ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ისმის ქართულ ოპოზიციურ ფლანგის ე.წ. დასავლური ძალების მიმართ შეფასებები – ნეოფაშიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, თანამედროვე ტროცკისტები და ა. შ. რა თქმა უნდა, თავად ადრესატებს მსგავსი შეფასებები არ ხიბლავთ და ამიტომაც იყო, რომ პარლამენტის სხდომაზე, რომელიც მედიით შუქდება, წმინდა ილია მართლის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას გამოსახულებით მაისურებიც კი ჩაიცვეს, მერე კი ზუსტად ის საქმე აკეთეს, რითაც თანამედროვე ტროცკისტების იარლიყს ამართლებენ.
რამდენად ობიექტურია მსგავსი შეფასებები და რა ვითარებაა დღეს ქართულ პოლიტიკაში? – ამ კითხვებზე პასუხები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად, თუმცა ერთი ფაქტია – პოლიტელიტაში დეფიციტია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების პოლიტიკოსების და პროქართული კურსის. ამ კუთხით, მცირედი მოქმედებაც კი, ლიბერალების კრიტიკას და თავდასხმას იწვევს და თან, არა მხოლოდ პოლიტიკოსების მიმართ.
სახალხო პარტიის ლიდერის, ეროვნული მოძრაობის წევრ მამუკა გიორგაძის აზრით, ქართულ პოლიტიკაში ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, შიდა ბუნებრივი დუღილის პროდუქტი კი არ არის, არამედ გარედან თავსმოხვეული, გარკვეული სტერეოტიპებით ჩატარებული სპექტაკლებია და გვიმტკიცებენ, რომ ეს არის მოცემულობა.
„ეს პროცესები, რაღაც ფორმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ტენდენციებს ჰგავს, მაგრამ ჩვენთან არსობრივად სხვა გარემოა. რა მაქვს მხედველობაში: საზოგადოების განვითარება ნიშნავს მისი ყველა შემადგენელი ნაწილის თანაბარ განვითარებას, ანუ ყველას ექნება განვითარების თანაბარი საშუალება და იმისდა მიხედვით, ვინ იაქტიურებს, როგორ იაქტიურებს, კონკურენციას ვინ გაუძლებს და ვინ ვერა, ვინ საინტერესო იქნება და ვინ სუსტი. სწორედ ამის მიხედვით საზოგადოებას აქვს შესაბამისი საშუალება, რომ აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება. ჩვენთან ასე არ ხდება. ჩვენ, მაგალითად, ლიბერალურ ღირებულებათა სისტემად წარმოგვიჩინეს მხოლოდ მისი ერთი შემადგენელი ნაწილი – მემარცხენე რადიკალური მიმართულება. სად არის კონსერვატიული ლიბერალიზმი ან ლიბერალიზმის სხვა მიმართულებები? მემარჯვენე ლიბერალიზმი, სად არის?! ჩვენ წარმოგვიდგინეს მხოლოდ ერთი. ეს არის მიახლოებით ის ნაწილი, რასაც მაგალითად, სენატორი დერლის ანდერსი ამერიკაში „აწვება“ – მემარცხენე ლიბერალიზმი, ან ფსევდო ლიბერალიზმი, რაც გინდა, ის დავარქვათ. მაგრამ იქვე, იმ საზოგადოებაში, არის იგივე ცენტრისტული მიმართულება, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგალითად, იგივე ბაიდენი მიეკუთვნება ცენტრისტულ წარმომადგენლობას. არის მემარჯვენე ნაწილი – რესპუბლიკური პარტია და ა.შ. ასევე კონსერვატორებში ამერიკაში, ტრამპისტები სხვა არის, უფრო რადიკალური ნაწილი – ცენტრისტები. მაგალითად, სენატორი მაკკეინი ის სხვა მიმართულებაა, იქ არის ჩაის პარტია რესპუბლიკელებში. ანუ მთელი სპექტრი იდეოლოგიური საკითხებისა, არის წარმოდგენილი“, – აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.
მისივე განმარტებით, მათ შორის, კავშირი, ეს არის ძალიან რთული მექანიზმი. ვნახეთ, ტრამპის მომხრეებმა, რა პრობლემები შეუქმნეს, ცენტრისტული ანუ რეიგანის მიმართულების რესპუბლიკელებს პარლამენტში. იგივე პროცესია ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში. ისრაელში არის ულტრამემარცხენე პარტიები. გიორგაძის თქმით, რელიგიური პარტიები და ეროვნულ-რელიგიური პარტიები, ულტრა რელიგიური პარტიები და აი, ამ რთული მექანიზმით ხდება წონასწორობის და ბალანსის დაცვა, რაც საფუძველია ქვეყნის განვითარების.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან განავითარეს მარტო ერთი მიმართულება – ლიბერალური ფრთის ლამის ექსტრემიზმამდე მისული მემარცხენე ნაწილი, რომელიც არ ცნობს არაფერს – არც ეროვნულობას. ამის გამოვლინებებს ვხედავთ, როცა ლიბერალი თავს უფლებას აძლევს, შეაგინოს სხვის სიწმინდეებს. არ ჩათვალოს ეროვნული ღირებულება არაფრად. მის საპირისპიროს ავითარებენ მემარჯვენე ულტრა რელიგიურ ნაწილებს.
„ჩვენთან რაც ხდება, „ალტ-ინფო” იქნება თუ სხვა, ხელოვნურად ხდება ეს დაპირისპირება. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, როდესაც ეს რადიკალური რელიგიური ჯგუფები გამოდიან და უკან არის პლაკატი: “მამული, ენა, სარწმუნოება!” ამ დროს გამოდის მეორე ნაწილი – ბოკერიას ნაწილი და იმასაც ილიას სიტყვები აქვს წამძღვარებული – ადამიანის უმთავრესი საუნჯე, მისი ვინაობაა! ილია ჭავჭავაძე გაყვეს და ორივე ნაწილმა მისთვის სასურველი აირჩია. ამით უარი ვთქვით, ერთიან ილიაზე. უარი ვთქვით იმ ილიაზე, რომელიც წმინდანად გვყავს შერაცხილი; რომლის ხატი გვისვენია. წარმოგიდგენიათ, თვით ილიაც გაყოფილია“, – აღნიშნავს გიორგაძე.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი აფასებს რა პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას და სცენარს, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითარდება, ამბობს, ეს სწორედ ის სცენარია, რომ ჩვენ ასეთი ულტრა რადიკალური ნაწილები ვიხილოთ სამოქალაქო სივრცეში, სადაც შეუძლებელი იქნება კონსენსუსი, სადაც შეუძლებელი იქნება, რაიმე პოზიტივი და დავუშვათ, ვინც არ ფიქრობს ასე რადიკალურად, ის ადამიანი სახლში დაჯდება.
ის, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, ტოვებს განცდას, რომ რასაც ქართულ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ და მოვლენები როგორც ვითარდება, აპრიორი თავიდანვე გათვლილია, რომ საქართველოში მუდმივად დაძაბულობის კერა იყოს. მთელი დარტყმა, ამ შემთხვევაში, ეროვნულ-რელიგიურ ძალებზე წამოვიდა. ქართული პოლიტიკის წარმმართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მიმართულება, რაც ევროპაში დომინანტია, შეიძლება ასე ითქვას, ეს ნაწილი სივრციდან, ფაქტობრივად, გაიყვანეს.
„ქართული ოცნება, “მოქალაქეთა კავშირი”, “ნაციონალური მოძრაობა, – ყველა ჩვენ გვებრძოდა იმიტომ, რომ იმ გზაზე გვეთქვა უარი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა აზრმა შეიმუშავა. კი, გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მოვდივართ ილია ჭავჭავაძის დაარსებული პროგრამის მიხედვით, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მონოპოლისტი არ ვართ. სხვას შეუძლია შემოვიდეს ამ სივრცეში, განავითაროს ეს თეორია, სხვაც შეიძლება გახდეს მემკვიდრე. მაგრამ, ეს ნაწილი, ფაქტობრივად, პოლიტიკური სივრციდან. განდევნილია. დარჩა ეს ორი რადიკალური ნაწილი, ერთი აწვება – მამული, ენა, სარწმუნოებას, ხოლო მეორე – ადამიანის უმთავრესი საუნჯე, მისი ვინაობაა! ეს თითქოს შეუთავსებელი ადამიანები, ერთმანეთთან იბრძვიან და ინგრევა სახელმწიფო. ეს ყველაფერი ხდება ილია ჭავჭავაძის, ქრისტიანობის სახელით“, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
ყოფილი დეპუტატი აფასებს რა მიმდინარე მოვლენებს და უახლესი წლების განმავლობაში არსებულ ნგრევის პროცესს, იხსენებს განათლების რეფორმის ეგიდით გადადგმულ დამანგრეველ ნაბიჯებს. კონკრეტულად კი პროგრამა „იაკობ გოგებაშვილს“. გიორგაძის თქმით, სწორედ იაკობ გოგებაშვილის პროგრამის ქვეშ ანგრევდნენ საქართველოს განათლების სისტემას.
„ილია ჭავჭავაძის სურათი ყველას აქვს კაბინეტში, თითქოს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ, სად არის ილიას ხედვები?!. სად არის შერწყმა სამოქალაქო სივრცის და სად არის შერწყმა მისი ყველა ნაწილის. ეკლესიაც ხომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია? რატომ არ გვინდა, რომ ინტეგრირებული იყოს სამოქალაქო სივრცეში. რატომ გახდა მრევლი, ასე ვთქვათ, ოდიოზური ჯგუფი ადამიანებისა, არა სპეციალურად. იმიტომ, რომ ილიას წინააღმდეგ ხდება ეს ყველაფერი და ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ის, რომ სოციალ-დემოკრატები, ბოლშევიკები, მენშევიკები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მეფის ხელისუფლების „დერჟავნიკები“ ერთმანეთს ებრძოდნენ და ილია ჭავჭავაძე მოკლეს“, – აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.
რაც შეეხება სულ ახლახან განვითარებულ პოლიტიკურ პროცესს და მოვლენებს, რომელსაც ყველა თვალს ვადევნებთ და ფასდება, როგორც ლიბერალების ბოლო გაფართხალება და კავკასიაში მათ მიერ დასაყრდენის ვერ მონახვა მეორე ფრონტის გახსნის კუთხით, “სახალხო პარტიის” ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო ხელოვნურად ჩაერთოს შიდა უაზრო დაპირისპირებაში; რომ არ ვიფიქროთ, რა ხდება ჩვენს გარშემო; რომ ჩვენ პიროვნული დაპირისპირებების – ვინ, ვისთან წევს; ვინ ვის პანღური ამოარტყა და ვის დედა შეაგინა.
„აი, ასეთ თემებზე გადასულებს გვავიწყდება ილია ჭავჭავაძეც და ის, რომ ამ ქვეყნად ღმერთს მოუცია ჩვენთვის მამული. ჩართულები აი, ამ ყოველივეში, თითქოს, სიტყვით რაღაც კომპონენტებს ვიღებთ, იქ რაღაც 12 პუნქტია, ევროკავშირი, აგრესია, დეოკუპაცია და ა.შ, სინამდვილეში ეს ორივე ნაწილი, როგორც მენშევიკები და ბოლშევიკები, ორივენი ერთიანი განუყოფელი რუსეთის მომხრე იყო. კი, განსხვავებაც ჰქონდათ ერთმანეთში, როგორ არ ჰქონდათ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დღეს ერთ თამაშს თამაშობს. ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომით, ფულის თუ კარიერის გამო, თუ იმის გამო, რომ მოცემულობას ვიგებთ. ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც არის პატივსაცემი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ეძებს თავის ადგილს. ეს არის რუსული გარემო და მთელი დასავლეთის ცივილიზებული სამყარო გაკვირვებულია იმით, რაც ხდება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.
გიორგი გლოველი