მთავარია, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველო იბრძვის, თუნდაც ჩემი დაჭერის ფასად

mamuka 1234

რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა. არადა, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება იოლი არ ყოფილა – მრავალწლიანი ბრძოლის და სისხლის ფასად გათავისუფლდა საბჭოთა მარწუხებისგან.

უმძიმესი 90-იანი წლებიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველო მუდმივად რუსეთის ინტერესშია. ოკუპანტი ქვეყანა, არც შეიარაღებულ კონფლიქტებს, ომებს ერიდება საქართველოში საკუთარი გავლენის მოპოვება-შენარჩუნებისთვის.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვინც ადრეული ასაკიდან შეეჭიდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი, “ედპ”-ს ყოფილიწევრი, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დღეს, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების განფენოვნებაზე საუბარს, ეთნოგენეზისზე და პოლიტიკურ იდეოლოგიაზე აქცენტის გაკეთებას.

როგორ იწყებოდა ეროვნული მოძრაობა საქართველოში, ვისი გავლენა იყოს ახალგაზრდა დისიდენტებზე და რა ტიპის საბჭოთა წნეხი გაიარეს კომუნისტურ (და არა მხოლოდ) გულაგებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა, ამ და სხვა საინტერესო თემაზე მედია სააგენტო “24”-ს პატრიარქის იმდროინდელი სტიქაროსანი, “ედპ”-ს ლიდერ გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლსა და საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 

“ჩვენ ერთმანეთში ვდავობდით. სადაო არ გვქონდა ერთადერთი, საქართველო!”

“გვქონდა პიროვნული მეგობრობაც, სიყვარულიც, მაგრამ დაპირისპირებაც, შეურიგებლობა ერთმანეთის ხედვების მიმართ”.

 

 

– საფრთხე სწორედ იმიტომ დგას, რომ საკამათო გახდა საერთო ეროვნული ღირებულება – დამოუკიდებლობა, რომელიც ჩემს ფსიქიკაშიც და ბევრისთვისაც იდენტიფიცირებულია, როგორც უმაღლესი ღირებულება. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩემთვის ერთი და იგივეა. იმიტომ გვინდა დამოუკიდებლობა, რომ ვიყოთ თავისუფალი და პირიქით. მაგრამ, ჩვენ არ ვდავობთ იმაზე, რაც სადავოა. ქართველებს გვაქვს საერთო ამოცანა, ამ ერთ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რაც გვყოფს. ჩვენ გვყოფს სახელმწიფოს მოწყობა. ამიტომ, ვიკამათოთ სახელმწიფოს მოწყობაზე, მაგრამ სახელმწიფოს ნუ შევეხებით. სახელმწიფოს ღირებულებებს ნუ შევეხებით. ვიკამათოთ, ვინ არის მემარცხენე, ვინ მემარჯვენე, ვინ კონსერვატორი, ვინ ლიბერალი და ა.შ. არცერთი პოლიტიკური პარტია დღეს არ საუბრობს მემარცხენე-მემარჯვენეობის კუთხით. საქართველოსთვის ერთად ვართ – ეს უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იდეოლოგიურ ხედვებში განსხვავების გამო კი, ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ. სამწუხაროდ, მტრის აღქმა გვაქვს სხვადასხვანაირი და არ ვიქცევით ისე, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას შეეფერება. ეს კი პრობლემაა.

– თქვენს საუბრებში ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე აკეთებთ, აგრეთვე იდეოლოგიურ თანხვედრაზე. ამბობთ, რომ არასწორი აქცენტები კეთდება პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და მეორეხარისხოვანი საკითხების წამოწევა მიდის. რა ტიპის მსჯელობები იყო ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომთა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე?

– მე ის განწყობა რომ მაქვს გავლილი და ის მუხტი, იმიტომაც ვლაპარაკობ პრაქტიკიდან გამომდინარე. ავიღოთ მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი. პირადად, თავს დავდებ თამარ ჩხეიძის, ახლახან გარდაცვლილი ნოდარ ნათაძის, ირაკლი წერეთლის საქართველოსადმი ერთგულებაზე. მაგრამ ჩვენ ერთმანეთში ვდავობდით. სადაო არ გვქონდა ერთადერთი – საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვდავობდით პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით. მაგალითად, თამარ ჩხეიძისთვის ჩვენი რელიგიურობა ცოტა მიუღებელი მომენტი იყო და მე და გია ჭანტურიას „სიონისტებს“ გვეძახდა, რადგან თბილისის სიონის ეკლესიაში, საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსნები ვიყავით, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. კამათი და დაპირისპირება ხანდახან ცუდი ლექსიკით, ცუდი ფორმითაც მიდიოდა. რომ მახსენდება, ზოგჯერ უხერხულობაშიც ვვარდები. ახალგაზრდები ვიყავით. ჩვენ ხომ მასწავლებლები არ გვყოლია. არ გვყავდა წინა, პოლიტიკურად გამოცდილი თაობა, რომელიც გვეტყოდა, ასე ჯობია. იყო რამდენიმე ადამიანი, აცხონოს ღმერთმა – ლიზიკო ქავთარაძე, რომელიც უშურველად გადმოგცემდა თავის პოლიტიკური ცხოვრებისა და ხედვების შესახებ ინფორმაციას. გვაძლევდა მიმართულებებს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატი იყო. ის გია ჭანტურიას მეზობელი იყო და ხანდახან, როდესაც გიას დედას არ ეცალა, ბავშვს მეზობელ ლიზიკოს უტოვებდა.

 

 

ლიზიკო 28 წელი იყო გულაგში, ციხეებში ნამყოფი გადასახლებისას და რუსულ ენას კარგად ფლობდა. გიას დედას იმედი ჰქონდა, რომ ლიზიკო მის შვილს რუსულს ასწავლიდა. რუსულის რა მოგახსენოთ, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციები კი ასწავლა. შემდეგ ყველანი დავკავშირდით – მე, თამრიკო ჩხეიძე და სხვები. ბევრმა ერთმანეთი სწორედ ლიზიკოსთან ურთიერთობით გავიცანით. ნაწილმა – აკაკი ბაქრაძის ლექციებზე, ზოგმა სიონის ეკლესიაში. რაღაცებს ვეძებდით, ვცდილობდით მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზიკო იყო სოციალ-დემოკრატი ანუ ათეისტი, მენშევიკი თავისი სულისკვეთებით, ჩვენ კი ეროვნულ დემოკრატები ანუ მენშევიკების დაუძინებელი მტრები, ის მაინც ჩვენი მასწავლებელი იყო. აი, როგორ ვახერხებდით ურთიერთობას – სიყვარულით, ყველაფერში სიყვარული.

ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ძირითადად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიყავით ერთად, მაგრამ იდეოლოგიური ხედვების მიხედვით, გვქონდა განსხვავებული აზრი. იგივე თამარ ჩხეიძე იყო ლიბერალური მომართულების, ეროვნულ-ლიბერალური. ჩვენ ეროვნულ ცოტა რელიგიური, ასე ვთქვათ, უფრო კონსერვატორები ვიყავით, ქრისტიან-დემოკრატები თანამედროვე ტერმინოლოგიით. როდესაც პირველად ტერმინი „თეოდემოკრატია“ შემოვიტანეთ, ქართულად გადმოვთარგმნეთ – ევროპული მიმდინარეობა ქრისტიან-დემოკრატია და ჩვენ „თეოდემოკრატია“ დავარქვით. თუმცა, მარტო თარგმანი არ ყოფილა, რადგან ჩვენს თეოდემოკრატიაში რელიგიური კომპონენტი ცოტა მეტი იყო, ვიდრე ევროპულ ქრისტიან-დემოკრატიაში. მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდა პიროვნული მეგობრობაც, სიყვარულიც, მაგრამ დაპირისპირებაც, შეურიგებლობა ერთმანეთის ხედვების მიმართ.

 

“კომუნისტები არ ელოდნენ, რომ კრიტიკულ მომენტში გაერთიანება შეგვეძლო.”

“მე თუ ორი მომხრეთი მეტს შევიძენ პოლარიზებაში, – ჯანდაბასო. თანამედროვეებსა და ჩვენ შორის ეს განსხვავებაა.”

 

 

– ანუ თქვენ, გია ჭანტურია, თამარ ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი საერთო ღირებულებებმა გაგაერთიანათ?

– საერთო უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე განმასხვავებელი. ეს იყო თავისუფლების, ყველაზე მაღალი ღირებულების ერთგულება – დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები. საერთო კულტურული ცივილიზაციური ხედვები, მიუღებლობა საბჭოეთის, ბოლშევიზმის. აი, ეს საერთო იმდენად დიდი იყო, მიუხედავად განსხვავებისა, ჩვენ ერთიანი სივრცე ვიყავით. მაგალითად, ნოდარ ნათაძეს ჰქონდა მემარცხენე კომპონენტები თავის ხედვებში. ვკამათობდით, ვჩხუბობდით, ხანდახან ერთმანეთს შეურაცხყოფასაც ვაყენებდით. მაგრამ ეს არ ასახულა პირად ურთიერთობებზე. ვმეგობრობდი და ბოლომდე ვთანამშრომლობდით ბატონ ნოდართან. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ვიყავით, ბევრი რამ მისი ხედვებიდან მივიღე. ბოლომდე რომ არ იყო იდეოლოგიური თანხვედრა, ამიტომ ვიყავით ცალ-ცალკე, თორემ ყველამ იცის, რომ „სახალხო პარტია“ და „სახალხო ფრონტი“ ბოლო 20-25 წელია ერთად ვაწერდით ხელს ყველა განცხადებას. არჩევნებზეც ერთად გამოვდიოდით. სხვადასხვა ორგანიზაციაში ვიყავით, მაგრამ ერთმანეთის ხედვებს, პატივს ვცემდით. ეს უნდა იყოს დღევანდელ საქართველოში. დღეს ვერ ნახავთ მედიასაშუალებას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ასეთ ჯანსაღ პოლიტიკურ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან.

– 1988 წლის აქციები, შემდგომში კი, 9 აპრილის გამოსვლებიც ერთობლივად დაგეგმილი იყო?

– ნოემბრის შიმშილობა ჩვენი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო და თავიდან მხოლოდ ირაკლი შენგელაია შემოუერთა. ეს ის ჯგუფია, ვინც დღეს „სახალხო პარტიაშია“. „სახალხო ფრონტი“ მაშინ ჯერ იურიდიულად არ იყო რეგისტრირებული. ნოდარ ნათაძესაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ 29 ნოემბრის ყველაზე დიდ აქციაზე, შიმშილობის დამამთავრებელ დღეს – პირველი სიტყვა უხუცეს ნათაძეს მივეცით, რადგან ყველაზე უფროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხის გარკვეულ ნაწილს აქციაში მონაწილეობა არ მოუღია, 29 ნოემბრის აქციაზე ყველა ერთად ვიყავით. განა, ეს დისკომფორტს არ გვიქმნიდა? ბუნებრივია, განსხვავებული ადამიანების არსებობა დისკომფორტს გვიქმნიდა, მაგრამ უფრო დიდი საქმე გვქონდა – საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ ეს დისკომფორტი იმ გრძნობასთან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიღაც გვერდით გიდგას, შეიძლება ცოტა განსხვავებული აზრით, შეიძლება შენი კონკურენტი და შენთვის მიუღებელი ხედვებით, მაგრამ იმ მთავარ საქმეში რომ შენ გვერდით დგას, აი, ეს იყო ჩვენთვის მთავარი. აი, ამის გამო ვიყავით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს შეგვეძლო ერთმანეთი კვლავ გაგვეკრიტიკებინა.

 

 

თუნდაც, 1989 წლის 25 თებერვალი ავიღოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იმით, რომ ყველა ორგანიზაციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა ამ დღის აღნიშვნა. ეს რას ნიშნავს – ვერ მივედით ერთ ნიშნულამდე. ჩვენ შორის დიდი დაპირისპირება იყო, მაგრამ აქცია რომ დაარბიეს და დაგვიჭირეს, მერე ბოლოს ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი უნივერსიტეტის ეზოში. კომუნისტები არ ელოდნენ, რომ კრიტიკულ მომენტში გაერთიანება შეგვეძლო. როცა გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ – დიდი საქმის შესასრულებლად იძულება, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აი, დღევანდელობაში რომ გადმოვიტანოთ – გვინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. იძულებული ვართ თავი დავხაროთ რაღაცაზე. ოღონდ ეს მოხდეს და ჯანდაბას, ორი კაცით მეტი ჰყავდეს პარლამენტში. აი, ეს განცდა არ არის. საერთო იდეის განცდა არ არის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარი ის კი არ არის, ევროკავშირში გავწევრიანდეთ თუ არა, მთავარია, მე რას მივიღებ ამ პროცესისგან. მე თუ ორი მომხრეთი მეტს შევიძენ ამ პოლარიზებაში, ჯანდაბასო. აი, ჩვენ შორის ეს არის განსხვავება. ჩვენ გვინდოდა დამოუკიდებლობის დიდი იდეა განხორციელებულიყო და ამის შესაბამისად ვიქცეოდით.

“ჩვენ მასწავლებლები არ გვყოლია, არ გვყავდა პოლიტიკურად გამოცდილი მამათა თაობა”

“ვიკამათოთ, – ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენე, ვინ კონსერვატორი, ვინ ლიბერალი, მაგრამ სახელმწიფოს ნუ შევეხებით!”

– და ამ ბრძოლაში ყველა საბჭოთა გულაგებში წამებაზეც თანახმა იყავით?

– რა თქმა უნდა. ეს იყო ბრძოლის ფორმა. ეს იყო განცდა იმისა, რომ შენ ქართულ საქმეს აკეთებ; რომ მსოფლიომ გაიგოს – საქართველო იბრძვის და თუნდაც, ჩემი დაჭერის ფასად. ამ დროს გაქვს მორალური წამახალისებელი – ვინ ვარ მე, როდესაც პარტიის ხელმძღვანელად კოტე აფხაზი მყავდა. ვინ ვარ მე, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი თანამშრომლობდა ჩემ პარტიასთან, დათა ვაჩნაძესთან და სხვებთან, ხალხი, რომელიც 24 წლის აჯანყებაზე უცილობელ სიკვდილზე მიდიოდნენ. შალვა ამირეჯიბს აქვს ასეთი სიტყვები: ვიცოდით, ეს შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ 24 წლის აჯანყებამ შობა ახალი საქართველო, დამოუკიდებლობის უკვდავებაო. ამიტომ წავედით სიკვდილზეო. ჩვენც ამიტომ მივდიოდით. ამავდროულად, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი – ლიზიკო ქავთარაძე, 28 წელი რომ გულაგში იყო და ყოველივე ამას გაუძლო და დღესაც შემართულია; როდესაც მერაბ კოსტავა ციხეშია და იცი, რა ხდება საბჭოთა კავშირის დისიდენტების ირგვლივ, როცა ეს ყველაფერი იცი, ხედავ, ამ შემთხვევაში, როგორ თემაა იცი – მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს არ აინტერესებს ეს თემა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის მთავარი. ისე, როგორც ვინ ვართ ჩვენ, როდესაც ილია ჭავჭავაძე გოდებდა, – ამხელა საქართველოში კაცი არ არის ფიქრი ჩემი ვანდო, დარდი ჩემი გავუზიაროო. ის როცა ამაზე საუბრობს, ვინ ხარ შენ?!. ამიტომ ამაყად მიდიხარ. ეს თავდადების გზაა, უდიდესი სიყვარულის გზაა. მერე რა, რომ მაშინ არავინ საუბრობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ეს იდეა უკვდავია.

– როგორ დაუახლოვდით „სიონისტები“ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, მერე როგორ შემოგიერთდნენ ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე და სხვები?

– მარტივად არის საქმე: ვინც ეძებს, ის პოულობს. ჩვენ ჯერ საკუთარ თავს ვეძებდით ანუ ჩვენს მთავარ ღირებულებებს. ეს უნდა გვეპოვა საქართველოს ისტორიაში, ქართულ ლიტერატურაში და საქართველოს ეკლესიაში. შესაბამისად, ჩავუღრმავდით ამ მიმართულებებს. ყველა ამ ადამიანმა, ვინც თავის თავს ეძებდა, თავი სიონში მოვიყარეთ, მით უმეტეს, როცა უწმინდესი გახდა პატრიარქი. მე ცოტა ადრე მივედი, 15 წლიდან ეკლესიაში დავდიოდი.

“ილია მეორის აღსაყდრებამ ეროვნულ მოძრაობაში გარდატეხა შეიტანა”.

“ახაგაზრდები რომ მივედით და სტიქარი ჩავიცვით, ხალხი ხელზე გვკოცნიდა, გვეფერებოდა”.

 

პატრიარქის აღსაყდრებამ სიტუაციაში გარდატეხა შეიტანა. ჯერ ერთი, ეკლესია იყო ერთადერთი ლეგალურად მოქმედი სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი ბმა ქართულ სახელმწიფოსთან, ღირებულებებთან. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა, სიმპათიური, განათლებული, მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც ენერგიას ასხივებდა და იმედს გაძლევდა, რომ რაღაც იცვლება, იწყება. შეიძლება გაცნობიერებული არ გვქონდა, რა იყო ეს “რაღაც” , მაგრამ სუდარაგადაფარებული, თითქმის ჩამკვდარი საეკლესიო ცხოვრება, გამოცოცხლდა. ამ ჩამკვდარმა ცხოვრებამ გაიღვიძა და სიონი გაივსო ახალგაზრდებით.

მე რომ სიონში მივედი, ახალგაზრდები ძალიან ცოტანი ვიყავით. ძველი მრევლი დამხვდა – 20-იანი წლების რეპრესიებ გამოვლილი მრევლი, რომელსაც ახსოვდა კირიონი, რომელიც მეგობრობდა ამბროსისთან. ეს ის მრევლია, რომელმაც თავის მხრებზე გამოატარა საქართველოს ეკლესია. ახალგაზრდები რომ მივედით და სტიქარი ჩავიცვით, ეს ხალხი ხელზე გვკოცნიდა, გვეფერებოდა. გვეუბნებოდნენ – გვეგონა, ჩვენს შემდეგ, მრევლი აღარ დარჩებოდაო. წარმოიდგინეთ! თანამედროვე ახალგაზრდობას ეს უკვირს, გაუგებარია, რადგან ყველა უბანში ეკლესიაა. მაშინ თბილისში 6 ეკლესია იყო. აქედან ბოლომდე ქართული მხოლოდ სიონი, ქაშვეთი სანახევროდ და დანარჩენი რუსული მრევლი. ქართველი მრევლი, ძირითადად, სიონში იყო. აქედან გამომდინარე ამ ხალხს ეგონა, რომ მათი თაობა რომ წავიდოდა, სიონიც დაიკეტებოდა, როგორც მრავალი ეკლესიის კარი დაიკეტა. უნდა გენახათ, ეს მოხუცები სხვადასხვა დაკეტილი ეკლესიების ეზოში ჩუმად რომ იდგნენ, არავინ დაგვინახოსო, დაუჯდომელს კითხულობდნენ. რა სანახავები იყვნენ, რა საყვარლები… ოღონდ სიონში იყავით, რაც გინდა ქენითო, არაფერს გვიშლიდნენ.

 

წირვის შემდეგ ვისაც, რა ჰქონდა, ზოგი ღვინოს გვჩუქნიდა, ზოგი ფულს, ზოგს საჭმელი მოჰქონდა – შვილებო, დასხედით, იქეიფეთ, ქართული ხმა ისმოდეს სიონის ეზოშიო. მაშინ სიონის და ქაშვეთის ეზოებში, ძირითადად, არაქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. მუდმივი კონფლიქტები იყო ამის გამო. ასე მოვიყარეთ თავი ეკლესიაში. ზოგი მათგანი დარჩა და სასულიერო ცხოვრება გააგრძელა. მაგალითად, სოსო წერეთელი, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების ამბავს უკავშირდება და მამა თეოდორე, ერთად მოვიდნენ. მამა თეოდორე აღიკვეცა და ეკლესიაში დარჩა. ესენი წავიდნენ სხვა მიმართულებით და ის ცნობილი ტრაგედია დატრიალდა. შესაბამისად, სიონი გახდა ჩვენი შეკრების ადგილი და არა მარტო ჩვენი. მთელ საბჭოთა კავშირში ყველამ იცოდა, რომ კვირა დილას – მორწმუნეა თუ ურწმუნო, ათეისტი თუ კათოლიკე, მუსულმანი თუ გრიგორიანელი – ყველა დისიდენტი სიონის ეზოში იქნება. ვისაც, ვისი ნახვა უნდოდა, ყველა იქ მოდიოდა. ხშირად ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებიდან.

სხვათა შორის, მსგავსი შეკრების ადგილი იყო ლიტვაში, ვილნიუსში კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძრის ეზოში. ვიცოდით, რომ კვირის მესაზე იქნებოდა ყველა ადგილობრივი დისიდენტი. სად იკრიბებოდნენ, შედარებისთვის ვამბობ, რუსი დისიდენტები – ჯერ მაიაკოვსკის ძეგლთან, მერე პუშკინის. ჩვენი ადგილი იყო აქ. უშიშროების ინტერესი იყო, რომ იქიდან გავედევნეთ, მაგრამ არც ერთხელ პატრიარქს ჩვენთვის არ უგრძნობინებია, რომ ამის გამო მას საყვედურობდნენ.

“შემოგზავნილი აგენტურის გამო, ხშირად, წირვის ნახევარი საკურთხევლის ნაცვლად, ჩხუბში გამიტარებია.”

“ასაფეთქებლებს შეაგდებდნენ ხოლმე ეკლესიაში წირვის დროს. ხალხს ტრავმები მიუღია”.

 

– პატრიარქს თქვენ გამო საყვედურობდნენ?

– რა თქმა უნდა. უწმინდესი უნიკალური პიროვნებაა. ჩვენ ვიცით, სიტყვა: – მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს, ღმრთის. ის იყო ლოიალური ასეთ საკითხებში, მაგრამ შეუდრეკელი ისტორიულ მასშტაბიან, პრინციპულ საკითხებში. ერთ-ერთ პრინციპულ საკითხად მას მიაჩნდა, რომ ეს ახალგაზრდები ამაზე უკეთეს ადგილას, ვერ წავლენ და მაქსიმალურად გვიფარებდა. ჩემთვის რაღაცით რომ ეგრძნობინებინა, – ან სტიქარი, ან პოლიტიკური საქმიანობა, არ ვიცი, მაშინ რომელს ავირჩევდი. მაგრამ, არც უთქვამს ამის შესახებ არასოდეს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთან ერთად რომ იყვნენ, დავუშვათ ის პირები, სტიქაროსნები, რომლებიც სასულიერო გზით აპირებდნენ წასვლას და დღეს მაგალითად, ეპისკოპოსი მიტროპოლიტები არიან – მეუფე დიმიტრი, მეუფე იობი, ჩვენ შემდეგ მოვიდა მეუფე დანიელი, რეზო სიხარულიძე და სხვ. ესენი ამ მიმართულებით მიდიოდნენ და ყველამ იცოდა. მაგრამ აქეთა მხარეა ეროვნულ-რელიგიური ნაწილი, – გოგი შიოლაშვილი, ხშირად დიდ დღესასწაულებზე, ირაკლი წერეთელსაც ვაცმევდით სტიქარს და ეს ყველაფერი უწმინდესს არ გამოეპარებოდა. ყურადღება იყო ჩვენკენ.

 

 

იყო ერთი მომენტი, დასამალი აღარ არის უკვე, მისგან ნაჩუქარი თანხა ყველა დღესასწაულებზე, ნახევარი პოლიტიკურ საქმიანობაზე იხარჯებოდა, მეორე ნახევარი ქეიფზე. ყოფილა შემთხვევები, რომ დიდ დღესასწაულებზე ფული მოუცია რესტორანში წადით და იქადაგეთ ქრისტეს სიდიადეო. სტიქაროსნებს, მგალობლებს, სანთლებს გვჩუქნიდა. სპეციალურად თავის კელიიდან გამოიტანდა დიდ სანთლებს. ჩვენ და მგალობლები მივდიოდით და იქ რაც ტრიალებდა, მართლაც რომ პოლიტიკური აქტი იყო იმ რესტორნებში შესვლა. დღეს შეიძლება ვიღაცას გაეღიმოს, მაშინ ეს სერიოზული აქტი იყო.

– კონფლიქტებსაც იწვევდა ადგილზე?

– რა თქმა უნდა. ეს იყო ორგანიზებული კონფლიქტები. შემოგზავნილი აგენტურის გამო, ხშირად, წირვის ნახევარი საკურთხევლის ნაცვლად, ჩხუბში გამიტარებია. სპეციალურად შემოდიოდნენ ტაძარში და სიგარეტს გამიზნულად ხატის წინ დაკიდებულ კანდელზე უკიდებდნენ, დემონსტრაციულად იქცეოდნენ. მაგრამ, ეს ის დრო უკვე აღარ იყო, ადრე კომკავშირელები შედიოდნენ, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დრო მაქვს მხედველობაში, აღდგომაზე რომ იტყოდა ქრისტე აღდგა! ესენი ჯგუფურად დაიძახებდნენ, ისე მამაშენი ადგა! ამას მე ვერ მოვესწარი. აგრეთვე, ასაფეთქებლებს და „დიმაუშკებს“ შეაგდებდნენ ხოლმე ეკლესიაში წირვის დროს და ამ ხმაზე და კვამლზე, ჭყლეტა იყო. ხალხს ტრავმები მიუღია. მე ამას ვერ მოვესწარი, თუმცა როცა ეკლესიაში მივედი, იყო ფაქტები, ტაძარში სალოცავად შესულებს, შემოსული ტიპები ეტყოდნენ ხოლმე, – ჩვენი მამა პაპები აქ ქეიფობდნენო – და წირვის დროს სუფრას შლიდნენ. შესაბამისად ქეიფი მიდიოდა. ეს ხდებოდა მიზანმიმართულად.

ესაუბრა გიორგი გლოველი

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress