„ახალი თაობა“ 3.02.2021
მამუკა გიორგაძე- „პარლამენტში 2000 წლის შემდეგ ნამდვილი ოპოზიცია არ ყოფილა.“
„თუ ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ზარებს ქვეყანაში ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების თაობაზე კენჭისყრამდეც ქვეყანაში მთავარი თემა გახდა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა-არყოფნა. რა ხდება დღეს? 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას აფასებდით მართვად ქაოსად.
_ ეს ყველაფერი გრძელდება. უბრალოდ, პროცესებს ემატება ახალი ეპიზოდები და მიზანსცენები. ვითარება უნდა იყოს ქაოტური, დრამატული ქმედებებითა და ემოციური გამოსვლებით. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სიღრმისეულად არ უყურებს მოვლენებს. ამიტომ, ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ ის მოტყუვდეს და დაიჯეროს, რომ პოლიტიკაში მართლაც ასეთი მძაფრი დაპირისპირება და ვიღაცა ვიღაცას რაღაცას უგებს. მახსენდება გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები, სადაც სირბილში ერთმა რვა თუ ათ კაცს აჯობა. ეს კაცი გამარჯვებულია, მაგრამ მას უპირატესობა ეძლევა რამდენიმეს შორის. დღევანდელ პოლიტიკაშიც ასეა-არც „ქართული ოცნებაა“ გამარჯვებული და არც ნაციონალური მოძრაობა. საერთოდ ვერ გავიგეთ, რა უნდა ქვეყნისგან „ქართულ ოცნებას“ და ნაცმოძრაობას!
_ დააზუსტეთ.
_ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ. გაარკვიეთ, რა იდეოლოგისაა ან ერთ, ან მეორე პარტია? ნებისმიერი პარტია რომელიმე იდეოლოგიას უნდა ეყრდნობოდეს. როცა არც იდეოლოგია გაქვს, როცა სპექტაკლებში მონაწილეობ, პოლიტიკაზე არ ბჭობ, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი დეპუტატი იჯდება პარლამენტში?! შექმნილ სიტუაციში მნიშვნელობა არა აქვს, პარლამენტში 90 დეპუტატი იჯდება თუ 150. რას გააკეთებ, ისაა მთავარი. თუ შედიხარ, გვითხარი, რას აპირებ. თუ არ შედიხარ, ისიც გაგვაგებინე, რა გეგმები გაქვს. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკოსებისგან ეს ხედვები არ მოგვისმენია. არც ის გაგვიგია, რატომ არ იღებენ (არც ერთი და არც მეორე მხარე) ლუსტრაციის კანონს. ჩვენ შესაფასებელი გვაქვს მთელი უახლესი ისტორია. რატომღაც სიმართლე პრივატიზებული აქვს ხელისუფლებას. დანარჩენებს ყურს არ ათხოვებენ. არ ტოვებენ ადგილს იმ ადამიანებისათვის, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ არაა და ამავე დროს ვისთვისაც მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა.
_ ენდიაის ბოლო კვლევით ( იანვარში გამოქვეყნებული დეკემბრის მონაცემებია) „ქართულ ოცნებას“ 31%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაცმოძრაობას კი 5%-იანი. ეს რისი მანიშნებელია?
_ საზოგადოება ეძებს სხვა ძალებს. მესამე ძალაზე კი არ ვსაუბრობ, რომელიც იმ ორ ძალაზეა დამოკიდებული. საზოგადობას აქვს მოთხოვნა სხვა, მათგან განსხვავებულ პოლიტიკურ სუბიექტებზე. არსებობს დაკვეთა პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე. „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას. აწყობს ასეთი ოპოზიცია. მმართველ პარტიაში ბევრია ისეთ, რომელიც უყოყმანოდ გადაბარგდება ნაციონალურ მოძრაობაში, თუ ის ძალაუფლებას დაიბრუნებს. იქმნება კომიკური ვითარება, სატირალი რომ არ იყოს. დეპუტატებს ეკითხებიან, რას გააკეთებენ საკანონმდებლო ორგანოში. ისინი პასუხს ვერ იძლევიან. არ იციან, რომ პარლამენტში პოლიტიკა უნდა აკეთონ.
_ ახალ სახეებზე საუბრობთ?
_ ახალზეც და ძველზეც. არ მესმის, რას ნიშნავს ახალი სახე პოლიტიკაში. პოლიტიკაში ადამიანი ფასდება თავისი განვლილი პოლიტიკური გზით, ხედვებით, პოზიციებით. გამოუცდელ და არაკომპეტენტურ ექიმთან მისვლა არავის უნდა. პოლიტიკა რატომ გახადეს არაპროფესიონალების ბუდე, ვერ გამიგია. იყავი ფიზიკოსი ან ტურიზმის მენეჯერი, მაგრამ არჩევმადე პოლიტიკური გზა უნდა გქონდეს გავლილი!
_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლისა ბევრს არ სჯერა, თუმცა, „ოცნების“ ამომრჩევლისათვის ის წასულია. თქვენ რას იტყვით?
_ ამ კუთხით არ გამოვრიცხავ მძაფრ მოვლენებს. ყველაფერს ნათელი მოეფინება ერთ-ორ თვეში. თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტებას ეცდებიან „ქართული ოცნების“ აქტიური წევრები და ის არ უპასუხებს „ოცნებიდან“ წამოსულ ზარებს, ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. თუ ასეთი კონტაქტები შედგება და ამის თაობაზე შეიტყობენ ისინი, ვის წინაშეც ივანიშვილმა აიღო ვალდებულება(გარე ძალები), მაშინ ის უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში აღმოვჩნდებით კრიტიკულ მდგომარეობაში.
_ სხვა სახის კრიზისიც იქნება? ეკონომიკაც რომ გაიხსნას, უამრავი პატარა კომპანია, მცირე და საშუალო ბიზნესი თითქმის ყველა სფეროში გაკოტრების პირამდეა მისული.
_ სამწუხაროდ, ეკონომიკაში უმძიმესი პრობლემებია. ისედაც რა დონის ეკონომიკა ჰქონდა საქართველოს! ამ ფაქტობრივად ერთლწიანმა გაჩერებამ ხომ სულ სული გააფრთხობინა. ამას თან ერთვის პოლიტიკური პროცესები. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თავისი ნდობა. 2012 წელს მოსახლეობის 90% მისი მომხრე იყო. ახლა ხშირად ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში ნახევარი მილიონი ხმა აქვს აღებული. „ოცნება“ არ აანალიზებს, რომ ეს გარკვეულწილად მისი საქმლანობის შედეგია. ბევრისთვის ეს ორი პარტია ერთიმეორის გაგრძელებაა. „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა ნაცმოძრაობის კურსი. ახალ რომ გაიძახიან, ერთპარტიული პარლამენტიო, მანამდეც ასე არ იყო?!
_ რაზე საუბრობთ?
_ 2 000 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა ნამდვილი ოპოზიცია. ოპოზიციად ითვლებოდა ის, ვინც ვერ დაალაგებდა ზოგიერთ თემას ხელისუფლებასთან. არც მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება ყოფილან ერთმანეთის ნამდვილი ოპონენტები და არც სხვები. „მრეწველთა კავშირით“დაწყებული, გიორგი თარგამაძის „ქრისტიან-დემოკრატებით“ დამთავრებული, არც ერთი არ ყოფილა ოპოზიცია. სააკაშვილმა ფაქტობრივად ალაგმა ოპოზიცია პარლამენტში. „ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნეოდნენ სააკაშვილის ოპოზიციად. არადა, მათ დაუჭირეს მხარი სააკაშვილისათვის უსაზღვრო უფლებამოსილებების გაზრდას. ახლა, რამდენი ხანია, გვაყურებინებენ აბსურდულ სცენებს-მმართველი პარტია იხვეწება, პარლამენტში შემოდითო, ოპოზიცია კი ცოცხალი თავით ამას არ შვრება. ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის ტრიბუნა დიდად არ სჭირდება.
_ რატომ არ სჭირდება?
_ იმიტომ რომ ტელევიზიები ემსახურება და დაფინანსებაც განაღდებული აქვს. სამი არხი თუ შენზე იმუშავებს, ყოველდღე პარლამენტში რატომ ივლი?! ეს დამღლელია. არ ჯობია, ჩართვებში და გადაცემებში გამოთქვა აზრები? იქ „ივაჟკაცებენ“. „ქართული ოცნებაც“, თავის მხრივ, „იკაცებს“ და იძველბიჭებს. ქვეყნის ინტერესები ისევ უკან გადაიწევს. ავიღოთ დავითგარეჯი. ვინ დაიჭირეს, ვინ გამოუშვეს, ვინ მტერია, ეს სხვა საკითხებია. მე მაინტერესებს ხელისუფლების გეგმა. დავითგარეჯზე, მთავარია, ქართულმა მხარემ დაიცვას ჩვენი ინტერესები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისას. იქაც თუ ის ვიმეორეთ, ჩვენი არ არისო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ასეთი „პარაჟენცული“პოზიცია დამღუპველია. საინტერესოა, რატომ ჩააცივდნენ მარტო 1938 წლის რუკას? საქართველოს ოკუპაცია მოხდა 1921 წელს. ჩვენამდე განხორცილდა აზერბაიჯანის ოკუპაცია. ჩვენი სახელმწიფო არის 1918-21 წლების საქართველოს სამართალმემკვიდრე. აქაც საბჭოთა კავშირის ტრადიციებიდან გამოდიან და გვარწმუნებენ, თითქოს საბჭოთა იმპერიის ნამსხვრევი ვართ და მანამდე სახელმწიფო არ გვქონია.