აფხაზეთში ორ სასულიერო დაჯგუფებას შორის (დოროთეი დბარი მსოფლიო საპატრიარქოში გაერთიანებას ლამობს, ბესარიონ აპლია კი რუსეთის საპატრიარქოში ეძებს თავშესაფარს) ლამისაა, ხელჩართული ბრძოლა გაიმართოს ათონის მონასტრის გამო და დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ „პრ.“-მა ხაჯიმბამ თვით რუსეთის პატრიარქს სთხოვა დახმარება. მეორე მხრივ, რუსეთის პატრიარქს არაფერი ესაქმება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ აფხაზეთის ეპარქიაში (შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას), თუმცა რეალობა საპირისპიროა. ეს უკანასკნელი ჟესტი კი აჩენს ეჭვს – ხომ არ აპირებს რუსეთის ეკლესია, ოფიციალურად მიჰბაძოს რუსეთის სახელმწიფოს, ფარისევლობას გაეშვას და აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული ეპარქიები, უბრალოდ, მიიერთოს? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
როგორ დაუპირისპირდნენ მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების მომხრე სასულიერო ჯგუფები ერთმანეთს აფხაზეთში ათონის მონასტრის გამო
July 23rd, 2019 shalva chkhaidze
ნინო ხაჩიძე – “თბილისელები” 19/07/2019 13:09
მამუკა გიორგაძე: ცხოვრება არ არის დღეების ჯამი, ის არის უწყვეტი პროცესი და, ბუნებრივია, პროცესი რაღაც გადაწყვეტილებამდე, რაღაც ნიშნულამდე რომ მივიდეს, წინ რაღაც მოვლენები უნდა უძღოდეს. საბოლოო გადაწყვეტილებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ამდენად, ერთ დღეში არაფერი მოხდება, რადგან ეს არის პროცესი და საქართველოს, თუნდაც, პირველსა და მეორე ოკუპაციას რუსეთი ამზადებდა წლების და ზოგჯერ, ათწლეულების განმავლობაში. პირველ ოკუპაციას, მაგალითად, საუკუნეები დასჭირდა, რომ მოემზადებინა ადამიანთა განწყობები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. თუ ვინმე ოდნავ მაინც იცნობს სპეცსამსახურის მუშაობას, დამეთანხმება, რომ რამდენიმე ფაზისგან შედგება ამა თუ იმ ოპერაციის მომზადება. პირველი ფაზაა ადგილის, მონაწილე სუბიექტების შესწავლა, შესაბამისი განწყობების, ლეგენდების შექმნა და ასე შემდეგ. ნავი მუდმივად უნდა აქანავო, რომ, როდესაც დაგჭირდება, ერთი დარტყმით ამოატრიალო. თუ ის მანამდე არ არის ქანაობის რეჟიმში, მისი ერთი დარტყმით ამოყირავება ძალიან რთულია. მით უმეტეს, ოცდამეერთე საუკუნეა, კომუნიკაციებმა ისე დააპატარავა სამყარო, რომ ერთ ბოლოში მომხდარი მოვლენა მეორეზე მყისიერად აისახება.
– თან, ჩვენ საკუთარი ინიციატივითაც ვაყანყალებთ ამ ნავს, დამხმარე სულ არ გვჭირდება.
– რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ ეს შიგნიდან უკეთ გამოდის და გარეშე ძალის ერთ-ერთი მცდელობა ისაა, დაგვაჯეროს, რომ თითქოს, ჩვენი ნებით ხდება ყველაფერი. თავის დროზე, ივანე ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა არქივში ნაპოვნი გენერალ პანინის წერილები, რომლებშიც გენერალ ტოტლებენს სწერდა, ისე უნდა მოაწყო, ქართველებს ეგონოთ, რომ მათი ხელებით მათი საქმე კეთდება და სინამდვილეში ჩვენი საქმე უნდა გაკეთდესო. ანუ „ხელებს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს „ხელები“ ემსახურება არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესს და, ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები შიდა დუღილის პროცესად წარმოაჩინოს. მას უნდა, რომ იმავე აფხაზეთში დაპირისპირება წარმოაჩინოს ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებად, რომ სხვებმა ვერ დაინახონ რუსული ხელი, რათა შემდეგ რუსებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შუამავლად, მშვიდობისმყოფელად შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. ამიტომ პროცესი, რომელიც მიდის ეკლესიაში, პარლამენტში, საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი და იმავე დანიშნულებისაა. საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი არ აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს და ცდილობს, ქართველების ან აფხაზების ხელით მოძებნოს ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევის მექანიზმი და რაც მთავარია, იყოს უზრუნველყოფილი იმ საბაბით, რომელიც საქართველოს საკითხებში ხელის ფათურის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ არათუ სხვას, საკუთარ ხალხსაც ვერ დაელაპარაკები, თუ მორალური უპირატესობა არ გაქვს. მინდა და დავიპყრობ საქართველოს – ამას საკუთარ ხალხსაც ვერ ეტყვი. შესაბამისად, ეძებენ საშუალებებს, როგორიც იყო, მაგალითად, რომ, თურმე, რუსეთმა თავის დროზე ისლამური საფრთხისგან იხსნა საქართველო, არადა, ეს საფრთხე, უპირველესად, სწორედ რუსეთმა მოგვახვია თავს.
შემდგომ პერიოდში, გახსოვთ, რომ, თურმე, ბურჟუაზიული საქართველო გადაარჩინა პროგრესულმა საბჭოთა იდეოლოგიამ. ჩვენ კი არ დაგვიპყრო რუსეთმა, არამედ გაგვათავისუფლა ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობის ბატონობისგან. მთელი ცხოვრებაა, გვესმის, როგორ რყვნის პატრიოტ ახალგაზრდებს ძირმომპალი დასავლეთი. იცვლება, უბრალოდ, ფორმა. როდესაც ვლაპარაკობთ აფხაზეთზე, რა, რუსეთი დაინტერესებულია, რომ აფხაზი საზოგადოება ერთიანი იყოს?! დაინტერესებულია ოსური, ჩეჩნური, ინგუშური საზოგადოებების ერთიანობით?! ყოველდღიურად ვხედავთ, რომ, რაც ხდება თბილისში, იგივე ხდება სოხუმში: შევარდნები მთავრობის სახლში, აქციები, მკვლელობები, რადგან რუსეთი არ შესულა აფხაზეთში აფხაზების გადასარჩენად.
– ან რატომ უნდა შესულიყო ამისთვის და, საერთოდაც, რატომ უნდა იფიქრო ადამიანმა, რომ სხვა შენი ბედნიერებისთვის იღვაწებს და იბრძოლებს?
– რა თქმა უნდა, შესაბამისად, აფხაზეთშიც იგივე ხდება, რაც ჩვენთან, სოხუმში არის რელიგიური დაპირისპირება სხვადასხვა ფორმით. ცხინვალშიც არის არაღიარებული ეკლესია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ოსი ხალხის სულიერ წინამძღოლობაზე, როგორც აფხაზეთი შედის ადიღეს ეპარქიაში, ისე ჩრდილო ოსეთის ეპარქიაში შედის ცხინვალი და იქაცაა ბრძოლები. რუსეთისთვის მთავარია, დაშალოს, დააპირისპიროს, დააქუცმაცოს. შემდეგ თითოეული ეს დაკნინებული და დაპირისპირებული მხარე შველის თხოვნით მიმართავს რუსეთს, რომელიც გამოიჩენს გულმოწყალებას და მიეხმარება. თან, იმავდროულად, შიგნით კი აჭმევინებს ერთმანეთს აფხაზი საზოგადოების სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ ისინი ერთიანად გამოჰყავს, ისევე, როგორც თავის დროზე შეიქმნა მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც გროზნოში იყო განთავსებული და რომელმაც მთელი კავკასია შეკრა ქართველების წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც კი სოხუმის თემა დასრულდა, დაიწყო მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და შანიბოვი იქნებოდა, თუ ბასაევი, მანამდე, თუ ერთიანი ფრონტით უტევდნენ საქართველოს სოხუმში, შემდგომ დაიშალნენ, შიგნით შეექმნათ პრობლემები და მათ ერთმანეთი სასიკვდილოდ გაწირეს. ასე რომ, ყველაფერი თვალნათელია, გასაგებია. გაუგებარია მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კუთხით დაბრმავებული ადამიანებისთვის და, მეორე მხრივ, რუსეთი მაქსიმალურად უწყობს ხელს აგენტურისა და ავანტიურისტების წინა პლანზე წამოწევას, იმიტომ რომ მას ნამდვილად არ შეუძლია სამი მილიონი ქართველის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მაგრამ ნამდვილად შეუძლია ათასი კაცის მატერიალური უზრუნველყოფა იმისთვის, რომ სამ მილიონ კაცს თავგზა აუბნიოს და არ შედგეს აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო. რუსეთმა იცის, რომ ვერანაირად ვერ მოახდენს ზემოქმედებას, მას კი აქვს იმის თავი, რომ წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს საქართველოს, მაგრამ საქართველოს სრული ოკუპაციისა და აქ სერიოზული კაპიტალის ჩადების არც თავი აქვს და არც სურვილი. ამიტომ მისი ამოცანაა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ შედგეს, ამისთვის იყენებს, პირობითად, ათასამდე აგენტურასა და ავანტიურისტებს და ისინი აქ ქმნიან დესტაბილიზაციას, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორც სახელმწიფო და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის როგორც უსაფრთხოება, ასევე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა.
– შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა სიგიჟის ზღვარზეა, ჩვენ ისედაც ისტერიულობის ნორმა მაღალი გვაქვს და რა შეიძლება, იღონოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ მოსალოდნელი ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ?
– არ ვართ ჩვენ ასეთი ერი, ასეთი ერი რომ ვყოფილიყავით, „ვეფხისტყაოსანს“ ვერ დავწერდით, სვეტიცხოველს ვერ ავაშენებდით, ასეთ მაღალ კულტურას ვერ შევქმნიდით. ვერც იმ კანონმდებლობას, ვერც იმ სამართლის წიგნებს… დაპირისპირება არასდროს გვაკლდა, ისევე, როგორც სხვა ერებს, მაგრამ იმ დასაშვებ ზღვარს ეს გადასცდა, როდესაც რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოვექეცით. საშუალო სტატისტიკურ ზღვარს არასდროს გადავვცილებივართ. თორემ სამოქალაქო დაპირისპირება ბრიტანეთშიც იყო, საფრანგეთშიც, ამერიკაშიც. ჭიდილი დღესაცაა, მაგალითად, ემიგრაციის თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჭიდილი აუცილებელია, მაგრამ ის ისტერიკა, რომელსაც ვქმნით, ხელოვნური ისტერიკაა, რაც ჩვენთვის ბუნებრივად დამახასიათებელი არ არის და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ გამოსავლის გზებზე. მუდმივად ნეგატივში ყოფნა ხელს უშლის სერიოზული მშენებლობის დაწყებას. ჩვენ რას ვაპროტესტებთ? არის მაქსიმუმ, 10 თუ 30 არასამთავრობო ორგანიზაცია – დაფინანსებული, მათ გვერდითაა მედია, რომლებიც ერთად ქმნიან სამოქალაქო სივრცეს. არ გადის რუსთაველზე ჯანსაღი ქართული პოზიცია? იქ გავა ანტიქართული მოთხოვნა. განა იმიტომ რომ მე რუსთაველზე გასვლა მინდა, არამედ იმიტომ რომ ჩემმა პასიურობამ მისცა საშუალება სხვას აქტიურობისთვის. არანაირი ფული არ ეყოფა ქართველი ერის აქტიურობის გადაფარვას, ეს პასიური ქართველების განწყობა გადაიფარება დიდი ფულით. ამიტომ პრობლემა არის თითოეულ ჩვენგანში, რომლებიც არ ვცდილობთ, დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ერთი კვადრატული მეტრი რუსთაველის გამზირზე და იქ დავდგეთ კრიზისულ სიტუაციაში.