ახალი თაობა 17.11.2021
მამუკა გიორგაძე: სპექტაკლში მონაწილეობენ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ამაზე დასავლელი ექსპერტებიც საუბრობენ“
„მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო საბჭოეთში ჩარჩა“.
„ეკლესიას ორივე ძალა ნამდვილად ებრძვის“
„მათ, ვინც სპექტაკლებში ჩართული არ ვართ, ძირგამომთხრელი პროცესები უნდა ჩავშალოთ, ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ ქაოსურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს
_ შიმშილობის აქციებმა პარლამენტის გარდა, რამდენიმე საკრებულო მოიცვა. გარდა ამისა, არიან სხვა მოშიმშილეებიც. გრძელდება ქუჩის საპროტესტო აქციებიც. მთავარი მოთხოვნაა ციხის საავადმყოფოში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. რას იტყვით? საკითხი უფრო ფართოა?
_ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არ არის შიდა დუღილის პროდუქტი და საქმე მარტო საავადმყოფოში არაა. ამ მოქმედებების ჯაჭვს ახლავს მაღალი ემოციური ფონი და რადიკალური ქმედებები. სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ხდება მაშინ, როცა დგება ამის საჭიროება, როცა პატიმრის ჯანმრთელობა შეირყევა. ჩვენ ხელისუფლებაში ბურუსში გვამყოფებს და არ ვიცით, სინამდვილეში როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. თუ გავრცელდა კადრები სამედიცინო პუნქტიდან, სადაც ის იღებს საკვებ დანამატებს, რატომ არ შეიძლება მოგვაწოდონ სწორი და ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?!
_ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებმა უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია.
_ დიახ. ეს კადრები გულგრილს ვერავის დატოვებდა. აქ ნიშანდობლივია დასავლელი ექსპერტების გამოხმაურება. ისინი პროცესებს ღრმად უყურებენ და იციან, სინამდვილეში რა ხდება, როგორ ხელოვნურად მწვავდება ვითარება. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ ისიც კი თქვა, იმდენს იზამთ, რომ ბოლოს სააკაშვილს სინდისის პატიმრად გამოაცხადებენო.
_ პროცესები ხელოვნურია?
_ დაკვირვებული თვალი ამას შეამჩნევს. ინფორმირებული ხალხი საქმის კურსშია, რა ხდებოდა 2 003, 2 012 წლებში. ჩვენ გვახსოვს 1 990-92 წლებიც. იმ მოვლენების დროსაც ვიღაცის უხილავი ხელი მართავდა პროცესებს, იცვლებოდა საზოგადოების განწყობები. ახლაც იგივეა. 90-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებას გული აუჩუყდა 5 მოშიმშილე სტუდენტის გამო. აფხაზეთში ხდებოდა ძარცვა-გატაცებები. გაჩნდა რკინიგზის დაცვის ინიციატივა და აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შევიდნენ. ახლანდელი მოვლენებიც არაჯასაღია, ძირს უთრის სახელმწიფოს და ემსახურება საქართველოს საზოგადოების მორიგ გაბითურებას. დასავლეთს ამ პროცესებმა აჩვენა, რომ საქართველოს არ უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი დემოკრატიული სახელმწიფო, რომ საქართველოს არ სურს დემოკრატია, რეფორმები, ნორმალური სასამართლო, კანონის უზენაესობა და სხვა. ამაში დამნაშავეა არაჯანსაღ სპექტაკლებში მონაწილე ორივე ძალა-ქართული ოცნებაც და ნაცმოძრაობაც. მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო საბჭოეთში ჩარჩა. გაჩნდა შეგრძნება, რომ ამ ქვეყანას არ უნდა იყოს დემოკრატიული და რეფორმებს ძალით ვერ მოახვევენ. ამიტომაა, რომ უკვე ხშირად ახსენებენ სანქციებს. ის მრავალფენოვანი ქმედებები, რომლებიც პროტესტის სახესაც იღებს, ძირს უთხრის სახელმწიფოს. არადა, რა ლამაზ სიტყვებს იყენებენ -თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ერის ინტერესები, პატიმრის გადარჩენა. პავლე მოციქული ამბობს, ნუ გამოიყენებ თავისუფლებას ბოროტების საფარადო. აფეთქება შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს. ამაზე პასუხს აგებენ პირები, რომლებიც ძაბავენ ვითარებას. რატომ არ შეიძლება პატიმრის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა? რატომ არ ასწრებენ სასამართლოს? რატომ არ იმართება ღია პროცესი? სახელმწიფო იმიტომ ხარ, რომ პატიმრის უსაფრთხოებაც დაიცვა.
_ სახელმწიფო მოვალეა, დაიცვას ადამიანი?
_ თუ პატიმარი სასამართლოში და კლინიკაში ვერ დაგიცავს, სახელმწიფო არ ხარ. ჩვენ ყველაფერი დაგვყავს სააკაშვილის მიმართ სიმპათია-ანტიპათიაზე. რეალურად, უფრო ფართო მასშტაბური და ფეთქებადსაშიში მოვლენები ვითარდება. ხელისუფლება ინფორმაციას არ გვაწვდის. მის მიმართ უნდობლობა იზრდება. იმ დროს, როცა ამერიკული გემები შემოდიან შავ ზღვაში, ჩვენთან, ქვეყანაში პროტესტის პიკია. როცა კორონავირუსის გამო 2 ადამიანი დაგვეღუპა (2 020 წელს), ხელისუფლება პანიკაში ჩავარდა. შემდეგ ყველაფერი ჩაკეტა. ახლა დღეღამეში კოვიდით იხოცება 80 ადამიანი. ხელისუფლებას რეაქცია არა აქვს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუსაძლისია, ფასები ავარდნილი. ოჯახის რჩენა ეგზისტენციალური პრობლემა გახდა.
_ კოვიდის წინააღმდეგ არასწორი მენეჯმენტი ხორციელდება?
_ როცა ჩართული ხარ უაზრო დამანგრეველ სპექტაკლებში, სხვა რამისთვის დრო არ გრჩება. ვის სცალია მენეჯმენტისთვის?! გვაქვს ვაქცინები. ჩვენ არ ვიცით, ვადაგასულია თუ არა ეს პრეპარატები.
_ მთავრობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ენდობით?
_ ვერ ვენდობი. ხომ გახსოვთ, ვერ გვითხრეს, სააკაშვილი ტრუსკავეცში იყო თუ თბილისში. თურმე, საქართველოში ყოფილა, ჩვენ კი გვაცურებდნენ, უკრაინაშიაო. ამის შემდეგ ვაქცინაზე რატომ უნდა ვენდოთ?! მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობს ვაქცინაციაზე. ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ. რა ვქნათ, გავრიყოთ ეს ადამიანები?! ეს ყველაფერი დრამატიზმს ზრდის. ვაქცინაცია მიმდინარე პროცესების ნაწილია. მთლიანობაში, აფეთქებას ცოტა გვიკლია. ისევ ვხედავთ, რომ ქართული პოლიტიკა რუსული სპექტაკლების მოედანია. ახლანდელ სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა თავისი სატელიტებით. ორივე მხარე ემსახურება რუსეთს. სახალხო პარტია ამაზე წლებია, ლაპარაკობს და ამხელს ამ თამაშებს. თუ ჩვენ მიკერძოებული ვართ, მოუსმინეთ დასავლელ ანალიტიკოსებს! უკვე ისინიც ამას ამბობენ. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები თუ ხელოვნურია, ეკლესიასთან დამოკიდებულებაში ორივე მოთამაშე გულწრფელია.
_ რას გულისხმობთ?
_ ქართული ოცნებაც და ნაცმოძრაობაც თავს ესხმიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა, ამას აკეთებენ არაპირდაპირ, მასზე ზრუნვის საფარქვეშ.ეკლესიაზე იერიშიებისთვის ყველა საბაბს იყენებენ. რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან არ დამთავრებულა. თუ მამუკა გიორგაძისა არ გჯერათ, ივანე ჯავახიშვილი წაიკითხეთ.
_ გამოსავალი სად არის?
_ პირველ რიგში, საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს. მათ, ვინც სპექტაკლებში ჩართული არ ვართ, ძირგამომთხრელი პროცესები უნდა შევაჩეროთ. ეს პირველი ეტაპის ამოცანაა. მეორე ეტაპზე უნდა ავიღოთ ინიციატივა ჩვენს ხელში. მესამე ეტაპზე უნდა დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები.