ბოლო დღეებს მოვლენებმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია რეალური პოლიტიკური სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება, ეს კი დროდადრო საჭიროებს ხელოვნურად კრიზის შექმნას, მონოპოლისტი მმართველის კარიზისების დამძლევად წარმოსაჩენად.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფაქტი და, განსაკუთრებით, მისი განხორციელების ფორმა ამ მახინჯი სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს და რამაც უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთადერთი საკითხი იყო რომელსაც მხარს უჭერდა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი და მოწონებული იყო საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან. განსაკუთრებით მისასალმებელი იყო ისიც, რომ საერთო ეროვნულ თანხმობაზე ზემოქმედების მოხდენა არ შეეძლო ოკუპანტ მეზობელს.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოვლენები ყველაზე შოკისმომგვრელი და დრამატული სცენარით განავითარა. ბ-ნ ივანიშვილს თუ არ ყოფნიდა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილების მიღების ნება, ან არ უნდა გაეცა პირობა ცვლილებების განხორციელების შესახებ ან შეეძლო პირდაპირ ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მან გადაიფიქრა მისგანვე ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა და ეს იქნებოდა გაგებული, როგორც, ჩვენთვის მიუღებული, მაგრამ მაინც პოლიტიკური პოზიცია და გადაწყვეტილება. იქნებოდა პროტესტი, მაგრამ საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, საერთაშორისო სუბიექტები და ბოლოს და ბოლოს საკუთარი პარტიის წევრები თავს შეურაცყოფილად და მოტყუებულად არ ჩათვლიდნენ.
ნაცვლად ამისა ბ-ნმა ივანიშვილმა, მისი მორჩილი დეპუტატების ნაწილის მეშვეობით შემოგვთავაზა სამარცხვინო და ყველასათვის ადვილად გასაშიფრი ფარსი და შეგნებულად წავიდა ხელოვნური შიდაპარტიული თუ სახელმწიფოებრივი ქაოსისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვისკენ.
ჩვენ გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ ხელისუფლება მოწოდებულია და ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა ვერ ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც ამ განცხადებების ადეკვატური იყოს.
მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა ხელისუფლება არ ცდილობს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებას, მას აქვს შესაძლებლობა შექმნას ყველა დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით დაძაბულობის განმუხტვის პლატფორმა, მოძებნოს საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი და პოლიტიკური გზები ან ჩაატაროს საკითხის შესახებ რეფერენდუმი.
ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, აქაც სახელმწიფოებრივად საშიში გზა აირჩია – აგრძელებს რა თავის „შუაგაკრეფის“ გამოცხადებულ კურს და ხელოვნური დესტაბილიზაციის, ორპოლუსიანობისა და მართვადი ქაოსის სტიმულირებას. რამაც საზოგადოების ფართო უმრავლესობისთვის მიუღებელი და უარყოფილი პარტიის და მასთან დაკავშირებული სუბიექტების და ამ პროცესიდან გარიდებული რუსეთის სპეცსამსახურებს გააქტიურობის საშუალება მისცა.
ყოფილი ხელისუფლება კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ყველა განშტოების სახით კი მოწოდებულია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს მმართველი ძალის ნებისმიერი შეცდომა თუ დანაშაული და ცდილობს მთავარ ოპოზიციურ ძალად და ერის ინტერესების დამცველად მოგვევლინოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ შენიღბული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებით, ე.წ. „სამოქალაქო აქტივისტებითა“ და მათგან მართული მედიით, მონოპოლიზებას უკეთებს ოპოზიციურ აზრს და ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ჯანსაღი ხედვა. ის არაკონკურენტუნარიან გარემოში ახდენს საჯარო სივრცის დრამატიზებასა და ხელოვნურ რადიკალიზაციას. საბაბით კი მას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს – იქნება ეს „გავრილოვის პროექტი“ თუ კონსტიტუციაში ცვლილებების ჩაგდება.
„სახალხო პარტია“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას ვითხოვდით მაშინაც, როდესაც დღევანდელი „აღშფოთებულები“ ხელისუფლებაში ყოფის დროს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით აფერეხებდნენ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
„სახალხო პარტიისთვის“ მიუღებელია ილუზორული გაერთიანების წარმოჩინება – „ყველანი აქ ვართ“ – რაც მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ლოზუნგი „წადი“, „ყველა მინუს ერთი“ და ა.შ… გამარჯვებაზე ორიენტირებული სერიოზული პოლიტიკის ლოზუნგად არ კმარა (ეს არის ბრძოლის უკმარისი, მაშასადმე – ამთავითვე უპერსპექტივო ტაქტიკა) და პროცესების მორიგ ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტაკლში გადაზრდას ემსახურება.
იმის გათვალისინებით, რომ 2024 არჩევნები 5% ბარიერითა და ბლოკების გარეშე ჩატარდება, არის დიდი ალბათობა, რომ არსებული ოცნება-ნაციონალების მონოპოლია შენარჩუნდება ქვეყანაში და არაფერი არ შეიცვლება კიდევ მინიმუმ 9 წლის განმავლობაში.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველა სუბიექტი 2020 წლის არჩევნებში იყოს თანაბარ პირობებში და პროპორციული სისტემა დაპირებული ბუნებრივი ბარიერით განხორციელდეს ახლავე.
ამის გარეშე ხელისუფლება ძალადობრივად, ხელის გადაგრეხვითა და ხალხის ნების უგულვებელყოფის გზით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე უარის თქმით, შეეცდება უმრავლესობაში დარჩენას, რაც დამღუპველი იქნება როგორც მისთვის ისე ქვეყნისათვის. ამას სახალხო პარტია არ შეეგუება.
განვითარებულმა სავალალო პროცესებმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა, რომ საფრთხის წინაშე დგას ჩევნი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები და საქართველო – დასავლეთის პარტნიორობა.
„სახალხო პარტიას“ მიგვაჩნია, რომ დღეს როგორც არასდროს საჭიროა ეროვნული სულისკვეთებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს განვითარებისთვის და შექმნან ერთიანი ძლიერი ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება, რომელიც შეძლებს საზოგადოებას წარუდგინოს სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტული პროგრამა: ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს საერთო ეროვნული ამოცანები, პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოს გადასარჩენად, მის გამოსაყვანად დღევანდელი კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამ გაერთიანების იდეას ვთავაზობთ დღეს ჩვენ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და გამოვდივართ ინიციატივით მოწვეულ იქნეს საერთო ეროვნული მემარჯვენე იდეოლოგიის კონგრესი, სადაც გაიმართება მსჯელობა მსგავსი გაერთიანების შექმნაზე.
სწორედ ჩვენი, ამ გაერთიანების მსურველთა ერთიანი ძალისხმევის შედეგი უნდა იყოს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის თავჯდომარეს გავუჩინოთ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნით შექმნილი ვითარების გამოსწორების დაუოკებელი სურვილი.
დღეს ჩვენ, თქვენს წინაშე წარმოვდგებით ამ პოზიციითა და კონკრეტული შეთავაზებით და ყოველთვის მზად ვართ უმკაცრესად გავაპროტესტოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არათავსებადია ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებთან.
„სახალხო პარტია“ 16.11.2019