მამუკა გიორგაძე: „სააკაშვილის ჩამოსვლისა და მისი აქ დახვედრის საკითხებს რუსეთის სპეცსამსახურები წყვეტენ“

mamuka-mamuka

„იმის მაგივრად, რომ ვიმსჯელოთ ნამდვილ პრობლემებზე და ვაშენოთ ინსტიტუტები,
ქვეეყნის გადართვა ხდება არაარსებით საკითხებზე“

„საარჩევნო სიებში ისევ ქაოსია. ვერაფრით მივაღწიე, რომ სამი უცხო ადამიანი არ იყოს
საარჩევნოდ მიწერილი ჩემს ბინაზე“
მარიამ მჭედლიშვილი
წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის
თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს

_ ცოტა ხნის წინ თვალს ვადევნებდით „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის
ტრადიციულ შერკინებას, რასაც დაემატა პროცესში გახარიას ჩართვა. მას შემდეგ, რაც
თავისი მორიგი ჩამოსვლა დააანონსა მესამე პრეზიდენტმა, ყურადღება სააკაშვილზე
გადმოვიდა. თქვენ რას იტყვით?

_ მიმდინარეობს ჩვეულებრივი, რუსეთიდან მართული პროცესი. ასე იყო მანამდეც და ასეა
მას შემდეგაც, რაც სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა. მისი
ე. წ ოპონენტები ხალხს უხსნიან, როგორ დახვდებიან სააკაშვილს. საქმე ისაა, რომ ეს
თემები სხვაგან გვარდება. სააკაშვილის ჩამოსვლისა და დახვედრის საკითხებს რუსეთის
სპეცსამსახურები წყვეტენ. სააკაშვილის ნაბიჯებიც რუსეთზეა დამოკიდებული და
„ოცნების“ ნაბიჯებიც. რუსულ თამაშშია ჩართული გახარიაც. პირველად არ ხდება ის, რომ
საქმის კეთების ნაცვლად ათასნაირი თემა შემოგვაქვს და ამის განხილვით დაკავებული.
ლგბტ-საკითხებს, კოვიდ-პრობლემას დაემატა სააკაშვილის ჩამოსვლა-ჩამოუსვლელობა.
ვხარჯავთ ამაზე ემოციებს, ენერგიას, ამასობაში ვერ შენდება სახელმწიფო, ვერ ყალიბდება
ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, რუსეთიდან მართული პოლიტიკური სპექტრი კი
უფრო დეგრადირდება. საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება ნებისმიერ თემაზე,
ოღონდ არ იყოს სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვა. ადამიანები დაიყვნენ
ვაქცინაციის მომხრეებად და ანტივაქსერებად, მიდის კამათი სააკაშვილზე. ამ ყველაფერს
იყენებს რუსეთი. ეს ქვეყანა აღწევს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი ცივილიზებული
სახელმწიფო, სადაც დაცულია ყველა ადამიანის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

_ უახლოეს მომავალში რას ელით? არსებობს ინფორმაცია, რომ მოსკოვი არჩევნების შემდეგ
საქართველში ახალ დესტაბილიზაციას გეგმავს.

_ რუსეთი მაგას სულ ცდილობს. არა მგონია, რაღაც ახალი ჰქონდეთ ჩაფიქრებული. ამიტომ
ვამბობ სინანულით, რომ ჩვენი საზოგადოების ენერგია იხარჯება ნეგატივზე და არა
აღმშენებლობაზე, ამას, საბოლოოდ, მოაქვს ნიჰილიზმი და საზოგადოების მასად ქცევა. მასა
ადვილი სამართავია.

_ სააკაშვილის ჩამოსვლაზე წლებია გველაპარაკებიან. ახლა რაიმე ახალი მოხდება?

_ ქართველი პოლიტიკოსები კანიდან ძვრებიან, რომ მთავარი როლები მიიღონ. ისინი
რუსებს თავს აწონებენ. სააკაშვილი პირადადაც აქტიურობს, რომ ეპიცენტრში იყოს, მთავარ
ფიგურად ჩანდეს. თუ რუსეთის სპეცსამსახურებს თავი მოაწონეს, მთავარი როლები
პოლიტიკურ სპექტაკლში, ასევე ფინანსური უზრუნველყოფა და პიარი განაღდებული
აქვთ. გვინახავს ქართულ პოლიტიკაში მეტეორივით შემოვარდნილი და მალევე
პოლიტიკიდან მეტეორივით გავარდნილი პირები. მათ რუსეთის დავალებით იმ მომენტში
თავისი როლი შეასრულეს და თავისი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივი აზრის
დეზორიენტაციაში. შესაძლოა, რუსებმა ახლაც მოძებნონ ახალი პერსონაჟი. ასეთი გმირები
პიესების რომელიმე აქტში შემოჰყავთ. რუსეთს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია. მხოლოდ
ფორმები იცვლება. ჯერ მირონცხებული მეფე ატარებდა ამ პოლიტიკას, შემდეგ-
ბოლშევიკების ბელადები, ახლა-თანამედროვე დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე
რუსეთის ფედერაცია აკეთებს იმავეს. ჩვენ იძულებული ვართ, ამაზე ვილაპარაკოთ იმ
დროს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. პრობლემა ბევრია.
შევეხები ამომრჩეველთა სიას. ამ სიაში ცდომილება დაახლოებით 800 000 კაცია.

_ საქართველოდან გასული თანამემამულეებიც არიან სიაში.

_ მარტო ეს არაა. არსებობს სხვა ხარვეზები. გამოგვიცხადეს, რომ ცესკოს სია სხვა იქნება,
მაგიდებზე დასადები -სხვა. ეს სია არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოჩნდება. ჩვენ
გადამოწმებას ვერ ვასწრებთ. ჩემს მაგალითს გეტყვით. საარჩევნო სიებში ქაოასია.
ვერაფრით მივაღწიე, რომ სამი უცხო ადამიანი არ იყოს საარჩევნოდ მიწერილი ჩემს ბინაზე.

_ ამას ცდილობდით?

_ რასაკვირველია. შედეგს ვერ ვივაღწიე. სამი ადამიანი-გვარად ხუბულავები, მუდმივად
მოწერილი გვყავს. ცესკოსთვის მიმართვა უშედეგოდ დამთავრდა. ადრე მათ გამო
კომუნალურ გადასახებსაც კი ვიხდიდით, შემდეგ ამისგან გაგვათავისუფლეს, მაგრამ
საარჩევნოდ ისევ მოტმასნილი გვყავს ეს ხალხი. ამომრჩეველთა სიები შევარდნაძის
დროსაც გასასწორებელი იყო და სააკაშვილის დროსაც. 2 012 წელს „ქართული ოცნება“
აცხადებდა, რომ სიებს მიხედავდა. ეს დაპირება არ შესრულდა. ჩვენ, სახალხო პარტია
მარტო სიების გასწორებას კი არა, სისტემის ძირფესვიანად გარდაქმნას მოვითხოვთ.
ამისთვის ვიბრძვით. სხვები პერსონალიების შეცვლაზე ლაპარაკობენ.

_ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესაწორებები კონსტუტუციაში, რომლითაც,
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით
გაიმართება. იმედი გაქვთ, რომ ამას ბოლომდე, სამივე მოსმენიტ დაამტკიცებენ.

_ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. წესით,
უნდა მიიღონ. ამას თავისი ახსნა აქვს. ჯერ ერთი,
მმართველ პარტიასაც აღარ უნდა მაჟორიტარებთან საქმის დაჭერა.ეს ძალიან ძვირი
უჯდება. მაჟორიტარები, როგორც წესი, ატარებენ საკუთარ ინტერესებს და ხელისუფლება
იძულებულია, მათ დაუთმოს. მეორეც, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სატელიტი პარტიები,

რომლებსაც ესაჭიროებათ გარანტიები. დაბალი საარჩევნო ზღურბლი არის ასეთი გარანტია.
თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს თავისი სატელიტების გადაგდებას, მაშინ, სიტუაცია
სხვანაირად შეტრიალდება. მაშინ შუა განხილვის დროს გამოჩნდებიან „მეამბოხე“
დეპუტატები და ჩააგდებენ ამ პროექტს.

_ ადრე თქვით, რომ ამ არჩევნების წინ ხალხს ნამდვილ თვითმმართველობაზე
დაელაპარაკებით.

_ სახალხო პარტია ამას ვაკეთებთ. ნამდვილი თვითმმართველობა არის ის, როცა
ადგილებზე არის ქონება და ფული, როცა ადგილებზე მიიღება გადაწყვეტილებები, როცა
თვითმმართველობა ეხმარება მოსახლეობას მიწის დაკანონებაში. თვითმმართველობის
შედეგად გლეხებმა ბევრად უკეთ უნდა იგრძნონ თავი. სოფლის მეურნეობის სფეროში
სახელმწიფო ფონდებიდან კიდევ უფრო მდიდრდებიან ოლიგარქები. ხალხთან მიგვაქვს
ჩვენი გზავნილები სხვა საკითხებზეც. მაგალითად, ლუსტრაციის საჭიროებაზე, ერთიანი
დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე, საზოგადოებისა და ეკლესიის
ჯანსაღ თანამშრომლობაზე (როგორც ცივილიზებულ ქრისტიანულ ქვეყნებშია) ჩვენ
აგრეთვე ვაყენებთ ხელისუფლებების შეფასების საკითხს.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ ჩვენ ბოლშევიკურუ სისტემაც კი არ შეგვიფასებია. მარტო საბჭოთა სიმბოლიკა
ავკრძალეთ. როცა შეფასდება კომუნისტური რეჟიმი, მერე გადავალთ სხვა
ხელისუფლებებზე. მაშინ მივხვდებით, რომ შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი
კომუნისტურ გზას დაადგნენ. მათ დროსაც ერთი პარტიისა იყო ყველაფერი.

ახალი თაობა 09.09.2021

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress