“ჩვენი პრობლემაა ბელადებზე აწყობილი საბჭოთა სისტემა”
მარიამ მჭედლიშვილი - ახალი თაობა #8 12.01.2016
საზოგადოებაში გამოითქმის პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ისეთ სახელმწიფოებთან ნებისმიერი კონტაქტი, როგორიც რუსეთია, ნებისმიერ შემთხვევაში მიბმულია პოლიტიკასთან, რაც საშიშია.
მამუკა გიორგაძე:
_ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნებისმიერი თემა და სფერო, სპორტითა და ბიზნესით დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული, უკავშირდება პოლიტიკას. გაზპრომის საკითხიც მიბმულია პოლიტიკასთან. ხელისუფლებისგან ბევრჯერ მოგვისმენია ფრაზები რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. თუმცა გაურკვეველია ტერმინ “დალაგებაში” რა იგულისხმება. ისიც ირკვევა, რომ გაზპრომის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ფარული იყო. თუ ეს მოლაპარაკებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მაშინ რატომ არ მიეწოდება ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს საზოგადოებას? ეს აჩენს ეჭვებს _ ხომ არ მზადდება ისეთი რამ, რაზეც მოლაპარაკებების სუბიექტებმა წინასწარ იცოდნენ?
_ არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ პრემიერის შეცვლაც ამ ფაქტს უკავშირდება?
საქართველოში გადაწყვეტილებებს ძირითადად ერთი პირი იღებს, არა მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოეხატა და ის ამის გამო გაეშვათ. არც ის მგონია, რომ Gგიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწეროს იმას, რასაც თითქოს ხელი არ მოაწერა ღარიბაშვილმა. როცა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არაა, როცა ყველაფერი ბელადის ნება-სურვილით კეთდება, პრემიერის გადადგომა შეიძლება ნებისმიერ საკითხს დაუკავშირო.
_ მინისტრების ნაწილიც უნდა შეიცვალოს.
_ მინისტრების შეცვლა არ აისახება ქვეყნის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ვითარება. არ არსებობს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. სამაგიეროდ, ძალიან დიდია ერთი პიროვნების უფლებები, როლი და ფუნქცია.
არსებობს ბელადი და მისი მომსახურე პერსონალი, რომელსაც შეცდომით უწოდებენ პოლიტიკურ ელიტას. ამ სიტუაციაში მინისტრების ცვლას არაფერი მოაქვს. ესაა კარის ინტრიგები, რომლებიც შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მმართველის ახლობლებისთვის. ასეთი მანკიერი სისტემა დამანგრეველია ქვეყნისათვის. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ქვეყნის განვითარება დაეფუძნა პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას და არა – პიროვნებების საქმიანობას.
_ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად პოლიტიკოსები არ არიან საჭირო? პოლიტიკაში არაპოლიტიკოსები მოდიან.
_ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვერევა ადამიანური თვისებები და პროფესიონალიზმი. ფეხბურთში ფეხბურთელს ხომ არ ვაფასებთ იმით, რომ ის კეთილია, იუმორის გრძნობა აქვს ან კარგად ცეკვავს? ფეხბურთში არ მოგვყავს ისინი, ვინც კალათბურთს თამაშობდა კარგად. პოლიტიკაც ასეა. ჩვენთან კი გამოჩნდნენ თავის სფეროში განთქმული ადამიანები კარგი პიროვნული თვისებებით. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს მათ ღირებულებით სისტემაზე.
ყოფილი მსახიობი რეიგანი ნამდვილად იყო გამორჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. იგი მანამდეც აქტიურად ჩაბმული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. რეიგანს ჩამოყალიბებული ხედვები და პროგრამები ჰქონდა. საქართველოში ღირებულებათა სისტემა უკანა პლანზეა გადაწეული და ყველაფერი ემყარება პიროვნებებს. გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი ყოველმხრივ განსხვავებული პირები იყვნენ და არიან, მაგრამ მათ არ შეცვალეს ბელადებზე აწყობილი საბჭოთა სისტემა. თითოეულის გარშემო ძირითადად იკრიბებოდა პირადი ინტერესებით შებყრობილი ჯგუფი და არა _ თანამოაზრეთა გუნდი.
_თქვენ ღირებულებებისა და ხედვების ნაკლებობას არ განიცდით. რატომ ვერ ახერხებთ თანამოაზრეებთან გაერთიანებას?
_ მრავალი წელიწადია, სწორედ იმიტომ გვებრძვიან, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული ფასეულობები გვაქვს. Aამიტომ არ ვჯდებით დამკვიდრებულ საბჭოურ ბოლშევიკურ მოდელში. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, ბელადომანიას კარგი არაფერი მოაქვს. სტალინის დაღუპვის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მის შემდეგ იქნებოდა ბელადი, მაგრად მალე ბელადად იქცა ხრუშოვი, შემდეგ _ ბრეჟნევი და ასე შემდეგ.
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ თანამოაზრეთა გუნდი შევქმნათ. მუშაობას არ შევანელებთ. მეორე მხრივ, საზოგადოებამაც მხარი უნდა დაუჭიროს პროგრამებს. ღირებულებებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში რაღაც გაუკეთებიათ. სხვანაირად, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და ქვეყნის განვითარებას საშველი არ დაადგება.