`ოცნების~ შიგნით ლობისტური მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ნაცმოძრაობა ერთ დღესაც კი ვერ გაძლებდა”
შორენა კოწოწაშვილი ”ალახი თაობა” 06.04.2014
რა აღიარა ივანიშვილმა, რა საერთო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მარგველაშვილ-ბოკერია-ალასანიას და რა ვალდებულებები აიღო მიხეილ სააკაშვილმა დღეს პუტინის რუსეთის წინაშე, _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის პოლიტიკური კინკლაობის გააქტიურების ფონზე რას იტყვით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. რა გამოიკვეთა, მდგომარეობა ქვეყნის შიგნით საკმაოდ რთულადაა?
_ სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა არ გახლავთ შიდა დუღილის პროდუქტი. ის უფრო მეტად გარედან გარკვეულ ზემოქმედებას თუ პირდაპირ მართვას ექვემდებარება და, შესაბამისად, ორსახოვანია ქართული პოლიტიკა. ერთი _ მასისთვის დუღილის შექმნა ხელოვნური დაპირისპირება, თითქოს ძალიან დრამატულ ხშირ შემთხვევაში, შერკინებასთან გვაქვს საქმე. ეს აისახება ტელევიზიით. მოხდება ხუთ წუთიანი დაპირისპირება პარლამენტის შენობაში და შემდეგ ყველა ეთერში მიდის ამ არაფრისმთქმელი დაპირისპირებების ტირაჟირება. ეს არის გარეგნული ფონი. ამის მიღმა კი რეალურ დაპირისპირებებთან და ქმედებებთან გვაქვს საქმე. საქართველო პოლიტიკურად არ არის სტაბილური. ეს ნიშნავს სტაბილურ, ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას. პოლიტიკური ინფრასტრუქტურა კი, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. პოლიტიკური პარტიები, კლასიკური გაგებით, საქართველოში ძალიან იშვიათობაა. და თუ არის, სახალხო პარტიას აქვს პრეტენზია, რომ ის ასეთია, სამწუხაროდ, ვერ ფლობს იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც საჭიროა აქტიური პოლიტიკის საწარმოებლად. ვერ მეტყვით, `ოცნება~ რა ორიენტაციისაა, რა ღირებულებათა სისტემაზეა აგებული, რა აერთიანებს ამ ადამიანებს. აგრეთვე ვერც ამ ყოველივეს მეტყვით ნაცმოძრაობასთან მიმართებაში. ვერც, არასაპარლამენტო პარტიების ლიდერობაზე პრეტენზიას რომ აცხადებს, იმ ჯგუფებზე მეტყვით, ამ შემთხვევაში ბურჯანაძის მიმართულებას ვგულისხმობ. ეს არის ეკლექტური გაერთიანებები, რომელთაც არა ღირებულებათა სისტემა, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის ჟინი აერთიანებთ; აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოებრივი გავლენების გადანაწილებაში, რაც უზრუნველყოფს მათ პირად ცხოვრებას. ბრძოლა სწორედ ამისთვის მიმდინარეობს. არცერთი კონცეპლუალური დაპირისპირება არ მომხდარა საქართველოში ამ პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს აისახება კანონმდებლობაზეც. არცერთი პრინციპული სახის დაპირისპირება კანონშემოქმედებაში არ ყოფილა. დაპირისპირება იყო, თანაც სამ დღიანი, ბუსუსებიან პრეზერვატივებზე. შეიძლება დაპირისპირება იყოს იმაზე, ციხეეებში როდის უფრო მეტად აწამებდნენ ადამიანებს, მაგრამ კონცეპტუალური დაპირისპირება იმასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის რა არის რეგიონალიზმი, ფედერალიზმი; დღეს, ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების პირობებში, რა არის საქართველოს ძირითადი ამოცანა; ამ ამოცანის რეალიზება, უსაფრთხოების კონცეფცია; ეკონომიკური სტაბილურობის მომენტები და ა.შ. ამ საკითხებზე პრაქტიკულად არ მიდის კამათი და თუ მიდის ისიც ზედაპირულად. უბრალოდ, იმიტომ, რომ პოლიტიკურიო ტერმინები ხომ უნდა ახსენონ, მთლად ბუსუსებიან თემებზე ხომ არ გადავლენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ძირითადი დრო იხარჯება შიდა კლანური ურთიერთობის გარკვევისათვის. რადგან ამ ადამიანების უმეტესობამ დაუმსახურებლად მიიღო ეს თანამდებობები, გავლენები, ამიტომ ცდილობენ, უზრუნველყონ მომავალი კეთილდღეობა და გარანტირებულად ყოფნა პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა მნიშვნელობა აქვს, ეს პარტიები, რა კონფიგურაციით დაჯდებიან ხვალ რომელიმე გაერთიანებაში. `ოცნების~ ძირითადი პარტიები 2003 წელს ნაცმოძრაობის ერთიან ბლოკში იყო, დღეს სხვა ბლოკში არიან. ზეგ რატომ არ იქნებიან ერთად ეს ადამიანები?! რა პრინციპული განსხვავება `ოცნების~ წარმომადგენლებსა და ნაციონაოლებს შორის ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით? აქედან გამომდინარე სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ხდება ძალთა ბალანსის შეცვლა. სანამ ივანიშვილია კეთილდღეობის გარანტი `ოცნების~ წარმომადგენლები ფიქრობენ მასთან ურთიერთობას. როცა აღარ იქნება, ამ გემიდან გადმოხტებიან. სად წავლენ? თავისნაირებს მოძებნიან, ასეთები კი ნაცმოძრაობაში არიან.
_ ასე რომ, უახლოეს მომავალსი ჩვენ ასეთ გადაჯგუფებას უნდა ველოდოთ?
_ რა თქმა უნდა. უნდა ველოდოთ ახალი კონფიგურაციის ძალების წარმოქმნას. დღეს ბიძინა ივანიშვილი გაღიზიანებულია მარგველაშვილზე, არადა მან ღიად განაცხადა, ვარ პლასტელინი. სადაც მიმაგდებ, იმ ფორმას მივიღებ. მიაგდეს პრეზიდენტად?! მიიღო პრეზიდენტის ფორმა. ახლა სასახლეც მოუნდა, კარგი ცხოვრებაც და საზღვარგარეთული ვიზიტებიც. რა არის ამაში გასაკვირი და გაუგებარი. ბუნებრივია, ხვალ შეეცდება ეს გავლენები მოიპოვოს. შეეცდება, რომ ეს მდგომარეობა გარანტირებული გახადოს. ვინ იქნება მისი პოტენციური პარტნიორი? ბუნებრივია, ნაცმოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები. აქეთა მხარესაც უკვე სხვა ტენდენციები წავა.
_ გამოდის, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.
_ მე ისიც არ ვიცი, მარგველაშვილი ვისი რეკომენდაციით მოხვდა პრეზიდენტად. მე, მაგალითად ვიცი, რომ `მოქალაქეთა კავშირის~ და `აღორძინების~ სიებს, როგორ აკომპლექტებდნენ მოსკოვიდან დარეკვით. მაშინ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ვიყავი და თან იმ შენობაში ვიმყოფებოდი, სადაც ეს დარეკვები ხდებოდა. ვიცი, კიდევ უფრო ადრე, როგორ იჯდა `გრუს~ დაზვერვის უფროსი მარუსინი საქართველოს პარლამენტის შენობაში და იღებდა დეპუტატებს. ასე რომ, სრულებით არ გამიკვირდება მარგველაშვილი რომელიმე ასეთი რუსი ჩინოვნიკის რეკომენდაციის შემდეგ აღმოჩნდა ჯერ სიაში და შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატად. ახლა პატრონმა უთხრა, ასე მოიქეცი. გასაკვირი აქ არაფერია. ვინ ვისი წიწილაა, ექსტრემალურ სიტუაციაში ირკვევა. ეს ხომ ბოლშევიკური სისტემაა. ივანიშვილი კი არა, სტალინი რომ სტალინია, ჯერ დასაფლავებული არ იყო, რომ მეორე დღესვე მისი მომხრეები გავლენას და ადგილებს იყოფდნენ და ამტკიცებდნენ, ვინ უფრო მეტად ანტისტალინისტი იყო. დღესაც საბჭოთა მართვის მოდელია. დღეს საქართველოს პოლიტიკა იმართება გარედან, სხვადასხვა აგენტორული თუ ფინანსური არხების მეშვეობით. ხომ ხედავთ, საქმე სადამდე მივიდა, ლამისაა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცოლთან აღარ წვებიან გრანტის გარეშე. ისინი გრანტის გარეშე ხელს არ გაანძრევენ და როგორ დავიჯერო, ეს ადამიანები ენთუზიაზმით გამოდიან ამათუ იმ პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ ან მომხრედ?! არა, ბატონებო. ესენი არიან დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც ემსახურებიან ამათუ იმ პოლიტიკური კლანის, ვინც ფულს უხდის, მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ჩანს კიდეც, რომელი არასამთავრობო, ვის მიერ არის კონტროლირებადი. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, ხვალ ვინ ვის გვერდით დაჯდება. ვისი ინტერესებიც ვერ დაკმაყოფილდება ადგილობრივ არჩევნებში `ოცნებიდან~, ხვალ ვნახავთ, რომ ნაციონალების გვერდით აღმოჩნდება. `ოცნების~ შიგნით ლობისტური მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ნაცმოძრაობა ერთ დღესაც კი ვერ გაძლებდა. ისინი ნაცმოძრაობას აცოცხლებენ, როგორც ერთადერთ ოპოზიციურ ძალას. დღეს თუ `ოცნების~ ხალხი გადაარჩენს ნაცმოძრაობას, ხვალ შეიძლება ნაცმოძრაობა დასჭირდეს `ოცნების~ ხალხს. მთავარია, პოლიტიკურ მოედანზე დამოუკიდებელი ძალა არ შემოვიდეს; ძალა, რომელიც გარიგებებში არ შედის. მთავარია პოლიტიკური ინფრასტრუქტურა არ შეიქმნას ქვეყანაში. იმიტომ, რომ თუ ეს შეიქმნა, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ დარჩება. ამიტომ იბრძვიან ესენი, რომ ქართული სახელმწიფო არ შეიქმნას. ამ მხრივ კი ქვეყნის გარედან ბევრი დამფინანსებელი ყავთ. ამათი ყოფნა პარლამენტში უკვე გარანტიაა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება.
_ როგორც ჩანს, ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის შორეული პერსპექტივაა. ეს ობამას განცხადებამაც აჩვენა. რა პროცესმა დააჩქარა, თქვენი აზრით, ივანიშვილის საჯარო განცხადებები პრეზიდენტ მარგველაშვილზე, რომელთან დაპირისპირებაც სახეზეა? ითქვა, მარგველაშვილი პარტიას ქმნისო.
_ რაც შეეხება ნატო-ევროკავშირს, ძალიან სწორად და გასაგებად თქვა, არ დგახართ ამ გზაზე. ერთის მხრივ, დეკლარირება გააკეთო, რომ მივდივარ ევროკავშირის და ნატოსკენ და ამავე დროს, მონოპოლიზებული სისტემა გქონდეს სახელმწიფოში, ეს შეუთავსებადია. შეუთავსებადია, როდესაც ქვეყანასი არ მიდის კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნა და შესაბამისად, არც ბიზნესია აქედან გამომდინარე, თავისუფალი. როდესაც მედიას არ აქვს შესაძლებლობა თავისუფლად იფუნქციონიროს და ა.შ. აქედან გამომდინარე ეს გზა არ არის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. ხდება იმიტაცია, ვითომ იქით მივდივართ. სინამდვილეში რეალურად რუსულ საქმეს ვაკეთებთ, ისე როგორც სააკაშვილი აკეთებდა რუსულ საქმეს. შესაბამისად, ის, რომ ერთხელაც არ გამოფხიზლდნენ ქართველები და არ თქვან, მოდი სწორ გზაზე დავდგეთო, საჭიროა მუდმივად დაძაბულობისა და დაპირისპირების ხელოვნური კერების შექმნა. ამ სურათს ვუყურებთ 30 წელია. ამიტომ ბუნებრივია ეს კლანები ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბდნენ.
_ სოციალური მედიით გავრცელდა ინფორმაციები, რომ შეხვედრებს აწარმოებენ გიგა ბოკერია, ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი მარგველაშვილი. შესაძლებელია, რომ წელიწადნახევრსი თავზე ბიძინა ივანიშვილს მის მიერვე მოყვანილი ხალხი დაუპირისპირდეს? რაზე უნდა საუბრობდნენ მარგველაშვილი და ბოკერია?
_ პირველი ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ამაში სენსაციური არაფერია. ისინი ერთმანეთს ყოველთვის ხვდებოდნენ. ეს საქართველოა და შეიძლება ვიღაცა ვიღაცას შეხვდეს. მეორეც, ესენი ხომ ერთი ბუდიდან აფრენილი ,,არწივები” არიან. ეს ხალხი თავის დროზე ნაცმოძრაობის შემადგენლობაში იყო და მომავალშიც ითანამშრომლებენ. ამიტომ ეს სიურპრიზი არავისთვისაა. რაც შეეხება ივანიშვილთან მიმართებაში დასმულ კითხვას, არ ვიცი ივანიშვილმა ეს ხალხი თავისით შეარჩია, თუ ვინმეს რეკომენდაციით. არ ვიცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ეს პოლიტიკური ჯგუფები შეარჩია და მათი სტატუსი განსაზღვრა. 2012 წელს ყველაფერი ემოციის ფონზე განვითარდა და არ იყო ჯანსაღი პროცესი. ამიტომ დღეს არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ვისი ბარტყია და ვინ ვის ბუდეში როგორ აღმოჩნდა. უშუალოდ ივანიშვილის შერჩეულიც რომ იყვნენ ეს ადამიანები, მათ გარკვეულ საფეხურს მიაღწიეს და ჰგონიათ, რომ უფრო მეტი შეუძლიათ. მეტი უნდათ და ამისთვის იბრძოლებენ. თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს ივანიშვილის შეფასება თავისი პოლიტიკური ჯგუფის: იმდენი მივეცი, ამაზე მეტს, სადაც არ უნდა წავიდნენ, ვერავინ ვერ მისცემსო. ამით მან მიანიშნა, იმიტომ დავუთმე ამდენი ადგილი ამ პარტიებს, სხვაგან არ გაეხედათო. ეს არის აღიარება, რომ მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესი გამოიკვეთა კოალიცია ,,ქართული ოცნების” შექმნის დროს კვოტებისა და ადგილების გადანაწილებაში.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილი უკვე განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობს? გავრცელებული ინფორმაციით, ის ,,ქართუ ბანკს’ ყიდის და ქვეყნიდან მიდის.
_ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი მიბმულია იმაზე, რამდენი აქტივია გატანილი რუსეთიდან, რა ვალდებულებებით არის დატვირთული იგივე იმ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინაშე, სადაც ფული იშოვა. ან ხელისუფლებაში მოსვლის დროს რა ვალდებულებები აიღო. თავისუფლების რა ხარისხი გააჩნია ივანიშვილს. სამწუხაროდ, ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო ის, რომ პასუხისმგებლობის მოხსნა უნდა, ეს ფაქტია. მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სხვა ვალდებულებებისაგან. ესეც ფაქტია. დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. ვისურვებდი, რომ ივანიშვილს, ანდა ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს, რომელიც მთავრობის მეთაურია, თავისუფლების დიდი ხარისხი ჰქონდეს, შეეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. მომეწონება თუ არა, ეს ერთია, მაგრამ თავისუფალ გარემოში მიღებული გადწყვეტილება პროცესისთვის კარგია.
_ დაბოლოს, ბატონო მამუკა, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები გავიხსენოთ: მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდიო. ნაციონალების პოლიტიკური აქტივობა და მათი ქმედებები ივანიშვილის ხელისუფლების დამხობისკენ არის მიმართული?
_ არაფერი მსგავსი. სააკაშვილმა იცოდა როგორ მოსულიყო ხელისუფლებაში. შესაბამისად, წავიდა მოსკოვში, შეპირდა, რომ წაიყვანდა საქართველოს ფედერალიზმის მიმართულებით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში რუსეთს მისცემდა შესაბამის საბაბს ლეგიტიმური მოქედებებისათვის; რომ აჭარაში გარანტირებულს გახდიდა მისი, იმ პერიოდისათვის როგორც სუბიექტის, პერსპექტივაში კონფედერაციის შემადგენლობაში შემავალი სუბიექტის არსებობას; რომ ჩააბარებდა მთელ ეკონომიკას რუსეთს, შექმნიდა ცხელ ფაზას, თუ რუსეთს დასჭირდებოდა საქართველოში ბრძოლა და ეს შეასრულა კიდეც. დღეს სააკაშვილი ცდილობს კიდევ უფრო მეტი ვალდებულება აიღოს რუსეთის წინაშე. ის ამბობს: მე დავანგრევ ქვეყანას. უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ეს ნათლად გამოკვეთა, როდესაც ტიმოშჩენკოს გვერდით აღმოჩნდა, რომლის ციხიდან გათავისუფლება და შემდგომ უკრაინის ფედერალიზაციას მოყვა შეპირებას მოყვა ყირიმის დაკარგვა. იმ ერთ დღეში, როდესაც ე.წ. პრორუსი იანუკოვიჩი პრაქტიკულად მოისროლეს თანამდებობიდან, იყო თუ არა ვალდებულება ამ ადამიანებისგან, ვგულისხმობ ტიმოშჩენკოს თანაპარტიელებს, რომ ყირიმს ჩააბარებდნენ. როგორც ჩანს, ჩვენ ამდენ ინფორმაციას ბოლომდე ვეღარ ვაანალიზებთ. მარტივად დავსვათ კითხვა: ვინ იხეირა სააკაშვილის მოქმედებებით? ერთადერთმა _ რუსეთმა. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველო გაელახა. იგივე ხდება დღეს უკრაინაში, ფაქტობრივად ტიმოშჩენკოს მეშვეობით.