ახალი თაობა 6.02.2023 „ნაცმოძრაობაში მიდის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი პარტნიორი“

mamuka4441
მამუკა გიორგაძე: რეფორმების გაუტარებლობა, ნამდვილი პოლიტიკის ჩაკვლა, პოლიტიკური ბრძოლის იმიტაცია-ეს ყველაფერი რუსული ინტერესია.
30 წელიწადია რეფორმებს ვერ მოვაბით თავი და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
„სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ხელისუფლებასაც და ნაცმოსაც აწყობს“
მარიამ მჭედლიშვილი
რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში? როგორ შეიძლება შეფასდეს ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ჯერ ზოგადად დავახასიათოთ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებული სიტუაცია. რაიმე ცვლილებები შეინიშნება?
_ არანაირი ცვილილებები არ არსებობს. საქართველოს საშინაო პოლიტიკა ყოველთვის მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში ჩაეკლა ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკისგან ჩამოეცილებინა პოლიტიკურად აქტიური პატიოსანი ადამიანები. მოქმედი აქტორების დევიზი შინაარსობრივად ასეთია: „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“, „ნუ იქნება ორონდ ომი“, „მთავარია, გავაგრძელოთ პოლიტიკური თამაში, კარგად ვჭამოთ, კარგად ჩავიცვათ და დავიხუროთ“. პოლიტიკური თამაშები 30 წელიწადია გრძელდება. პოლიტიკური თამაშები გახდა ვიწრო წრის საქმე, ნამდვილი პოლიტიკა ჩაკვდა, საზოგადოება კი ნიჰილიზმში ჩავარდა.
_ წინა წლებში სხვა ვითარება იყო. ახლა ციხეშია ყოფილი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობა საფრთხეშია. ნაცმოს ახალი თავმჯდომარე და მისი გუნდი საპროტესტო მოქმედებებს აანონსებენ.
_ სიტუაცია მაინც არ იცვლება. ესეც არის პოლიტიკური ბრძოლის ილუზიის შექნის მცდელობა. პოლიტიკური თამაშები გრძელდება. წინა 10 წელიწადს თუ გავიხსენებთ, მუდმივად იყო რაღაც ჯერ არნახულის დაანონსება. სინადვილეში, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ახლაც იგივეა. გრძელდება პოლიტიკისგან გამოცდილი, კომპეტენტური და გულანთებული პიროვნებების მოშორების პროცესი. სამწუხაროდ, საზოგადოების სულსწრაფ ნაწილს ამ პირობებში სწრაფი ქმედებები უფრო აინტერესებს, ვიდრე გრძელვადიანი (თუნდაც, 2-წლიანი) პროგრამები და პროექტები. არადა, ქვეყნის განვითარებას ასეთი პროგრამები და პროექტები სჭირდება.
_ სააკაშვილის პრობლებაზე საუბარი განვაგრძოთ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მის თვითდაზიანებაზე სახელწიფო არ აგებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ახლობლები პატიმარს დაბალკალორაჟულ საკვებს აწვდიან, რაც მის გახდომას იწვევს. ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილს ციხეში კლავენ..
_ ამ ადამიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ. სააკაშვილის ჯამრთელობის დეტალებზე ლაპარაკი ხელისუფლებასაც და ნაცმოსაც აწყობს. ამითაც იქმნება ერთმანეთთან ბრძოლის, პოლიტიკური პროცესის ილუზია. თუ ამაზე არ ილაპარაკებენ, უნდა გაამახვილონ ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე. მაგალითად, რეფორმებზე, თვითმმართველობაზე, კორუფციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, საგარეო პოლიტიკაზე და ა. შ. ამ სფეროებში პასუხების გასაცემად ხელისუფლებას არგუმენტები არ ეყოფა. სააკაშვილის თემაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩაიკლას პოლიტიკური ცხოვრება. თუ ადამიანი დიქტატორია, მის მიმართ კაცობრიობა სხვა მეთოდებს იყენებს. აქ ხელისუფლებაც კარგად გრძნობს თავს და ნაციონალური მოძრაობაც.
_ ნაციონალურ მოძრაობაში რომ დიდი ამბები ხდება?
_ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნაცმოძრაობაში მიმდინარეობს ბრძოლა იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი პარტნიორი, ვის დაელაპარაკება ხელისუფლება, ვის გაურიგდება. მკითხველთან ბოდიში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილი და მისი მდგომარეობა ფეხებზე ჰკიდია. მისი სახელის ხშირად მოხსენიება არაფერს ნიშნავს. საბჭოთა კავშირის დროსაც ლენინის ციტატებით ლაპარაკობდნენ. არადა, ლენინი ბოლშევიკებსაც (სტალინს, ბუხარინს და ა. შ) აღარ სჭირდებოდათ. ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილი ფეხებზე ჰკიდია. ამ დროს ელექტორატი სააკაშვილს ჰყავს. მიმდინარეობს ბრძოლა სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის. ამ ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილს ამ მომენტში პირადული პრობლემები აქვს და მის მემკვიდრეობას შეესია. ასე იქცევიან ტურები, როცა მათი ბელადი დაუძლურდება.
_ ევროკომისიის ბოლო ანგარიშში საქართველო პოზიტიურად იყო მოხსენიებული. იმედი უნდა გვქონდეს, რომ წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს?
_ ევროკომისია და საერთოდ, ევროკავშირის სტრუქტურები, ქვეყნებს ბავშვებივით ეპყრობიან. ფსიქოლოგების რჩევაა, რომ უფროსებმა ბავშვებს თავზე ხელი ხშირად გადაუსვან და შეაქონ, რა ნიჭიერი ხარო. ანგარიშებში პირველი ფრაზები, როგორც წესი, შექებაა. ამას შეიძლება მოჰყვეს შენიშვნა. ქებაც ავანსად არის გაცემული. ვინც ფრაზებით ისპეკულანტებს, ამას ძმრად ამოადენენ. პოლიტიკოსები იყენებენ იმ ფრაზებს, რომლებიც თვითონ აინტერესებთ. ერთი მნიშვნელოვანი მომენტია-საბჭოთა სტუდენტივით არ უნდა მოვიქცეთ.
_ ანუ, მარტო „ნიშნის მიღება“ არ უნდა მოვინდომოთ?
_ ცხადია. საბჭოთა სტუდენტისთვის მთავარი იყო არა ცოდნა, არამედ, ნიშანი. 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა შემოგვთავაზა, პირველ რიგში, გვჭირდება ჩვენ, ეს საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმეს წინაშე გამოცდა ჩავაბაროთ. 30 წელიწადია რეფორმებს ვერ მოვაბით თავი და ამიტომაც ვართ ამ დღეში. პოლიტიკოსები სხვადასხვა დოკუმენტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მათი საბოლოო მიზანია, შეაძულონ ხალხს საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტები და რეფორმები. არ მინდა ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ და იზოლაციაში აღმოვჩნდეთ.
_ საქართველოსთვის საყურადღებო რამ თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ (დასავლეთი) მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე მთელ აღმოსავლეთ ევროპაშიო. თქვენ როგორ ხსნით ამ წინადადებას?
_ დასავლეთი თავის დაპირებებს და თავის მისიებს ასრულებს. ის ეხმარება ერებს სახელმწიფოების მშენებლობაში. აქ პრობლემა ჩვენშია. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად ამისათვის. ჩვენც რაღაც უნდა გავაკეთოთ. მოვიყვან უკრაინის მაგალითს. სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდე დასავლეთის წარმომადგენლები უკრაინას ამის შესახებ აფრთხილებდნენ. დეტალურად აცნობებდნენ, რომელ ადგილებს დაარტამდა რუსეთი. ერთ-ერთი ხერსონის მიმართულება იყო. გამოვიდა ისე, რომ როცა მტერი ხერსონისკენ დაიძრა, იქ ტერიტორია დანაღმულიც არ იყო. ამას მოჰყვა დიდი მსხვერპლი და ტკივილი. როცა დასავლეთი გაფრთხილებს, უნდა გაითვალისწინო. ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან თამაშობები კარგად არ დამთავრდება.
_ კერძოდ?
_ რეფორმების გაუტარებლობა, ნამდვილი პოლიტიკის ჩაკვლა, პოლიტიკური ბრძოლის იმიტაცია-ეს ყველაფერი რუსული ინტერესია. ე. წ. პოლიტიკური ელიტა იმაზეა ორიენტირებული, როგორ წაღლიტოს სახელმწიფოს ფული და ქონება. კორუფცია უკრაინაშიც დიდი პრობლემაა. ომის დროს კორუფციის მასშტაბი გაიზარდა კიდეც. ამიტომ იქ შექმნილია სპეციალური აუდიტი, რომელიც აკონტროლებს ფულის ხარჯვას. ბოლო და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ რეფორმები აუცილებელია. მოიგებს რუსეთი ომს თუ წააგებს, დაიმუქრება თუ არა,-ამის მიუხედავად უნდა გავაძლიერ თავდაცვის პოტენციალი. ახლა ისეთი პოლიტიკაა, ისეთი განცხადებები კეთდება, რომ საქართველო არავისგან დაცვას არ აპირებს. ეს პოლიტიკა დაახლოებით ასეთია-მოდით, დაგვიპყარითო. ჩვენი ტერიტორიები რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული, საერთოდ აღარ ახსენებენ. არც იმაზე იღებენ ხმას, რომ მუდმივად ხდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. საოკუპაციო ზოლის გადმოწევისას ყოველთვის ამბობენ, რომ გაააქტიურეს ევროკავშირის ცხელი ხაზი. ევროკავშირი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს თვითონ საქართველო?!
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress