ბელადებზე მორგებული კლანური სისტემა უნდა დაინგრეს!

giorgadze-1
„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი,მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 -ბატონო მამუკა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც სრული აბსურდია…

-უკვე მერამდენედ, საარჩევნო სისტემა გამოიყენება იმ პოლიტიკური ძალის გემოვნების მიხედვით, რომელიც წარმართავს ვითარებას. ხელისუფლება თავის თავზე ირგებს საარჩევნო კანონს, რათა უზრუნველყოს საკუთარი გამარჯვება!

ფაქტობრივად , ასეთი სურათი, პირველი არჩევნებიდან მოყოლებული გვაქვს, რაც ხელს არ უწყობს არც სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას, არც პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნასა და არც საზოგადოებრივ კონსოლიდაციას- პირიქით, არჩევნების პროცესში ხდება საზოგადოების გახლეჩვა  და ამის შედეგებს შემდგომ ვხედავთ.

რაც შეეხება დღევანდელს, ბუნებრივია ეს ხელისუფლებაც საარჩევნო კანონს თავის თავზე ირგებს  და მას მიაჩნია, რომ ასეთი ფორმით მისთვის უკეთესი იქნება წარმატების მიღწევა და რაც ყველაზე ცინიკურია- ყველა ხელისუფლება აცხადებს, რომ იცით რა ეს მოდელი მთლად ოპტიმალური არაა, მაგრამ მომავალ არჩევნებს ჩავატარებ ოპტიმალურადო. ვინ ჰკითხავს ამ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები 2020 წელს? ან, რატომ ჰგონია, რომ გარანტირებული აქვს გამარჯვება 2016 წელს?

თავისთავად, საკითხისადმი ასეთი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოსთვის ყველა ბრძოლა წააგო, ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს მოუგოს ბრძოლა და მოიპოვოს გამარჯვება! 

როგორც დამპყრობელი უყურებს ჩვენს ქვეყანას, ისე უყურებს დღევანდელი ხელისუფლებაც! ეს ბუნებრივია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზეც აისახება…

-გასაოცარი არის ის, რომ მართალია, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ უფრო საუკეთესო ფორმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა და ამას 2020 წლამდე არ უნდა დაველოდოთ. მან პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

რამდენად ეთანხმებით საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და რას მოგვცემს 2020 წლიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საერთოდ გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?

-პროპორციული სისტემა, ფაქტობრივად ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა ოდნავ სახეცვლილია ამერიკასა და ბრიტანეთში. ამ ქვეყნებს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა აქვს, მაგრამ შინაარსით ის მაინც პროპორციულია. მთელს ევროპაში არის პარტიული სისტემა სწორედ იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, ძლიერი და ჩამოყალიბებული ძალების არსებობასა და ქვეყნის სტაბილურობას!

პრეზიდენტის განცხადებაში სულ სხვა ქვეტექსტები იგულისხმება. კაცი, რომელიც ყველა აზრიან თუ უაზრო საკითხზე ვეტოს ადებს კანონს, ამ დროს, ის ხელს აწერს ამ კანონს და შემდეგ აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია იმისა, რაზეც ხელი მოაწერა- აქ ნათლად ჩანს, რომ ის თამაშობს. პრეზიდენტიც ისევე, როგორც პარლამენტი და მთავრობა, ფაქტობრივად პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულები და ამა თუ იმ პოლიტიკური კლანისა თუ დაჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ. პრეზიდენტიც ატყუებს ხალხს და ინიღბება, თითქოს ეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანაა!

ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში ვიღაცის მოყვანა ისე, რომ ის ვიღაცა თავისი სტატუსიდან გამომდინარე ცდილობს საკუთარი პიარ- კამპანიის გაკეთებას და თავისი თანამდებობით პოლიტიკურ ვაჭრობაში მონაწილეობას!

-დღეს, როცა საქართველოში არ არსებობენ პროფესიონალი პოლიტიკური პარტიები, ვის უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა, როცა მან არ იცის პარტიაში შემავალი სუბიექტების საქმიანი თვისებები და არც ის, რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს თითოეულ მათგანს?

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ 2020 წლიდან არჩევნები საერთოდ ფორმალურ ხასიათს მიიღებს?

-ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისეთი პოსტულატები უნდა შევიტანოთ საარჩევნო კანონმდებლობასა და პარტიების შესახებ კანონში, რომ გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა.

ხელი უნდა შეუწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების განვითარებას. 25 წელია უკვე რაც ვნახეთ, რომ ერთ კაცზე მორგებული პარტიები არ ამართლებს! ყველა ხელისუფლება, რომელიც გვყავდა და გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდებოდნენ, მათი არსი ერთი იყო- ერთ კაცზე, ანუ ერთ ბელადზე მორგებული კლანი! ეს სისტემა უნდა დასრულდეს.

ერთ წარმატებულ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ძლიერი პოლიტიკური პარტია არაა. ე.ი ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ეს პარტიები, გავხადოთ რთული მათი რეგისტრაცია, მოთხოვნები დაუწესოთ ისეთი, რომ ჩამოყალიბდეს ღირებულებების გარშემო თანამოაზრეთა ერთობები.

მთავარია უარი ვთქვათ იმ მანკიერ პრაქტიკაზე, როდესაც არ ვკითხულობთ საარჩევნო პროგრამებს, არ ვეძებთ ამ დეკლარირებული პროგრამის უკან დგას თუ არა სურვილი პარტიისა- შეასრულოს თავისი დანაპირები და კიდევ დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ ერთი უმთავრესი რამ-  როგორც ყველა სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც პროფესიონალები უნდა იყვნენ და ადამიანებს ხმა მივცეთ მათი პროფესიონალიზმის, ცოდნისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს გამოჩენილი ქვეყნის ერთგულებით!

ესაუბრა მედეა შელია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress