2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს

gerbi
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „შუაგაკრეფის“ პოლიტიკამ საბოლოო მარცხი განიცადა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა: ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმისგან საქართველოს “განთავისუფლების” ექვსი წლის თავზე ნაცების კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო ვიდრე 2012 წელს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში. მთელი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული ძალის რეანიმაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის მართვის სტილს ეკისრება.
ხელისუფლების ეს მარცხი არ არის მარტო მისი დამარცხება, ეს სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების მარცხიც არის, რომელმაც ვერ მოახერხა სათანადოდ შეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ არასწორ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რამაც ნაციონალურ მოძრაობას რეაბილიტაციის შანსი მისცა.
ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის რეანიმაცია და არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ქართულ ოცნებას მივცეთ საშუალება, ისევ ასეთი გაუაზრებელი და არასახელმწიფოებრივი მეთოდებით მართოს ქვეყანა.
შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ვთავაზობთ უარყოს პრობლემის მოგვარების კულუარული (სხვადასხვა ინდივიდუალური გარიგებები) გზა და თუნდაც მეორე ტურის მიმდინარეობისას, საჯაროდ წარუდგინოს საზოგადოებას კონკრეტული სახელმწიფო პრობლემების მოგვარების ერთიანი ხედვა (როგორიცაა: ანტიმონოპოლისტური და კონკურენტული სივრცის დამკვიდრება ცხოვრების ყველა სფეროში, მიწის ერთიანი კოდექსის მიღება, 2003-2013 წლებისა და 2008 წლის ომის საგამოძიებო და პოლიტიკური შეფასების სახელმწიფო კომისიის შექმნა, კანაფის კულტივაციის კანონის მკაფიო უარყოფა, იმიგრაციის მკაცრი რეგულაციების შემოღება, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა, მინიმალური სოციალური პაკეტის განსაზღვრა და სხვა), რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მათი კანდიდატის მხარდაჭერის მინიმალური პირობა იქნება. მეორე ტურამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ზემონახსენები გადაწყვეტილებების მიღება იქნეს გაჟღერებული.
ეს იქნება ერთგვარი შეთანხმება საზოგადოებასთან და იმის წინაპირობა, რომ მოხდება ამომრჩევლების ნდობის მოპოვება, რეალური და დროში გაწერილი პროგრამული დაპირებების საშუალებით. ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ სწორად გაიგო მოსახლეობის „გზავნილი“.
სხვა შემთხვევაში, მტკიცდება, რომ ოცნებას კვლავ ორპოლუსიანი, ხელოვნურად პოლარიზებული და მონოპოლისტური გარემო სჭირდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ცვლილებებზე საუბრები, მხოლოდ მოსახლეობის მორიგი გაბითურებაა.
„ოცნებამ “უარი უნდა თქვას მოსახლეობის „თეთრ-შავად და ნათელ-ბნელად“ პროვოკაციულ დაყოფაზე და სამოქალაქო ომის საშიშროებაზე აპელირებაზე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე, რამაც შეიძლება ქაოსამდე მიიყვანოს ქვეყანა. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მოწოდება – უარესის შიშის გამო უაპელაციოდ მე დამიჭირე მხარი, რათა გავაგრძელო იგივე რასაც ვაკეთებდი აღარ მუშაობს. პირველი ტურის შედეგები და საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებები ამის ნათელი დადასტურებაა.
გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ კულუარული გარიგებებისა და საარჩევნო მანიპულაციის გზა ქვეყანისა და თქვენთვისაც უფრო ღრმა უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. კრიზისიდან გამოსვლის, სტაბილურობის, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს განვითარების დაწყების ერთადერთი გზა თანამშრომლობისა და კონკურენციის პოლიტიკაზე გადასვლაა.
დღეს არის შანსი, რომ საზოგადოებამ „ნაცმოძრაობას“ მიუჩინოს თავისი „დამსახურების“ შესატყვისი ადგილი და „ოცნებაზე“ მოახდინოს ზემოქმედება, ჯანსაღი პოლიტიკური სივრცის შესაქმნელად.
მივმართავთ ხელისუფლებას, გაიგონეთ საკუთარი მოქალაქეების ხმა და თქვენც გაგონილნნი იქნებით მათგან !!!
პატივისცემით,
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია
30.10.2018
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress