გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვა ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ემოციური საკითხია.
თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით მიღწეულ იქნა საბჭოთა სამხედრო პოლიგონის გაუქმება, რითაც გარეჯის განადგურება თავიდან იქნა აცილებული, ხოლო
საქართველოს ეკლესიის ღვაწლით სამონასტრო ცხოვრების აღმავლობამ იქაურობა წალკოტად აქცია.
ქართულმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ გარეჯისთვის საფრთხე მოხსნილია.
თუმცა, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებების ანტისახელმწიფოებრივი „უმოქმედობისა“ და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო საკამათო გახდა გარეჯის ისტორიული წარმომავლობა და მისი ნაწილის ტერიტორიული კუთვნილება.
ქართული საზოგადოებისთვის შეშფოთების საფუძველს ამძაფრებს მის ზურგს უკან მხარეებს შორის მიმდინარე დისკუსიის არასაჯაროობა.
ასევე, არ ჩანს ქვეყნებს შორის პრობლემების განხილვის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში გადაყვანის მცდელობა, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სერიოზული პროვოკაციებისთვის.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პრინციპების, მთლიანად კომპლექსის თუ მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის ისტორიულ-კულტურული კუთვნილების, მისი მიმდებარე ტერიტორიების განვითარების და სხვა საკითხების სახელმწიფოებრივად გააზრებული და მკაფიოდ გაცხადებული პოზიციის არქონის პირობებში შეუძლებელი ხდება პრობლემებზე ჯეროვანი რეაგირება.
აზერბაიჯანულმა მხარემ კი დიდი რესურსი მიმართა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის რელიგიურ-კულტურულ და სამეცნიერო კუთხით გასამყარებლად: აზერბაიჯანის ნაციონალურმა აკადემიამ და ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ფართო კამპანია დაიწყო იმის სამტკიცებლად, რომ გარეჯის მონასტერი განეკუთვნება ალბანურ კულტურულ ძეგლს და განთავსებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
2003 წელს ოფიციალურმა ბაქომ აზერბაიჯანის შუაგულში მდებარე პატარა ქრისტიანულ სოფელ ნიჟში, სადაც ძველი ალბანელების შთამომავლები ცხოვრობენ, ალბანეთის ეკლესია დააფუძნა (შეადარეთ ჩვენი ხელისუფლებების დამოკიდებულებას საქართველოს ეკლესიის მიმართ!).
2007 წელს პრეზიდენტ ალიევის ბრძანებით, დავით გარეჯის (აზერბაიჯანულად ქეშიშდაგი/ქეშიკჩიდაგი) სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად გამოცხადა.
პარალელურად, აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ დაიწყო გარეჯის მიმართულებით თავისი საზოგადოების გააქტიურება, მონასტრების გარშემო ტერიტორიების ათვისება, სასაზღვრო ძალების გაზრდა და ა.შ.
საქართველოში საპირისპირო მოცემულობაა – იქმნება განცდა იმისა, რომ ხელისუფლებას არ ანაღვლებს გარეჯის ბედი, ხოლო მისგან მიტოვებული ეკლესია და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ცდილობს დაიცვას ქვეყნის ინტერესები.
მათი აქტიურობა შედეგს ვერ აღწევს, ბუნებრივია, ვერც მიაღწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
მარტო ხმამაღალი ყვირილი – “დავით გარეჯი ჩვენია” ან პერიოდულად მისი მიმართულებით მსვლელობა საქმეს არ ყოფნის, კონკრეტული ქმედებებია საჭირო.
⭕ გარეჯის დაცვის სურვილი საქმით უნდა დავამტკიცოთ!
რადგანაც საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას, საზოგადოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული საქართველოს ხელისუფლების იძულებისკენ დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები.
პოლიტიკური მდგენელის გარდა, (რომელზეც აქ არ ვსაუბრობთ) ამ ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი მოედანი ისტორიაა.
ამ მიმართულებით კი პრობლემათა საფუძველი ჯავახიშვილის ჯანაშიას, ბერძენიშვილის, ინგოროყვას და სხვა მეცნიერთა ისტორიულ ნაშრომებში ასახული დადასტურებული ფაქტების საკამათოდ გამოცხადებაა.
⭕ პრობლემა კრემლის მიერ შეთითხნულ ისტორიაშია❗
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე მოქმედებაშია მოსკოვიდან მოსული დირექტივა, რომლის საფუძველზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს 1953 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმით აიკრძალა ჯავახიშვილის მე-5 ტომი და სხვა ნაშრომები.
არასასურველი ისტორიკოსები სამუშაოდან გათავისუფლდნენ. დაწესდა კონტროლი ისტორიკოსებზე, მათ აიძულებდნენ საქართველოს ისტორია განეხილათ ლენინურ-ინტერნაციონალური ხედვით.
საქ. კპ ცკ-ის 1954 წლის 16 ივნისის N21 საიდუმლო პროტოკოლით დაიწყო ახალი ზეწოლა. დადგენილებაში პირდაპირ წერია:
„ყურადღება მიექცეს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას, ქართველი ხალხის წარმოშობის ხანვადობის და გარემოების სადავო საკითხებს, საქართველოს სახელმწიფოს გენეზისს (ჩასახვა და შემდგომ განვითარება)“.
პირდაპირი მოთხოვნა იყო ყველაფერი შეეთანხმებინათ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან.
საქმეში ჩართეს პარტიული ნომენკლატურის ისტორიკოსები. მათ დაავალეს საქართველოს ისტორიის გადაწერა და პირადი გამორჩენის სანაცვლოდ „დაამტკიცებინეს“, რომ „ჰერები ქართველთა მეზობლად მოსახლე ერთ-ერთი ალბანური ტომია, რომელმაც თანდათან, იბერიის პოლიტიკურ-კულტურული გავლენის შედეგად განიცადა ქართიზაცია“, დაიწერა, რაც მანამდე არ დაწერილა, რომ სავარაუდოდ, გარეჯი აზერბაიჯანული მიწაა, აზერბაიჯანელი ხალხი არის ძველი ალბანური მოსახელობის შთამომავალი, წმ. ასურელი მამები მონოფიზიტები იყვნენ და რომ თბილისი ალბანური ქალაქია და ა.შ.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოშიც გრძელდება კრემლის მიერ გადაკეთებული საქართველოს ისტორიის მოხმარება.
ამჯერად ამ „წარმატებულ ისტორიკოსთა“ გვარებისა და გამოცემების დასახელებისგან თავს ვიკავებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, მსგავსი ნაშრომები დღესაც დიდი ტირაჟით იბეჭდება და რაც შემაშფოთებელია – დიდი პიარით.
სწორედ ასეთ „შეკვეთილ“ ისტორიას იყენებენ საფუძვლად და ასე გადაკეთებულ ისტორიაზე გვესაუბრებიან აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და ჩვენგანვე მიწოდებულ „საჩუქარს“ წარმატებით იყენებენ მათი ისტორიკოსები, რომელთაც ამბიციები თანდათან ეზრდება.
⭕ სწორედ ასეთ გადაკეთებულ ისტორიაზე აპელირებს რუსეთი საქართველოს სხვა რეგიონებშიც❗
ვისი ბრალია?! რა თქმა უნდა ჩვენი!
⭕ ვერ „მოვიცალეთ“ ისტორიისთვის მაშინ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მაქსიმალურად იყენებენ ფალსიფიცირებულ ისტორიას როგორც გარეჯის კომპლექსზე დავისას, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გასამართლებლად.
ამდენად, სანამ გარეჯში კიდევ წამოვეგებით პროვოკაციებს, იქნებ ახლა მაინც ვიფიქროთ, რომ ციხე შიგნიდანაა გატეხილი და ისტორიაში დავას, სამწუხაროდ ვაგებთ. ორი სხვადასხვა ისტორიის პირობებში გარეჯის (ვერც სხვა) პრობლემები ვერ გადაწყდება. ჯერ ისტორიაში გვაქვს პოზიციები დასაბრუნებელი.
⭕ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მეცნიერებათა აკადემიას, ისტორიკოსებს, პოლიტიკურ ძალებს, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ გარეჯზე აქტიურად ჩაერთოთ ამ საკითხების მოგვარებააში.
✅ ისტორია ერის მეხსიერებაა. ამნეზირებული და მეხსიერებადაკარგულ ხალხი კი ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს.
✅ „სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ბერძენიშვილის, ინგოროყვას ისტორია უნდა დაბრუნდეს.
✅ საქართველოს ისტორია უნდა განთავისუფლდეს კრემლის ჩარევის შედეგად დაწერილი დებულებებისგან და ობიექტური ისტორიის მსოფლიო მასშტაბით ტირაჟირებაა საჭირო❗
⭕ „სახალხო პარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეიქმნას საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკლესიისა და შესაბამისი დარგების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების შემადგენლობით.
განსაკუთრებით საშურია პროვოცირების მაღალი რისკის ქვეშ არსებული საკითხებში ჩამოყალიბება.
⭕ „სახალხო პარტია“ მიმართავს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას, ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო აუცილებელი ნაბიჯები.
მამუკა გიორგაძე
ბესიკ ბოგველი
4.06.2020