მანანა ნოზაძე
2014-04-10 09:39:42 FOR.GE
ეს იყო წამი უდიდებულესი, როცა მერაბ კოსტავას სიტყვებით რომ ვთქვათ, 70 წლის მანძილზე ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე… 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. სპეცოპერაციას 21 ადამიანი შეეწირა. ეს დღე ამაღლებული უფრო იყო, ვიდრე ტრაგიკული. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიაციასაც არ ანდეს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვის ხელმღვანელობით მომიტინგეებს ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით აღჭურვილი დამსჯელები ყველა მხრიდან შეუსიეს.
9 აპრილიდან მოყოლებული, პერიოდულად გვესმის ნიჰილისტური მოსაზრებები, რად გვინდოდა ეროვნული მოძრაობა, სხვა რესპუბლიკები ხომ უსისხლოდ ეზიარნენ თავისუფლებას?! ხომ არ ვიჩქარეთ, რადგან რუსული იმპერია ისედაც უნდა ჩამოქცეულიყო?!
ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთადერთი უცვლელი დარჩა – რუსული აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. რა შეიცვალა 9 აპრილიდან 9 აპრილამდე?! ამის შესახებ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები გვესაუბრებიან.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ აგრესიულობის ხარისხი რუსეთში არ შეცვლილა. თუმცა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ორი ცვლილება მაინც შეიმჩნევა – რუსეთი შესამჩნევად დასუსტებულია საბჭოთა კავშირთან შედარებით და, ასევე, რუსეთის პრესტიჟი ქართველი ერის თვალში შეუდარებლად დაცემულია.
„დღეს საქართველოში რუსეთის მომხრე არ არის, ერთი-ორი დეგენერატის გარდა, ვინც ფულს იღებს ამ საქმეში. თავისუფლება ისე სჭირდება ადამიანს, როგორც ჰაერი. შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ საბჭოთა კავშირი ეროვნული მოძრაობის გარეშე არ დაიშლებოდა. ეროვნულმა მოძრაობამ დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირი სახელმწიფო კი არა, სახელმწიფოთა ხაფანგი იყო. სხვა რესპუბლიკები ჩვენივე სისხლით დავპატიჟეთ თავისუფლების სუფრაზე. ღმერთმა შეარგოთ, ვისაც ხელი არ გაუნძრევია, მაინც დავპატიჟეთ თავისუფლების სუფრაზე. 9 აპრილის მოწყობა პირადად გორბაჩოვის ბრძანება გახლდათ, გორბაჩოვი ისეთი პირსისხლიანი იყო, როგორც ყველა მათი ლიდერები. რუსეთის აგრესიის გამოვლენათა დინამიკა დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მის შესაძლებლობებზე და არა მის სურვილზე. აფხაზეთის ომი განხორციელდა ელცინის ხელში, რომელიც შედარებით მშვიდობიანი გარეგნობის იყო, პუტინმა მისცა რუს ხალხს იმედი, რომ დაძლევს იმპერიის დაშლის პროცესის გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ახლა ყველა ხედავს, რომ მან ეს ვერ გააკეთა და პუტინი რუსეთის დაშლას ვერ შეუშლის ხელს“, -აცხადებს ნოდარ ნათაძე და პუტინის გეგმას მანიაკალურს უწოდებს, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს. მეტიც, რუსეთმა დაკარგა საიმედო მეზობელი, უკრაინის სახით, უკრაინა არასდროს აღარ მიბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად სისხლითი ნათესაობის.
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ვინც ამბობს, თავისით მოვიდოდა დამოუკიდებლობა, მათ არასოდეს უომიათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ეს ხალხი მისტირის იმ დროს, როცა სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლებოდა ცხოვრება. ამიტომ ასეთი ადამიანების არსებობა საქართველოს განვითარების შემაფერხებელია.
„ამ ადამიანებს როგორ ჰგონიათ, 21-ე საუკუნეში ისედაც მოვიდოდით, რომ არა დიდგორი, მარაბდა? კოხტა აფხაზს მკერდი რომ არ შეეშვირა ტყვიისთვის და იუნკრები არ დაღუპულიყვნენ? ასეთ ადამიანებს ან ქართული ცნობიერება არ აქვთ, ან პირდაპირ აგენტები არიან. 9 აპრილის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა ისევ გრძელდება, ბრძოლა არ მთავრდება ერთი შეტაკებით, დღესაც იმავეს აკეთებს რუსეთის იმპერია, რასაც -1989 წელს, მას აქვს სურვილი, ჩაკლას ქართული მეომრული სული და ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი მოუშალოს. 9 აპრილს ჩვენ გავიმარჯვეთ. ამის მაგალითია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა დიდი მსხვერპლის ფასად. ეს მსხვერპლი ისე უნდა მოვიხსენიოთ, როგორც დიდგორსა და მარაბდაზე დაღუპული მეომრების მსხვერპლი და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ შეცდომები. ხომ ხედავთ, რა გაგვიკეთა ხელისუფლებისა და ხალხის განცალკევებამ 9 აპრილს? ამიტომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მიდის 9 აპრილის მემორიალთან, უნდა დაფიქრდეს, ხომ არ ემსგავსება საქართველოს 25 წლის წინანდელ ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთის აგრესიასთან მარტო დატოვა ქართული საზოგადოება? როდესაც პირველი პირის მიმართ იყო დაუფარავი ინტრიგები და, როცა სპეცსამსახურები სახელმწიფო უსაფრთხოებაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე“, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის მიუღებელია მოსაზრება, რად გვინდა თავისუფლება, თუ ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირება?! მისი აზრით, ამის საპირისპიროდ, კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც გაუღია ნებისმიერ სახელმწიფოს, მხოლოდ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლია. ამიტომ ის სენტენცია, რაში გვჭირდება თავისუფლება, რომელმაც სიღატაკე მოგვიტანა, კაპიტულანტურ განწყობილებას ნიშნავს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ერს მომავალი არ აქვს.
„თუ თავისუფალი არ არის ერი, ის ვერასდროს ბედნიერი ვერ იქნება. თუმცა ყველა თავისუფალი ერი სულაც არ არის ბედნიერი. ეს დამოუკიდებულია თვითონ ერზე, ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე. რაც შეეხება რუსეთს, ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ რუსეთი ცდილობს, იყოს თანამედროვეობის ადეკვატური, მისი საგარეო პოლიტიკური პრინციპები არ შეცვლილა პეტრე დიდის და, უფრო ადრეც, ივანე მრისხანის შემდეგ. რუსეთს თანდაყოლილი გენეტიკური წყევლა აქვს, მას გამუდმებით ეშინია, რომ ალყაში აქცევენ, რომ გარედან ვიღაც ემუქრება. ამიტომ რაც შეიძლება, საჭიროა საზღვრების გადაწევა. ამ პრინციპით იწყებდნენ ომებს რუსეთის მეფეები, ამ პრინციპით დაიწყო ომი სტალინმა ფინეთის წინააღმდეგ, ასევე, დღესაც პუტინი შიშობს, რომ ნატო უახლოვდება და მათ ალყაში აქცევს. თუმცა საინტერესოა, სადამდე უნდა გააფართოვოს რუსეთმა საზღვრები? ბოლო წერტილი სად არის?“, – აინტერესებს სოსო ცინცაძეს.
მისივე თქმით, იყო მშვიდობიანი პერიოდიც, როცა საბჭოთა რუსეთი უფრთხილდებოდა საქართველოს, მაგრამ მაშინ ჩვენ რუსეთის საკუთრებად ვითვლებოდით. გაზი და დენი თითქმის უფასო იყო, ციმბირის ხე-ტყით შენდებოდა მთელი საქართველო, მაგრამ ეს იყო თავისუფლების საფასური. 9 აპრილი კი თავისუფლებისთვის მძიმე ხარკი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვეღო. თუმცა სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ, შეიძლება, 22 ადამიანის ნაცვლად მხოლოდ 2 დაღუპულიყო.
„ახლა უსუფაშვილი რომ გამოვიდა, არიქა, დავიღუპეთ, ნატო თუ არ მიგვიღებსო, ეს კაპიტულანტობაა, ე.ი. ქვეყანა არ არის თავისუფლებისთვის საბროლველად მზად და ისევ ვიღაცის იმედზეა. ამ დროს ჩეჩნებს გამარჯვების გარანტია არ ჰქონიათ, ისე იბრძოდნენ 90-იან წლებში“.