიეცა პოლიტიკური გარანტიების მიღების შანსი. პუტინმა ამით საქართველოს სირცხვილი აჭამა-მსოფლიოს გააგებინა, რომ ოკუპირებულ საქართველოს რასაც უნდა, იმას უკეთებს, უთავმოყვარეო ქართველები კი ამას ეთანხმებიანო.
_ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ. თქვენი შეფასებით, ისინი ძველებურ პოლარიზაციას მისდევენ თუ პოლიტიკურ ველზე რაღაც იცვლება?
_ ჯერჯერობით ეს ორი მთავარი მოთამაშეა პოლიტიკურ მინდორზე და სპექტაკლები და ხალხის გაბითურება გრძელდება. „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ამ სპექტაკლებით ატარებენ რუსულ ინტერესს. რუსეთის საწინააღმდეგოდ თუ რამეს აპროტესტებ, რა გინდა ყვარელში? რუსთაველზე გამოდი და მე და ჩემნაირებს დაგვიმტკიცე, რომ რუსულ საქმეს არ აკეთებ. გამოდი და შენს გულწრფელობაში დამარწმუნე, თუ დამარწმუნებ, შემოგიერთდებით. რახან რუსეთს ლანძღავ, რუსეთის მოწინააღმდეგე კი არა ხარ! ჯაშუშებზე ფილმები მაინც ბევრს აქვს ნანახი. რომელი ჯაშუში ამბობს სიმართლეს?! ამათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დასავლეთის დისკრედიტაციაა.
_ რუსეთიდან პოლიტიკური გარანტიების მიღების შანსი ახსენეთ. უცნაური არ არის გარანტიების მოლოდინი აგრესორი, სანქცირებული ქვეყნისგან, რომლის მომავალ დანგრევა-დაშლაზე უამრავი ანალიტიკოსი ლაპარაკობს?
_ რუსეთის დაშლაზე საუბარი ნაადრევია. ამ ეტაპზე მისი ჩამოშლა და დაშლა არც დასავლეთს აწყობს და არც ჩინეთს. 18 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე სახელმწიფოს დაშლა მარტივი არ არის.
_ დასუსტება ხომ რეალურია?
_ რასაკვირველია, რუსეთის დასუსტება მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს ტერიტორიებისა და გავლენების დათმობა. საბჭოთა კავშირი ლამის ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებდა. მას მოუხდა უამრავი ტერიტორიის, მათ შორის, აღმოსავლეთი ევროპის დათმობა. საქართველოსა და უკრაინის დათმობის დრო ახლა დგება. ცუდი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებებს რუსეთის წინაშე ვალდებულებები აქვთ. ნაცებისა და „ოცნების“ დროს საქართველოში დამკვიდრებული მართვის სტილი რუსული, ანუ საბჭოურია.
„ქართულ ოცნებასაც“ და ნაციონალურ მოძრაობასაც აწყობთ საბჭოური სისტემა, მონოპოლიური სივრცე, დასავლეთი კი მოგვიწოდებს შევქმნათ კონკურენტული გარემო. კონკურენტულ გარემოში უნდა იყოს დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო, ნამდვილი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი მედია და ა. შ.
ამ პოლიტიკუ პარტიებში რუსეთის აგენტურაც საკმაო რაოდენობითაა. ზოგი აგენტი არაა, მაგრამ მენტალობა ყველას საბჭოთა აქვს. ამ ხალხისთვის რუსული, ანუ საბჭოთა სისტემა კომფორტულია, ისინი აქედან სარგებელს იღებენ. კონკურენტულ გარემოში ეს ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში მოვლენ პატრიოტები, ვისთვისაც ქართული და ევროპული ფასეულობები პრიორიტეტს წარმოადგენს.
_ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის აუცილებელი რეკომენდაციები შესრულება დააგვაახლოებდა ამ კონკურენტულ გარემოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.
_ შესრულებული რომ იყოს, ვიგრძნობდით. საქმე ისაა, რომ არ არის შესრულებული. ასეთ მამალ ტყუილებს ბოლშევიკებიც ამბობდნენ. როცა 1 921 წელს საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს, გაიძახოდნენ, მოვიდა თავისუფლება, მუშები და გლეხები გათავისუფლდნენო. ესენიც ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ პუნქტების უმრავლესობა შეასრულეს. თან, ხდება ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება.
პირადად მე ის 12 პუნქტი ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის მინდა-იმისთვის, რომ იყოს დემოკრატიული, კონკურენტული გარემო. ამას თუ მივაღწიეთ, შეიძლება სტატუსს ყურადღება არც მიაქციოს კაცმა. სტუდენტისთვის მთავარი ჩათვლა კი არა, ცოდნაა. ჩვენთვისაც ქვეყნის განვითარება უნდა იყოს არსებითი.