ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია მყარი ენერგოსისტემის შექმნა.
⭕ დღეს არსებული მდგომარეობით, ენერგოსისტემა მოქცეულია მაფიოზური სქემების ქვეშ და მასში ასახულია სხვა და სხვა კლანების და რაც ყველაზე საგანგაშოა მეზობელი ქვეყნების ინტერესები.
✅თუ სახელმწიფო გაბედულად და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაალაგებს არსებულ ენერგოსქემებს და დღემდე აუთვისებელ რესურსებს ოპტიმალურად მოეპყრობა, საქართველოს შეუძლია დიდი სარგებლის მიღება.
თემა დიდია და უაღრესად პროფესიონალური და ამიტომ შევეცდები რამდენიმე მაგალითის მოყვანით ყველასთვის გასაგები გავხადო ამ დარგში არსებული წინააღმდეგობები.
სემეკი
ენერგეტიკის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ეს ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით შეიქმნა. მიზანი იყო მაშინდელი
ენერგოპოლიტიკიდან აშკარა მაფიოზური ინტერესების გამოძევება და ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი ინტერესების შეზღუდვა. მასთან ერთად შეიქმნა ენერგობაზარი, რომელსაც იდეაში საბაზრო ურთიერთობებით უნდა მოეწესრიგებია ენერგორესურსების მოხმარება-მიწოდება. ეს არცთუ ისე ადვილი ამოცანა იყო, რადგან სქემის ზოგიერთი ნაწილი ბუნებრივ მონოპოლიაში იმყოფებოდა ( მაგალითად დისტრიბუცია) და ა.შ.
ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების ქვეყნისთვის საჭირო რეკომენდაციები (ისე როგორც სხვა დარგებში) საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. მოიხსნა პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება „ოფიციალურად“ ახალ ორგანოს გადააბარა და მისი წევრებისთვის მაღალი ხელფასების გაცემით მათი მონური მორჩილების გარანტია მიიღო. ამასთანავე, კვალის არევის მიზნით ენერგომამებმა სქემები კიდევ უფრო აბურდეს და ბუნებრივ მონოპოლიებს დაუმატეს ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიებიც, მაგალითად, დისტრიბუტორ ორგანიზაციებს შეასყიდინეს გენერაციის ობიექტები, რიგ გენერაციის ობიექტებს ხელშეკრულებებით განუსაზღვრეს გარანტიით მათი დენის შესყიდვა მაღალ ფასებში და ა.შ. ანუ, ენერგეტიკაში იმთავითვე დაირღვა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და გართულდა დანაშაულებრივ სქმებზე პირადი პასუხისმგებელი პირების გარკვევა.
ენერგოსიმძლავრეები
საქართველოს გააჩნია იმდენი გამოყენებული თუ აუთვისებელი ენერგორესურსები, რომელიც სწორად მართვის შემთხვევაში მოსახლეობის კეთილდღეობის.გარანტი შეიძლება გახდეს.
დღეს ქვეყანაში ყველაზე მწვავე ბაზისური გენერაციის არარსებობაა და არა პიკური დატვირთვების ჰიდროელექტროსადგურების ნაკლებობა. ამიტომ, გარდაბნის თბოელექტროსადგურთან ერთად აუცილებელია მეორე ბაზისური ობიექტის არსებობა დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, თუნდაც ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე, რომელსაც რეგიონის განვითარებასთან ერთად რიგი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიძლება მისი დაძლევა.
მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის პერიოდში ვერ ვითვისებთ ტრანზიტიდან ჩვენს კუთვნილ გაზს. თუ ხელისუფლება არ ,,მიითვისებს” გერმანიისგან ამისთვის გამოყოფილ დიდ გრანტს, ზაფხულში იქ მოგროვილი გაზი საკმარისზე მეტი იქნება ახალი მძლავრი თბოელექტროსადგურის ფუნქციონერებისთვის.
ტარიფები
მთელს მსოფლიოში ელ. ენერგიის ტარიფში, გენერაციის წილი არის 70%, ხოლო გადაცემა-დისპეტჩერიზაცია-დისტრიბუციის – 30%. ჩვენთან 20 თეთრიან ტარიფში გენერაცია 7 თეთრია, ანუ 35% !
თუ უკუანგარიშს მივყვებით, გადაცემა-დისპეტჩერიზაცია-დისტრიბუციას ტარიფში მხოლოდ 3 თეთრი უნდა ჰქონდეთ. ანუ, ტარიფი უნდა იყოს 10 თ ე თ რ ი !
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოგიყვანთ. როცა თელასში ამერიკელი ინვესტორები შემოვიდნენ, მათ მოითხოვეს დახარჯული ინვესტიციების ამოღება ტარიფში ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ ათი წლის განმავლობაში ამოეღოთ გაზრდილი ტარიფიდან ხარჯები და ათი წლის შემდეგ ტარიფს ეს ზედმეტობა მოეხსნებოდა. შემდგომ აღარავის
,,არ გახსენებია” ეს პირობა და ტარიფის დაკლება. ამ „მივიწყებულ“ მუქთა გადასახადს დღეს მისი ახალი მფლობელი რუსული ორგანიზაცია იღებს (არაფერში❗) მეტიც, 2018 წლის ბოლოს სემეკმა თელასს ტარიფში “აჩუქა” 1 თეთრი და განუსაზღვრა მომავალი (ჯერ არგანხორციელებული!) ინვესტიციისთვის❗ ჩვენ ამ საკითხით პროკურატურას მივმართეთ. მათი უყურადღებობა კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ამ დარგში უმაღლეს კორუფციულ ჩართულობას.
ენგურჰესი
მოგეხსენებათ, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი – კაშხალი, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო სატურბინე სადგური-ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საოკუპაციო რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ ათწლეულების წინ დადებული რაღაც ზეპირი შეთანხმებით იმოქმედოს და მიიღოს გამომუშავებული დენის უმეტესი ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები არ შეუსრულებია, ამას დღემდე ასრულებს და მეტიც, როცა ჰესი ჩერდება სარემონტო სამუშაოებზე, რუსეთიდან ყიდულობს მათთვისვე მისაწოდებელ დენს. ეს კი არცერთი ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმების პირობა არ ყოფილა.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ხელში არსებული ასეთი შესაძლებლობები არ არის გამოყენებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის მინიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც დამატებით ეჭვებს აჩენს ხელისუფლებების არა სახელმწიფოებრივი, არამედ პირადი ინტერესებით მოქმედებაზე.
⭕ ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოითხოვდა მაშინ პარლამენტში მყოფი ,,სახალხო პარტია”, შეცვლილიყო კაშხლიდან გვირაბის ყელის მიმართულება და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებულიყო სატურბინე სადგური და ამისთვის დონორებიც იქნა მოძიებული, მაგრამ ხელისუფლებამ უარი განაცხადა მნიშვნელოვანი ბერკეტის ჩვენს ხელში აღებაზე❗ ამ თემის წამოწევა არც დღეს იქნება გვიანი.
აქვე ერთ ფაქტსაც მოგახსენებთ. აფხაზეთში უ ფ ა ს ო დ მიწოდებული ენგურჰესისა თუ რუსეთიდან შესყიდული დენის საფასური ბიუჯეტში კი არა, ჩვენს ტარიფში დევს მდგენელად და ვიხდით ჩ ვ ე ნ !
საერთაშორისო ხელშეკრულებები
ამ სფეროში, უმრავლეს ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს და დღეს ძნელია ზუსტად განვსაზღვროთ იქ ჩადებული ინტერესები. თუმცა, ეჭვებს ბევრი რამ აჩენს. დღემდე საიდუმლოდ არის მოცული, რის სანაცვლოდ არ შეასრულა ბიპი-მ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ნავთოგადამუშავებელი, პლასტმასისა და მისი ნაწარმის ქარხნების მშენებლობებზე და სხვა. ბურუსით არის მოცული რუსეთიდან სომხეთის სატრანზიტო გაზის ხელშეკრულება. ასევე აზერბაიჯანთან ნავთობისა და გაზის გატარებისა და ,,სოკარის” ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეკრულებები. ვფიქრობთ, რომ ამ ხელშეკრულებების გასაჯაროების შემდეგ, ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.
კორუფციული ინტერესები
დღეს ძნელია, ზუსტად განისაზღვროს კონკრეტული პირებისა და კლანების ამ სფეროში ჩართულობა. ეს გამოძიების საქმეა. ახლანდელი ხელისუფლება გასაგები მიზეზების გამო ამას არ გააკეთებს და მხოლოდ იმედი უნდა დავიტოვოთ მომავლისათვის. აქვე ერთ საინტერესო და დამაეჭვებელ ფაქტსაც გეტყვით. წინა ხელისუფლების უკვე დავიწყებული ორი პრემიერის (ნოღაიდელი, გილაური) პოვნა ამ სქემებში შეგიძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ ახალმა ხელისუფლებამ ძველი სქემები მოირგო და ბუნებრივია, მათი გამოაშკარავებით საკუთარ დანაშაულსაც ახდის ფარდას.
✅ და ბოლოს, ,,სახალხო პარტიას” გააჩნია ხედვები, რომლებიც არაერთხელ დაგვიფიქსირებია, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული ენერგოსისტემა ისე, რომ მას ჩამოსცილდეს კორუფციული ინტერესები და როგორ უნდა შეიქმნას ახალი, ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ენერგეტიკის პოლიტიკა.
ვთვლით, რომ ასეთი მასშტაბის რეფორმის განხორციელებას სახელმწიფო ნება სჭირდება და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ჩვენს მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ მისი რეალიზაციისათვის.
ბათუ ჭუმბურიძე