როგორ ამზადებდა მოსკოვი სომხეთს 30 წლის განმავლობაში გასაყიდად და რა მიანიშნებს, რომ სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა

mamuka-mamuka-300x157

სულ ახლახან ერევანში „ოდეკაბეს“ სამიტი ჩატარდა, რომელსაც თვით ვლ. პუტინი დაესწრო, თუმცა სომხეთის პრემიერმა არათუ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი, არამედ არც დასკვნითს. მისი განმარტებით, სომხეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიკავა საკუთრივ სომხური ტერიტორიებიო. მეორე მხრივ, არცთუ დიდი ხნის წინათ სომხეთს დაკავებული ჰქონდა საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები – 7 რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის გარშემო (ისტორია პირიქით მეორდება). თუმცა ისიც ფაქტია, რომ სომხეთს აქვს მიზეზი, გაუნაწყენდეს „ოდეკაბეს“, ვინაიდან ამ ორგანიზაციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ორი ომის მიმდინარეობისას სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ გამოუხატავს ერევნისადმი, ისევე, როგორც რუსეთს. ამის მიუხედავადაც, საინტერესოა, ვისი იმედით თავნებობს ფაშინიანი (მხოლოდ სომხური ლობის?!), ოღონდ მომხდარი იმასაც ნიშნავს, რომ ორ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს შორის ომი ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად.

- რა მოხდა ერევნის სამიტზე და რამ გაათამამა ფაშინიანი, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ერევანს არ აქვს საფუძველი, ხელი არ მოეწერა სამიტის მიერ მიღებულ დოკუმენტებზე?

- რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც პუტინი ჩადიოდა ერევანში, ევროსაბჭოსა და „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილებოდა რუსეთის, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოს საკითხი და, ამდენად, ბუნებრივია, შიდა მოხმარებისთვის პუტინს ნამდვილად სჭირდებოდა, თუნდაც, ისეთი მკვდარი ორგანიზაციის სახით, როგორიც „ოდეკაბეა“, იმის დემონსტრირება, რომ მასაც ჰყავს მომხრეები. ამიტომაც ჩავიდა ერევანში. მეორე მხრივ, პუტინს, სულაც, არ აინტერესებს ფაშინიანისა და სომეხი ერის აზრი, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში მან შექმნა ისეთი გარემო, სადაც სომხეთის პოლიტიკური კლასი იმდენადაა დამოკიდებული პუტინზე, რომ მას ქვეშევრდომების აი, ასეთი პროტესტები და ანჩხლობა არ ადარდებს. მთელი ამ 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს უდიდესი ლობი ჰყავს ამერიკასა და საფრანგეთში, ის რუსული პოლიტიკის დანამატად და მძევლად იქცა. შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში პუტინი სომხეთის მთელ პოლიტიკურ სპექტრს ასაზრდოებდა ამბიციით, რომ შემდგომ, თუკი საჭირო გახდებოდა, სარფიანად გაეყიდა. ამჟამად დადგა ეს მომენტი და სარფიანადაც ყიდის. გამოჩნდა მყიდველიც – თურქეთი. ის დაინტერესებულია, რომ გახსნას ზანგეზურის დერეფანი და აზერბაიჯანთან პირდაპირი მიმოსვლა ჰქონდეს. მეორე მომენტია პუტინის იძულება, რომ რუსული ნავთობი და გაზი, რომელიც ევროპაში რუსეთის სახელით ვერ გადის, გავიდეს სხვისი სახელით და ამ შემთხვევაში საუკეთესო პარტნიორია აზერბაიჯანი. დღეს აზერბაიჯანზე კი არ ზრუნავს პუტინი, არამედ იმაზე, რომ თაღლითური გზებით მოახერხოს თავისი ნავთობისა და გაზის გატანა და ამ საქმეში მისი პარტნიორია თურქეთი, თუმცა სხვა საქმეებში თურქეთი დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. ასე რომ, ჩვენმა პოლიტიკოსებმაც უნდა გაიაზრონ, რომ პოლიტიკა არ ცნობს ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ პრინციპს, იქ არის ინტერესების თანხვედრა და წინააღმდეგობა. ამ ნაწილში თურქეთისა და რუსეთის ინტერესები დაემთხვა და თანამშრომლობენ, მაგრამ სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე რუსეთისა და თურქეთის ინტერესები სამხედრო დაპირისპირებამდეც კი მივიდა. სხვათა შორის, ეს არ არის პუტინისა და ერდოღანის იდეა. თავის დროზე, ათა თურქი და ლენინიც შეთანხმდნენ ამ დერეფანზე. ისტორიულ პარალელს მოვიტან: საქართველომ, რომელიც მაშინ აქტიური მოთამაშე იყო რეგიონში და ჰქონდა რუსეთზე ზემოქმედების ყველანაირი რესურსი, განჯასთან გიორგი კვინიტაძეს 40 000-მდე შეიარაღებული ჯარი ჰყავდა, უარი თქვა ამ პროცესში მონაწილეობაზე. თუმცა ბრიტანეთის ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი კერზონი საქართველოს სთავაზობდა, თუ ჩაერევით ბაქოს ბედის განსაზღვრაში, ბრიტანეთი, მაშინ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დასავლური სახელმწიფო, დადგება საქართველოს გვერდითო. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენმა პოლიტიკოსებმა თავი შეიკავეს რუსეთის ხათრით.

- მე მგონი, უფრო პროგერმანული ორიენტაციის გამო და არა რუსეთის ხათრით.

- პროგერმანული, სხვათა შორის, ჩვენი პარტიის პოზიცია იყო, ვინაიდან ვერ დაითანხმეს ჟორდანია, მისსავე სიტყვებს მოვიშველიებ, იმპერიალისტურ ბრიტანეთთან თანამშრომლობაზე. ამას, სხვათა შორის, მოჰყვა გართულებები, სომხეთთან ომიც, თუმცა ეს სხვა თემაა.

- აქვე ვიტყვი, სომხეთს დიდი ვერაფერი მოუტანა მაშინ პრობრიტანულმა ორიენტაციამ.

- სწორედ ესაა საქმე: ორიენტაცია არ ყოფილა. სომხეთის მხრიდან ეს იყო ერთჯერადი გამოღვიძება და შემდეგ კვლავ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.

- 1920 წელს დაიპყრო წითელმა რუსეთმა აზერბაიჯანი და სომხეთი და რა უნდა ექნა სომხეთს?

- სომხეთს თავისუფლად შეეძლო, გაეგრძელებინა თანამშრომლობა ბრიტანეთთან და საქართველოსთან ერთად დამდგარიყო მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტისას. მაგრამ სომხეთმა უბრალოდ სხვა პოზიცია დაიკავა, ისევე, როგორც დღეს იმის ნაცვლად, რომ სომხეთს გაეგრძელებინა სახელმწიფოს სისტემური აღმშენებლობა, რუსეთთან არჩია ყოფნა. სომხეთშიც კლანების ბრძოლაა. ხშირად ვავლებ პარალელებს, უფრო გასაგები რომ იყოს ქართველი საზოგადოებისთვის: ფაშინიანს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ მისი ალტერნატივა არის ქოჩარიანი.

- აქვე დავამატებ, აზერბაიჯანში ალიევს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ ალტერნატივა არ არსებობს.

- დიახ. ძალიან საინტერესო მომენტია: ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში მართვის სხვა ფორმებია, უფრო ავტოკრატიული, მაშინ, როდესაც საქართველო და სომხეთიც დემოკრატიასთან უფრო ახლოს არიან, თავიანთი შინაგანი ბუნებით და ხალხს უფრო მეტ რამეს ეკითხებიან. იმიტომაც, რომ ხალხს უფრო მეტ რამეს ეკითხებიან, რადგან ხალხი პოლიტიკურად უფრო აქტიურია, საჭიროა ეს სპექტაკლი. მაინც დაუჭირეს მხარი დამარცხებულ ფაშინიანს, იმიტომ რომ, მისი ალტერნატივაა აშკარად რუსული დროშით მავალი ქოჩარიანი. ამ მდგომარეობის მიზეზი კი ისაა, რომ მათ მომგებიანად ჩათვალეს რუსული ქოლგის ქვეშ დგომა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ წარმატებად იყო მიჩნეული, აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი რომ ჰქონდათ ოკუპირებული – ვგულისხმობ იმ 7 რაიონს და არა ყარაბაღის ავტონომიას. სხვათა შორის, ვინც ამის წინააღმდეგ ამოიღო ხმა, ყველას პრობლემა შეექმნა სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუნდაც, როდესაც პეტროსიანმა დასვა საკითხი, იმ 7 რაიონს, დღეს თუ არა ხვალ, მაინც წაგვართმევენ და დავიწყოთ ამ ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დისკუსია ყარაბაღის ტერიტორიის უსაფრთხოების გამოო, ის პოლიტიკური ველიდან განდევნეს. დღესაც სომეხი ხალხი ჩართულია ამ ორ კლანს შორის დაპირისპირებებში და ჯინაზე აძლევენ ხმას არჩევნებზე, მაშინ, როდესაც სომხეთს ეგზისტენციური პრობლემები უდგას. და ისეც კი აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთზე მილსადენის გაყვანის გეგმას ირანი ეწინააღმდეგება და აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ვარიანტი, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში გატარებულიყო ეს მილსადენი, ირანმა მაინც უარი თქვა, ვინაიდან იქ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ასე რომ, სერიოზული პოლიტიკური ჭადრაკის პარტია თამაშდება, რომელშიც, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთი პაიკია და ეს დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტისთანავე. არადა ეროვნული მოძრაობის დასაწყისში აივიკიანმა, ცნობილმა სომეხმა დისიდენტმა, დასვა საკითხი: ყარაბაღამდე დამოუკიდებლობააო, მაგრამ სომხეთმა სხვა გზა აირჩია და დღეს ის ყარაბაღის მძევალია. სხვათა შორის, საინტერესოა აივიკიანის შემდგომი ბედიც: ის დიდი ავტორიტეტი იყო, რუსებმა გაიტაცეს და ეთიოპიაში ფულისა და საბუთების გარეშე ჩამოსვეს, გააძევეს საბჭოთა კავშირიდან, სომხებს ტვინს უმღვრევო. შესაბამისად, სომხეთს აგერ უკვე 35 წელია, ეს პრობლემა აქვს და დღეს, ფაქტობრივად, არ ჩანს პერსპექტივა; მეტიც, ერევნისთვის ლამის ირანია რუსეთის ალტერნატივა, რითაც სარგებლობს პუტინი.

- სულელი იქნება, რომ არ ისარგებლოს. მე მინუსად არ ვუთვლი არავის, თუ სხვისი სისულელით სარგებლობს, ის მეორე მეც რომ ვიყო.

- რა თქმა უნდა, ის იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს მტერი.

- ჩვენც ასე მოვიქცეოდით, ვინმემ რომ საბაბი და მიზეზი მოგვცეს. მაგრამ ფაშინიანი რის იმედით აკეთებს ამ ჟესტებს?

- სხვა გზა არ აქვს. 2008-ში ევროპის საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც საქართველო გამტყუნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, მაგრამ, სიტყვით რომ გამოდიოდა სააკაშვილი, პუტინს „ლილიპუტინს“ უწოდებდა.

- მაგრამ, რასაც ფაშინიანი აკეთებს, ეს ხომ ავანტიურაა, რითიც ვნებს თავის სახელმწიფოს?

- დიახ, მაგრამ ის ამ თამაშში ჩართულია. ნებსით თუ უნებლიეთ, რუსულ თამაშს თამაშობს და ხელს უშლის სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას. პოლიტიკა გადააქვს არა მეცნიერების, არა აკადემიური მსჯელობის სივრცეში, არამედ ტოვებს ემოციის დონეზე: ქოჩარიანის კლანი ხელახლა მილიონებს იშვის. ეს ანგრევს სახელმწიფოს და კიდევ დიდხანს დატოვებს რუსეთის გავლენის ქვეშ. კიდევ ერთ გარემოებას მინდა, გავუსვა ხაზი. ჩვენ გვახსოვს, რომ პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდა მოვლენები ყარაბაღსა და კიევში. სომხეთი, რუსეთზე ყველაზე მიბმული სახელმწიფო, უკრაინის ომის დაწყების წინ ბოლომდე, ბოდიში ჟარგონისთვის, დააჩმორა პუტინმა. ანუ ეს იყო იმ სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ომს და პუტინს ჰქონდა განცდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში აღმოჩნდებოდა ის ძალები, რომლებიც კიევური ტორტით შეხვდებოდა ოკუპანტს. ამავე დროს მიდიოდა და ახლაც გრძელდება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის დაპირისპირება, ისინიც „ოდეკაბეს“ წევრები არიან; გვახსოვს, რაც დატრიალდა ყაზახეთში უკრაინაში ომის დაწყებამდე.

- დაპირისპირება ტოკაევისა და ნაზარბაევის კლანებს შორის.

- დიახ. და, შესაბამისად, უკრაინის ომის წინ ჩვენ ვხედავდით პოლიტიკური ტემპერატურის აწევას საქართველოშიც. დღემდე ერთი პატიმრის მდგომარეობაა ქართული პოლიტიკის მაგისტრალური ხაზი. ამდენად, უნდა გავაანალიზოთ, რომ მსოფლიოში სერიოზული პროცესია. ვხედავთ, რა მოხდა ერევანში, ზოგადად, ჩვენ გარშემო და ეს ხომ ჩვენ შეგვეხება?!

- აუცილებლად, ვინაიდან მოწმობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა.

- დიახ, დღეს ძალაშია ის საკითხები, რომლებზეც ლენინი და ათა თურქი ერთმანეთთან მსჯელობდნენ. იგივე სქემები და გეგმებია და არც ის არის შემთხვევითი, რომ უკრაინასთან ომის დაწყების წინ ალიევი მოსკოვში იმყოფებოდა. ეს ნიშნავს კავკასიის ხარჯზე თურქეთის მომადლიერებას. და ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ პოლიტიკაში არაფერი ხდება შემთხვევით.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress