რა დაგვანახა 13-14 ივნისის სტიქიამ
შორენა კოწოწაშვილი
ვისთან ცდება ბიძინა ივანიშვილი, რატომ არის მართალია ალასანია ივანიშვილთან, რა შეცდომებს უშვებს მთავრობა და რამ გამოკვეთა სახელმწიფოებრიობის პრობლემა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, 13-14 ივნისის სტიქიამ საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინა, თუმცა პოლიტიკურ კინკლაობებს ვერ ავცდით. რამდენად ადექვატურია ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისას და საერთოდ, რას იტყვით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე?
_ პირველ რიგში, მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები; მეორე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ადამიანურად ქართველები კარგი ხალხი ვართ, შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს, გაჭირვებაში გვერდით დავუდგეთ, გვაქვს დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა. გვაქვს ყოველგვარი პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესად მოვაწყოთ; და მესამე _ სისტემური თვალსაზრისით სრული სახელმწიფოებრივი კრახი. ფაქტობრივად, მთავრობამა ვერ იმუშავა. ვერ მოხერხდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ დაგვენახა, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია აგვარიდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, ანუ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ხალხს ინდივიდუალურად არ შეგვიძლია მოვაგვაროთ.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა ხალხი კმაყოფილია, რომ მთელი მთავრობა აქტიურად ჩაერთო ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოებში…
_ ის, რომ მთავრობის წევრები პროცესებში მონაწილეობდნენ, ეს თითოეულის ადამიანურ ბუნებაზე მეტყველებს, მაგრამ როგორც მინისტრს, რა უნდა ან მანქანის მისაწოლად ან ნიჩბით ხელში?! მათ ის ფუნქცია უნდა შეასრულონ, რაც ხალხმა ჩააბარა. წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოს მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ. უნდა აირიდოს ეს ტრაგედია. კომუნისტების დროს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ზევით გათვალიწინებული იყო წყალშემკრების მშენებლობა. გათვალისწინებული იყო ხიმინჯებზე სავალი გზის მოწყობა; როგორ უნდა იყოს მშენებლობის ნორმები დაცული და ყველგან, სადაც ვინმეს მშენებლობა მოეხასიათება, ნებადართული არ უნდა იყოს. არ შეიძლება მდინარის ხეობაში სასაფლაო. რომელ სოფელში გინახავათ მსაგავსი? არ ვამბობ იმას, რომ სამი წლის განმავლობაში შეიძლება დასრულდეს ყველა ეს სამუშაო. ვსაუბრობ იმაზე, რომ რა გახდა დიალოგის გამართვა იმ საკითხებზე, როგორ ვუშველოთ ჩვენ ქალაქს. რატომ გაჭირდა სპეციალისტების შეკრება, რომ დავსახოთ გეგმა. დღეს თუ არა ხუთი წლის მერე მაინც მოვაგვაროთ სიტუაცია. აი, ეს ერთობა არ არის ჩვენში, თორემ ადამიანური სოლიდარობა არის. მხოლოდ ადამიანურ სოლიდარობაზე გადატანა აქცენტისა და არგათვალსიწინება იმისა, რომ ჩვენ როგორც ერი ვერ ვახერხებთ დაჯდომას, პრობლემების გაცნობიერებას და მოგვარებას _ ეს არის პრობლემა.
_ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა თავის პიარზე ფიქრობდა და არა ქვეყნის ბედზე.
_მართალია, ჩემს მეგობრებს ისრაელის სახელმწიფოში, პირველივე დღეს გაუჩნდათ სურვილი, რომ დახმარება გაეწიათ და გადმოერიცხათ ფულადი სახსრები. მაგრამ, შემდეგ მითხრეს, იმდენი ანგარიში გამოქვეყნდა ნუთუ, არ შეიძლებოდა, სახელმწიფოს ერთი ანგარიში ქონოდა. არ შეიძლებოდა სახელმწიფოს უზრუნველეყო ჩვენი ერთობა, თუნდაც ამ მხრივ, რომ ვიღაც-ვიღაცეებს, ესეც პიარის საშუალებად არ გამოეყენებინათ?! საბოლოო ჯამში, გაიგეს დაზარალებულთა მისამართები და კერძოდ გადაურიცხეს მათ ფული, არ გვინდა გავხდეთ სხვისი პიარის მონაწილენიო.
იქნებ ეს მსხვერპლი სწორედ იმიტომაც დაუშვა უფალმა, რომ ამაზე დავფიქრებულიყავით. ქართველებო, შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარული, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებულ ერთობას სახელმწიფოს ასაშენებლად. აი, ეს არის ტრაგედია. დავფიქრდეთ, როგორ გავუკეთოთ რეალიზება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ არ დაგვჭირდეს პოსტფაქტუმ შემდგომ უკვე ტრაგედიაზე მსჯელობა. ახლა მაინც დავფიქრდეთ. დაგვანახოს ხელისუფლებამ, რომ ამ ტრაგედიიდან დასკვნები გამოიტანა. ახლა მაინც შეძლოს, რომ ორგანიზება გაუკეთოს ქართველ ხალხს. ხალხი მზადაა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც ორგანიზებული ხელისუფლების პირობებში მართლაც ააშენოს აქ უბრწყინვალესი სახელმწიფო. თუ ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს არ გააკეთებს, კვლავ გადავეშვებით დაპირისპირებების მორევში. ქაოსი წაგვიღებს, როგორც ვერეს წყალმა წაგვიღო. თუ სწორად არ ვიმოქმედებთ, კვლავ აღმოვჩნდებით მოუმზადებლები და მხოლოდ ადამიანური ფაქტორების იმედზე ვიქნებით.
_ ანუ მთავობა მოუმზადებელი აღმოჩნდა სტიქიასთან გასამკლავებლად?
_ პრაქტიკულად მოუმზადებელი აღმოჩნდა. და კიდევ ერთი: სამწუხარია, რომ ამ ტრაგედიის დღეებშიც ვერ მოვწყდით პოლიტიკურ კატაკლიზმებს. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარედ განთავსებული გიორგი ჭანტურიას ძეგლი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, რომელიც ტერორისტული აქტის შედეგად იქნა მანქანაში ჩაცხრილული, აიღეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ძეგლის გადატანა უნდათ თუ საერთოდ გაქრობს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს. ხომ შეიძლება ამაზე ღია, ჯანსაღი დიალოგის გამართვა?! ხომ შეიძლება უარი ვთქვათ, საბჭოურ, შევარდნაძე-სააკაშვილის მართვის სტილზე?! ხომ შეიძლება ვცადოთ შეთანხმება!
_ ალასანიასა და ივანიშვილს შორის დაპირისპირებაზე რას იტყვით?
_ იგივე შემიძლია ვთქვა ამ შემთხვევაში ალასანია-ივანიშვილის დაპირისპირებაზე. ერთის მხრივ, გააკეთებ ჰუმანურ ჟესტს, ამას სისუსტეში ჩაგითვლიან. გააკეთებ, ცოტა მკაცრ ქმედებას, ამას ჩაგითვლიან დესპოტიზმში. ღირებულებათა სისტემა, შეფასებათა შკალაზე ვერ შევთანხმდით. ცალკე ალასანია მართალია ივანიშვილთან და ცალკე ივანიშვილიც მართალია ალასანიასთან. მთელი უბედურება და ტრაგიზმი ამ სიტუაციაში ეს არის. ცალ-ცალკე ორივე მართალია, მაგრამ ქვეყანასთან ცდება ორივე. ხალხთან ცდება ორივე. ავიწყდებათ, რომ ეს ქვეყანა მათი საჯიჯგნი არ არის.
ადამიანურად ქართველები მაგრები ვართ, მაგრამ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ
June 22nd, 2015 shalva chkhaidze