უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს თავი იმ ერს, რომელსაც უფალმა ძნელბედობის ჟამს ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის აზროვნების დიაპაზონის სიდიდემ, მოვლენების შეფასების სიზუსტემ და ერის ცხოვრების კრიტიკულ მონაკვეთებში აქტიურმა მონაწილეობამ ურთულეს პერიოდში ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი. მან განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესიის ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და საერთაშორისო სარბიელზეც ანგარიშგასაწევ ძალად გახადა იგი.
საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესია, გარდა სულიერი საფუძველისა, ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობის, თაობათა შორის კავშირის, ეროვნული სულისკვეთების მუდმივობის გამომხატველ ერთადერთ ლეგალურად მომქმედ ინსტიტუტუტს წარმოადგენდა და, ბუნებრივია, 70 _ 80-იან წლებში, როდესაც დისიდენტური და შემდეგ ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანა დაიწყო, საქართველოს ეკლესიამ ფართოდ გაუღო კარები და თბილად ჩაიკრა გულში თავისი შვილები. პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ სიონის ეზოში სულ ახალგაზრდული ხმები ისმოდა. მოკლე პერიოდში მრევლის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ეკლესია იქცა ეროვნული განწყობის ადამიანებისთვის შეკრებისა და შეხვედრის ადგილად. ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ადამიანი პრაქტიკულად ხდებოდა მრევლი. საინტერესო შედარება შეიძლება მოვიტანოთ ამ მხრივ რუს დისიდენტებთან, რომელთა შეხვედრების ადგილებს მაიაკოვსკისა და პუშკინის ძეგლების მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახით საქართველოს ჰყავს სულიერი ლიდერი, რომელმაც ტაძრები ახალგაზრდების გულანთებულ ქრისტიანებად და, შესაბამისად, პატრიოტებად ჩამოყალიბების კერებად აქცია, ერის ცხოვრების მნიშვნელოვან გარდამტეხ და გადამწყვეტ მომენტებში კი პირადი მაგალითით აჩვენა, ლიდერისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობისა და წინდახედუ- ლობის მაღალი დონე. საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დროს მისი უწმიდესობის ქმედებები ამის ნათელი დადასტურებაა.
1989 წელს, როცა საქართველოში, ეროვნულმა მოძრაობამ თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო, აფხაზეთის საკითხი განსაკუთრებულად გამწვავდა და ქვეყანა- ში სერიოზული დაძაბულობა შეიქმნა. საკავშირო ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ეროვნული მოძრაობისთვის და, საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის დაეპირისპირებინა აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა, რომელსაც ყოველნაირად ხელს უწყობდა და ახალისებდა. 18 მარტს სოფელ ლიხნში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული კრება, რომელმაც მიიღო ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება, რამაც აფახაზეთისა და მთლიანად ქართული საზოგადოება აღაშფოთა. გაგრასა და სოხუმში ჩატარდა ქართველთა საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი აქციის შემდეგ ლესელიძიდან სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ. ხელისუფლებიდან მართული ამ კრიმინალური ქმედების გასაპროტესტებლად სოხუმში ჩატარდა აქცია, რომელშიც ბევრი აფხაზიც მონაწილეობდა. 9 აპრილისთვის დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია სოხუმში.
ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა 4 აპრილს მაშინდელი მთავრობის სახლის წინ აქცია დაიწყო ლიხნის შეკრების ორგანიზატორთა და ავტობუსზე თავდამსხმელთა დასჯის მოთხოვნით. ცოტა ხანში აქციის თემამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა და უპირობო მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა. აქციის ორგანიზატორებს მიაჩნდათ, რომ პოლიტიკური მოთხოვნის დაყენებით თავიდან იქნებოდა აცილებული კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე, რომელიც 9 აპრილს სოხუმის აქციის დარბევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საბჭოთა კავშირში უკვე არსებობდა პრეცედენტები ხელოვნურად ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტებისა (ფერგანა, ყარაბახი, სუმგაიტი და სხვა), რომელიც ერთი მხრივ ხალხთა ტრაგედიად იქცა და, მეორე მხრივ, კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარე თავისუფლებისთვი ბრძოლის სწორი გზიდან ააცდინა და ერთმანეთთან ბრძოლაში მთლიანად დამოკიდებული გახადა მოსკოვზე.
5 აპრილიდან თბილისში აქციები მიმდინარეობდა, ასევე, სახელმწიფო ტელევიზიასთან და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. სასწავლებლებთან მიმდინარე აქციების მონაწილეებმა 8 აპრილს, ქალაქში ჯავშანტექნიკის გამოჩენის გამო, ტელევიზიის წინ მოიყარეს თავი და ერთ დიდ აქციად გაერთიანდნენ. ძირითადი აქცია კი კვლავ რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა.
7-8 აპრილს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, _ ქალაქში დემონსტრაციულად გამოჩნდა საბჭოთა არმიის ნაწილები. ამასთან, სსრკ-ს სხვადასხვა რეგიონებიდან დამატებითი სამხედრო შენაერთების ჩამოყვანაც დაიწყო.Mადგილობრივ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ჩამოერთვა რესპუბლიკის მართვის სადავეები და სამხედროები წარმართავდნენ მოვლენებს. შექმნილმა ვითარებამ ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა, რამაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. ხალხის სულისკეთება იმდენად ამაღლებული იყო, რომ მოსალოდნელ საფრთხეს არად აგდებდა და ნებისმიერი განსაცდელის დასახვედრად მზად იყო. სამშობლოს თავისუფლების თავდადებისთვის დაგროვილმა განცდამ და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ ხალხში ყოველგვარი შიში გააქრო და ხალხი მზად იყო, ლაღად შეხვედროდა მსოფლიოს ყველაზე ჯალათ არმიას, თუმცა კონკრეტულად რას მოიმოქმედებდა ეს უკანასკნელი ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობდა.
9 აპრილის საბედისწერო მომენტს მხოლოდ საათი გვაშორებდა. მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია კი ხალხს ვეღარ იტევდა. მიუხედავად გადაღლისა, გვიანი ღამისა და მოახლოებული საფრთხისა, ადგილიდან დაძვრაზეც კი არავინ არ ფიქრობდა… ასეთ ვითარებაში მობრძანდა მისი უწმიდესობა აქციაზე.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სწორედ მისი უწმიდესობა იყო და არის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის საფუძვლის ჩამყრელი. მისი უწმიდესობის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული იდეა და მოძრაობის ძირითადი ბირთვი სწორედ სიონის ეზოში და ტაძრის საკურთხეველში ჩამოყალიბდა. მისი უწმიდესობის ქმედებები, ეპისტოლეები და ქადაგებები მხოლოდ სულიერი დატვირთვის მატარებელი არ არის, ამავე დროს მათში ქართველი კაცის ცხოვრების წესის განსაზღვრა, ზნეობრიობის ტრადიციული საფუძვლები და სახელმწიფოებრიობის მთავარი ღირებულებებია წარმოდგენილი. ფაქტობრივად, სწორედ ეს ასპექტები იქცა ორიენტირებად ეროვნული მოძრაობის მოქმედებისთვის.
მეტად საინტერესოა ის გარემოება, რაც უფალთან და ქართველ ერთან მისი უწმიდესობის მისტიკურ საუბარს გულისხმობს. ამ ერთი შეხედვით რთულად აღსაქმელი მოვლენის თვალსაჩინო მაგალითია 1987 წელს, აზვირთებული ეროვნული მოძრაობის დროს, საქართველოს ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა. ღვთის განგებულებითა და პატრიარქის ღვაწლით ამქვეყნად აღსრულებული დიდი მისტიკური აქტი ბიძგის მიმცემი გახდა, რომ ეროვნული მოძრაობის იდეური სულისკვეთება წმ. ილია მართლის იდეებს დაფუძნებოდა. წმიდა სინოდის განჩინების შესახებ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან ქადაგებაში მისმა უწმიდესობამ ბრძანა: “… ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მისი გენია, მისი საოცარი ნებისყოფა მირონცხებული და შინაგანად მომზადებული აღმოჩნდა ამ ისტორიული მისიისათვის. თითქოს ილიაზე განმეორდა იერემია წინასწარმეტყველისადმი თქმული უფლის სიტყვები: „ვიდრე გამოხვიდოდი შენ საშოდან, მე განგწმიდე შენ, წინასწარმეტყველად ხალხთა დაგადგინე შენ“ (იერემია 1,4-5). მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს” და მიმართა ახალგაზრდებს: “შევსთხოვ წმიდა ილია მართალს, იყოს აწ და მარადის გამორჩეულად მფარველი ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი სტუდენტობასა. ამიერიდან ჩვენი ახალგაზრდობა მიმართავს მას განსაკუთრებული ლოცვით, და წმიდა ილია მართალიც ღვთის წინაშე მისი მეოხი იქნება”.
ურთულესია ჩვენთვის ამ მოვლენის მთელი სისავსით აღქმა, მაგრამ ცხადია, რომ სწორედ ამ ფაქტმა და მისი უწმიდესობის მიერ შესაბამის დროს და შესაბამისი მზაობის ვითარებაში გაკეთებულმა მოწოდებამ ეროვნული მოძრაობა გადაიყვანა ძირითად სისტემურ იდეებზე (გავითვალისწინოთ, რომ ამ დროისთვის საბჭოთა სისტემა მყარად იდგა ჯერ კიდევ).
მისმა უწმიდესობამ მთელი სიდიადით და სისწორით დაგვანახა წმიდა ვახტანგ გორგასალი, წმიდა დავით აღმაშენებელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელი… მათი მოღვაწეობა და ხედვები გახადა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ფასეულობებად. “სამშობლოს” ცნება და მისი მსახურება საკრალურ ცნებათა რანგში, ანუ, აბსოლუტური, შეუვალი და არაფერზე არ დახურდავებადი ღირებულების დონეზე აიყვანა.
ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რომ სწორი გზით წავსულიყავით. მივყავდით უფლისკენ და ამავდროულად, ის გახდა ჩვენთვის სულიერი მეკავშირე ჩვენს წარსულთან, საქართველოს მეფეებთან და პატრიარქებთან, წმინდა მამებთან და თავდადებულ მამულიშვილებთან. გვაგრძნობინა წარსულის სუნთქვა და სულისკვეთება, დაგვაფიქრა აწმყოზე და მოგვცა მომავლის იმედი. მან ახლად გაგვააზრებინა საქართველოს საკაცობრიო მნიშვნელობა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახლო ურთიერთობა გვქონოდა მასთან და გვქონდა ისეთი განცდა, რომ მისი სახით არამარტო მოქმედ პატრიარქს ვეხებოდით, არამედ ვეხებოდით ცოცხალ მრავალათასწლოვან საქართველოს ისტორიას.
მან ათეისტური, წარმართული და გზააბნეული “საბჭოთა ხალხი” მორწმუნე ადამიანებად გვაქცია. შეიძლება ითქვას, რომ თითო-თითოდ შეგვკრიბა ტაძარში. ყველა გადაარჩინა ვინც უფალმა მისცა. უშურველად გასცემდა უფლისგან ბოძებულ სითბოსა და ენერგიას და პირადი ცხოვრებით გვაჩვენებდა თუ როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მასში ცოდვა გძულდეს, იყო ადამიანებთან რბილი, თბილი და კეთილი და ამავდროულად, მათთან საქმეში პრინციპული, მტკიცე და შეუვალი.
მისი უწმიდესობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართველი ერის ისტორიაში ის სიცარიელე ამოვსებულიყო, აღმდგარიყო ის წყვეტა, რაც საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლიდან მის აღსაყდრებამდე არსებობდა. პატრიარქი თავად გახდა ხიდი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. იგი არა მარტო მოქმედი პატრიარქი იყო, არამედ მრავალათასწლოვან საქართველოს ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის უწყვეტობის გამომხატველი ცოცხალი სიმბოლო.
უწმიდესიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ერის სულიერი მამა უნდა მდგარიყო. როდესაც 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას პატრიარქის აქციაზე მობრძანებაზე ვსაუბრობთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ პატრიარქს ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციებთან კავშირი წინა პერიოდებშიც ჰქონდა და იგი 1988 წლის ნოემბრის აქციას უკავშირდებოდა:
1988 წლის 22 ნოემბერს, წმ. გიორგის ხსენების წინა დღეს, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ შიმშილობის აქცია დაიწყო. მიმდინარე აქციის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში, მწუხრის ლოცვაზე მისი უწმიდესობა მობრძანდა. განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ აქციის მონაწილეებს სანთლები და ლოცვანნი გამოგვიგზავნა. შემდეგ ყოველდღე აგზავნიდა სასულიერო პირებს, რათა მოშიმშილეები ზიარებულიყვნენ. მაღალი იერარქები და მოძღვრები აქციის მსვლელობის დროს იხდიდნენ პარაკლისს, ქადაგებდნენ და პირადი საუბრებით ამხნევებდნენ ხალხს. ეკლესიისა და მისი უწმიდესობის ასეთი მოქმედება აღქმული იყო, როგორც აქციის არაპირდაპირი დალოცვა. უფრო მეტიც, უნდა ითქვას, რომ ამან შიმშილობას (სუფთა პოლიტიკურ ქმედებას) სიღრმისეული სულიერი დატვირთვა მისცა და იგი მძიმე მარხვის ფორმად აქცია.
ამიტომაც იყო, რომ 1988 წლის ნოემბრის აქცია, შიმშილობის ფორმით განხორციელებული ერთადერთი მასშტაბური აქცია, რომლის შეწყვეტაზე უწმიდესს ლოცვა-კურთხევა არ გაუცია, ყოველმხრივ წარმატებული გამოვიდა: დაკმაყოფილდა აქციის უმთავრესი მიზანი _ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მცდელობა, მოკავშირე რესპუბლიკებისათვის სსრკ კონსტიტიციით ქაღალდზე მონიჭებული უფლება სსრკ-დან საქართველოს გასვლისა არსებითად აეკრძალათ _ მარცხით დამთავრდა. ასევე, აქციის მაქსიმალური ინტერესი, ქართველი ერის კონსოლიდირება მომხდარიყო და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ღიად დასმულიყო, განხორციელდა.
შიმშილობის ექვსი დღე გავიდა. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ აქცია 29 ნოემბერს საყოველთაო დიდი ერთობლივი მიტინგით უნდა დამთავრებულიყო. ამიტომ ყოველმხრივ ცდილობდნენ აიძულებინათ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აქციის ღამე შეწყვეტაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის ღამე ფსიქოლოგიურად ყველაზე მძიმე და დაძაბული აღმოჩნდა. ერთის მხრივ აქციის დასაშინებლად ქალაქში სამხედრო ტექნიკამ დაიწყო მანევრები, მეორეს მხრივ კი ხელისუფლების, ზოგიერთი პოლიტიკური ძალისა და საზოგადოებრიობის გარკვეულმა წარმომადგენლებმა, ეროვნული მოძრაობის გასატეხად, ფსიქოზის შექმნა სცადეს. ასეთ ვითარებაში, აქციაზე მისვლისა ბევრ პოლიტიკოსსა და ცნობილ პიროვნებას შეეშინდა, ბევრმა თავიდან აიცილა მისვლის პასუხისმგებლობა. სამაგიეროდ, გვიან ღამით აქციაზე მისი უწმიდესობა მობრძანდა. ამ ქმედებით მან, ფაქტობრივად, დაძაბული ვითარება გადატეხა და პროვოკაციებიც შეწყდა. აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით არ მოუმართავს, ვიდრე საფრთხე არსებობდა, მოშიმშილეთა შორის მდუმარედ იდგა. დარწმუნდა რა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაში ისინი დალოცა და წაბრძანდა.
1988 წლის 29 ნოემბრის მიტინგი, რომელშიც საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა, საზოგადოება და ინდივიდუალურად, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები, კომპარტიისა და კომკავშირის ფუნქციონერი წევრები, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ქართველთა ერთობის დღედ იქცა. უმაღლესი საბჭოს სესია იძულებული გახდა ქართული საზოგადოების მოთხოვნა გაეთვალისწინებინა.
28 ნოემბრის ღამეს და 9 აპრილს გამთენიისას პატრიარქის ქმედება აქციაზე, იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ მის უწმიდესობას საფრთხეებისა და ვითარების ზუსტი შეფასების უნიკალური უნარი აქვს.
თავიდანვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, საკავშირო და ადგილობრივი ხელისუფლების შემადგენელი ჯგუფების ერთმანეთთან ძალაუფლებისა და გავლენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების პირობებში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა და ამ ჯგუფების საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ ერთიანი ხისტი პოზიციის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მათთვის მიუღებელი ფიგურა იყო და ყველანაირად ზღუდავდნენ მის საზოგადოებრივ აქტიურობას. ჩვენთვის მისი მობრძანება აქციაზე ცოტა მოულოდნელიც კი იყო, რადგანაც ჩვენ მოგვიწია ყოფნა მის უწმიდესობასთან რეზიდენციაში 8 აპრილის შუაღამემდე (გარკვეული ჯგუფის მხრიდან იყო მცდელობა მის წინააღმდეგ სერიოზული პროვოკაცია განხორციელებულიყო, ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, მაგრამ ამ წერილის თემა არ არის), მოსალალოდნელი საფრთხის შესახებ მას არ უსაუბრია, როგორც ჩანს, იმ დრომდე არ ჰქნდა შესაბამისი ინფორმაცია. ზემოთ აღნიშნულ რომელიმე ჯგუფის წარმომადგენელს მისი უწმიდესობა ცოტა ადრე რომ ჩაეყენებინა საქმის რეალურ ვითარებაში და მას ჰქონოდა სამოქმედო დრო, დიდი ალბათობით, მოვლენების განვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა.
დავუბრუნდეთ ისევ 9 აპრილის გამთენიას, როცა უამრავი ადამიანი გულანთებული და შეუპოვარი ყოველგვარი განსაცდელის მისაღებად მზად იყო, სწორედ ამ დროს მობრძანდა მისი უწმიდესობა რუსთაველიის გამზირზე და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვინც 1988 წლის ნოემბრის აქციაზე პატრიარქის მოქმედების შესახებ იცოდა, მისთვის უწმიდესის გამოსვლა და განსაკუთრებით სიტყვები _ “საფრთხე რეალურია!” _ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.Mთუმცა, აქციის მონაწილეთა მხრიდან, რომელთაც გულწრფელად (და არა ეგზალტაციის გამო, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ) მიაჩნდა, რომ ღვთისა და ერის წინაშე თავის მოვალეობას ასრულებდა, გააზრებული და შეთანხმებული გადაწყვეტილების შეცვლა დროის სიმცირისა და დაძაბულობის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადასვლაზეAაქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. M
ეს არ იყო სულიერი მამის მიმართ დაუმორჩილებლობა ანდა უპატივცემლობა. ეს, უფრო, თავგანწირვისთვის მზადმყოფი მებრძოლების სულისკვეთებას წარმოადგენდა. თვლიდნენ, რომ მისი უწმიდესობა, როგორც მზრუნველი მამა, ასრულებდა თავის მოვალეობას _ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ცდილობდა, ხოლო ისინი მზად იყვნენ თავისი მოვალეობის შესასრულებლად _ თვალის დაუხამხამებლად გაეწირათ სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად,
მისი უწმიდესობა, როგორც ერის მამას და ჭეშმარიტ ლიდერს უნდა ახასიათებდეს, ამ უმძიმეს წუთებშიც ინარჩუნებდა სიმშვიდეს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. მიმართვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დუმილი ჩამოწვა. Mმისი უწმიდესობა ცდილობდა შექმნილი ვითარების კიდევ ერთხელ გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება მომხდარიყო. Mმაგრამ აქციის მონაწილეები სხვადასხვა გარემოების გამო პოლიტიკური მანევრის განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ.
დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქს მოლაპარაკება შეთავაზების საბაბით შეხვედრა სთხოვეს. მისი უწმიდესობა აქციიდან (მთავრობის სახლის წინა კიბეებიდან) პოლიციის კორდონს იქით, მთავრობის სახლის თაღებიან სივრცეში გაჰყვა მათ. მასთან ერთად იყვნენ მისი თანმხლები სასულიერო პირები და ამ წერილის ავტორი. ოფიციალურმა პირებმა მოსალაპარაკებლად შენობაში შესვლა შესთავაზეს. უწმიდესმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. დროის სიმცირის გამო სასწრაფო გადაწყვეტილება იყო მისაღები, ვინაიდან აქციის დარბევის დაწყება ყოველ წამს იყო მოსალოდნელი.
პატრიარქმა უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლის პოვნის ბოლო მცდელობას მიმართა: მან ხელისუფლებას შესთავაზა, რომ უმჯობესი იქნებოდა ისინი თავად ჩამოსულიყვნენ ქვევით და შემდეგ ერთად გადასულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიაში მოსალაპარაკებლად. პატრიარქის ასეთი მცდელობა მიზნად ისახავდა მოვლენათა ეპიცენტრის ტაძრის ეზოში გადატანას. თუ ხელისუფლება და პატრიარქი ქაშუეთის ტაძარში იქნებოდნენ, შესაბამისად, ეს გამოიწვევდა აქციის მონაწილეთა ქაშუეთისკენ ბუნებრივ გადანაცვლებას. Mმოლაპარაკებაზე გამოსული პირი შევიდა შენობაში და მალევე უკან დაბრუნდა, პატრიარქის წინადადებაზე მან დადებითი პასუხი ვერ გასცა (ვისთან იყო ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ უთქვამს). ცოტა ხნის შემდეგ, როცა პატრიარქი დარწმუნდა, რომ მისმა ბოლო მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, მან ხელით გასწია მის წინ მდგომი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც მისი შეკავება უნდოდა, გაარღვა მილიციის კორდონი (მილიციელებმა ვერ შეჰკადრეს უწმიდესს წინააღმდეგობის გაწევა) და მოშიმშილეებთან დაბრუნდა. იგი აქციის მონაწილეებთან ერთად დადგა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ქართული ლაშქრისა. დაძაბულობის პიკის მიუხედავად არც ტელევიზიასთან გამართული აქცია გამორჩენია მხედველობიდან და ლოცვა-კურთხევა მოგვცა მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როდესაც დარბევა დაიწყო, აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამაც, ბუნებრივია, ყველაფერი გააკეთეს, რათა ის უვნებლად გაეყვანათ საშიში ტერიტორიიდან.
ძნელი სათქმელია, რამდენად შეცვლიდა ქვეყანაში არსებულ მთლიან ვითარებას, მისი უწმიდესობის მცდელობებს რომ დაჰყოლოდა ხალხი, ან შემდეგ როგორ განვითარდებოდა პროცესები. დანამდვილებით და მკაფიოდ კი შეიძლება ერთი რამ ითქვას, რომ მისი უწმინდესობის სახით ერს ჰყავს ლიდერი, რომელიც უმძიმეს წუთებშიც კი ინარჩუნებს წონასწორობასა და სიმშვიდეს, ითვალისწინებს ყველა დეტალს და ზრუნავს თითოეულ ადამიანზე. მას ურთულეს სიტუაციაშიც კი არ ტოვებს საღი აზრი, ბოლო წამამდე მომართულია პრობლემის მოგვარებაზე და არა უმოქმედობის გასამართლებლად საბაბის მოძებნაზე, რომ _ „სიტუაციას მე მაინც ვერ შევცვლი“, „ჩემზე დამოკიდებული არ არის“, „ჩემზე რას იტყვიან“ და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. როცა გადამწყვეტი მომენტები დგება, იგიAარად აგდებს პირად ავტორიტეტსა თუ თავმოყვარეობას და იქცევა ისე, როგორც ქართულ საქმეს სჭირდება.
9 აპრილის უმძიმეს წუთებში მისი უწმიდესობის მიერ განხორციელებული ქმედება ხსნის ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობაში მისი ურყევი მაღალი ავტორიტეტის საიდუმლოს არსს _ სხვის გადასარჩენად საკუთარი თავისა და ავტორიტეტის არგაფრთხილება გახდა მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტის მთავარი საფუძველი. კეთილი საქმის წარმატებით დამთავრებისთვის, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისთვის და, თუნდაც, ერთი ადამიანის გადარჩენისა და მისი სწორი გზით წარმართვისათვის, მას შეუძლია საკუთარი ავტორიტეტის არადჩაგდება. ისევე, როგორც საკუთარი პერსონის წინა პლანზე არწარმოჩინების თვისება გახდა საფუძველი მისი გამორჩეულობისა.
9 აპრილის შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად, გვერდით ედგა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა სწორი მიმართულება მიეცა მომხდარი მოვლენის შეფასებისა და დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმისთვის. იმავდროულად, იღწვოდა სამშობლოსათვის შეწირულთა ჯეროვანი პატივის მიგებისა და მათი ოჯახების ტრაგედიის შესამსუბუქებლად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ერთხელაც არ წამოსცდენია, მინიშნებაც კი არ ჰქონია _ „დაგეჯერებინათ ჩემთვის“ ან „ჩემი აზრი რომ გაგეთვალისწინებინათ მსხვერპლი შეიძლება ნაკლები ყოფილიყო“ და სხვა, რაც მისი დიდბუნებოვნების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
ეს და სხვა ფაქტები ცხადყოფს, რომ მისი უწმიდესობა, თავისი დიდი რწმენით, ლოცვის მადლით, სიმტკიცით, სულიერი ფუნქციითა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით, მუდამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იყო და არის. Bბევრად განაპირობა მისი უწმიდესობისა და საქართველოს ეკლესიის ქმედებებმა სანუკვარი მიზნის _ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების _ განხორციელება.
საქართველოს პატრიარქის მზერა ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. დღეს უკვე ახალი ამოცანებია გადასაჭრელი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცხოვრების ამაღლებულ მიზნებს უსახავს თითოეულ ადამიანსა და მთლიანად საზოგადოებას. ფართო მასშტაბით ამკვიდრებს ერში სულიერსა და ზნეობრივ-მორალურ ღირებულებებს, ჯანსაღ ეროვნულ ტრადიციებს, ქართული ცხოვრების წესის მაღალ სტანდარტებს. დღეს, სწორედ იგი წარმოადგენს ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაცვისა და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის თვითმყოფადობას შენარჩუნების გარანტს.
მისი უწმიდესობა თავისი ახალი მოწოდებით _“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”_ მიისწრაფის, გათითოკაცებული ქართული საზოგადოება, თავისი უფლებებისა და მოვალეობების მცოდნე და დამცველი თავისუფალ პიროვნებათა ერთობად იხილოს, აქციოს იგი ერთიან შეკრულ მრევლად, რომელიც მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს ღვთის შეწევნით აუცილებლად დაძლევს.
მამუკა გიორგაძე 2017