გოგი ლორთქიფანიძე შიშობს, რომ ,,პანორამა თბილისის” პროექტი საყდრისის ბედს გაიზიარებს

  • 26 მარტი 16:48 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება გუშინ გასაჯაროებულ ,,პანორამა თბილისის” პროექტის, გაჟღერებული სახით რეალიზაციის მიზანშეწონილებას.

გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი და მისი დაწყების გამოცხადებული ვადები არის თავნებობის ის მაგალითი, რითაც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება.

“ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო კონკრეტული პიროვნებების სურვილების რეალიზაციის ადგილი არ არის. ასეთ პროექტებზე უნდა მოხდეს სპეციალისტთა ფართო წრის ჩართვა, მათ მიერ კვალიფიცირებული შეფასება-ანალიზის გაკეთება, მოსახლეობის შენიშვნების გათვალისწინება, და საბოლოო სახის მიცემასთან ერთად საჯარო განხილვები თბილისის მოსახლეობასთან ერთად. მისი დამტკიცება კი თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ უნდა მოხდეს და არა კერძო საინვესტიციო ფონდში”, – ამბობს ლორთქიფანიძე

მისი შეფასებით, ასე უპირობოდ მშენებლობის დაწყების დაწყების ვადის გამოცხადება (არჩევნების წინ), მინიმუმ თბილისელების პოზიციის გაგების უგულებელყოფაა და არა მარტო თბილისელების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების.

როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს მშენებლობა, ისტორიულ-რელიგიური დატვირთვის მატარებელია და ასევე საინტერესო არქეოლოგებისათვის.

“დიდი ალბათობით იქ შესაძლებელია უნიკალური არტეფაქტები. ვშიშობ რომ ყოველივე ეს გაიზიარებს საყდრისის ბედს. ამიტომ ქალაქის მესვეურებს ვურჩევ, რომ ამ საქმეში წინდაწინ ჩართონ არქეოლოგები და ისტორიის მკვლევარები და მხოლოდ მათი დასკვნის შესაბამისად მოხდეს პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე მსჯელობა.

ისე ზოგადად, ჩემი და ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილის მოლოდინი თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებით, იყო არა ასეთი VIP-მშენებლობების წარმოება, არამედ მოქმედი ბიზნესის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების ინვესტირება და ეკონომიკის რეალურ სეგმენტებში ფულის დაბანდება და ამის შემდეგ დაპირებული სამუშაო ადგილებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა”, – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress