კორონაპანდემიის ფონზე აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკლესია მსოფლიო ახალ რეალობასთან დაპირისპირებული ერთადერთი ინსტიტუციაა. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში არც ეკლესიის კლასტერი არსებობს და აღდგომის ლიტურგიაც მრევლთან ერთად ჩატარდა, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უარი არ უთქვამს ზიარების საიდუმლოს წესის შეცვლაზე (აქვე შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიამ, იმას გარდა, რომ ეკლესიები დაკეტა, აღდგომა 26 მაისსაც გადაიტანა, თუმცა ვისი და რისი პირადად ჩემთვის უცნობია). მეორე მხრივ, საქართველოს ეკლესიასა და საპატრიარქოს პერიოდულად ესხმიან თავს (ფაქტობრივად, ვისაც არ ეზარება, შესაძლოა, იმიტომაც რომ, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ხურდას არ აბრუნებს). როგორ შეძლო საქართველოს ეკლესიამ თავისი პოზიციის დაცვა და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მომავალში მასზე თავდასხმა კიდევ უფრო გააქტიურდება? – ამ საკითხს მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
მამუკა გიორგაძე: საქართველოს ეკლესია დღიდან მისი დაარსებისა ქართველი ერის არა მარტო სულიერი და ზნეობრივი წინამძღოლი, არა მარტო ეროვნული ცნობიერების გამღვიძებელი და წარმმართველი, არა მარტო ქართველი ხალხის სწორი ორიენტაციის განმსაზღვრელია, არამედ ის მუდმივად იყო ჭეშმარიტების ზუსტი დამცველი და ეს აძლევდა მას ძალასაც და სძენდა პატივისცემასაც. ის მუდმივად იდგა ჭეშმარიტების სწორ გზაზე და ერესის რამე მნიშვნელოვანი ფაქტი რომ არ არის საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, გარდა ერთი-ორი უმნიშვნელო მოვლენისა, ესეც მეტყველებს, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს ეკლესია თავის მოვალეობას და ეს ყოველთვის ჩანდა. ქართველი ერისა თუ კაცობრიობის ურთულეს მომენტებში საქართველოს ეკლესია ყოველთვის იჭერდა ამ პოზიციას და, შესაბამისადაც, ყველაზე დიდ დარტყმას საქართველოს ეკლესია იღებდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ, მის, სულ მცირე, განეიტრალებას, მაქსიმუმ – განადგურებას და ყველა მტერი თავის პირველ ამოცანად მიიჩნევდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებას. იცვლებოდნენ დამპყრობლები, იცვლებოდნენ მტრები, მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო დარტყმის სამიზნე. ამდენად, დღესაც, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა არ არის ძლიერი, მთავარი დარტყმა მიდის ეკლესიისკენ. როდესაც ქართული ეროვნულ-პოლიტიკური ძალები სუსტია, საზოგადოება გათითოკაცებულია, მტრისთვის მთავარი სამიზნეა ეკლესია და ეს ეკლესია, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მრავალი, თუნდაც, მის შიგნით არსებული პრობლემისა, ჭეშმარიტების აი, ამ ხაზს აგრძელებს და არა მარტო ჩვენ მივყავართ სწორი გზით, არამედ ყველას აძლევს ორიენტირს, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ხოლო უფალი ისმენს ამას. ისეთი სიტუაციებიდან გამოუყვანია უფალს, თავისი მადლით, ქართველი ერი, როდესაც არანაირი თეორიული შანსიც არ ჩანდა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, უფლისთვის შესაძლებელია და ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც, მიმდინარე პანდემიისას განვითარებული მოვლენები.
საქართველოს ეკლესია, გრძნობს რა პასუხისმგებლობას და იცის რა, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია და საბოლოო სიტყვა ღმერთისაა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეწყვეტს ღვთის დიდებას. მან იცის, რომ ამის გაკეთება ქართველ ერს სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს და მთავარ დარტყმას სწორედ ეკლესია იღებს თავის თავზე. ობიექტურად რომ შევხედოთ საკითხს: მისი უწმიდესობა ყველა იმ კრიტერიუმით, რაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაასახელეს, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფშია, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, იმიტომ რომ მას მხოლოდ საკუთარი თავის ცხონება კი არ უნდა, არამედ მრევლისაც, ამიტომ მარტო არ დადგა წირვაზე. ეს ხომ თავგანწირვაა?! მრევლის გარეშე, მისი შვილების გარეშე, მამას არ უნდა ღვთის დიდება.
– როგორი უცნაურია, არავის დაურისხებია განგაშის ზარები, რომ სასულიერო პირებს დაემუქრებოდათ დასნებოვნება, მხოლოდ მრევლზე იყო აქცენტი გადატანილი.
– აქ დგება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ სახარებისეული: როდესაც უფალი ეუბნება მამა ღმერთს, ვინც შენგან იყო, ვინც შენ მომეცი, ყველა გადავარჩინეო. მისი უწმიდესობა სწორედ ასე იქცევა. ვინც უფალმა მისცა, ყველას გადარჩენისთვის მოიქცა ასე და არა ისე, როგორც ზოგიერთს სურს, წარმოაჩინოს, რომ საკუთარი ძალმოსილება აჩვენა ეკლესიამ. ეს პატარა ბავშვების იონბაზობაა და ამაზე მეტს ვერ ხვდება ის, ვინც ამას ამბობს. ვინც უფლისგან მიეცა პატრიარქს სამღვდელმთავროდ, ის ადამიანები უნდა გადარჩენილიყვნენ და მისმა უწმიდესობამ ამ ადამიანების გარეშე არ ისურვა სააღდგომო ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ესაა სწორი გზა. თუმცა ყველამ დავინახეთ, რომ უფალზე მეტად ვირუსის შეგვეშინდა, რომ საკუთარი სიცოცხლე უფრო შეგვენანა…
– გავუსვათ ხაზი: ფიზიკური სიცოცხლე.
– რა თქმა უნდა, ვიდრე ამაღლებული იდეალების დაცვა და სულის ცხონება. არადა სახარებისეულია, რომ, ვინც თავის თავზე ფიქრობს, ის დაკარგავს თავის თავსო. სწორედ აქ გამოჩნდა საქართველოს ეკლესიის შემართებული ბუნება და ამის გარდა, აქ კიდევ ერთი მომენტია. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ამას ვერ განვიცდით, მაგრამ ის სულიერების დონე, რომელზეც პატრიარქია, ხომ განსხვავებულია?! მას ხომ უფალთან მისტიკური კავშირი აქვს?! ეს ხომ მისი პირადი გადაწყვეტილება არ არის?! რომ ილია შიოლაშვილმა ასე მოიფიქრა?! ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს სულიერი მამის პოზიცია იყო, რომელსაც მისტიკური კავშირი აქვს უფალთან. მოსე უფალს ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ აგებინებდა ებრაელებს, რა უნდოდა უფალს და ვისაც მისი სჯეროდა, ის გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ. ზუსტად ასეთი მომენტია. ჩვენ ქილიკის საგნად ვაქციეთ და არა მსჯელობის, თუ რას ნიშნავს პატრიარქის ხილვა, რომ ევროპის ქალაქები დაცარიელდებოდა და ხალხი სახლშია გამოკეტილი; რას ნიშნავს მისი სიტყვები, ნუ გგონიათ, რომ მეორედ მოსვლა შორსაა, ორი-სამი დღე დარჩაო. უფალთან მისტიკური საუბარი აძლევს მას იმ ღვთიურ ცოდნას, რომელსაც გვიზიარებს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ქილიკის საგნად ვაქციეთ. იმაზე დავიწყეთ მსჯელობა, ეს ორი-სამი დღე ასტრონომიული იყო თუ არა. მას შემდეგ ამდენი რამ მოხდა და ერთი სიტყვა გავიგეთ პატრიარქისგან, რატომ არ დამიჯერეთ, ხალხოო?! პირიქით, მიყვარხართ, ქართველებოო, მადლობა გადაუხადა ყველას. მან ხომ იცის, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძვიან?! მაგრამ ის არის სწორედ მისი უდიდესი ავტორიტეტის საფუძველი, რომ ასეთ წვრილმანებს არც აქცევს ყურადღებას და მისი ასეთი შემართებით სხვაც გადაარჩინა. გახსოვთ, რა პანიკა ატეხეს შეგნებულად, დემონსტრაციული უარი ხელისუფლების მხრიდან, ელემენტარულად საკუთარი გაუნათლებლობა გამოამჟღავნეს, სააღდგომო პროცესს სახლებიდან დავაკვირდებითო.
– ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეკლესიაში წირვაზე დასწრება და ზიარება დასნებოვნების წყაროა, შემდეგ ერთმანეთს ანახვებდნენ თავიანთ წითელ კვერცხებს და აღდგომას ულოცავდნენ, რამაც მე გამაკვირვა, რადგან, თუ ზიარების საიდუმლოსი არ გჯერა, ერთ კოვზამდე დაგყავს და ინფექციის წყარო გგონია, მაშინ იმას როგორღა იჯერებ, რომ კვერცხი გაწითლდა, ამიტომაც ვღებავთ სააღდგომოდ და მიცვალებული გაცოცხლდა, ანუ აღდგა? ხელისუფლებამ, მე მაინც მგონია, რბილად იმოქმედა, არც საერთო მსოფლიო სქემიდან ამოვარდა და გამონაკლისიც დაუშვა. კომპრომისი გამოვიდა, მგონი.
– ხალხი, რომლებიც პანიკას ტეხენ ზიარების გამო, ან უცოდინრები არიან, ან მებრძოლი ათეისტები, იმ მარტივი მიზეზით, რომ მორწმუნისთვის კოვზი არაფერს ნიშნავს, მთავარია, რაც იმ კოვზზე დევს. იმას, რაც კოვზზე დევს, ვიღებთ იმიტომ, რომ განგვკურნოს სულიერად, ხორციელად და მაცხოვნოს და მაცოცხლოს. არ იქნებოდა კოვზი, ბარძიმზე დაიწყებდნენ საუბარს. არ იქნება ბარძიმი, რაღაც სხვას გახდიდნენ საკამათოს. დამთავრდება კოვზის თემა? ხვალ შეიძლება, ბრალი დაგვდონ, რომ კანიბალები ვართ, რადგან გვწამს, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვიღებთ. ადამიანებმა შეიძლება, ეჭვი შეიტანინ ღვთისმშობლის ქალწულობაში, მართლაც გაიარა თუ არა ქრისტემ წყალზე. ნებისმიერი თემა შეიძლება, აქციონ ამ ადამიანებმა ქილიკის თემად. აქ ლაპარაკია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც თითქოს ახლოს არიან ეკლესიასთან და ისინი ლაპარაკობენ ამას. ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმალური, მეტი წარმოუდგენელი იყო: თუ ჯარს ჩააყენებდნენ ეკლესიების შესასვლელთან. შექმნეს სერიოზული ფსიქოზი, სხვათა შორის, ფსიქოზი კორონაზე დამღუპველია და ჩვენ ვნახავთ, როგორი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყებათ ადამიანებს, უბრალოდ, ეს სხვა საუბრის თემაა.
– ისიც ფსიქიკური ტრავმაა, ვიღაც რომ ეკლესიის კლასტერის შიშით არ წავიდა სააღდგომო წირვაზე ან არ ეზიარა და აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ მოხდა.
– რა თქმა უნდა. ყოველდღე იყო ზეწოლა მის უწმიდესობაზე, სასულიერო პირებზე როგორც კოლექტიური, მედიის მეშვეობით, ასევე, ინდივიდუალური. მღვდლებთან მიდიოდნენ ვითომ შინაურები და უყვებოდნენ, ვითომ სარწმუნო წყაროდან ინფორმაციას, ასე და ასე მოხდებაო. აი, ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფეს სასულიერო პირები. ხელისუფლება იმდენს კი მიხვდა, რომ გასული საუკუნის 20-ანი წლები არ იყო და ომი არ გამოუცხადა მრევლსა და ეკლესიას. უფრო მეტიც, მისმა უწმიდესობამ უთხრა ხელისუფლებას, ყველაფერს დავემორჩილები, ყველა რეკომენდაციას გავიზიარებ, ერთადერთი, რასაც ვერ გავიზიარებ, ვერ შევწყვეტ ღვთის დიდებას, ვერ ვეტყვი მრევლს, რომელსაც უნდა ეკლესიაში მოსვლა, არ მოხვიდეთო. ვიცი, რომ ადამიანები 20-30 კილომეტრს გადიან ზიარების მისაღებად და ამ ადამიანებს როგორ უნდა უთხრა, არ მოხვიდეო?! ხელისუფლებამ ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა. შეეძლო, რომ, თუნდაც, ერთი დღე საღამოს 11-საათამდე გადაეტანა კომენდანტის საათი. ან წირვა დამთავრდა ღამის 3-4 საათზე და რატომ უნდა დააყენო 2-3 საათი ეს ადამიანები ტაძარში?! წირვა დამთავრდა, ეზიარნენ, ამაღლებულ განწყობაზე არიან და მიეცი, რა, საშუალება, წავიდნენ სახლში?! არა. დატოვეს საფრთხის ქვეშ. წირვისას ყველა იცავდა დისტანციას, მაგრამ წირვის დამთავრების შემდეგ ვინ გააკონტროლებდა ამ ხალხის თავმოყრას?! იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აეღო და ეს ხალხი თვითონვე გაეყვანა ეკლესიებიდან, 2-3 საათით დასაჯა ისინი, რომ არ გაითვალისწინეს ხელისუფლების მოთხოვნები.
ნინო ხაჩიძე -თბილისელები