მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო ძალით დაესხა თავს უკრაინას, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი (შიგადაშიგ პრეზიდენტ ზელენსკის თამადობით) თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს (მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად), თუმცა სულ ბოლო დედოფლისწყაროელი ოლექს არესტოვიჩი (დაბადებით – ალექსეი) დაგვპირდა, რომ გაგვათავისუფლებს, როგორც კი რუსეთს დაამარცხებენ (მილიონი უკრაინელი ქალ-ვაჟი მზადაა საბრძოლველადო), ოღონდ პირადად მე მგონია, რომ არესტოვიჩის ტირადის ადრესატი უკრაინელი ხალხი იყო, პასაჟით: უკრაინაზეა დამოკიდებული მსოფლიოს ყოფნა-არყოფნაო. ზოგადად, პატრიოტიზმი, მიუხედავად მისი აღმატებული ბუნებისა, ადამიანების დასაზომბებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ მამუკა გიორგაძესთან ერთად.
– როგორ იქცევა პატრიოტიზმი იდეოლოგიის იარაღად? პატრიოტიზმი ედო საფუძვლად ნაციზმსაც.
– პატრიოტიზმის არასწორმა გაგებამ გამოიწვია ნაციზმი, ისევე, როგორც რელიგიაში ბიბლიისა და წმიდა წერილის მცდარი ინტერპრეტირება იწვევს ერესებს, სექტანტობასა და არასწორი მიმართულებით სვლას. მაგალითად, თავის დროზე ნესტორიანელები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც ამხელდნენ არიოზის ერესს, მაგრამ შემდეგ თავად გახდნენ პრობლემა ქრისტიანობისთვის. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი სხვადასხვა ფენის პროცესებისგანაც შედგება. ამდენად, ერთია უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, აგრესიის წინააღმდეგ და მეორე – პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლა, გამოიყენონ ეს საკუთარი მიზნებისთვის. ჩვენ ამის მრავალი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც, მაგალითად, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს და უკრაინაშიც იგივე ვითარებაა.
– აქვე მკითხველს შევახსენებ, რომ ჯერ აფხაზეთის ომში მოხალისეებად წასვლისკენ მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს და შემდეგ ითქვა, ვის გაუგია მოხალისეების მიერ მოგებული ომიო.
– რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც გუმისთაზე იდგა ჩვენი ჯარები და სოხუმი ჩვენი იყო, შევარდნაძე ამბობდა, სანამ ფსოუზე არ გავალ, არ დავბრუნდები თბილისშიო, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორც დამთავრდა ეს ომი – ფსოუზე კი არადა, ენგურზე ძლივს ვინარჩუნებთ პოზიციას. სწორედ ასეთი პროცესებია დღეს უკრაინაში, თუმცა, როგორც აფხაზეთში მებრძოლებს არ ამცირებს მაშინ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე, უკრაინელი ხალხის ბრძოლას არ ამცირებს, რაც უკრაინის პოლიტიკურ კლასში ხდება. თუმცა, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ არც უკრაინის პოლიტიკური კლასია ქართულ პოლიტიკურ კლასზე უკეთესი და ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან. გახსოვთ, რომ 2008-ში საქართველოს ხელისუფლება გვიმტკიცებდა, ომი მოვიგეთო.
–ან ოჩიაურმა თქვა, ან ხერხეულიძემ თქვა „კავკასიის“ ეთერში, მედვედევის მიერ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რომ არასდროს ყოფილა ისე ახლოს საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობასთან, როგორც ახლაო.
– დიახ, ამას გვიმტკიცებდნენ და იმასაც, რომ „მაპზე“ უკეთესი მივიღეთ. საზოგადოების ნაწილი ამას ღიმილით უყურებდა, ნაწილი – ბრაზდებოდა, ნაწილი, ვინც ხელისუფლებაში იყო, იცავდა ამ პოზიციას და იგივე ხდება დღეს უკრაინაში. მაგრამ აქ საინტერესო მომენტი ისიცაა, როგორ იყენებენ მსოფლიოს მხარდაჭერას საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი სისუსტეების გადასაფარავად. გავიხსენოთ უკრაინაში ბოლოს მომხდარი შემთხვევა, როდესაც დააკავეს ერთ-ერთი საწარმოს მეპატრონე, რომელიც წლების განმავლობაში აწვდიდა რუსეთს სამხედრო შეიარაღებას, არადა, ამ კაცის შესახებ უკრაინული პრესა ბოლო 5-7 წელია, წერდა და ახლა იმისთვის, რომ გადაფაროს ეს ჩავარდნა, უკრაინის ხელისუფლება ემოციურ ფონს ამძაფრებს. ისევე, როგორც ერთი ხიდია დნეპრზე, რომელიც ყირიმიდან წამოსულ საოკუპაციო ჯარებს ხერსონს არ ააღებინებდა, მაგრამ ხიდი არ იყო დანაღმული.
– ისევე, როგორც გაგრაში ერთი შემოსასვლელი გზაა და ის არ იყო დანაღმული.
– დიახ, ჯავასთანაც ერთი ხიდი იყო დასანაღმი… ეს შეცდომაა თუ დანაშაული?! მაგრამ, რაც უნდა იყოს, ეს რომ გადაიფაროს, საჭიროა, ხელისუფლებამ გააკეთოს მყვირალა განცხადებები. ისევე, როგორც სააკაშვილი აკეთებდა მყვირალა განცხადებებს, ცხინვალს ვიღებთო. მეტიც, ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ 2008-ში შეტევაზე გადასული ქართული ჯარი გააჩერეს უგულავამ და სხვა სამოქალაქო პირებმა და ცეცხლის გახსნაზე გამოაცხადეს მორატორიუმი?! მსგავსი რამეები ხდება დღეს უკრაინაშიც და ისიც ფაქტია, რომ თვით ამერიკასაც ამოუვიდა ყელში უკრაინის ხელისუფლების ასეთი რიტორიკა და ბაიდენმა ცოტა ხნის წინათ ყურიც აუწია, ცოტა სიტყვებს დაუკვირდითო. ამასთან, საქართველოს გარდა ისრაელიც ამოიღო მიზანში უკრაინის ხელისუფლებამ. ანუ რაღაც ისეთი ქმედებებია, რომლებიც, ერთი მხრივ, რაღაცების გადაფარვისთვისაა საჭირო, ემოციების გასამძაფრებლად და, მეორე მხრივ, აჩენს ეჭვებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლომდე სუფთად არ თამაშობს; ისევე, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში. თქვენც ხომ იცით, გაგრა როგორ გაიყიდა?! ხომ ვიცით, რა ხდებოდა ცხინვალში?!
– სოხუმში რაც ხდებოდა: 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით, მძიმე შეიარაღება ჩამოართვეს ქართველებს, რის შესახებაც ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება შევარდნაძემ, საკუთარი პასუხისმგებლობით.
– ბიჭები იბრძოდნენ და შევარდნაძემ სამხედრო ტექნიკა გაიყვანა აფხაზეთიდან. ისევე, როგორც ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო ჯარების ჩაყენების ხელშეკრულებაში ეწერა, „ოტ ინგური“ და შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, ჟვანია გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ენგურიდან იქით ტერიტორიას ნიშნავსო. ამიტომ არ არის გასაკვირი უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება და ამან არ უნდა გამოიწვიოს აჟიოტაჟი. საქართველოს ხელისუფლება, სხვათა შორის, სარგებლობს ამით, ქმნის აჟიოტაჟს და საკუთარი უმოქმედობის გადასაფარავად მოჰყავს მაგალითად, რომ აი, არესტოვიჩი გვიკიჟინებს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
– ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილსაც აღაშფოთებს ეს განცხადებები ხელისუფლების წაქეზების გარეშეც.
– დიახ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც პოლიტიკური კატეგორიებით კი არ აფასებენ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ ემოციურად, ადამიანური გაგებით, შენ მე მაწყენინე და მე შენ გაწყენინებ. სხვათა შორის, ერმაკის მიმართ უკრაინაში აქვთ სერიოზული ეჭვები მისი კავშირების გამო პატრუშევთან. არც უკრაინაში განხორციელებულა ლუსტრაცია, ისევე, როგორც არც საქართველოში. ბოიკოს უკრაინის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. მაგალითად, კუჩმას დროს უკრაინაში არსებული სამხედრო შეიარაღება გადაეცა რუსეთს და ეს ყველაფერი გასაღდა არარსებული საბჭოთა ვალის გადასაფარავად. ჩვენც ხომ გვახსოვს „ნულოვანი ვარიანტის“ პროექტი რომ შემოიტანეს სააკაშვილმა, ჟვანიამ და ნოღაიდელმა?! არადა, საქართველოს არანაირი ვალი არ ჰქონია, მაგრამ სამაგიეროდ საქართველომ ამ არარსებულ ვალზე უარის თქმით უარი თქვა ჩვენს წილზე საბჭოთა კავშირის ქონებიდან. ასევე, კუჩმას, იანუკოვიჩისა და სხვათა შორის, იუშჩენკოს დროსაც მოლაპარაკებები გაიმართა, რის მიხედვითაც რაღაც ვალების რესტრუქტურიზაციის, ჩამოწერის კი არა – რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ სამხედრო შეიარაღება გადასცეს რუსეთს. ბოლოს და ბოლოს, ბირთვული შეიარაღება ჰქონდა უკრაინას, უკრაინაში იყო საბჭოთა სამხედრო შეიარაღების მესამედზე მეტი, იმიტომ რომ უკრაინა იყო „ნატოს“ საწინააღმდეგო ფორპოსტი საბჭოთა კავშირის დროს.
– ადგილმდებარეობის გამო.
– დიახ, მაგრამ, ჩვენსავით არც უკრაინელებმა მოითხოვეს თავიანთი წილი შავი ზღვის ფლოტიდან.
– როგორც სიგუა ამბობდა, შევარდნაძემ უარი თქვა მძიმეტონაჟიან სამხედრო გემებზე, მათი შენახვის ფული არ გვაქვსო.
– სამოქალაქო გემებიც კი გავყიდეთ და არავინ იცის, სად წავიდა ის ფული. ზუსტად იგივე ხდება უკრაინაშიც, წარმოიდგინეთ, რა აგენტურა მუშაობს საქართველოში და რა მასშტაბის აგენტურა იქნება უკრაინაში, ამხელა ქვეყანაში?! უკრაინის ოლქები საქართველოზე დიდია როგორც მოსახლეეობით, ასევე, ტერიტორიით. თან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკრაინაში სამხედრო დასახლებები შეიქმნა, ბევრი სამხედრო დანიშნულების ქარხანა იყო. ამდენად, უკრაინაში ბევრია ისეთი, რომლებიც მიბმულები არიან რუსეთთან. ახლა შევხედოთ უკრაინის პოლიტიკურ კლასს. მართალია, საქართველოში იყო დიდი პოლიტიკური დაპირისპირებები, მაგრამ გავიხსენოთ, რა ხალხი მონაწილეობდა ამ დაპირისპირებებში, როგორი განათლებისა და კულტურის მქონე? ვკამთობდით აკაკი ბაქრაძესთან, მერაბ მამარდაშვილთან, ნოდარ ნათაძესთან, ოთარ ჭილაძესთან და რომელი ერთი ჩამოვთვალო. დღეს კი რა ხდება ჩვენს სამოქალაქო ცხოვრებაში?! ხალხს შეიძლება, ბოლომდე ერთი წიგნიც არ აქვს წაკითხული და იგივე ხდება უკრაინაში. საიდან მოვიდნენ ეს არესტოვიჩები და არახამიები?! როგორ აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში?! ამ ემოციურმა ფონმა ის ხალხი წამოატივტივა, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესებში არც ყოფილან. მაგალითად, შეიძლება, რომელიმე უკრაინელი ან გერმანელი გაღიზიანდეს ჩვენი რომელიმე დეპუტატის განცხადებაზე?! ზუსტად ეს ხდება უკრაინაშიც და, სხვათა შორის, იქ მანიპულირების უფრო მეტი საშუალებაა და ის ადამიანები თავიანთ თავზე ირგებენ მიმდინარე პროცესებს. მე თვალყურს ვადევნებ უკრაინის პოლიტიკას და ვხედავ, როდესაც რაღაც მოვლენაზე პასუხი არ აქვთ, ისინი მაშინ აკეთებენ მსგავს გამაღიზიანებელ განცხადებებს. ისინი ხომ „პიარშიკები“ არიან?! საქმის არსში ვერ ერკვევიან, მაგრამ ახერხებენ ემოციური ფონის წინ წამოწევას. და კიდევ ერთი მომენტი: თქვენ სწორად თქვით, პატრიოტიზმი ამის საშუალებას იძლევა; დიახ, პატრიოტიზმი იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური კატეგორიებიდან ემოციებზე გადართო პოლიტიკური პროცესი.