„სახალხო პარტია” შეშფოთებას გამოხატავს „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უუნარობის გამო“

gerbebi_Page_6
  • 09 ივნისი 14:00  news.ge

“სახალხო პარტია” 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას აქვეყნებს.

„სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ ამ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძებას საფრანგეთში აუცილებლად უნდა დასწრებოდა გიორგი მარგველაშვილი.

“6 ივნისს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის და შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომში მეორე ფრონტის გახსნით ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე.

საქართველოს დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობილია, რომ ნორმანდიაშიც მონაწილეობდნენ ქართველი მებრძოლები ამ ოპერაციაში და სამწუხაროდ, იქაც დაიღვარა ქართული სისხლი. დაღუპული ქართველები ნორმანდიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.

ამ დღის 70 წლისთავის აღსანიშნავად და თავიანთი ქვეყნებიდან დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთში ჩავიდნენ წამყვანი ქვეყნების დელეგაციები.

სახალხო პარტია თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციით ფორმალურად მაინც არის საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და მთავარსარდალი, მონაწილეობა უნდა მიეღო აღნიშნულ ღონისძიებაში, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენებდა მსოფლიოს ცივილიზილებულ თანამეგობრობაში საქართველოს შვილთა შეტანილი ღვაწლის შესახებ და ამასთანავე გაუკეთებდა აქტუალიზაციას საქართველოში დღეს არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებს.

ჩვენთვის გაუგებარია უცხოურ ვიზიტებზე შეყვარებული ხელისუფლების წარმომადგენელთა საფრანგეთში არგამგზავრების მიზეზი – ვემიჯნებით ცივილიზებულ სამყაროს; შესაბამისმა სტრუქტურებმა ვერ იმუშავეს, რათა საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი ასეთ მაღალ ფორუმში; თუ სადაც რუსეთის პრეზიდენტი იმყოფება იქ აკრძალული აქვთ მონაწილეობა?

ცალკე თემაა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სარგებლობს ხელისუფლების უნიათობით და თვითონ ეტმასნება მსგავს შეკრებებს.

ეს ყველაფერი დადებითად არ აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროებისა და მთლიანად ხელისუფლების უუნარობის გამო და მოუწოდებს მათ – საქართველოში და მის გარეთ განვითარებული მოვლენები გვიბიძგებს უფრო მეტად აქტიურობას საერთაშორისო ასპარეზზე.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress