მარო მაყაშვილი – დიდება გმირებს

მაყაშვილი

99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი.

საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის საპატივსაცემოდ ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო დაარქვა.

ასეთ მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა.

მარო მაყაშვილი 1901 წლის აგვისტოში დაიბადა, კოტე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის ცნობილ ოჯახში. მაროს ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ.

1919 წელს, მარომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მომავლში საფრანგეთში ან იტალიაში წასვლა ნდომებია მაროს სასწავლებლად. სამეურნეო საქმის იქ სწავლა და საქართველოში იქ მიღებული ცოდნით მუშაობა სურდა.
„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ… ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“ – წერდა დღიურში.

1919 წელს „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენის“ წევრი რომ გახდა, კიცხავდნენ თურმე, სპორტი რა ქალის საქმეაო, თუმცა, მამა – კოტე მაყაშვილი (დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი) მხარს უჭერდა მაროს, „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო“, ეუბნებოდა კრიტიკოსებს.

1921 წლის 17 თებერვალს „წითელ ჯვარში“ ჩაეწერა მოწყალების დად, იმავე დღეს წავიდა კოჯორში, ფრონტისკენ სანიტარულ რაზმთან ერთად.

1921 წლის 19 თებერვალს, პარლამენტარ ქრისტინე შარაშიძეს და სხვა დეპუტატებს მოუნახულებიათ მარო ფრონტზე. დაჭრილ სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს ჭრილობას უხვევდა თურმე. იმავე დღეს, ორივენი, მარო მაყაშვილიცა და პავლე ბეშკენაძე იმსხვერპლნენ ბოლშევიკებს. ბოლშევიკების ნასროლი ყუმბარა მაროს კეფაში მოხვდა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. დაღუპვისას მხოლოდ 19 წლისა იყო.

იუნკერი, მიხეილ დადიანი ამ ფაქტს ასე იხსენებდა: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა“.
მამა მაროს სიკვდილმა ერთ ღამეში გააჭაღარავა და ტკივილიანი სტრიქონები ამოათქმევინა:
„არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!“
მარო მაყაშვილი 23 თებერვალს, სხვა იუნკრებთან ერთად დაკრძალეს რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას. მაროს ქართველ ჟანა დ’არკსაც ეძახდნენ.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი პირველი ქალი ეროვნული გმირია საქართველოში.

https://tbilisipost.ge/ 02.19.2020 12:03

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress