პარლამენტში პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ

mamuka-mamuka
ახალი თაობა 1.10.2020 მამუკა გიორგაძე
   „ძველმა ბელადებმა თავი ამოწურეს, ახლების ლოდინს კი აზრი არა აქვს. ხალხი აქტიურად უნდა ჩაებას პროცესებში“
   მარიამ მჭედლიშვილი
   არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. ბოლო დღეებში იმატა წინასაარჩევნო ძალადობამ. ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არჩევნები წაგებული აქვს და ის აკრძალულ მეთოდებზე გადავიდა. ზუსტად ამავეს აღნიშნავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს
მამუკა გიორგაძე:
   ის, რაც ახლა ხდება, საქართველოში უკვე ათწლეულებია გრძელდება. ეს საბჭოური პრაქტიკაა. არსებობს მარქსიზმ-ლენინიზმის ნაშრომი „დაპირისპირებულთა ერთიანობა“. რას ნიშნავს ეს? მოთამაშეები თითქოს მძაფრად დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, სინამდვილეში კი ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს ამ როლში არიან „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ადრე სხვები იყვნენ. იყო დრო, როცა მთელი ყურადღება გადატანილი იყო იმაზე, დაიძვრებიან თუ არა ჩუმათელეთთან გაჩერებული ასლან აბაშიძის „აღორძინების“ ავტობუსები თბილისისაკენ, შემდეგ ვნახეთ შეხლა-შემოხლა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ბოლნისში. ეს ხდებოდა მაშინაც, როცა სააკაშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდა და შემდეგაც. ხალხი, რომელიც იმდროინდელი მოვლენების მონაწილე იყო, დღეს პოლიტიკაშია და დამკვიდრებულ ტრადიციებს აგრძელებს. მთავარია, რომ ნამდვილი პოლიტიკა ისევ განდევნილია და საზოგადობის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ სხვა საკითხებით. მთავარი თემებია როგორი უნდა იყოს საშუალო ხელფასი და პენსია. ვიღაცა ხალხს დაჰპირდება 400 ლარიან პენსიას-ვიღაცა-500-ლარიანს. არავინ, არც პარლამენტში და არც მის გარეთ არ ლაპარაკობს, როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთ, რა ხდება ცხინვალის რეგიონში, ასევე, ჩვენს გარშემო, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა.
2 016 წლის მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. იყო ამ მოწვევის პარლამენტი წინამორბედებისაგან განსხვავებული?
    ეს პარლამენტიც უმაქნისი იყო, როგორც წინა წლების არაერთი პარლამენტი. ერთი ჯგუფი მეორეს განვლილ 9 წელს ახსენებდა, მეორე-განვლილ 8 წელს. პოლიტიკა საერთოდ განდევნილი იყო. არადა, პარლამენტი პოლიტიკის განმსაზღვრელია. გავიხედოთ, რა ხდება ჩვენს მეზობლად, რამდენი ხანია, აზვირთებულია მოვლენები ბელარუსში. ამ პარლამენტს ეს არ ეხებოდა. სტადიონზე ტრუბუნები რომ გაივსება, ფეხბურთი კი არ არის,-აი, ამას ჰგავდა პარლამენტი. უმნიშვნელოვანეს პროცესებში გაურკვეველია საქართველოს როლი. არ ჩანს პოზიცია იმაზე, თუ რა პროვოკაციას აწყობს რუსეთი ჩვენს სამეზობლოში.
_ თქვენი აზრით, მთიანი ყარაბაღის მოვლენებში რუსეთის ხელი ურევია?
    ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთი გამოაძევეს ცივილიზებული სამყაროდან. მოსკოვი არ არის გლობალური მოთამაშე. თუმცა, ჯერ ისე არ დასუსტებულა, რომ წერტილოვანი დარტყმები ვერ განახორციელოს. ამჟამად რუსეთი თურქეთის დონეზეც კი არ არის. რეგიონში თავის სიტყვას ამბობენ თურქეთი და ირანი. რუსეთის ხელისუფლებას უნდა, თავისი ხალხი თავის ძლევამოსილებაში დაარწმუნოს. ამისთვის სჭირდება სისხლიანი პროვოკაციები. საერთოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, შავ ზღვაზე, ბევრი რამ ხდება. ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ. ვართ შეკეტილები საკუთარ სამყაროში და ერთმანეთს ვურტყამთ, ქვებს ვუშენთ, სისულეებზე ვლაპარაკობთ.
რაც უნდა ჩავიკეტოთ, გლობალური ძვრები ადრე თუ გვიან შეგვეხება.
  რასაკვირველია. სირაქლემასავით თავჩარგული მუდმივად ვერ იქნები. ალბათ, პოლიტიკური ცხოვრებაც გვექნება. ქვეყნის განვითარებისათვის, ადამიანების ნორმალური ცხოვრებისათვის, აუცილებელია პოლიტიკური ცხოვრება, იდეათა ჭიდილი, ჯანსაღი გარემო, კონკურენცია ყველა სფეროში. კონკურენცია უნდა იყოს პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც. სხვანაირად განვითარება არ იქნება. აშშ უძლიერესი სახელმწიფო გახდა თავისუფლების, თვითმმართველობის, კონკურენციის, თავისუფალი ენერგიის გაქანებით.
უცხოელი ექსპერტები და დასავლელი მოკავშირეები გვირჩევენ, წინასაარჩევნოდ არ იყოს პოლარული გარემო. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. პალარული გარემო კი უფრო ღრმავდება?
   პოლარული გარემო საქართველოში ხელოვნურად იქმნება. ეს არის საშინელება, თორემ, ჯანსაღი კამათი და იდეათა ჭიდილი ნორმალური მოვლენაა. მიდის ხელოვნური თამაში და პოლარიზაცია. ტელევიზიებში იწვევენ მხოლოდ თამაშის მონაწილეებს. ზოგი-მთავარი მოთამაშეა, ზოგი-მათი ნატეხი. სახალხო პარტია ამ სპექტაკლებში რა მონაწილეობს. ამის გამო ტელევიზიები არ გვეძახიან.
პრემიერი გახარია დათანხმდა დებატებს გიორგი ვაშაძესთან („სტრატეგია აღმაშენებელი“) და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ბაჩუკი ქარდავასთან. ეს რისი მანიშნებელია?
    ესეც სპექტაკლის ნაწილია. ესეც ეწყობა თვალსეირისათვის. ეს სანახაობაა და არა საქმე. ხალხს არ ეუბნებიან, სადაა პრობლემების სათავე.
სად არის სათავე?
   მთავარი ისაა, რომ საზოგადოება განდევნილია პოლიტიკური პროცესებიდან, ის არ მონაწილეობს პოლიტიკური ცხოვრების წესის განსაზღვარაში. პოლიტიკით არც სცენაზე მყოფები არიან დაკავებული. ისინი ჟონგლიორობენ, ქმნიან სანახაობას. საზოგადოება პროცესებიდან გარიყეს. ამიტომ ისმის „მიშა, მიშა“, ასევე „ბიძინა, ბიძინა“. სხვები თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ელოდებიან.
ხალხის ნაწილი ახალი ბელადის მოლოდინშია?
    მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ტყუილად ელოდებიან ბელადს. ძველმა ბელადებმა თავი ამოწურეს, ახლების ლოდინს აზრი არა აქვს. ბელადები მათ ვერ უშველიან. ხალხი აქტიურად უნდა ჩაებას პროცესებში და დაიწყოს ქვეყნის ცხოვრების წესის განსაზღვრა.
ხალხის აქტიურობა საარჩევნო უბნებთანაც უნდა გამოჩნდეს?
    ცხადია. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ავირჩიოთ ადამიანები, ვისაც პოლიტიკისა რაღაც გაეგება. შვილს ოპერაცია რომ დასჭირდეს, კალათბურთელთან ხომ არ მიიყვან! ამისათვის კარგ ქირურგს მოძებნი. პოლიტიკაც ხომ ასეა?! მომღერლებს და სპორტსმენებს პატივს ვცემ, მაგრამ პარლამენტში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხალხს ბევრ რამეს ჰპირდებიან. მაგალითად, წყლის გაყვანას, გზის დაგებას. ხალხო, ვინც ამას გპირდებათ, იტყუება! კანალიზაცია, გაზმომარაგება, გამწვანება არ არის პარლამენტის წევრების ფუნქცია. პარლამენტი არის პოლიტიკის განმსაზღვრელი. ამ პრობლემებს სხვები აგვარებენ.
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ხომ ეხება პარლამენტს?
   ამ სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა ეხება. არ შეიძლება სიღარიბის სტიმულირება. ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებს. ჩინოსნები სოციალური შემწეობის საკითხს აბამენ ქონებას. ქონებას კი არა, შემოსავალს უნდა მიაბან. ადამიანს რომ ბაბუამ სახლ-კარი დაუტოვა, ეს რას წყვეტს? ამის გამო ადამიანი მშიერი უნდა მოკვდეს? იმის შიშით, რომ ეზოში სამი-ოთხი ქათამი არ უპოვონ და ამის გამო სოციალური დახმარება არ მოუხსნან, გაჭირვებული ხალხი შინაურ ფრინველზე უარს ამბობს. ეს რა უბედურებაა? უნდათ, რომ უმრავლესობა ღარიბი და სახელმწიფოზე იყოს დამოკიდებული. არადა, ჩემი მეზობელი რომ წელგამართული იქნება, ეს უკეთესია ჩემთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress