ვარდების რევოლუციიდან საშვების რევოლუციამდე - For.Ge 12.07.2019 მანანა ნოზაძე
ხელისუფლება ცდილობს, ვარდების რევოლუციასა და 20 ივნისის მოვლენებს შორის პარალელები გაავლოს და პარლამენტში შეჭრასა თუ გადატრიალების მცდელობაზე ისაუბროს.
„ნაცები“ და „ევრონაცები“ კი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ე.წ. საშვების რევოლუციაზე საუბარი ცინიკურია. მათი აზრით, ხელისუფლების არგუმენტაცია უსუსურია, რადგან ანალიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი „მტკიცებულება“ გაათმაგებული საშვების რაოდენობაა, რომლებიც გარეშე ხალხის პარლამენტში შესაყვანად მოითხოვეს „ნაციონალებმა“. სხვა მტკიცებულებები კი არ არსებობს.
იყო თუ არა 20 ივნისის ღამე არშემდგარი რევოლუცია, რომელსაც მეორენაირად საშვების რევოლუციასაც უწოდებენ?!
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გადატრიალებები ხდება მაშინ, როდესაც მონაწილეობს სახელისუფლო ძალები. ასე მოხდა ვარდების რევოლუციის დროსაც და გადატრიალებაში მონაწილეობდა ერთი მხრიდან სააკაშვილი და ოპოზიცია, ხოლო მეორე მხრიდან შევარდნაძე და მისი ხელისუფლების ნაწილი, ამ ყველაფერს კი რუსეთის სპეცსამსახურები უწევდნენ ორგანიზებას. შედეგად, 2003 წელს ერთმა მხარემ მეორე მხარეს გაუხსნა კარები და იმ პერიოდში ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი.
მამუკა გიორგაძის მოსაზრებით, არანაირი რევოლუციები საქართველოში არ ხდება, ეს არის სპექტაკლები, რომლებიც იგეგმება რუსეთის სპეცსამსახურების ხელით. რა ცვლილებაც არ განხორციელდა ხელისუფლებაში, ყველა ცვლილების უკან იდგა რუსეთის სპეცსამსახური. მექანიზმი კი მარტივია, რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლებაში მოჰყავთ გარკვეული ძალები, მერე გაყოფენ ამ ძალებს, ერთმანეთს მიუქსევენ და ერთი ძალა ამარცხებს მეორეს. ქართველი ხალხი უყურებს ამ პროცესს გარედან და რატომღაც კითხვებით ვასკდებით ერთმანეთს, რა იყო ეს, რევოლუცია, გადატრიალება, სამოქალაქო დაპირისპირება, თუ ომი. სინამდვილეში, ეს თავიდან ბოლომდე ერთი და იგივე სცენარებია.
„ამიტომ ვთვლი, რომ არანაირი ფორმის გადატრიალება 20 ივნისის ღამეს არ იყო. ჩვენ გვახსოვს, თუნდაც იმავე სააკაშვილმა შვიდჯერ ატეხა პანიკა, არიქა, ჩემი დამხობა უნდათო, სამწუხაროდ, სააკაშვილის ასეთივე სტილით დაიწყო ცხოვრება „ქართულმა ოცნებამ“. თუ დავაკვირდებით, საქართველოს ხელისუფლებები ისე „ებრძვიან“ რუსეთს, რომ უზრუნველყოფენ რუსეთს საბაბით, რათა მან ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქროს. ასევე, „ოცნება“ ისევე „ებრძვის“ „ნაცმოძრაობას“, რომ მათ უტოვებს საბაბს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის. მაგალითად, სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების გამო კი არ არის აღძრული, არამედ პიჯაკების გამო. დღესაც „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებენ, მაგრამ ამას არ ეძლევა ოფიციალური პოლიტიკური შეფასება. ახლაც ხელისუფლება გადატრიალების თემით აპელირებს, მაგრამ საქმე მხოლოდ პარლამენტში შეჭრის მუხლით არის აღძრული. ეს ყოველივე „ნაცმოძრაობას“ დამატებით მოტივაციას აძლევს. საერთოდ, ასეთი რადიკალიზაცია ორივე მხარეს აწყობს, რადგან რადიკალიზაცია თავისიანების მამობილიზებელი ფაქტორი ხდება. ახლა ჩვენ უნდა ვუყუროთ, ეს ჯიუტი თხები როგორ ებრძვიან ერთმანეთს და ამ ფონზე იკარგება ბევრი რამ. ამ დაპირისპირების ფონზე მიიღეს ცვლილებები კანონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ, სადაც ჩაიწერა ქვეყნისთვის დამაზარალებელი ისეთი მუხლები, რომლის გამოსწორებასაც თაობები დასჭირდება“, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად, ეს ხელისუფლებაც არ ტოვებს დიალოგის საშუალებას. 22 დღეა, ქვეყანაში დაძაბულობაა, მაგრამ არ არსებობს ისეთი არეალი, სადაც პოლიტიკური ძალები და საზოგადოების წარმომადგენლები სიტუაციის განმუხტვაზე იფიქრებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, როგორც კი მინელდება მუხტი, ხელისუფლება რაღაც ისეთ სისულელეს მოიფიქრებს, რომ მუხტი ხელახლა ასწიოს. ჯერ გამოაცხადეს მელიას დაპატიმრება, დეპუტატებს ხმა მიაცემინეს და მერე აღარ დაიჭირეს. არიქა, გამოაცხადეს, უგულავას იჭერენო, მაგრამ ისიც გამოუშვეს, გმირად გახადეს ეს ადამიანები.
For.Ge 12.07.2019 მანანა ნოზაძე