ეკლესიის ღიად გამოცხადებული ნგრევის მორიგი მცდელობა!

giorgaze_26_maisii_

მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შემოსილი თუ მოქალაქე აქტივისტთა გააფთრება მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ დიდი საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის დროს. რისი მომსწრენიც კიდევ ერთხელ გახდა ქართული საზოგადოება ამა წლის 8 თებერვალს წმიდა სინოდის სხდომის წინ და წმ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

ანტიეკლესიური ფსიქოზის მორიგ უტიფარ გამოვლინებაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, მაგრამ დამაფიქრებელია ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლის ანატომია და შემაშფოთებელია მისი საბოლოო მიზანი.
დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, როცა ქვეყანაში თავისუფალი აზრი მობილიზებას ვეღარ ახერხებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესების საქომაგოდ, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
მისი უწმიდესობის უდიდესი ავტორიტეტი საქართველოსა თუ მსოფლიოში და მაღალ სულიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი პოზიცია ხელს უშლის საქართველოს მტრებს თავიანთი ბინძური ზრახვების რეალიზებაში. ამიტომ, ისინი იძულებული ხდებიან შეამცირონ თავიანთი აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში, რაც, მათში სერიოზულ გაღიზიანებასა და სამაგიეროს გადახდის სურვილს აღძრავს. გაბოროტებულები კი არ ერიდებიან პირად შეურაცხყოფას და ბინძური ცილისწამების ტირაჟირებას.
საქართველოს ეკლესიის სიძლიერე დღევანდელი ნეობოლშევიკების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ეკლესია არის მათი სისტემური, იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე. მათთვის მიუღებელია საქართველოს ერთიანი ეკლესიის გამართული ფუნქციონირება და, თვით, არსებობაც კი! ამიტომაც ეკლესია შეტევის მთავარი ობიექტი ხდება, ხოლო მის ხელმძღვანელს კი პირად მტრად მიიჩნევენ!!!

ნეობოლშევიკები, რომლებიც გაიშალნენ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ნაწილებად (ზოგიერთი პირის გამოკლებით) და მათგან მართული ე.წ. სამოქალაქო სექტორი და კონტროლირებადი მედია, გაიყვნენ რა „მენშევიკ-ბოლშევიკებად”, პრაქტიკულად, „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ სულისკვეთებით ერთობლივ ორგანიზებულ შეტევას ანხორციელებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ეკლესიაზე შეტევის უშუალო მიზანია ის, რომ მან ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება – სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს…
შეტევის ამოსავალი მოტივია ის, რომ საქართველოს ეკლესია მათ ხელს უშლის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების დროს ანტიქართული ქმედებების განხორციელებაში.

მმართველი ძალა, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა (საკონსტიტუციო შეთანხმებაც მოითხოვს ამას!), თავად გახდა საეკლესიო ცხოვრების განვითარების ხელის შემშლელი. აშკარად იკვეთება მისი ინტერესი – მორჩილებაში იყოლიოს რელიგიური დაწესებულება. საკუთარი „უმოქმედობით“ კი მწვანე შუქს უნთებს ყველა ვიგინდარას, რომელთა „სამსახური“ ეკლესიის მიმართულებით ტალახის სროლაა.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობითა და რესურსით ნამდვილად ძალუძს ვითარების ჯანსაღ პროცესში გადაყვანა (სახელმწიფოს ინტერესებითა და კანონმდებლობით ევალება კიდეც!). მის ხელთაა ყველა საჭირო ბერკეტი რათა გამოძიებულ იქნას და დადგინდეს ის დამნაშავე ან დამნაშავეთა ჯგუფი, ვინც მიზანმიმართულად, წლების მანძილზე, ეწევა ეკლესიის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას და მიზანმიმართულ ბრძოლას.

ძალაუფლების მყრობელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოცემული შესაძლებლობის (ვალდებულების!) არ გამოყენების შემთხვევაში ამ სიბინძურის ავტორის ან მინიმუმ თანამონაწილის სახელს, მათი წინამორბედების მსგავსად, ვერ მოიცილებენ!!!…

ხელისუფლების წარმომადგენელებმა უნდა იცოდნენ, რომ არც რომელიმე სასულიერო პირთან კერძო ურთიერთობა და არც ხალხის აღშფოთების ნაცების ან მათი ჯიშის სხვა სუბიექტებისკენ გადამისამართება ვერ მოუხსნით პირად პასუხისმგებლობას სავალალო შედეგებზე.

საქართველოს უახლესი ისტორიის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია რათა ყველამ გაიაზროს ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ტრაგიკული ცხოვრება.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს – გაიცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა. მრევლი ვალდებულია თვალი გაუსწოროს საშიშროებას და ამ კრიტიკულ დროს იმოქმედოს ვითარების შესაბამისად. მოახერხოს გლობალური გამოწვევების ორგანიზებული დახვედრა და ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის მცდელობის აღკვეთა.

ჩვენი ამოცანაა – მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.

მამუკა გიორგაძე
9.02.2021

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress