გიორგი გვაზავა (1869-1941) პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. ერევნულ-დემოკრატიული პარტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასკომის, აგრეთვე პარლამენტის წევრი და ერევნულ-დემოკრატიული პარტის საპარლამენტო ფრაქცის თავჯდომარე. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართველთა პანთეონში.
მკითხველს ვთავაზობთ გ.გვაზავას სიტყვას, რომელიც წარმოითქვა 1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელ კრებაზე, საქართველოს კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით (იხ .გაზეთი “საქართველო” 1921 წ. 26 იანვარი, #17, სტილი დაცულია)
ს ი ტ ყ ვ ა
ბატონებო! თავდაპირველად თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ტერმინოლოგიას. ჩვენ კონსტიტუციაში არის ნახმარი ტერმინები: “მოქალაქე” და ”ქვეშევრდომი”. მე მგონია კარგი იქნებოდა, თუ მხოლოდ ერთ ტერმინს “მოქალაქე”-ს ვიხმარდით. ”ქვეშევრდომი” ეს არის შემეცნება გადამოცემული რუსეთის წესწყობილებიდან. რუსეთში, როგორც მოგეხსენებათ მოქალაქეს არ ქონდა, ან ძალიან ნაკლებად, უფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური უფლება. ამიტომ ის იყო უბრალო მოსახლე, ანუ ქვეშევრდომი. ჩვენში კი მას შემდეგ, რაც დამყარდა დემოკრატიული რესპუბლიკა და გამოცხადდა პრინციპი ხალხის ბატონობისა, ხალხის ხელმწიფობისა, ასეთი ტერმინი მიუღებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით ჩვენს კონსტიტუციაში. მოქალაქეობა ეს არ ნიშნავს მხოლოდ აქტივობას, როგორც იყო თქმული. მოქალაქე ნიშნავს ადამიანს, რომელიც სცხოვრობს უფლებრივ სახელმწიფოში. ყოველ უფლებრივ სახელმწიფოში არის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაც, მოქალაქე ერთნაირად ხატავს როგორც მოვალეობას, ისე უფლებას.
თვით მოქალაქეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მას უნდა ეჭიროს თავისი ადგილი კონსტიტუციაში. მოქალაქეობა ნიშნავს ერთნაირ განწყობილებას, რომელიც სუფევს ადამიანსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო შეუძლებელია, თუ მას არ ყავს მოქალაქენი. რა უფლება აქვს სახელმწიფოს ადამიანს მიმართ? რა უფლება აქვს ადამიანს, სახელმწიფოს მიმართ?
ერთი და იმავე დროს აქ ადამიანი, რომელსაც ვეძახით მოქალაქეს, გამოდის როგორც ობიექტი უფლებისა, იმდენად, რამდენად იგი არის ვალდებული სახელმწიფოს წინაშე, _ და გამოდის ამავე დროს, როგორც სუბიექტი უფლებისა, რამდენად იგი თვითონ არის მატარებელი სახელმწიფოებრივი უფლებისა. მაშასადამე მათი განწყობილება გამორკვეული უნდა იყოს. გამორკვეული უნდა იყოს იდეა, თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლება და განსაკუთრებული მოვალეობა სახელმწიფოს მიმართ. როცა ასე ვაყენებთ საკითხს, მაშინ თავდაპირველად ჩვენ აზროვნებაში იხატება ტერიტორიალური იდეა. მართლაც როცა გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, თავდაპირველად გვეხატება ტერიტორიალური შემოხაზულობა საქართველოსი. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც აქ იყო წარმოთქმული გობეჩიას (?) მიერ, შეუძლებელია ვაღიაროთ საქართველოს მოქალაქეებად ყველა ის ხალხი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდნენ. საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა არა შემთხვევით, იმიტომ მარტომ, რომ ჩვენ მოვისურვეთ, და ეს სურვილი საკმარისი იყო სახელმწიფოს ასაგებად, არამედ იმიტომ, რომ იცით საზღვრები საქართველოსი უკვე გამორკვეველი იყო დიდი ხნის წინეთ, შორეულ საუკუნეებში. საქართველო იყო მთლიანი სახელმწიფო, როგორც ჩვენს წარმოდგენაში, ისე გარეშე პირთა წარმოდგენაში. ამისთანა პირობებში რასაკვირველია ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეცა ისეთივე უფლება იმ ხალხისათვის, რომელნიც დროებით იყვნენ ჩვენში შემოჭრილნი და სრულიად შემთხვევით, განსაკუთრებით რევოლუციის და ომის დროს. მაშინ ჩვენი ქვეყანა სავსე იყო სრულიად შემთხვევით შემოსულ ძალებით და რასაკვირველია ყოვლად შეუძლებელი იყო მიგვენიჭებია მოქალაქის უფლება ასეთი ხალხისათვის. პირიქით საჭირო იყო ჩვენი ტერიტორია გაწმენდილიყო იმ ხალხისაგან, რომელსაც არავითარი კავშირი საქართველოსთან არ ქონდათ, არც ფსიქოლოგიური, არც ნათესაობით და არც ეკონომიური. ჩვენ ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყო მხოლოდ ის მკვიდრი მცხოვრებნი, რომელნიც მართლაც იყვნენ შეკავშირებულნი ჩვენ ტერიტორიასთან ეკონომიურად, ფსიქოლოგიურად, ჩამომავლობით და ნათესაობით.
ამნაირად, როდესაც ვარკვევთ მოქალაქეობის საკითხს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენს აზროვნებაში იხატება ტერიტორიალური იდეა და მას აქვს დიდი მნიშვნელობა მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ რომ ავიღოთ და ჩვენს ტერიტორიაზე ყველა მცხოვრები გამოვაცხადოთ ჩვენს მოქალაქეებად; ეს იქნება ფაქტიური შეცდომა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არიან ბევრი ისეთი პირები, რომელნიც საქართველოსთან დაკავშირებულნი არ არიან, მაშასადამე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ყველა გამოვაცხადოთ საქართველოს მოქალაქეებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე. მეორეს მხრივ შეუძლებელია ჩვენ შევზღუდოთ ტერიტორიალური იდეით საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ, რომ ბევრი ქართველნი, როგორც ნათქვამი იყო, მართლაც არიან სხვა და სხვა უცხო ქვეყნებში, ისინი ჩვენ ტერიტორიასთან არიან დაკავშირებულნი სულით და გულით, ჩამომავლობით. ფსიქოლოგიურად შეიძლება ქართველი კაცი სცხოვრობდეს შორს სადმე ამერიკაში, მაგრამ მას უფრო უყვარდეს თავისი სამშობლო, უფრო თავგანწირული იყოს მისთვის, ერთი სიტყვით გამოიჩინოს მეტი სამოქალაქო უნარი და სულიერი განწყობილილება, ვიდრე იმ ადამიანმა, რომელიც სცხოვრობს საქართველოში და ამისი შეგნება კი არ აქვს. აქედან სჩანს, რომ ამ ტერიტორიალურ იდეაში, რომელსაც საფუძვლად უდებთ მოქალაქეობას, უნდა შევიტანოთ შესწორება, დავუმატოთ მეორე იდეა _ იდეა შთამომავლობისა.
ამ საზოგადო მოსაზრების მიხედვით პროექტის მეორე თავში ცოტა რამ არის ჩასამატებელი და ბევრი კი ამოსაშლელი. აი პირველ მუხლში სწერია: “საქართველოს მოქალაქეთ ითვლება შვილი საქართველოს მოქალაქისა”, საკმარისია ეს ფრაზა წაიკითხოთ, დაინახავთ, რომ რაღაც აკლია. აქ აწერია “შვილი საქართველოს მოქალაქისა”_მაგრამ მოქალაქე თვით ვინ არის, ამაზე კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი. ეს დიდი შეცდომა არის, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ შემოგვაქვს შესწორება: პირველი მუხლი უნდა იყოს ასეთი: “საქართველოს მოქალაქეთ ითვლება ის, ვინც უკვე აღიარებული იყო საქართველოს მოქალაქეთ”(სათანადო კანონით). ეს იქნება ლოღიკური იმიტომ, რომ გამოცემულ კანონში, სავსედ არის გატარებული ტერიტორიული პრინციპი.
მაშასადამე პირველ აბზაცში იქნება ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქე არის ის, ვინც უკვე ცნობილი იყო მოქალაქეთ და შემდეგ, სასურველია მოქალაქეებათ ითვლებიან ყველანი ამ პირთა ნათესავობით კავშირში მყოფნი- შვილი, ცოლი, ქვრივი, შვილად აყვანილი და სხვა. შემდეგ მისაღებია ჩვენთვის მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის წესით, მხოლოდ უნდა დაუმატო, რომ თვით წესი ამ მიღებისა უნდა იყოს განმარტებული ცალკე კანონით, იმიტომ რომ თვით წესი ამ მიღებისა უნდა იყოს განმარტებული ცალკე კანონით, იმიტომ რომ თვით წესი, თუ ვინ და სად უნდა შეიტანოს თხოვნა, ვინ უნდა იყოს განმარტებული ცალკე კანონით, იმიტომ რომ თვით წესი, თუ ვინ და სად უნდა შეიტანონ თხოვნა, ვინ უნდა განიხილოს და როდის- ეს არის პროცესუალური მხარე საკითხისა და ყოვლად შეუძლებელია ასეთი დეტალიზაცია შეტანილი იყოს კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ძირითადი პრინციპეპი სახელმწიფოს აღნაგობისა. ამიტომ მთელი 16 მუხლი უნდა ამოღებულ იქნას სრულიად თავისი შენიშვნებით, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი შესწორებანი. მე-15 მუხლში კი უნდა დარჩეს პირველი -5 აბზაცი, სადაც არის ჩამოთვლილი რომ მოქალაქეთ შეიძლება იყოს მოქალაქის შვილი, ქორწინების გარეშე შობილი ჩვენი მოქალაქე დედისაგან, ცოლი ან ქვრივი მოქალაქისაგან, შვილად აყვანილი და უცხოეთში გათხოვილი ქალი, რომელიც დაქვრივების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში, აქამდის მისაღებია. მხოლოდ ამის შემდეგ რაც არის: სულ უნდა ამოიშალოს ბოლომდის, იმიტომ რომ აქ არის დეტალიზაცია, რომელიც ახდენს კოლიზიას სხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობასთან,. აი შემდეგ აბზაცში სწერია, რომ მოქალაქეთ მიიღება შვილი უცხოეთში გათხოვილი და შემდეგ დაქვრივებული ჩენი მოქალაქე ქალისა, თუ ის არ განაცხადებს სურვულს მამის მოქალაქეობაში დარჩენისა, ეს დამატება ყოვლად მიუღებელია.
აიღეთ ასეთი მაგალითი, ქალს, რომელიც გათხოვდა საფრანგეთში, ეყოლა შვილი და იზრდება საფრანგეთში, ის სრულიად ფრანგი არის, შემდეგ თუ ეს ქალი დაქვრივდა და დაბრუნდა ჩვენში, თურმე ის გაფრანგებული შვილი მისი, რომელმაც ერთი სიტყვა არ იცის ქართული, თურმე ის გამოდის ჩვენი მოქალაქეთ, თუ ის არ განაცხადებს რომ მას სურს მამის მოქალაქეობაში დარჩენა, ჯერ ერთი, რა უფლება გვაქვს, როდესაც ვიცით, რომ საფრანგეთის კანონის მიხედვით ის ადამიანი ფრანგი მოქალაქეა, ვთქვათ, რომ ის ჩვენი მოქალაქეა. ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ ეს დამატება მიუღებელია. იხილეთ მეორე მაგალითი. ამბობენ, ოსმალეთის ჰარამხანებს ამშვენებენ ბევრი ქართველი ქალები. ჩვენი კონსტიტუციით გამოდის, რომ ყველა მათი შვილები, რომ დაიზრდებიან, ეს ბეგები და ფაშები, მთელი ეს თათრობა, თუ არ განაცხადებენ უარს ოსმალეთის მოქალაქეობაზე, თურმე ჩვენი მოქალაქეები ყოფილან. ბატონებო, ჯერ ერთი ჩვენ ამის განხორციელებას ვერ შევძლებთ, მეორე რით გვინდა ასეთი ხალხი შემოვიყვანოთ და მესამე ჩვენ შევეჯახებით ოსმალეთს. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ სხვის კანონმდებლობას. და ასეთი მუხლით კი აშკარა კოლიზია სტატუტების. იგი უნდა ამოვშალოთ.
იგივე უნდა ითქვას შესახებ იმ დამატებისა, სადაც ნათქვამია, რომ შვილი ქართველი ქალისა, რომელიც მითხოვდება უცხოელს და დარჩება საქართველოში, თუ არ განაცხადებს სურვილს მამის მოქალაქეობაში დარჩენისა, ითვლება ჩვენს მოქალაქედ, ეს იგივეა, რაც იყო წინა დამატებაში.
ეს შვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და რასაკვირველია ჩვენი უფლება არაა ის ვაღიაროთ ჩვენს მოქალაქეთ.
მე-17-ე მუხლს ვეთანხმები, რადგან 2 მოქალაქეობა შეუწყნარებელია. რაც შეეხება 18 მუხლს, მისი პირველი აბზაცი მისაღებია, მაგრამ მეორე აბზაცი უნდა ამოიშალოს. იქ ნათქვამია, რომ ჩვენი მოქალაქე, თუ იგი უცხო სახელმწიფოს სამსახურში შევიდა, ჰკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. მე მგონია ეს არც საჭიროა და ხელსაყრელი. მართალია ეს დებულება არის მიღებული ინგლისში, საფრანგეთში, დიდ სახელმწიფოებში, მაგრამ ეს დებულება ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუ რომელიმე ჩვენი მოქალაქე იმდენ ნიჭს გამოიჩენს რომ წავა საზღვარ გარეთ, გაიკაფავს გზას და სამსახურში შევა, ამისთანა კაცს ტაში უნდა დაუკრათ და არ ამოვშალოთ ჩვენი მოქალაქეობიდან.
ბევრი არის ისეთი ახალგაზრდა, ჩვენი მოქალაქე, რომელიც ისწრაფვის გააფართოვოს გასაქანი მოქმედებისა, იმუშავოს, მეტი შეიძინოს სხვაგან და ნუ დავემუქრებით ამისთანა ახალგაზრდას, რომ იგი ამოშლილი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა სიიდან იმისათვის, რომ ის უცხოეთში ადგილს დაიჭერს, დაიჭიროს, ღმერთმა მშვიდობა მისცეს, დაიჭიროს, მაგრამ ჩვენი მოქალაქე იყოს. მაშასადამე ეს დამატებაც უნდა ამოიშალოს.
შემდეგ უნდა ვსთქვა, რომ უკანასკნელ აბზაცშიც შესწორება უნდა შევიტანოთ. იქ არის ნათქვამი, რომ მოქალაქეობას კარგავს ქართველი ქალი, რომელიც უცხო ქვეშევრდომს მისთხოვდება და არ განაცხადებს სურვილს ჩვენ მოქალაქედ დარჩენისა. ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც ყველგან არის მიღებული, რომ გათხოვება სცვლის მოქალაქეობას. ჩვენ პროექტში ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ცოლი არის ჩვენი მოქალაქე, ისე რომ ქართველმა რომ შეირთოს ფრანგი ქალი, ეს უკანასკნელი ხდება ჩვენ მოქალაქეთ. ასეთი პრინციპი უნდა მივიღოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ქართველი ქალი თხოვდება უცხო ქვეყნის მოქალაქეზედ, იგი კარგავს ჩვენ მოქალაქეობას. აქ არ იქნება კოლიზია. აი ყველა ჩვენი მოსაზრებანი…
დეტალიზაცია არ არის ეხლა საჭირო, ეს მერმისის საქმეა, შეთანხმების, მოლაპარაკების და კონსტიტუციაში კი შესატანი არ არის.