ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს

მამუკა გიორგაძე: “ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს”

“ახალი თაობა” 04.12.2013 შორენა კოწოწაშვილი
რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მიერ ინიცირებული თითმმართველობის კანონი, აწყობს კი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონალიზმის გააქტიურება, არის თუ არა ეს სეპარატიზმის გაღვივების ხელშეწყობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის თავისუფლად მოქმედების არეალი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ხელისუფლების კრიტიკის ფონზე გაჩნდა შეფასებები, რომ ქვეყანაში კლანური მმართველობა გრძელდება. რეალობასთან ახლოსაა ეს მოსაზრება და მართლაც ერთპარტიული მმართველობისკენ აიღო კურსი ,,ქართულმა ოცნებამ”?
_ სამწუხაროდ, ჩვენი ორი წლის წინანდელი მოსაზრებები, ეჭვები მართლდება. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ან არგუმენტებით გაამყაროს თავისი პოზიციები, ან გაგვიქარწყლოს ეს ეჭვები. რა მაქვს მხედველობაში: პრაქტიკულად, მიმდინარეობს ყველა მიმართულებით სააკაშვილის სისტემის შენარჩუნება, რასაც ვებრძოდით. სააკაშვილმა შევარდნაძის ანუ ბოლშევიკური სისტემა შეინარჩუნა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს, ხელისუფლების და საზოგადოების შერწყმას. დღესაც, ასეა როგორც კომუნისტების დროს იყო, ვგულისმობთ სახელმწიფოს, როცა ვფიქრობთ კონკრეტულ პიროვნებაზე და პირიქით. ეს ვერ დაირღვა. უფრო მეტად ვიძირებით ამ ჭაობში. ამის ნათელი დასტურია პრეზიდენტის ინაუგურაცია. იმ არგუმენტით, რომ არ გვინდა პომპეზური ღონისძიებები და ვზრუნავთ მოსახლეობაზე და ამის გამო ინაუგურაციას ვატარებთ შეზღუდულად, ისე გამოვიდა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო მარტო მოსახლეობას და იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელიც არ მოიაზრება ამ ხელისუფლების მხარდამჭერად. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო მხოლოდ ის საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური ფიგურები, ინდივიდები, რომლებიც რაღაც ფორმით არიან მიბმული ხელისუფლებასთან. თუ ფულის ეკონომიას აკეთებდა ხელისუფლება, მარტო მთავრობა და პრეზიდენტი გასულიყვნენ და მარგველაშვილს ასე დაედო ფიცი. ეკონომია გაკეთდა ხალხის ხარჯზე, რომლის მხარდაჭერითაც ხელისუფლება ამაყობს. ითქვა, რომ ეს იყო ევროპული სტილი, თუმცა ეს ბოლშევიკური სტილია, უბრალოდ, მასშტაბები აკლდა. ბრეჟენვის პერიოდის შემდეგ არ მსმენია 10-15-ჯერ მადლობის თქმა კონკრეტული პიროვნებისადმი. ესაც ძველი დროის გადმონაშთია. როგორც ჩანს, მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას გრძნობს ივანიშვილის მიმართ, ვიდრე ქართველი ხალხისადმი. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მონოპოლისტური ქმედებები, თუნდაც ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის შემოღება, როდესაც მინისტრები დარტოვეს ძველი და მოადგილეებად _ საკონტროლოდ თუ ამბის გამომტანად _ დაუნიშნეს უფრო სანდო პიროვნებები. აქედან გამომდინარე, თუ ეს გაგრძელდა, ჭაობში უფრო მეტად ჩავიძირებით. თუნდაც ის კანონი ავიღოთ თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს, სადაც შემოპარულია რეგიონალიზმის, ანუ საქართველოს წვრილ პროვინციებად დაშლის გეგმა. თუ ფიქრობენ, რომ ეს საქართველოსთვის კარგია, მოდით, პირდაპირ გავხსნათ დისკუსია ან ჩავატაროთ რეფერენდუმი. თუ გადაწყვეტს ქართველი ხალხი, მერე შევიტანოთ კანონში. მაგრამ ფარულად, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით და ასე შემოტანა პარლამენტში, ბუნებრივია ამ პრობლემას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს.
_ ჯობია, მთავრობამ ეკონომია პირად ხელფასებზე უნდა გააკეთოს და არა ვთქვათ, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე?
_ რა თქმა უნდა, სოციალური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ 10 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობამ ვერ გახადა პენსია 100 დოლარი, ეს არ ამართლებს ამ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს პირდებოდა, რომ ამ მიმართულებით მუდმივი ზრდა იქნებოდა. ის, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი არ არის ჩადებული, ბევრ რამეზე მეტყველებს. ისევე როგორც სააკაშვილის დამღუპველი გეგმა, მოსახლეობის სტიმულირება ღატაკობისკენ, რაც გამოიხატება იმით, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობას მაქსიმალურად ზრდიან იმის ხარჯზე, რომ, პრაქტიკულად, ხდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გაღატაკება. Pრაქტიკულად, ხდება მოსახლეობის ლუმპენ-პროლეტარიაზაცია, რაც თავისთავად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანების უმეტესობა პირდაპირ მიბმულია ხელისუფლებაზე და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იკარგება. ხელისუფლებას უფლება არ აქვს ასე დაცილდეს ხალხს და პირველივე უფსკრულმა შეიძლება, ქვეყნის მდგრადობას საფრთხე შეუქმნას.
_ მართლაც უსუსურია მთავრობა, როგორც ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ, თუ საპარლამენტო უმცირესობასთან გარიგების გამო მოქმედებს ასე?
_ სუსტად მოქმედებაში რას გულისმობთ, ეს არის მთავარი. თუ ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, ხელისუფლების მოქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. თუ საკუთარი უფლებების დაცვაზეა საუბარი, ხელისუფლება იქცევა, როგორც მგელი ნადავლის გაყოფისას. სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება. გრძელდება ის ტენდენცია, რომ გამარჯვებული ხელისუფლება ქვეყანას ისე უყურებს, როგორც მონაპოვარს. ეს, საბოლოო ჯამში, დამატებით მეორე პრობლემასაც ქმნის: როდესაც დგება არჩევანი პოლიტიკური ორიენტაციისა, ასეთი ევროპეიზმი ხალხს აღარ უნდა. ამით ხელისუფლება ხალხს ემიჯნება და ამის შედეგი იმდენად რთული, რომ არ მინდა ეს ჩვენს ქვეყანაში ვისურვო.
_ ზემოთ თვითმმართველობის არჩევნების ახსენეთ. რა გამოკვეთა ამ კუთხით ხელისუფლებამ, პრინციპული სურვილი, სერიოზული რეფორმა ჩაატაროს თვითმმართველობის დონეზე?
_ პრაქტიკულად, ხელისუფლებამ როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ახლაც დატოვა იგივე საარჩევნო მექნიზმი და გარემო. დღესაც არ ვიცით, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. იგივე სიაა, რომელიც 2012 წელს სააკაშვილმა დადო. Pრაქტიკულად, იგივეა ცეესკო და საარჩევნო გარემო. 6 თვეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს მთავარი მექანიზმები ჯერაც არ დახვეწილა. როდისღა უნდა გაკეთდეს?! მით უმეტეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იგეგმება. სანამ რეფორმა განხორციელდება, რასაც მერე საარჩევნო საკითხები მოყვება, გამოდის, ეს დროის ისეთ ცაიტნოტში უნდა მოხდეს, სადაც შეუძლებელი იქნება ჯანსაღად, დამშვიდებულად და შეთანხმებულად საკითხების გადაწყვეტა. რადგან ხელისუფლება ამ პრეცედენტს ქმნის, ე.ი. ჩნდება მარტივი შეფასება: აპირებს ისეთი რაღაცეების გაკეთებას, რომელიც გარანტირებულს გახდის მის ხელისუფლებას. ამიტომ არ ცდილობს გახსნას საჯარო სივრცე და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. აი, აქ იშიფრება ხელისუფლების ეს დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ იმ საფრთხეებზე, რაც ამ კანონშია ჩადებული. როგორიც არის, პრაქტიკულად, ის ფაქტი, რომ იქმნება რეგიონული სტრუქტურები, რომელიც ენაცვლება სახელმწიფოს და ჩვენ მივიღეთ რამდენიმე, ჯერჯერობით შეზღუდული უფლებების მქონე, მაგრამ სახელმწიფოებრივი ნიშნების მატარებელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნებს. დროთა განმავლობაში ეს შეზღუდული უფლებები ბუნებრივად გაიზრდება. ჩვენ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ ადამინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოტანით პრაქტიკულად უარს ვამბობთ კონსტიტუციის მეორე მუხლზე, სადაც საუბარია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ადმინისტრაციულ რეფორმას არ ჩავატარებთ.
_ ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის?
_ ამ კანონით არამარტო ირღვევა კონსტიტუცია, არამედ პოლიტიკურად და მორალურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ცხოვრებას. ეს მუხლი ამის შემაკავებელი ფაქტორი იყო. გამოდის, მთელ მსოფლიოს ვეუბნებით: აღარ გვაინტერესებს აფხაზეთის და ცხინვალის თემა და ჩვენ მათ გარეშე ვაგვარებთ დანარჩენ საქართველოში საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ძველ კანონში, სადაც ეწერა, რომ საქმის წარმოების ენა რეგიონებში არის ქართული ენა ანუ სახელმწიფო ენა, დღეს ეს მუხლი ამ კანონში არ ჩანს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რეგიონის შემოტანა ავტომატურად გამოიწვევს `რეგიონული ენების ქარტიის~ აქტუალიზაციას, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ბარიკადები იქნება აღმართული ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზღვრები არ გვაქვს დადგენილი, რომ უცხო ქვენის სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოში, რომ ღიად გარკვეულ რეგიონებში სეპარატიზმის ტენდენციებია, როგორ წარმოგვიდენია რეგიონალურ დონეზე ხელი არ შეეწყობა სეპარატისტულ ტენდენციებს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისგან? ანდა, ეს არის ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედება? მრავალი ასეთი ფაქტი სწორედ აღძრავს ამ ეჭვებს.
_ ხელისუფლება ისე წარმოჩაენს, რომ თითქოს ამას ჩვენგან ევროპა ითხოვს.
_ ევროპა ამას არ ითხოვს, პირიქით, საპირისპიროს ითხოვს. ევროპა ითხოვს, რომ თვითმმართველობაზე არანაირი ზემოქმედების ბერკეტი, ძალადობის განხორციელების ბერკეტი არ უნდა არსებობდეს. ის უნდა იყოს თავისუფალი და მასზე არ უნდა ზემოქმედებდეს, რეგიონული ან ცენტრალური ხელისუფლება. შესაბამისად, ხვალ უკვე, თუ ვინიცობა, ამ სახითYგავიდა და შევა მოქმედებაში და როდესაც ევროპა მოითხოვს ჩვენგან თუ შექმენი რეგიონი, ახლა კეთილი ინებე და რეგიონული ენაც უნდა მისცე, აქ დაიწყება უკვე ღია აინტიევროპული გამოსვლები და მივიღებთ იმ სურათს, რაც კიევშია, ოღონდ საპირისპირო მოთხოვნებით. სწორედ ყოველივე ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დატოვა ძველი სისტემა, მოახდინა ძველი პრობლემების აქტუალიზაცია და კიდევ უფრო მეტად ცდილობს პოლიტიკური მონოპოლიზმის ელემენტების შემოტანას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იოლი გახდეს ასეთი კანონების გატანა.
_ თვითმმართველობის მსგავსი კანონი ქვეყნის ტერიტორიულ რღვევას დააჩქარებს? ააქტია, რუსულ მავთულხლართებზე სუსტად რეაგირებს ხელისუფლება.
_ რა თქმა უნდა. კარგად გვახსოვს, როდესაც რუსეთის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ცხინვალში ცხოვრობდა ოთხი ოსური ოჯახი. დემოგრაფიულმა დინამიკამ შემდგომ განაპირობა ის, რა სურათიც დღეს გვაქვს. ხვალ-ზეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს და მახარაძემ და ორჯონიკიძემ ვერ გააკეთეს, დღეს სხვა გვარები გააკეთებენ. ტენდენცია ასეთია, რადგან ქართული გვარების ხელმოწერით ხდებოდა ეს პროცესი, რატომ არ შეიძლება დღესაც იგივე მოხდეს სხვა გვარების ხელმოწერით. კეთილი ინებოს და ამ მთავრობამ არც ერთი შეკითხვა არ დატოვოს საეჭვო. რომ არც ერთხელ არ უნებია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამჯდარიყო ოპონენტებთან სერიოზული არგუმენტირებული მსჯელობით და ამ ორგანოს ხელმძღვანელი მთავრობამ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ეს უკვე ცინიზმია. ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.
_ რას იტყვით იმ დისკუსიაზე, რომელიც გაიშალა თვილისის მერი უნდა იყოს თუ არა პოლიტიკოსი და ის უნდა იყოს თუ არა თბილისელი?
_ სასაცილოა, წინ წამოწიეს ყველაზე მდაბალი ადამიანური ემოციები. მიდის საუბარი ერთი პოლიტიკურ ნაწილში _ თბილისს არ უნდა ყავდეს პოლიტიკოსი მერი, რაც აბსურდია. არც ერთი ქვეყნის დედაქალაქის მერი არ არის ისეთი, რომელიც პოლიტიკაში არ მონაწილეობს და ვერ იქნება ნახევარი საქართველოს მიერ არჩეული არა პოლიტიკოსი. მერი პოლიტიკოსი არ არის, აბა, ვინ არის პოლიტიკოსი, ვინც გუდურასავით მიიყვანეს და პარლამენტში დასვეს? ეს ერთი მომენტი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ნარმანიასთან დაკავშირებით იმაზე კი არ გამოთქმულა პრობლემა, თუ მეურნე მერი გინდა, მინისტრს რატომ უშვებ ამ თანამდებობაზე, მინისტრი ხომ პოლიტიკური ფიგურაა. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან და რაიონებისგან საქართველოსი, დედაქალაქს აქვს უპირატესობა _ ყველა დედაქალაქელია. ეთნიკური წარმომავლობა, აქ რა შუაშია?! რომელი კუთხიდანაა რა შუაშია? ეს ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირებაა. ხელოვნურად ხდება დაპირისპირება კუთხეებს შორის, ისევე, როგორც მორწმუნეებს შორის.
_ გამოდის, ხელისუფლება სახიფათო ნაბიჯებს დგამს და იგივე ჭელას მაგალითმა აჩვენა, რომ ტერიტორული მთლიანობა კვლავ საფრთხის წინაშეა?
_ ხელისუფლებამ თვითონ ამხილა თავისი თავი, როდესაც ასეთი კანონი შემოიტანა; ამხილა თავისი თავი ქმედებით, როდესაც ჭელაში შეურაცხმყოფელი საბაბით _ არმატურის დათვლის საბაბით, რომელიც არ აღემატებოდა 5-10 ათას დოლარს, ჩაატარა ოპერაცია დემონტაჟზე, ჩამოტანაზე, რაც ასი ათასობით დაჯდა. ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ამან გამოიწვია კიდევ მეტი დაპირისპირება. ამით ხელისუფლება პროვოცირებას ახდენს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა. როცა ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს, ბუნებრივია, ეჭვები იბადება. თუ უკანონო იყო მეჩეთი, ამისთვის არსებობს სასამართლო და აღასრულე მისი გადაწყვეტილება. როდესაც ასე შეიპარები, მოხსნი არმატურის დათვლის საბაბით და ატეხავ ამხელა აჟიოტაჟს, თვალს დახუჭავ შემდგომ პოლიციაში შევარდნებზე, გზების გადაკეტვაზე, მერე ბოლოს შენივე ხელით აღადგენ ამ მინარეთს, ეს სხვა არაფერია თუ არა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, როცა რეგიონებს ვეხებით. სხვათა შორის, როდესაც ეუთომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პირველი დასკვნა წარმოადგინა, ამ მისიამ ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა, ის, რომ მოსახლეობა მიჩვეულია “სამხრეთ ოსეთის” სახელწოდებას, ამიტომ, ხომ არ დავტოვოთო. რადგან დიდი ხნის განმავლობაში ესმოდა ეს ტერმინი ხალხს, სალაპარაკო არგუმენტადაც იქცა, როდესაც ცხინვალის რეგიონის საკითხის დარეგულირებაზე ვსაუბრობდით. Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული სიტყვა ილექება, თითოეული ნასროლი კენჭი ხვდება მიზანს. ამიტომ ყველა უნდა მოვერიდოთ ამ საკითხებს, მით უმეტეს, როდესაც ეს ხელისუფლებიდან მოდის.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress