- 03 აპრილი 2014 NEWS.GE
სახალხო პარტიის წევრი ვასილ თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, რაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად გრძელდება, ხელისუფლებამ უფრო მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, გრძელდება რუსეთის პროვოკაციული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კვლავ აღდგა მავთულხართების კედლების აგების პროცესი. ყოველდღიურად ხდება გატაცებებისა და შეიარაღებული თავდასხმების ფაქტები, თბილისის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები და მსგავსი დესტრუქციული ქმედებები.
ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით.
ასევე წუხელ, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კონკრეტულად მდ. ენგურის გასწვრივ განლაგებულ ე.წ. „სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან,” რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით ბეტონის ფილების მოზიდვა, რაც სავარაუდოს ხდის, რომ ამ ტერიტორიაზე ოკუპაციური რეჟიმი გამყოფი კედლის ან თავდაცვითი სამხედრო ბლოკ-პოსტის აშენებას აპირებს.
რუსეთის ასეთი პროვოკაციული პოლიტიკის გამო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა ჰუმანიტარული კრიზისი: მოსახლეობა მოკლებულია უსაფრთხო გადაადგილების, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის, მშობიულ ენაზე განათლების მიღებასა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ასეთი საგანგაშო მდგომარეობის დროს, საკმარისი არაა მხოლოდ რუსეთის ქმედებების დაგმობა და ხელსაყრელი მომენტის ცდა. დრო რუსეთისთვის მუშაობს და ნებისმიერი დათმობა საქართველოს მხრიდან მისგან აღიქმება, როგორც სისუსტე და უნიათობა. ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს მშვიდად ყოფნის საშუალება, მით უმეტეს, როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავჯდომარემ მაიკ როჯერსმა განაცხადა: „რუსეთი, უკრაინის საზღვართან მობილიზებული ათეულათასობით სამხედროს გარდა, ძალების მობილიზებას ახდენს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონშიც, მათ გადააქვთ თავიანთი სამხედრო ტექნიკის საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში. ყირიმის კრიზისის გამო, დასავლეთიდან მომდინარე სანქციების შესამსუბუქებლად პუტინი განიხილავს საქართველოში შეჭრას და ასევე, საერთაშორისო სანქციებით შეზღუდულ ირანთან, სავაჭრო კორიდორის შექმნას.
აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ნაცვლად დამთმობი და არაქმედითი პოლიტიკისა, განცხადებები და შესაბამისად, ქმედებები გახდეს უფრო მკვეთრი და ინტენსიური, რისი ნაკლებობის გამოც საქართველოს საკითხი საერთაშორისო ფორუმებიდან ნელ-ნელა უკანა პლანზე იწევს. დღეს, როდესაც რუსეთი ასეთი მზარდი დაჟინებით ცდილობს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის შეზღუდვას, მათი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის გზით, ასეთ რთულ ვითარებაში, უკვე აუცილებელია საქართველოს მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის საჩქარო დარწმუნება: აიძულონ რუსეთის ფედერაცია, აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს მიმართ და ხელი შეუწყოს პირდაპირი და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების პროცესს.
ამ დროს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ქვეყანაში შიდა თანხმობის და ერთიანობის მიღწევა, მონოპოლიზებული პოლიტიკური გარემოს დანგრევა, მოსალოდნელი საფრთხეებისა და მისი დაძლევის გზების შესახებ ღია დისკუსიების გამართვა საერთო-ეროვნული კონსესუნსის მისაღწევად, რაც საბოლოოდ, გაუფანტავს მტერს ილუზიებს საქართველოსთან მიმართებაში“, – აცხადებს თამაზაშვილი.