„ახალი თაობა“ 26.11.2020
მამუკა გიორგაძე:
„რუსეთი საქართველოზე წერტილოვან დარტყმებს ქართველების ხელით ახორცილებს“
„სააკაშვილმა საკუთარი თავი თვითონ „ჩაუშვა“, როცა განაცხადა, რომ ამერიკელები
2003 წელს მოუწოდებდნენ, არ მოეწყოთ საქართველოში რევოლუცია“
“სამოქალაქო და მედიასექტორი ოპოზიციისაა, ადმინისტრაცია, ძალოვნები და ბიზნესი-ხელისუფლების“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს, რომლის ადრინდელი შეფასებები ემთხვევა დასავლელი კომენტატორების ბოლოდროინდელ გამონათქვამებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება საქართველოს მოვლენებს. იგი აცხადებს, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება აწყობს ერთადერთ მოთამაშეს და ეს მოსკოვია. მისი თქმით, ბატონი პუტინი ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს. თქვენ ამაზე წინა წლებშიც საუბრობდით, ახლანდელი პოლიტიკური პოსტსაარჩევნო ქაოსიც რუსეთს დაუკავშირეთ.
დიახ, საქართველოში ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთს აძლევს ხელს და ბევრი დესტქრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩრდილოეთიდან მომდინარეობს. რუსეთი სუსტდება. მას არ შესწევს ძალა და უნარი, მოახდინოს საქართველოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. მოსკოვს საკუთარ ფედერაციაშიც გაუჭირდა. ამის ერთი მაგალითია ხაბაროვსკის მოვლენები. საქართველოზე საგულისხმო ზემოქმედებას რუსეთი ვერ ახდენს, თუმცა მას შერჩა წერტილოვანი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა. რუსეთის გათვლით, საქართველო არ უნდა იყოს სახელმწიფო, მას არ უნდა ჰქონდეს მდგრადი განვითარების უნარი. აქ უნდა იყოს ქაოსი და დესტაბილიზაცია. თავისი მიზნებისთვის კრემლს ამოქმედებული ჰყავს თავისი აგენტურა.
რომელიც უხვადაა ყველა სფეროში, განსაკუთრებით-პოლიტიკაში?
რასაკვირველია. რუსეთი თავის ბნელ საქმეს საქართველოში ქართველების ხელით აკეთებს. ეს ახალი მეთოდი არ არის. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში მოყვანილია პანინის წერილი ტოტლებენისადმი. მასში იკითხება, როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთმა ქართველების ხელით. ახლაც იგივე ხდება. უნდა იყოს არეულობა, არ უნდა არსებობდეს პოზიტიური დღის წესრიგი, ქვეყანა არ უნდა განვითარდეს, არ უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ე. წ. ოპოზიცია ყვირის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ღუპავს და ანგრევს ქვეყანას, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ქვეყანა დააქცია სააკაშვილმა.
ბოლო დროს აქტუალურია ახალ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი.
ესეც ხომ ნეგატიური დღის წესრიგია! რომ შეხვიდე პარლამენტში, რას გააკეთებ? თუ არ შედიხარ, გვითხარი, მაშინ რას აპირებ! მომწონხარ თუ არა, თუ სწორად იქცევი, გვერდით დაგიდგებით! ძალაუფლება თვითმიზანი ხომ არ არის! ნებისმიერი შემთხვევისათვის უნდა გქონდეს სტრატეგია, პროგრამა, გეგმა და ყოველდღიური დღის წესრიგი. თუ არ გაქვს, პარტია არ ყოფილხარ.
არენაზე მყოფ პარტიებს ასეთი გეგმები არა აქვთ?
არა აქვთ. რომ ჰქონდეთ, ხომ არ იჭოჭმანებდნენ. გვეუბნებიან, ჩვენს პოზიციას ამა და ამ დღეს გაგაგებინებთო. მიმდინარე პროცესების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა. დაპირისპირებული მხარეები-ქოცები, ნაცები და მათი ხელის ბიჭები მონაწილეობენ დესტაბილიზაციაში, ანუ პოლიტიკურ სპექტაკლში. ისინი იყოფენ საქართველოს. „კავკასიური ცარცის წრეში“ გაყოფის სცენას იმეორებენ. ჩვენს შემთხვევაში ისინი ინაწილებენ საქართველოს, თან ისე, რომ მასზე გული ოდნავადაც არ შესტკივათ. ოროვე მთავარი სუბიექტი და მათი სატელიტები ამყოფებენ ქვეყანას მუდმივად ტურბულენტურ მდგომარეობაში. ჩვენ ვუყურებთ უნიათოებისა და ბოროტების ორთაბრძოლას და ამას ბოლო არ უჩანს.
️ დამოუკიდებელი ექსპერტები იმედს აშშ-ზე ამყარებენ. ითვლება, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერდება, ვაშინგტონი კი რუსეთის მიმართ უფრო გამკაცრდება და საქართველოს საშველი დაადგება.
აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და ინტერესი საქართველოსადმი გაცხადებულია. ინტერესი არსებობს. აშშ-ს ადმინისტრაციის შეცვლით ბევრი არაფერი შეიცვლება. მთავარია, ჩვენ თუ ვიქნებით მათი ღირსეული პარტნიორები? ჩვენ თუ გადავდგამთ ნაბიჯებს დამოუკიდებელი სასამართლოს, რეალური თვითმმართველობს დასამყარებლად? ეს ხომ ჩვენ გვჭირდება! ამერიკა გვეხმარება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ გვესაჭიროება. თუ სტაბილურობა არ დავამყარეთ, უცხოური ინვესტიციები როგორ შემოვა?! 30 წელიწადი გავიდა და დემოკრატიისთვის არაფერი გაგვიკეთებია.
თითქმის ყველა ხელისუფლება აცხადებდა, რომ დემოკრატიისთვის ბევრს აკეთებს.
საქართველოს არცერთ ხელისუფლებამ 30 წლის განმავლობაში არ გაუწევია დასავლეთისათვის ნორმალური პარტნიორობა. დასავლეთის ინსტიტუტების განცხადებებიდან იმას იღებდნენ, რაც თვითონ აწყობდათ. ჩვენ ბევრ რამეში ვიყავით ჩახედული, თუმცა ხალხმა არ იცოდა, რა დონეზე ერეოდა რუსეთი ჩვენს საქმეებში. აგერ, ახლა სააკაშვილმა საკუთარი თავი თვითონ ჩაუშვა, როცა განაცხადა, როცა 2003 წელს ამერიკელები მოუწოდებდნენ, არ მოეწყოთ რევოლუცია საქართველოში. საზოგადოებას სჯეროდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ დასავლეთიდან წამოვიდა. სააკაშვილი თავისი პირით აღიარებს იმას, რაც საზოგადოების ნაწილმა დიდი ხანია ვიცით. ჩვენთვის კარგა ხანია ცნობილია, რომ 2003 წლის მოვლენები მოაწყო კრემლმა. ეს რომ მაშინ გაგვეცხადებინა, გიჟებად მოგვნათლავდნენ. სააკაშვილი ამბობს, რომ დასავლეთი მაშინ რევოლუციის წინააღმდეგი იყო. ესე იგი, ის აღიარებს, რომ ის ამბები რუსეთმა დაგეგმა და განახორციელა. დესტაბილიზაცია საქართველოში დასავლეთს დღესაც არ უნდა.
დღეს სხვა სიტუაციაა?
სპექტაკლში ჩართული ორივე მხარე. სააკაშვილი ცნობილია თავისი ჩარეცხვებით, ივანიშვილი-შუა-ს გაკრეფით.
ხელახალ არჩევნებზეც მიდის საუბარი. ეს ოპოზიციის მოთხოვნაა.
სამართლიანი არჩევნები და ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა მუდმივ პრობლემად გვექცა. ერთი წლის წინ ვაცხადებდი, რომ არსებული საარჩევნო კოდექსით ნორმალური არჩევნები ვერ გაიმართება. ეს ოპოზიცია კი მესამეხარისხოვან წვრილმანებზე ტეხდა ხმაურს. გაიძახოდა, რომ მთავარი პროპორციული არჩევნებია. ბოლოს პროპორციულთან მიახლოებული მოდელი მოიწონეს. ამ სიტუაციაში ხელახალი არჩევნების თემით ხდება პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა. ეს არის კიდევ ერთი საბაბი იმისათვის, რომ სიტუაცია არ დამშვიდდეს. არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ აისახება ეს ქაოსი სახელმწიფოზე, მის ეკონომიკაზე და ა. შ. საგულისხმოა, რომ „მთავარი“ სუბიექტები მუდმივად ეძახიან ერთმანეთს რუსეთის აგენტებს. ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა არავის უცდია. ამასობაში წაიშალა სახელმწიფოს, სამშობლოს, წესიერების, პატიოსნების, თავდადების ცნებები. კინკლაობაში იქამდე შეტოპეს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას აბრალებს ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას. ხელისუფლება პანდემიის ახალ შემოტევასაც ოპოზიციას აბრალებს. ეს სუბიექტები ერთმანეთის მეხამრიდები არიან, ერთმანეთის შეურაცხყოფაში იწაფებიან, ქვეყნის რესურსები კი გადანაწილებული აქვთ.
კერძოდ?
ტელემედიით დავიწყებ. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მას აქვს უმდიდრესი ტელევიზიები, სადაც წამყვანის ხელფასი შეიძლება 50 000 ლარი იყოს. დიდი არხები, რაც უნდა ბევრი რეკლამა განათავსონ, საკუთარი შემოსავლით ვერ იარსებებენ. თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ ხელს უწყობენ მათ ფუნქციონირებას. დანაწილება ასეთია-სამოქალაქო და მედიასექტორი ოპოზიციისაა, ადმინისტრაცია, ძალოვნები და ბიზნესი კი-ხელისუფლებისა. ოპოზიციურ ტელევიზიებში ფული ივანიშვილისა და „ოცნების“ ნებართვით მიედინება