ახალი თაობა 14.12.2020
ვარჩევთ, რომელი პოლიტიკოსი „გაბოზდა“ და რომელი „ იკაცებს“.
მამუკა გიორგაძე: „საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ხელიდან ასანთი უნდა გამოვგლოჯოთ პოლიტიკური სპექტაკლის მონაწილეებს“
„ყველა პარტიას არჩევნების წინ ერთნაირი სასტარტო პირობები უნდა ჰქონდეს“
„დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საქართველოში ნამდვილი მოკავშირეები ჰყავთ“
მარიამ მჭედლიშვილი
ახალარჩეული პარლამენტის 11 დეკემბერს დანიშნული პირველი სხდომის წინ მმართველი პარტია და ოპოზიციის აქტიური ნაწილი ერთამანეთს უფრო მწვავედ დაუპირისპირდნენ. იკვეთება უთანხმოება ოპოზიციაშიც. ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ რა მოლოდინი გაქვთ პარლამენტის თაობაზე? ახალი პარლამენტი სავარაუდოდ რამდენიმე ოპოზიციონერთან ერთად შეუდგება საქმიანობას?
მძიმე განწყობა და მოლოდინი მაქვს. ეს თემა, ისევე, როგორც ამ პოლიტიკოსების მიერ წამოწყებული უამრავი საკითხი, მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას. ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, რაზეც საუბარი გვიწევს, სავსეა ემოციებით, მაგრამ არ შეესაბამება არც მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს და არც ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს. იმ დროს, როცა ხდება ძვრები, მძვინვარებს პანდემია, როცა უმძიმეს დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩვენი ხალხი არსებობის ზღვარზეა, ქართველი პოლიტიკოსების კლასი აგრძელებს თავის სპექტაკლებს და საზოგადოების ყურადღების გადატანას უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდან. ოცდამეერთე საუკუნეა, ვითარდება ტექნოლოგიები, ჩვენ კი პოლიტიკურ ქვის ხანაში ვრჩებით.
_ მეათე პარლამენტის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ოპოზიციის უმრავლესობა მანდატებზე უარს ამბობს. ირაკლი კობახიძის მუქარამ სიტუაცია არ შეცვალა.
მეც მაგას ვამბობ, რომ პრობლემების მაგივრად ვარჩევთ, რას იზამს ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე, ან ნიკიფორე და შალვა. ვსაუბრობთ იმაზე, ვინ, ბოდიში და „გაბოზდება“ და ვინ იკაცებს. ამ დროს ხალხი მძიმე მდგომარეობაშია და კიდევ ერთხელ უნდათ ამ ხალხის გაბითურება.
_ როგორ?
სპექტაკლებით. თურმე, მმართველ პარტიას შეუნიშნავს, რომ სააკაშვილისთან მიმართებით ორმაგად დარღვეულია საარჩევნო ცენზი. თურმე, კონსტუტუცია ირღვეოდა, ახლა კი დამატებითი კანონიც უნდა მიიღონ, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგისტრაციიდან მოხსნან. შენ დალოცვილო, აქამდე რას აკეთებდი?!
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარით, რომ სააკაშვილის ჩართვით პროცესებში ირღვევა კანონი.
ამაზე სახალხო პარტია ყველგან ყოველთვის ვლაპარაკობდით. „ქართული ოცნება“ ამაზე არ რეაგირებდა, იმიტომ რომ ასე აწყობდა-სპარინგპარტნიორი ესაჭიროებოდა. დღეს სხვანაირად აჭიკჭიკდნენ.
წესით, დღესაც უნდა სჭირდებოდეთ სპარინგპარტნიორი.
რასაკვირველია და მმართველი პარტიისთვის ასეთი პარტნიორია ისევ სააკაშვილი თავისი ნაციონალური მოძრაობით. ვინც ნაცმოძრაობასთან არ არის, იმას ხელისუფლება ოპოზიციად არ აღიარებს. საქართველოში ვარსებობთ პარტიები, რომლებსაც ეს პოლიტიკური კლასი სატელევიზიო ეთერს არ გვაკარებს. თუ გნებავთ, 23 საათის განმავლობაში გვანძღეთ სახალხო პარტია, მაგრამ დაგვითმეთ ერთი საათი, სადაც ჩვენს თანამოაზრეებს ინფორმაციას მივაწვდით და მობილიზებას მოვახდენთ. ინგლისური გამოთქმის თანახმად, პოლიტიკოსოსისათვის მისაღებია ყველანაირი ხსენება, ნეკროლოგის გარდა. ის, რაც ხდება პარლამენტში შესვლაზე, ოპონენტების „შეკერვაზე“, ნაცმოძრაობის ვითომ დასჯაზე, არის პოლიტიკური ტემპერატურის კიდევ უფრო აწევა.
_ ხუთშაბათს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობახიძემ ტემპერატურა აწია?
ცხადია. მოხდა კიდევ ერთი პოლარიზება. ეს სპექტაკლის გაგრძელებაა. იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ აფხაზეთზე, ცხინვალზე, დავითგარეჯზე, დაკავებული ვართ ამ სისულეებით. ვხედავთ მამლაყინწობას, გაწევ-გამოწევას. ესეც საასცილოა. როგორც იტყვინ, ხელის ბიჭების პოზიორობა არ გაიშვა!
_ ამ დავიდარაბაში გაისმა, რომ გატარდება საარჩევნო რეფორმა.
ეს საკითხი დიდი ხნის წინ უნდა მოგვეგვარებინა, მაგრამ საშველი არ დაგვადგა. არჩევნების შემდგომი კრიზისები სხვაც გვინახავს. მმართველი ძალები ყოველთვის ირგებდნენ არსებულ საარჩევნო სისტემას. 1998 წელს რეკორდული უკანონობა დაფიქსირდა-პარლამენტმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე მიიღო ბოლო შესწორება კანონში. წარმოუდგენელია, მაგრამ არჩევნების მეორე დღეს კანონი ცესკოს გადაწყვეტილებით შეიცვალა. ჩვენ, სახალხო პარტიას, ყოველთვის გვქონდა ჩვენი წინადადებები. ჟვანია-სააკაშვილის დროს ჩვენი პროექტი წარვადგინეთ. ამის გარდა, ხელისუფლებამ 240 შესწორების საკითხი დაასმევინა სხვებს. ჩვენი არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინეს და როცა საბოლოოდ შედეგი ვერ მივიღეთ, გვითხრეს-240 დამატება ხომ დავამტკიცეთო.
_ ერთ-ერთი საკითხი ცესკოს დაკომპექტების წესია.
ჩვენი აზრით, ცესკო არასწორად კომპლექტედება. ეს იგივეა, ფეხბურთის დროს რომ მსაჯთა კორპუსი ერთი მონაწილე გუნდის წევრი იყოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა ნეიტრალურმა ინსტიტუტმა. ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა სიები. არსებობს აღწერის შედეგი. ეს მონაცემები ვერანაირად ვერ მოდის შესაბამისობაში ამომრჩეველთა სიებთან. უცხოეთში მყოფი მოქალაქეები ცალკე სიად უნდა გამოყონ. სიები დასადგენი და გასასწორებელია. ოთხჯერ მოვესწარით პოსტსაარჩევნო კრიზისს, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არც ერთხელ დამნაშავეები არ დასჯილან. 2 003 წელს არჩევნების გაყალბება სანახევროდ იქნა ცნობილი.
_ მაჟორიტარებს მაშინ ხელი არ ახლეს.
იმიტომ რომ ყველა იქცეოდა ისე, როგორც აწყობდა. მმართველი პარტიები ირგებდნენ არა მარტო არჩევნებს, არამედ, სასამართლოსა და თვითმმართველობასაც. მონოპოლიები და ინსინუაციები უნდა დათავრდეს. სახელმწიფო და მმართველი პარტია ერთი და იგივე არ უნდა იყოს. მონოპოლიური სისტემა ჰქონდა „მრგვალ მაგიდასაც“, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. სისტემა არ შეცვლილა. უნდა შეიცვალოს პარტიებისადმი არასწორი მიდგომა. ისინი არ უნდა იყოფოდნენ პრივილეგირებულებად და არაპრივილეგირებულად. ყველა პარტიას არჩევნების წინ ერთნაირი სასტარტო პირობები უნდა ჰქონდეს.
_ დღევანდელ მოვლენებს დავუბრუნდეთ. თქვით, რომ ტემპერატურამ აიწია. თუ პოლარიზაცია გაიზარდა, რას უნდა ველოდოთ?
პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ცეცხლის გაჩაღება უნდათ.
საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, საქართველოში ხანძარი და დესტაბილიზაცია არ დაუშვას. ამიტომ დგებიან დასავლელი დიპლომატები ყირაზე, ამის გამო იტანენ დაუმსახურებენ შეურაცხყოფას.
ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. საზოგადოებამ და სხვა პოლიტიკოსებმა ასანთი უნდა გამოვგლოჯოთ პოლიტიკური სპექტაკლის მონაწილეებს. სპექტაკლის მონაწილეები წაჰყვებიან აღმავალი დრამატიზმის ხაზს, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა გავაჩეროთ. სხვა პოლიტიკოსებმა უნდა შევქმნათ სხვა მიზიდულობის ცენტრი.
დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იციდნენ, რომ საქართველოში ნამდვილი მოკავშირეები ჰყავთ. საქართველოს ქაოსში ჩაძირვა რუსეთს ინტერესშია. რუსეთი პოლიტიკურად და სამხედრო გზით ვერ მოახდენს მთელი საქართველოს ოკუპაციას. კრემლი თავისი აგენტურის დახმარებით აღვივებს დესტაბილიზაციას.
ახალი თაობა 14.12.2020