მოსაზრება
(17.04.2014)
პაატა კოღუაშვილი
პროფესორი
ბადრი რამიშვილი
პროფესორი
საქართველოში არცთუ იშვიათად ისმის მოსაზრებები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთები, იშველიებენ რა საკუთარ “კომპეტენტურობას” და “ინფორმირებულობას” ამ საკითხში, ამტკიცებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და საქართველოს სოფლის მეურნეობას უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება და ა.შ. ამგვარი შეხედულებების სასარგებლოდ ე.წ. “ექსპერტებს” რამდენიმე არგუმენტი მოაქვთ: როგორც წესი, ეს არის ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში სოფლის მცხოვრებთა პროცენტული წილი, სოფლად დასაქმებულთა ხვედრითი წილი და მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი. ამ მონაცემებით მანიპულირების შედეგად ისინი ცდილობენ გაამყარონ საკუთარი არამართლზომიერი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი.
რეალურად საქმე სრულიად სხვაგვარად არის და ამის დამტკიცებას ქვემოთ, განვითარებული ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით შევეცდებით.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ იმ ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზსა და განზოგადებას შევეცდებით, რომელთაც საქართველოს მსგავსი საბაზო პირობები გააჩნიათ, თუმცა ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად გვისწრებენ და, შესაბამისად, მიბაძვის ობიექტებადაც შეიძლება გამოდგნენ. ამისთვის კი რამდენიმე კრიტერიუმი უნდა ჩამოვაყალიბოთ: პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ ის სახელმწიფოები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მსგავსი ბუნებრივ-კლიმატური, რელიეფური პირობები და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა აქვთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ქვეყნის ეკონომიკისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების საბაზო პირობები და კვების ტრადიციები.
ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე სახელმწიფო. ესენია: შვეიცარია, იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი. ჩვენ არ განვიხილეთ საფრანგეთის და ესპანეთის მაგალითები, რადგან ამ ქვეყნების ტერიტორიის სიდიდე დიდ გავლენას ახდენს ეროვნული მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე.
ანალიზს შვეიცარიით დავიწყებთ, რადგან გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ყველაზე კარგად შეესაბამება ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, ამავე დროს, საუკეთესო ორიენტირიც არის სამომავლო განვითარების მხრივ.
შვეიცარიის და საქართველოს ფართობის ფარდობითი კოეფიციენტი შეადგენს 0,59-ს, ხოლო მოსახლეობის ანალოგიური კოეფიციანტია 1,76. ანუ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ ევროპული ქვეყნის შესაბამისი რომ იყოს, იცხოვრებდა დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი, ხოლო ვინაიდან შვეიცარიის სოფლის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოსახლეობაში 26,4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლის პროეცირებას თუ საქართველოზე მოვახდენთ მივიღებთ 3,4 მილიონ სოფლად მოსახლეს. საბერძნეთის მაგალითზე იგივე გაანგარიშებების შემთხვევაში – 5,7 და 2,3 მილიონ მცხოვრებს, უნგრეთის მაგალითზე ეს მაჩვენებლებია 7,6 და 2,5 მილიონი, იტალიის მაგალითზე – 14,3 და 4,5 მილიონი, ხოლო პორტუგალიის მაგალითზე კი – 8,3 და 3,2 მილიონი.
ამდენად, როგორც ჩვენ მიერ შესრულებული გაანგარიშებები ცხადყოფენ, საქართველოს სოფლის მოსახლეობა შეიძლება იყოს 2,3 მილიონიდან 4,5 მილიონამდე. დღეს რეალურად სოფლად ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი, ანუ ჩვენი ქვეყნის სოფლებში არათუ ჭარბმოსახლეობაა, არამედ ადამიანური რესურსების სიმცირესთანაც კი გვაქვს საქმე (განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში).
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით 330 ათასი ადამიანი (აფწ-ს მონაცემი). ქვემოთ გვექნება მსჯელობა თუ რამდენად არის ეს ციფრი ოპტიმალურთან ახლოს.
ზოგადად, როდესაც საუბარია სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე, უპირველესად უნდა განისაზღვროს, თუ რა არის ამ მხრივ უმთავრესი მიზანი. ჩვენი ქვეყნის პირობების გათვალისწინებით (მხედველობაში გვაქვს მცირემიწიანობა, მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება, განსაკუთრებით ქართული რეალობა, რომლის მიხედვითაც სოფელი ტრადიციების და ეთნოკულტურული იდენტობის უმთავრესი კერაა) უპირველესი ამოცანაა მიწის ეფექტური გამოყენება, ანუ მაქსიმალური შრომაუკუგების მიღება. ამასთან ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ არ დაკარგოს კონკურენტუნარიანობა უცხოურ პროდუქციასთან მიმართებაში. შესაძლებელია თუ არა აღნიშნულის მიღწევა, ამის შესახებ, ჩვენი აზრით, ობიექტური დასკვნის გაკეთება ისევ განვითარებული ქვეყნების მაგალითის შესწავლით შეიძლება.
საქართველოში სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 7,48 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. შვეიცარიაში ეს მაჩვენებელია 11,45 ჰა. თუ ამ მონაცემს ოპტიმალურად მივიჩნევთ, მაშინ საქართველოს სოფლის მეურნეობაში უნდა საქმიანობდეს დაახლოებით 215 ათასი ადამიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობად აღებული გვაქვს დაახლოებით 2,5 მილიონი ჰა, თუმცა ამ მონაცემის გაზრდა მინიმუმ 20%-ით არის შესაძლებელი. სავარგულებში დღეს არსებული სხვადასხვა პრობლემის დარეგულირების შემდეგ, ცხადია, შესაბამისად გაიზრდება დასაქმებულთა პოტენციური რაოდენობაც.
იტალიაში სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 16,74 ჰა. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობის გაყოფით ამ მაჩვენებელზე მივიღებთ დაახლოებით 148 ათას დასაქმებულს, უნგრეთის ანალოგიური მონაცემის შემთხვევაში გვექნება – 136 ათასი, საბერძნეთის მაგალითზე მივიღებთ – 191 ათასს, ხოლო პორტუგალიის მაგალითზე კი – 345 ათასს. ამ ხუთი ქვეყნის მიხედვით ერთ დასაქმებულზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საშუალო მაჩვენებლის განხილვის შემთხვევაში (რაც 13,3 ჰა-ს შეადგენს) მივიღებთ დაახლოებით 186 ათას დასაქმებულს, ხოლო ზემოთმოტანილი მაჩვებლების პირდაპირ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით – 207 ათასს.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მართებული აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ დასაქმებულზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ოპტიმალურ რაოდენობად მივიჩნიოთ 10 ჰა. ასეთ პირობებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმდება მინიმუმ 250 ათასი ადამიანი, რომელთა შრომის მწარმოებლურობა და შესაბამისად შემოსავლები აღნიშნული მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-კულტურული განვითარების მაღალ დონეს განაპირობებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის ეფექტიანობის ზრდის უმნიშვნელოვანესი რეზერვია სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქონლიანობის დონის ამაღლება. ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მეტად დაბალია და სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებისათვის შეადგენს მხოლოდ 37%-ს. აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ 1980-იანი წლების ბოლოს სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებში წარმოებული პროდუქციის საქონლიანობის დონესაც (45%).
გარდა წარმოდგენილი მეთოდისა, არსებობს სხვა მრავალი მეთოდიც, რომლითაც შესაძლებელია ანალოგიური პარამეტრების გაანგარიშება. მათგან, ჩვენი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსების ნორმატიული სიდიდე განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური რუკებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე. ამ მეთოდით სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ დასაქმებულთა ნორმატიული სიდიდე (ოპტიმალური რიცხოვნობა), ჩვენი გაანგარიშებით 345-355 ათას კაცს შეადგენს, რაც, პრაქტიკულად, შეესაბამება აფწ-ს მონაცემს, რომელიც ზემოთ ფიგურირებდა ჩვენ გაანგარიშებებში. თუმცა, მომავალში ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ქართული სოფლის სპეციფიკური თავისებურების გათვალისწინებით, შესაძლოა, მათი რაოდენობა ოპტიმისტური სცენარით 300-330 ათას კაცამდე შემცირდეს, ანუ სოფლად დღეს მცხოვრები მოსახლეობის 15-20 პროცენტის ფარგლებში დარჩეს (მხედველობაში გვაქვს მექანიზაციის დონის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგნოზირებადი პროგრესული მიმართულებები).
ამ მაჩვენებელთან ერთად თუ გავითვალისწინებთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაქსიმალურ ფართობს, რომლის პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ერთ დასაქმებულზე მივიღებთ 10-12 ჰა-ს, რაც დაახლოებით შეესაბამება ჩვენს მიერ ზემოთმოტანილ განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ამრიგად, არასწორად მიგვაჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული უნდა იყოს მოსახლეობის მხოლოდ 2-3 პროცენტი. ჩვენი აზრით, სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა, რამდენის საშუალებასაც ამა თუ იმ ქვეყნის ბიოგეოკლიმატური პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა იძლევა და რომლის პირობებში ადგილობრივი აგრორესურსების ყველაზე ეფექტიანი გამოყენება მიიღწევა. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2,3 მილიონი ადამიანია, თუმცა წინასწარ გამიზნული ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის შემთხვევაში (მაშინ, როდესაც საქართველოს მზარდი დემოგრაფიული მაჩვენებლები ამის შესაძლებლოებას მოგვცემს), ჩვენი ქვეყნის არაურბანული დასახლებების ტევადობის პოტენციალი 4,5 მილიონი მოსახლეც შეიძლება იყოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ყველა არსებული რეზერვის ამოქმედებაზე და სოფლად მცხოვრებთა სრულფასოვან სოციო-კულტურულ ყოფაზე.
სოფლის საზოგადოების ეკონომიკური დედაბოძი ყოველთვის ქართველი გლეხი იქნება, მისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისეული არეალის შექმნა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის ფორმირებას გულისხმობს და აქვე თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულებს და საქართველოს აგროტურიზმის მნიშვნელოვან პოტენციალს, ცხადი გახდება, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი არაურბანულ მოსახლეობაში (უკიდურეს შემთხვევაში), არ გადააჭარბებს ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს.
ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქმიანობენ სოფლად (მასწავლებლები, ექიმები, მექანიზატორები, მელიორატორები, კულტურის მუშაკები, მძღოლები, ხანდაზმული ადამიანები და სხვ.), როგორც წესი, ბევრად (3-4ჯერ) აღემატება მათ რაოდენობას, ვინც უშუალოდ დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით (მათ ფერმერის სტატუსი გააჩნიათ) ანუ ხნავს, თესავს, ვენახსა და ხეხილს სხლავს, თიბავს, პირუტყვსა და ფრინველს ამრავლებსა და უვლის და ა.შ.
თუ ოჯახის შრომისუუნარო წევრებსაც მივიღებთ მხედველობაში, კვლავ მივალთ იმ მონაცემებამდე, რის შესახებაც ზემოთ ვიმსჯელეთ: საქართველოს სოფლის მოსახლეობა უნდა იყოს არანაკლებ 2,3 მილიონისა, ხოლო პოტენციალი – 4,5 მილიონი ადამიანია.
ბუნებრივია, ამ მონაცემების რეალურობა დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ (მ.შ. აგრარულ და სოფლის განვითარების) პოლიტიკაზე, მიწის კონსოლიდაციაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირებაზე, სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და სხვა აუცილებელი პროექტების განხორციელებაზე.