ახალი თაობა 28.03.2022 „პრორუსული ძალების გააქტიურება ხელისუფლების ბრალია“

1580333096-მამუკა-გიორგაძე-
მამუკა გიორგაძე: „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, პოლიტიკური აქტიურობა უნდა გამოეჩინა“
„სახალხო პარტიას პატრიოტულ ერთიან ფრონტთან საერთო არაფერი გვაქვს“
მარიამ მჭედლიშვილი
უკრაინის გარშემო და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრი ძვრა მოახდინა მსოფლიოში. პროდუქტების გაძვირებას რომ თავი დავანებოთ, რა რეალობაში აღმოჩნდა საქართველო?
_ ამ მოვლენებმა გამოკვეთა ჩვენი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარება. კიდევ ერთხელ ნათლად გამოაშკარავდა, რომ ჩრდილოეთით გვესაზღვრება აგრესიული სახელმწიფო, რომელსაც არათუ სხვისი, არამედ, საკუთარი მოსახლეობის ბედიც კი არ ანაღვლებს. რუსეთის იმპერია ის გველეშაპია, რომელიც გამუდმებით მოითხოვს ადამიანის მსხვერპლს. მას აქვს შიდა ცხელი და ცივი ფაზები. რუსეთთან ურთიერთობის 400 წლიანმა ისტორიამ დაგვანახა, რომ საქართველო მუდმივად საფრთხეშია და ჩვენ ეს საფრთხეები უნდა გავანეიტრალოთ. საფრთხეებზე და პრობლემებზე თვალის დახუჭვით, წაყრუებით არაფერი გამოვა. საჭიროა გარკვეული ნაბიჯები და აქტიურობა.
_ ამ თემას შემდეგ დავუბრუნდეთ. პატრიოტთა ფრონტის პრეზენტაციაზე მასში გაერთიანებულ ძალებს შორის დასახელდა თქვენი სახალხო პარტიაც. პატრიოტთა ერთიანი ფრონტი ნეიტრალიტეტის საკითხზე აქტიურიობს. თქვენ სხვა შეხედულებები და პროდასავლური ორიენტაცია გაქვთ.
_ სახალხო პარტიას პატრიოტულ ფრონთან საერთო არაფერი აქვს. ამ საკითხზე არც არავინ დაგვლაპარაკებია. არასოდეს დაგვდგებით იქ, სადაც რუსული დროშა ფრიალებს. ერთი ეგაა, რომ ზოგიერთ ადამიანთან რომელიც იქ იმყოფებოდა, ადამიანური ნაცნობობა გვაკავშირებს. ზოგს საერთოდ არ ვიცნობთ. როგორც გითხარით, სახალხო პარტია ამ ფრონტში არ შესულა. ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც 45 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. მივყვებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის იდეალებს. სახალხო პარტიაში ვართ იმ ხალხი, რომელიც 45 წლის წინ ედპ-ს სტრატეგიას ვაყალიბებდით.
_ უკრაინის თემა გავაგრძელოთ. საქართველო ჰუმანიტარულად ეხმარება უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვიან ქართველი მოხალისეები. საქართველოს ხელისუფლება კი თავის განცხადებებში უკრაინის თაობაზე ერთიანი არ არის.
_ ერთია უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასება და მეორეა-ამ ფონზე რა ნაბიჯებს დგამს საქართველო. კიდევ ერთხელ თავი იჩინა სახელმწიფოს რაობამ. ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი საზოგადოება არ გვაქვს. როცა ასეთი საფრთხეა, ასეთი კრიზისი, არსებითია ერთიანობა. საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას ხელისუფლება უნდა ცდილობდეს.
_ ხელისუფლება არ ცდილობს?
_ ხელისუფლება არათუ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას არ ესწრაფვის, თავის რიგებში ვერ აღწევს თანხმობას. ამიტომაა, რომ პრეზიდენტი ერთს ამბობს, პრემიერი-მეორეს. პარლამენტი საერთოდ გაჩერებულია. ხელისუფლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უნდა მოეწყო ფართო მსჯელობა და დისკუსია. ხელისუფლება დისკუსიებითა და ფართო განხილვებით მანამდეც არ იკლავდა თავს. არც კი ახსოვდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები და სხვა გამოწვევები გვაქვს. არც უკრანის მოვლენებზე შეუწუხებია თავი.
_ პარლამენტს უნდა ეაქტიურა?
_ პარლამენტს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამისთვის უნდა მიეცა პოლიტიკური შეფასება. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, თითქოს ეს არ მომხდარა. მეზობელთან რომ დიდი ჩხუბია, როცა ხანძარი მძვინვარებს, ზომები შენც უნდა მიიღო. თორემ, საფრთხე დაგემუქრება. ერის მაორგანიზებელია ხელისუფლება. ხელისუფლებას ორგანიზება უნდა გაუწიოს მსჯელობას სხვადასხვა საკითხზე. მაგალითად, შეიარაღებულ ძალებზე, იმ თავდაცვით ობიექტებზე, რომლებიც შემოგვრჩა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ენერგეტიკულად და სხვა სფეროებშიც მიბმული ვართ რუსეთზე.
_ ევროპა ეტაპობრივად გამოდის რუსეთის ენერგოდამოკიდებულებიდან.
_ ბრიუსელში 25 მარტს გამართული სამიტების უმთავრესი თემა ეს იყო. გერმანიას ჰქონდა გაზსაცავები. ახლა ტერმინალებს ამატებს. ყველაფერი კეთდება, რომ ევროპა არ იყოს ჩამოკიდებული რუსულ გაზზე. საკითხავია, რას ვაკეთებთ ჩვენ?! თუ გახსოვთ, ანგელა მერკელმა მოგვიწოდა საქართველშიც მოვაწყოთ გაზსაცავი. ამისთვის გრანტი გამოგვიყო. ეს ფული შეიჭამა და გაქრა, გაზსაცავი კი ისევ არ გვაქვს. თუ ევროპა ცდილობს გამოვიდეს რუსული გავლენიდან, ჩვენ უფრო მოწყვლადი ქვეყანა არა ვართ?! რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ხელში აქვთ ჩაგდებული საქართველოს საკვანძო სფეროები. აქედან გამოსავალს ხელისუფლება ეძებს?! რასაკვირველია, არა.
_ საქართველოს ნაკლებად საკვანძო ბევრი სფეროც რუსი ბიზნესმებევის ხელშია.
_ რუსული სახელმწიფო კომპანიების გარდა არიან კერძო პირები და კომპანიები რუსეთიდან. ეტყობა, მათ კომფორტულ პირობებს უქმნიან საქართველოში. ეს ხდება ქართული ბიზნესის შევიწროვების ხარჯზე. შე დალოცვილო, შეუწყვე ხელი ქართულ ბიზნესს და ქართულ სახელმწიფოს! შექმენი ნორმალური სასამართლო, რომ დასავლელმა ინვესტორებმაც დააბანდონ თანხები! დასავლეთიდან ვინც შემოვიდა საქართველოში, ყველას დავა აქვს სახელმწიფოსთან. სასამართლოსთან ერთად თვითმმართველობაც ვერ ჩამოვაყალიბეთ. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში! უკრაინულ ქალაქებს დამპყრობლებისაგან იცავენ თვითმმართველობები. ზოგიერთი ქალაქის მერმა არ იცის უკრაინული, მაგრამ მან შესანიშნავად იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, როგორ მოახდინოს ხალხის ორგანიზება. საქართველოში თვითმმართველობებისგან საომარ მოქმედებებს არ მოვითხოვ. თვითმმართველობის დემოკრატიული ნორმები რომ დავამკვიდროთ, ეს რუსეთთან რუსეთთან ომს გამოიწვევს? ნორმალური სასამართლო და დემოკრატიული საარჩევნო გარემო რომ გვქონდეს, ეს რუსეთთან ომს ნიშნავს?! საქართველოს პოლიტიკური კლასი ამაზე არ ფიქრობს. მისთვის მთავარია ძალაუფლება. ამხელა ომი მიდის ესეც ნაცქოცური დაპირისპირების პრიზმაში გადაჰყავთ.
_ მმართველ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის კინკლაობა ამ მძიმე დროსაც არ შეჩერებულა. უბრალოდ, გაჩნდა ახალი სადაო თემები. თქვენც ეს გაქვთ მხედველობაში?
_ ბუნებრივია. სპიკერები უკრაინიდან ლაპარაკობენ უმძიმეს საკითხებზე. ისინი ამათზე უფრო მშვიდები არიან. ტელესივრცეში გაბატონებული ქართველი პოლიტიკოსები ისევ წივიან, კივიან და აწყობენ ისტერიკებს. ისევ უნდათ, გადაიტანონ ყურადღება არსებითი პრობლემებიდან ემოციურ ხელოვნურ დაპირისპირებაზე და ამაში ჩართონ მოსახლეობის ფართო ფენები.
_ უკრაინის სისხლიანი მოვლენების ფონზე ჩვენი საზოგადოება ნაც-ქოცური ორთაბრძოლებით საზრდოობს? იქნებ, არ არის ასე?
_ დავესესხები ილია ჭავჭავაძეს. ილია ამის მსგავს ამბებს უწოდებდა „ყბად ასაღებსა და წყალ წასაღებს“. უნდა თუ არ უნდა, მოსახლეობას უწევს ასეთი ამბების მოსმენა, ყურება და წაკითხვა. ამის შემყურე ხალხის ნაწილი ნიჰილიზმში ვარდება, ნაწილი-პანიკაში. საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ორივე დამუპველია. ჩვენ გვამყოფობენ სიტუაციაში, თითქოს საქართველო ძალიან შორსაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისაგან და ვინც უკრაინაზე საუბრობს, ის უკრაინისათვის დებს თავს. სინამდვილეში, ეს ჩვენი პრობლემაცაა. ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ.
_ პრორუსული ჯგუფები უკრაინისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებითაც კი ღიზიანდებიან.
_ ბოლო დროს პრორუსული ჯგუფები ძალიან გააქტიურდნენ. პრორუსული ძალების გააქტიურება ხელისუფლების ბრალია. ჩვენ გვაყენებენ პარადიგმის წინაშე: ან უკრაინის პროცესებისაგან სრული გამიჯვნა ან ომში ჩართვა. სინამდვილეში, ერთი მეორეს ალტერნატივა არ არის.
_ ხელისუფლება აქტიური უნდა იყოს?
_ ცხადია. საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს ომის ცხელ ფაზას. ეს უმოქმედობას და სრულ პასიურობას არ ნიშნავს. უკრაინაში მიმდინარე პროცესების შედეგად ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი კონფიგურაცია. სად იქნება საქართველოს ადგილი? იქნება თუ არა ის დაცული? ამ ყველაფერზე უნდა იყოს აქტიურობა და მსჯელობა. ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს უნდა გამოეჩინა ეკონომიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური აქტიურობა. ომის თავიდან არიდება არ ნიშნავს სრულ პასიურობას. უკრაინის ომს ადარებენ ხოლმე საქართველოს 2 008 წლის ომს. საქართველოში ამაზეც არ მიდის საუბარი. საქართველოშიც რუსეთმა დაიწყო ომი, მაგრამ უკრაინისა და საქართველოს მაშინდელ მოვლენებს შორის არის განსხვავება.
_ კერძოდ?
_ უკრაინამ ჯერ დააფიქსირა, რომ რუსეთი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და შემდეგ გაისროლა. მსოფლიოში ამას უწოდეს არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია. საქართველოში 2 008 წლის აგვისტოში ჯერ ესროდნენ ბანდფორმირებებს და ამას ყველას აუწყებდნენ, შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარი შემოვიდა. საქართველოს ხელისუფლებას სროლის უფლება ჰქონდა. უბრალოდ, ჯერ უნდა ეთქვა, რომ რუსეთის ჯარია შემოსული. ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ცხელი ფაზა სააკაშვილმა წამოიწყო. სწორედ ამაზეა საუბარი ტალიავინის კომისიაშიც და სხვა დასკვნებშიც. 2 008 წლის ომის შემდგომი ახალი რეალობა ამ ომის შემდეგ ყველას მოეხსენება. შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა თუ დანაშაული ჩაიდინა, გამოძიებამ გაარკვიოს. სახალხო პარტია ამის გამოკვლევას დიდი ხანია მოვითხოვთ. 2 008 წლის მოვლენებზე დასავლეთში აღნიშნეს, რომ რუსეთმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა. უკრაინამ გაისროლა იმის შემდეგ, რაც ყველამ გაიგო, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. უკრაინას გვერდით დაუდგა მსოფლიო და ის იღებს უპრეცედენტო მრავალმხრივ დახმარებას და სოლიდარობას.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress