მამუკა გიორგაძე: აშშ-სთან შეთანხმებული საკითხების რევიზიას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება

news.ge 26.02.2014

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაში, ბარაკ ობამას დაუგეგმავი მონაწილეობა ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ამერიკის დაინტერესებას და კეთილგანწყობას საქართველოსადმი, მეორეს მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ გაიცა ავანსი ჩვენ მიერ, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სერიოზული დახმარებისა და მხარდაჭერისა.
„თეთრი სახლის განცხადებაში რამდენიმე მკაფიო გზავნილი გამოიკვეთა, როგორც საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და მთელი მოსახლეობის მიმართ, ასევე რუსეთის ხელისუფლების გასაგონადაც. ამით აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მოსალოდნელი რუსული ვექტორის გააქტიურების ფონზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი,
ასევე, მეტად მნიშვნელოვანი იყო მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, განავითაროს თანამშრომლობა პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.
დღეს ჩვენც და ხელისუფლებასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ავანსად გაცემულ მხარდაჭერას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. თან ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-სთან შეთანხმებული საკითხების რევიზიას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება ყველა მხრიდან”, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress