1 წელი გავიდა 20 ივნისის მძიმე მოვლენებიდან და დღესაც, „დაპირისპირებული“ მხარეები საკუთარ „სიმართლეს“ თავზე ახვევს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანებს და თავიანთ ბანაკებში ექაჩებიან.
თავს არ შეგაწყენთ იმის ანალიზით, თუ რა მოხდა, და რაც მთავარია, რატომ მოხდა მაშინ ეს ყველაფერი, თუმცა რაც მოხდა აშკარად გამიზნული პროვოკაცია იყო ორივე, როგორც ხელისუფლების ისე ე.წ. ოპოზიციის მხრიდან.
ამ პროვოკაციას გაგრძელებაც ქონდა.
უცებ, მმართველმა ძალამ არც აცია და არც აცხელა და უარი განაცხადა მის მიერვე დაანონსებულ ცვლილებაზე კონსტიტუციაში, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.
ამ უარს მოყვა საზოგადოების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების სამართლიანი პროტესტი და მოთხოვნა დანაპირების შესრულებისა. იყო ცნობილი წერილების კასკადი (რომელიც დღესაც გრძელდება) აშშ-ს კონგრესმენებიდან, ევროპის სახალხო პარტიიდან, ევროკავშირიდან, მეგობარი ქვეყნების ელჩებიდან და ა.შ.
ხელისუფლება იძულებული გახდა მის მიერ ერთხელ უარყოფილი საკონსტიტუციო ცვლილები კვლავ შემოეტანა დღის წესრიგში, მართალია სხვა ფორმით, მაგრამ უფრო პროგრესულით ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა.
თუმცა ხელისუფალმა, ამ, თავისივე ინიცირებულ ახალ ცვლილებებშიც დაინახა საფრთხე, რომელიც ჰიპოტეტურად შესაძლებელია დამუქრებოდა მის პოზიციებს 2020 წლის არჩევნებში და კვლავ შეგნებულ პროვოკაციაზე წავიდა.
დაიჭირა ზუსტად ის ხალხი, ვისი დაჭერაც არსებულ მყიფე შეთანხმებას აუცილებლად დაანგრევდა.
და რაც მთავარია დაიჭირა ისინი ჰაერიდან მოტანილი ბრალდებებით, როდესაც ამ უკანასკნელთა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ბიოგრაფიაში იმდენი შავი ლაქა და იმდენი მისადავებელია, რომ წესიერი ხელისუფლება იმ, რელაურ ამბებზე მოსთხოვდა მათ პასუხს და კარგა ხნით ადრე.
ბუნებრივია, ამ ამბავს მოყვა შესაბამის რეაქცია, მსოფლიო საზოგადოების პასუხი იმდენად მკაფიო იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დათმომებზე წასულიყო და კვლავ გაეცა საკუთარი შეცდომა-დანაშაულის გამოსწორების პირობა.
აქ ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფრის, ხელის შემშლელად, პროვოკაციების დამგეგმავად და ქვეყნის დამქცევად თვლის ე.წ. ოპოზიციას, რომელიც ძირითადად ყოფილი და მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის წარმოდგენილი .
ის რომ ეს პოლიტიკური გუნდი ბევრ რამეში დამნაშავეა და მათი მმართველოვბის პერიოდი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ არის შეფასებული, ეს ცოდვა ქართული ოცნების კისერზეა 100%-ით.
მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ სულ სხვა ამბავია. ქართული ოცნება დღეს ე.წ. ოპოზიციას აცხადებს რუსეთის ინტერესების გამტარებლად ქვეყანაში, მოიხსენიებს მათ აგენტებად და ჯაშუშებად და ამაზე აპელირებით ამართლებს თავის საქციელს ყველგან და ყველაფერში.
ძნელია ამაში ხელისუფალს არ დაეთანხმო, რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი.
13 წლის წინ ზუსტად ასეთი სურათი იყო ქვეყანაში, ოღონდ დღეს მოქმედ გმირებს ადგილები ქონდათ გაცვლილი და ნაციონალური მოძრაობა აბრალებდა ოპოზიციას რუსეთის აგენტობას, რაშიც ნაწილობრივ მართლებიც იყვნენ კიდეც.
ანუ ფარსი ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე დიდი წარმატებით გრძელდება.
თუ დღესაც და მაშინაც, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოპოზიცია, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი მტრის, რუსეთის დავალებების შემსრულებელი იყო და მისი ინტერესების გატარებას ცდილობდა ქვეყანაში, მაშინ რა ლოგიკით, რა სინდისით და რა უფლებით აწარმოებდა ან ერთი ან მეორე, უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს?
რეალობა კი ზედაპირზე დევს. ორივე ძალა ერთმანეთს ადანაშაულებს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში და თავს დებს საკუთარ დასავლურ ორიენტაციაზე. სინამდვილეში კი ორივე თავისი საქციელით, თავისი ბუნებით და ქმედებებით არიან რუსული მხარის ინტერესების გამტარებლები ქვეყანაში და ამის ნათელი დადასტურებაა, რომ მიუხედავდ დასავლეთის და აშშ-ს დიდი მცდელობისა ის მართული ქაოსი რაც საქართველოში ბოლო 30 წელია ფიქსირდება კვლავ სახეზეა.
ხელისუფლების პოზიცია და სამოქმედო გეგმა კი ასეთია. სიტყვით ადიდებს და ემეგობრება დასავლეთს, რადგან დასავლური ფულის გარეშე ეს ქვეყანა ფაქტიურად არ არსებობს და საქმით კი, რუსეთის მოკრძალებული კრიტიკის ფონზე, ასრულებს რუსულ დაკვეთას. რუსეთს კი თავი ქუდში აქვს, ფული არა აქვს (რომც ქონდეს მაინც არ შეინახავს თავის სატელიტს ხელისუფლებაში-მათ საქართველოს ქონების ძარცვის წილს უტოვებენ), მაგრამ ყავს რეალური გავლენის აგენტები და პოლიტიკური ავანტურისტები სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებზე, ვინც რეალურად მართავს ამ ქვეყანას და მათი ხელით უზრუნველყოფენ კავკასიაში თავისი ინტერესის გატარებას – მისი მიზანი კი მუდმივი მართული ქაოსი.
ქაოსში დასავლეთი არ შემოდის და თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. რუსეთისთვის კი ეს კომფორტული და ნაცნობი გარემოა.
ასე იყო გუშინ და ასეა დღეს, მაგრამ ხვალ დიდი ალბათობით ყველაფერი შეიცვლება, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ ხმამაღლა ამის მთქმელი და რაც მთავარია, ორგანიზებულად წინააღმდეგობის გამწევი ჯერ ცოტაა.
მსოფლიო იცვლება და საქართველოსაც მოუწევს შეცვლა.
იმედია ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესებში და წარვმართოთ ისინი უკეთესობისკენ.